Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.281

რესტავრირებული სახარებები (ევანგელე) 10


იუდეველების ბრალდება

48. მაშინ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“

49. მიუგო იესომ: „ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიომყობთ მე.

50. თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.

51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკანასკნელ ეონამდე“.

52. უთხრეს მას იუდეველებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, არ იგემებსო სიკვდილს უკანასკნელ ეონამდე.

53. განა შენ ჩვენს მამა აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. რა გგონია შენი თავი?“

54. მიუგო იესომ: „მე თუ ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.

55. თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვინახავ მის სიტყვას. ***

56. აბრაამს, მამათქვენს, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა“.

57. უთხრეს მას იუდეველებმა: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“

58. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ („სოი ეგზისტე“,
„soi egziste”)
“. **

59. მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან. ***

 

თავი 9

ბრმადშობილის განკურნება

1. მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა.

2. და შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“

3. მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში.

4. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას.

5. სანამ კოსმიურ სამყაროში ვარ, კოსმიური სამყაროს ნათელი ვარ“.

6. ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას.

7. უთხრა მას: „წადი და მოიბანე შილოახის საბანელში“ (რაც ნიშნავს, მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.

8. მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“

9. ერთნი ამბობდნენ: ეს სწორედ ისააო. სხვებმა თქვეს: არა, მაგრამ იმასა ჰგავსო. მან კი თქვა: მე ვარო.

10. მაშინ უთხრეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“

11. მიუგო მან: „კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: „წადი შილოახს და მოიბანე“. წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები“.

12. და უთხრეს მას: „სადაა იგი?“ ამბობს: „არ ვიცი“.

13. მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, წინათ რომ ბრმა იყო.

14. შაბათი იყო ის დღე, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა.

15. კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ“.

16. თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: „ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ ინახავს“. სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება.

17. კვლავ ეუბნებიან ბრმას: „შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?“ მან თქვა, რომ წინასწარმეტყველიაო იგი.

18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს.

19. და ჰკითხეს მათ: „ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“

20. მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა,

21. მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. ხომ სრულწლოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე“.

22. ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან უკვე შეთქმულიყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა.

23. ამიტომ უთხრეს მშობლებმა: სრულწლოვანია, მას ჰკითხეთო.

24. მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: „მიაგე დიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი“.

25. მიუგო მან: „არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ“.

26. კვლავ უთხრეს მას: „რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“

27. მიუგო მათ: „მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“

28. მათ გალანძღეს იგი და თქვეს: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ.

29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი“.

30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: „საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა.

31. ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს.

32. ეონებისაგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს.

33. ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა“.

34. მიუგეს და უთხრეს მას: „შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი.

 

ბრმამ ირწმუნა

35. გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: „შენ გწამს ანთროპოსის ძე?“

36. მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“

37. უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა“.

38. მან თქვა: „მწამს, უფალო“. და თაყვანი სცა მას.

39. და თქვა იესომ: „განსაკითხავად მოვედი ამ სამყაროში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ“.

40. გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“

41. უთხრა მათ იესომ: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა გრჩებათ“.

 

თავი 10

მე ვარ მწყემსი კეთილი

1. „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი.

2. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი.

3. მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი.

4. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას.

5. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს“.

6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.

7. კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. *

8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ. *

9. მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს.

 

ბრალდება

10. „ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.

11. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სამშვინველს (ფსიხეია) გასწირავს ცხვართათვის.

12. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს.

13. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.

14. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,

15. როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სამშვინველს (ფსიხეია) ვდებ ცხვართათვის.

16. მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი. ***

17. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი.

18. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული“.

19. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის.

20. თქვა ბევრმა მათგანმა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“

21. სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?“

22. მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა.

23. და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში.

24. შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: „როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად“.

25. მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!

26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ, როგორც გითხარით. ***

27. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.

28. მე მათ მთელი ეონი ვაცოცხლებ ვაძლევ და არ დაიღუპებიან მთელი ეონი და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.

29. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან.

30. მე და მამა ერთი ვართ“.

31. კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად.

32. მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“

33. მიუგეს მას იუდეველებმა: „კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს“.

34. მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ სწერია, რომ „მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ?“

35. თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა,

36. მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა სამყაროში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი?

37. თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.

38. და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ“.

39. კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხლტა მათ ხელიდან.

 

იორდანეს გაღმა წასვლა

40. წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, და იქ დარჩა.

41. ბევრნი მიდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყოო.

