Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

ჩაკეტილი სივრცე ინტერიერში, ანუ, შიში, რომელიც, ვერ "შეიქმს" სიყვარულს


katya

2.364 views

დღეს შევცდი და " გამომძიებელ-რეპორტიორს" ვუყურე - ნაციონალური რეჟიმის პერიოდში ციხეებში არსებულ სიტუაციაზე, პატიმრების მიმართ ძალადობაზე და უკანონო მოპყრობაზე.

"წინა ცხოვრების" ერთ-ერთი შავ-ბნელი თემა და მტკივნეული.

დავმძიმდი გვარიანად. დიდხანს ვაწვალე "თაგვიც," კლავიატურაც. ვცდილობდი, რამე სხვაზე მეფიქრა, მაგრამ, შიში ოხერია! აგიყვანს და მორჩა! მითუმეტეს, ბავშვობიდან შემოჩენილი შიში - მაშინდელი შთაბეჭდილებები და შეგრძნებები, რატომღაც, ნაკლებად ხუნდება. ბოლომდე მოგყვება ფობიების, სისუსტეების ფორმით და სახით.

რაღა დაგიმალოთ და, ბავშვობიდან საშინლად მეშინია ციხის. რა თქმა უნდა, ეს იმ ასაკში არასოდეს გამიმხელია. შესაბამისად, არც ბიძია პოლიციელებით მაშინებდნენ, როცა ცუდად კი არა, ძალიან ცუდადაც ვიქცეოდი. ეკრანზე გამოჩენილ ციხის კადრებზეც კი ყოველთვის მქონდა გაუცნობიერებელი რეაქცია. ასევე გაუცნობიერებელი იყო ნეგატიური დამოკიდებულება ნებისმიერი სამართალდამცავის მიმართ. არასოდეს არაფერი დაუშავებიათ, არანაირი შეხება არ მქონია, ღვთის მადლით, მაგრამ, რატომღაც ვერჩოდი და ჰა! .. ჰო, კიდევ ერთი - ალბათ, იმ ღრმა ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან მოდის დახურული სივრცის დაუძლეველი შიშიც.

გაგეცინებათ, მაგრამ, ჩემი გადარეული სოფიო ხორგუანი რომ უფლებათა დამცველის ოფისის ამბებს იხსენებს - როგორ შედიოდა პატიმრებთან, როგორ ეკონტაქტებოდა, მე სისხლი მეყინება და ვაჩუმებ. იცის ჩემი ამბავი და ჩემთან აღარ ყვება. :)

სამაგიეროდ, მე მოვყვები ამბავს იმ შიშზე, 4 წლიდან რომ მომყვება. მოხდა ისე, რომ მამაჩემის უმცროსი ძმა დაიჭირეს, 24 წლის, უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი, ახლადმოყვანილი ორსული ცოლით. პრაქტიკაზე იყო მივლინებული სიღნაღის რაიონში რომელიღაც რესტორნის რევიზიაზე.

ჯგუფის ხელმძღვანელმა, უკვე "ღვაწლმოსილმა რევიზორმა", იქაური რესტორნის დირექტორისგან კაი გვარიანი ქრთამი აიღო და 50-50 მანეთი პრაქტიკანტებსაც გაუნაწილა, - ეს თქვენი შრომის საფასურია, დაისვენეთ ბიჭებოო! ამ ტუტუცმა ბიჭებმაც, რა თქმა უნდა, აიღეს. მაშინ რევიზორობისთვის ფულს იხდიდნენ, კაი "ფულის სტანოკი" პროფესია გახლდათ. იმ რესტორნის დირექტორს კი, თურმე, უჯრაში დანომრილი ფული ჰქონია. დაიჭირეს ყველა. მთავარი ფულის ამღები 2 წლიანზე გაუშვეს, ასაკშია, ღვაწლმოსილია და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელსო. "მოსწავლეებს" კიდევ -გალიის 8 წელი აჩუქეს. სამაგალითოდ დასაჯეს, კომკავშირულმა სასამართლომ გაასამართლა. თან პარტიის წევრობის კანდიდატებიო და, მგონი, 2-2 წელი მაგისთვის დაუმატეს.

ჰო, მაშინ რევიზორობას და კაიფულისმშოვნელ სამსახურს პარტბილეთი განსაკუთრებულად ამშვენებდა მარცხენა გულის ჯიბეში.

რა არ იჩალიჩა მამაჩემმა, როგორც იქნა, 6 წელიწადში გამოიყვანა, მაგრამ ფსიქიურად აბსოლუტურად მორყეული, მას შემდეგ მუშაობა ვერ შეძლო ვერსად, სულ იმის ეშინოდა, რაღაც შემეშლება და ისევ დამიჭერენო. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს ის სასამართლო, გულწასული ბებიაჩემი, განახევრებული პაპაჩემი. სიღნაღის რაიონში ცნობილი გინეკოლოგის და პედაგოგის ოჯახი ამხელა შოკი და სირცხვილი - შვილი ქრთამზე დაუჭირეს! მაშინ მამაჩემის და დედაჩემის კარიერასაც პრობლემა შეექმნა, - ნასამართლევი ოჯახის წევრი საპასუხისმგებლო პოსტებზე სერიოზული მუხრუჭის ფუნქციას ასრულებდა. ეს ამბები და პირველი შოკი როგორღაც გამოვიარეთ.

