დაღლილი მოლარის სიცილი
ჰიპერმარკეტის სალაროებთან შოკოლადების სტენდებიც კი ნახევრად ცარიელი იყო. ცოტაც და ის უაზრო ხმა, ძალიან რომ ჰგავს ავტომოპასუხეს, არადა ცოცხალი ადამიანი გამოსცემს, გამოაცხადებდა, თხუთმეტ წუთში ვიკეტებით და დაახვიეთო. ასეთ დროს შევბოდიალდი.რა ავიღე, არც მახსოვს: ყავა, ღვინო და მეტი არც არაფერი.რატომღაც ასეთ დროს ყოველთვის დიდკალათიანი მომხმარებლები ჭარბობენ ხოლმე. როგორც იქნა, შევარჩიე ისეთი სალარო, სადაც ყველაზე ნაკლები სასმელ-საჭმელი იდო. სრულიად მექანიკურად დავდე მოლარის კონვეირზე ჩემი ნავაჭრი. ბარათი მოვამზადე და დაიწყო სტანდარტული წკაპუნის პროცედურა. ესეც დავასრულეთ თავის პარკში ჩადებიანად და გავჩერდით. მოლარეს შევხედე. უმეტყველო თვალებით მიყურებდა, აი ისეთით, რომ არ აინტერესებს, მის წინ ადამიანი დგას თუ უბრალოდ პროდუქტებით სავსე კალათა, რომელსაც ასევე არანაირად არ ადარდებს, ვისი ხელი აწკაპუნებს მის შიგთავსს.
-აი, ბარათი - ვუთხარი უემოციოდ.
-უკაცრავად, საღეჭი რეზინი მეგონა- ბოდიში მოიხადა და გაიღიმა.უფორმო უნიფორმა ეცვა. თმა უკან ჰქონდა გადაწეული.დასამახსოვრებელი არაფერი ეტყობოდა.გვერდზე გავიხედე. ჩემს მერე მაღალი, ქერა გოგო იდგა რიგში უზარმაზარით კალათით, ხელში ტელეფონით და უზარმაზარი, ორნამენტებიანი საფულით.
-ეგ არაფერი, დღის ბოლოა და გასაგებია -ვუთხარი და ისევ გაიღიმა.საშინლად მომინდა, რომ ამ გოგოს გაეცინა, თან პინ კოდი შევიყვანე.
-ეგ რა არის, გუშინ მარკეტში რაღაცეები ვიყიდე, მოლარეს მადლობა გადავუხადე და წამოვედი. დაცვამ შემაჩერა ბოლოს.
-მართლა? ფულის გადახდა დაგავიწყდათ?- და მართლა გაიცინა.სახეზე ამოვიკითხე, რომ მის თვალში უკვე ადამიანი ვიყავი, თან ქვითარი მომაწოდა.დიალოგი დავამთავრე, წასვლის დრო იყო, მაგრამ მომინდა, ამ გოგოს კიდევ გაეცინა და გადავწყვიტე, ჩემი იდიოტური ისტორია შემელამაზებინა
-აბაა, დაცვამ კარებამდე სირბილით მდია, მგონი მართლა ქურდი ვეგონე, ისეთი დარწმუნებული სახით გავედი გარეთ.
უკვე ძალიან გაეცინა.გავხედე კალათების რიგს.მოლარემაც გახედა გაუბედავად, მაგრამ კლიენტი ჯერ მე ვიყავი.
-წარმომიდგენია, რა უხერხულში ჩავარდით - სახე გაუნათდა. მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი. კიდევ რაღაც სისულელე ვუპასუხე. უზარმაზარსაფულიანი გოგო უკმაყოფილოდ შფოთავდა. მე და მოლარე კი ვიცინოდით და აღარ ვუყურებდით რიგში ჩამწკრივებულ კალათებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.