ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო დღეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
ახალი პლატფორმის ფარგლებში გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
„ჩვენი სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პერმანენტულად ვხვდებით, უზრუნველყოფს ინკლუზიურ პროცესს და გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ და შევთანხმდეთ სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე. სწორედ დღეს, მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ბოლო დროის განხორციელებული აქტივობების და სიახლეების შესახებ, ასევე ვიმსჯელეთ მათი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. გვქონდა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა პროცედურულ და ტექნოლოგიურ საკითხზე, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებლად გაითვალისწინებს და მიიღებს სათანადო ზომებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საარჩევნო ელექტრონული აპარატებისა და მომსახურების შესაძენად ვენდორი კომპანიის შერჩევის პროცესისა და შესყიდვის პროცედურების, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების შესახებ დეტალურად ისაუბრა იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.
„საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ცაბაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე განხორციელებული რეაგირებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების პროცესზე, რაც წელს პირველად ხორციელდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ლალი ლაშხმა კი 2024 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიების შესახებ ისაუბრა.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.