მერე იყო "ნახვის" და "პერედაჩის" დღეები. თვეში ერთხელ თბილისი-რუსთავის გზა, კოლონიის უზარმაზარი ღობე. ალბათ მაშინ განსაკუთრებულად დიდად მეჩვენებოდა. ამ ღობეზე მავთულხლართების გასწვრივ მოსიარულე თოფიანი კაცები. რკინის კარებების ჯახუნზე და ღრჭიალზე კიკინები ყალყზე მედგა.

ციხეში ყოველთვის იყო კორუფციის შესაბამისი გარემო. აკრძალულის შეტანაც შეიძლებოდა, გათვალისწინებულზე მეტი წონის "პერედაჩისაც," უკეთეს კამერაში გადაყვანა ცალკე "სტავკა" იყო. ამას მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ მერე ხომ გავიზარდეთ და ახლა ყველამ კარგად ვიცით, რა და როგორ ხდებოდა?

ახლა კი იმაზე - რამ შემაშინა კონკრეტულად?

ერთ რიგით ნახვის დღეს, რუსთავის კოლონიის მისაღებ დარბაზში განსაკუთრებულად გამკაცრებული რეჟიმი დაგვხვდა. არსად ჩანდნენ ნაცნობი ბადრაგები, მოსაკითხის ნახევარი უკან მოგვაყარეს. ფულის ზონაზე შეტანის ალბათობა ხომ საერთოდ ნულს ქვემოთ იყო. არადა, უნდა შეგვეტანა. ჰოდა, ძმისთვის თავდადებულმა მამაჩემმა, წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, იცოდა, რომ ბავშვებს არ ჩხრეკდნენ, ადგა და წითელი თუმნიანების "პაჩკა" ჩემს ქუჩქუჩა "კრუჟევა-ჟაბო" საცვალში გადამალა. თან გამაფრთხილა, უნდა გაუძლოო, ხელი არ მოიკიდო, არ შეიმჩნიო, რომ რამეს ინახავ, თორემ ყველას დაგვიჭერენო. მეც ვიდექი თავდახრილი, უხერხულობისგან შეღონებული, ძროხასავით დამრგვალებული თვალებით და მორჩილად ვუქნევდი კიკინებიან თავს.

როგორც იქნა, რიგმა მოგვიწია. გაჩხაკუნდა პაწაწუნა სარკმლიანი კარი, მამაჩემს ხელში ვეჭირე. ბადრაგმა შესვლისთანავე გააპროტესტა, რას დაათრევთ ამ ბავშვებს, არ გეცოდებათ მაინცო? არადა კი არ დამათრევდნენ, ჩვენი ოჯახის პატიმრის კატეგორიული მოთხოვნა იყო - "ჩემი ვიკა სირაძის" გარეშე არ მოხვიდეთო!

განვმარტავ აქვე - ბიძაჩემი იმ დროს ცკ-ს ერთ-ერთი პოპულარული მუშაკი ქალბატონის სახელს მიძახდა, ალბათ იმიტომ, რომ ასაკთან შედარებით საკმაოდ გატლეკილი ვიყავი, მასზე უკეთ ვქაქანებდი რუსულადაც და ინგლისურადაც (ჰმ, მაშინ ინგლისურიც კი ვიცოდი ასაკის დონეზე. საკავშირო დაქვემდებარების საწარმოს საბავშვო ბაღი კიდევ რუსულენოვანი იყო. დილის 8 საათზე რომ მიმაჩიქჩიქებდა დედაჩემი და მებაღე ძიაძია ვანიას ჩამაბარებდა, საღამოს ჩემს სახლში წაყვანაზე პასუხისმგებელი მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ღმერთმა აცხონოს ჩემი ზინკა და შურკა! ბებიები არასოდეს მტოვებდნენ "ძეტკას" "გაჭირვებაში". ;) ) მოკლედ, იმ ბრაზიან პატრულს მრისხანე მზერით "გავუიასნე," რომ ჩემი "ვიზიტი" ოფიციალურ დონეზე იყო შეთანხმებული.

კუთხეში დამსვეს რადიატორთან, ვიდრე უფროსებს და "პერედაჩს" ჩხრეკდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო ჩემი ოჯახის წევრების და უცხო ნახევრადშიშველი ხალხის ყურება და ჯაჯღანის მოსმენა. ის ოთახი დავძლიეთ. შემდეგ იყო დერეფანი, გრძელი, სამმაგი ბადით, ვიწრო და ჭერზე თოფიანი კაცები დასეირნობდნენ. კიდევ ერთი ოთახი, საიდანაც პატიმრების მოსაცდელში გავდიოდით. ჰოდა, სწორედ იმ გასასვლელთან მამაჩემს ჩემი თავი ბადრაგმა ჩამოართვა და

ვაი! იმ ჩემს გადამალულ "კონტრაბანდაზე" ხელი მოუხვდა.

მახსოვს ჩემი ყვირილი, ბებიაჩემის თვალები და მამაჩემის ცივი ოფლი სახეზე. ასე მეგონა, უცებ დაღამდა. იმ ბადრაგის სახელიც მახსოვს - ვაჟა! რა ხდება მანდო?- მეორე ულვაშებიანმა რომ დაუყვირა.

წამების დუმილი სამარიდან.

მე გადავწყვიტე, რომ გარეთ არასოდეს გამიშვებდნენ და მოვრთე ღრიალი. ჩვენს ირგვლივ ბადრაგების წრე შევიწროვდა. ვაჟამ გადამარჩინა - დამსვა, ჩაიკუზა და ხმამაღლა მითხრა ღიმილით - მაპატიე, ცუნცულა გოგო, ხელი რომ გატკინეო. მერე იმ ვაჟას ქოქოლა დააყარეს - რა ვირი ხარო! დროზე მოიყვანე ცოლი, ბავშვის ხელში ჭერა რომ ისწავლოო... მერე აღარაფერი აღარ მახსოვს, - როგორ შევედით იქამდე, სადაც მივდიოდით.

მაშინ ისეთი შიში ვჭამე, ციხიდან სახლში დაბრუნებული ბიძაჩემიც კი აღარ მიყვარდა ისე, როგორც ადრე.

რა ვქნა, შემეშინდა და დღემდე გამომყვა.

მეორედ ეს შიში რამდენიმე წლის წინ განმიახლდა. ძალიან ახლობელ ოჯახში ვიყავი მიწვეული. ამ ოჯახის წევრი, რომელსაც წლების მანძილზე ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, რომ ეს ჩემი ასაკის კაცი, ოდესღაც ორთაჭალის ციხეში მუშაობდა. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, "შემოვარდებამდე" გამოუშვეს სამსახურიდან ზონაზე წამლის შეტანის გამო. იქამდე ამ ბიჭის ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა - ჩემი შიშის ასაკის გოგონა ვიღაც ფსიქოპატის მსხვერპლი გახდა. ამის გამო, რა თქმა უნდა მიჭირდა ამ ადამიანთან ნებისმიერ თემაზე საუბარი, თუმცა თავად არანაირ უხერხულობას არ გრძნობდა, პირიქით, იყო გადაჭარბებულად აქტიური და მხიარული.

მისი ასეთი ემოციურობა ტრაგედიის მომდევნო შოკურ ფსიქოზს მივაწერე. ამ ფსიქოზს მშვიდად უყურებდა მისი ორსული მეუღლე. ამან სულ დამაგდო. საუბარში გაირკა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ლედი- კალმახელიძის დანიშვნის შემდეგ, ამ სისტემიდან, თავის დროზე, სერიოზული დარღვევით გამოშვებული ტიპი, სამსახურში მიიღეს, იმავე ციხეში, გლდანის მე-8 იზოლატორში. რას ნიშნავდა იმ პერიოდში მე-8-ში მუშაობა, ყველამ კარგად ვიცით. როგორც თავად ამბობდა, 10 კაცის უფროსი ვარო. პატიმრებთან პირდაპირ კონტაქტში იყო და ამაყობდა კიდეც დასჯის თავისი "საავტორო მეთოდით". რაც მთავარია, ამას ყვებოდა ყოველგვარი უხერხულობის გარეშე - როგორ აღარ იღლიდა ხელს და პატიმრებს თავში როგორ ურტყამდა მძიმე საქაღალდეების დასტას, როგორ ვარდებოდნენ იატაკზე და მერე უკვე ჯერი მის დაქვემდებარებაში მყოფ ბადრაგებზე იყო. ჰიჩკოკის სტილში ფანტაზიებს აშკარად არ უჩიოდა. განსაკუთრებით "ბაცანა-კრიმინალებზე" ხალისობდა, ანუ ახალგაზრდებზე.

მაშინ კიდევ ერთხელ დავაფიცე უფალს, - ნურასოდეს მიმიყვანდა იმ რკინის ალაყაფამდე.

უფალი კეთილია და სამართლიანი! მერე რა, რომ იმ ურემს ზოგჯერ თვალი შარაზე გამოძვრება და იგვიანებს... მაინც მიდის დანიშნულების ადგილამდე, მიდის, აუცილებლად...

მოხდა ისე, რომ იმ ოჯახში სტუმრობიდან ერთ წელიწადში იმ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოფიციალური ვერსია ასეთია. ჭეშმარიტება კიდევ ძალიან მაღლაა, ჩვენისთანა ახლომხედველებისთვის.

ამხელა ამბავი ტელევიზიით ნანახი კადრების გამო მოვყევი. შორიდან მოსმენილი და ნანახი ასე გვანგრევს და იმ ოჯახებს, ვინც ეს ყველაფერი გამოიარა, ძნელია, თვალებში უყურო და მოთმინებისკენ მოუწოდო.

არადა, როგორ დაატარებს ეს დალოცვილი მდინარე აღმა-დაღმა ცოცხალ და მკვდარ გვამებს...

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...