42. და იქ ბევრი ერწმუნა მას.

 

თავი 11

ლაზარეს ავადმყოფობა და სიკვდილი

1. იყო ვინმე ავადმყოფი, ლაზარე ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის მართას სოფლიდან.

2. ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო. მისი ძმა ლაზარე იყო ავად.

3. გაუგზავნეს მისმა დებმა კაცი და შეუთვალეს: „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა“.

4. მოისმინა იესომ და უთხრა: „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ძე ანთროპოსისა“.

5. იესოს უყვარდა მართა, მისი და, და ლაზარე.

6. როცა გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა.

7. ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ისევ იუდეაში წავიდეთ“.

8. უთხრეს მას მოწაფეებმა: „რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“

9. მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ამ სამყაროს ნათელს ხედავს.

10. ღამით მოარული კი წაიბოძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში“.

11. ეს თქვა და მერე ეუბნება მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“.

12. უთხრეს მოწაფეებმა მას: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება“.

13. იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ბუნებრივ ძილზე ამბობდა.

14. მაშინ უთხრა მათ იესომ გაცხადებით: „ლაზარე მოკვდა.

15. მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. მაგრამ მოდით, წავიდეთ მასთან“.

16. მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა თანამოწაფეებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“.

 

ლაზარეს აღდგინება

17. იესო მივიდა და ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღის დამარხული იყო.

18. ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმიდან, ასე თხუთმეტი სტადიონის მანძილზე.

19. ბევრი მივიდა იუდეველთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო.

20. რომ გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას. მარიამი კი შინ იჯდა.

21. მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა.

22. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი“.

23. ეუბნება მას იესო: „აღდგება შენი ძმა“.

24. ეუბნება მას მართა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ ეონში“.

25. უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

26. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება ეონამდე. გწამს ეს?“

27. ეუბნება მას: „ჰო, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, ამ სამყაროში მომავალი“.

28. ეს რომ თქვა, წავიდა და თავის დას, მარიამს, მოუხმო და ჩუმად უთხრა: „მოძღვარი აქ არის და შენ გიხმობს“.

29. როგორც კი გაიგონა, სასწრაფოდ წამოდგა და მივიდა მასთან.

30. იესო ჯერ დაბაში არ იყო შესული, იმავე ადგილზე იდგა, სადაც მართა შეეგება.

31. იუდეველებმა, რომლებიც მასთან იყვნენ სახლში და ანუგეშებდნენ, როცა დაინახეს, რომ მარიამი სასწრაფოდ წამოდგა და გავიდა, გაჰყვნენ უკან, ეგონათ, სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.

32. მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და, რომ იხილა იგი, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.

33. როცა იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და აღელდა.

34. უთხრა: „სად დაასვენეთ იგი?“ ეუბნებიან: „უფალო, მოდი და ნახე“.

35. და აცრემლდა იესო.

36. თქვეს იუდეველებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია!“

37. ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: „ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“

38. იესო კი, კვლავ შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული.

39. ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი“. ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ“.

40. ეუბნება მას იესო: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავმეთქი?“

41. აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

42. მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე“.

43. ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი!“

44. და გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს“.

45. მაშინ ბევრმა იუდეველთაგან, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.

 

მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა პირი შეკრეს იესოს მოსაკლავად

46. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა ფარისევლებთან და უთხრა, რაც მოახდინა იესომ.

47. შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულს ახდენს?

48. თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც“.

49. ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: „თქვენ არაფერი გაგეგებათ,

50. ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“.

51. ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის მოკვდებოდა.

52. და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად.

53. იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.

54. აღარ უვლია იესოს იუდეველთა შორის გაცხადებულად, არამედ გაეცალა იქაურობას უდაბნოს მახლობელ მხარეში, ქალაქში, ეფრემი რომ ეწოდება, და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.

55. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ამ მხარიდან მრავალი ავიდა პასექამდე იერუსალიმში განსაწმედად.

56. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?“

57. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა განკარგულებები გასცეს, რომ ვინც შეიტყობდა, სად იყო იგი, ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.

 

თავი 12

ბეთანიელი მარიამი ნელსაცხებელს სცხებს იესოს

1. პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით.

2. გაუმართეს მას პურობა იქ და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.

3. მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო.

4. ამბობს იუდა ისკარიოტელი, ერთი მისი მოწაფეთაგანი, რომელსაც უნდოდა გაეცა იგი:

5. „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“

6. ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ჩაყრიდნენ, იღებდა.

7. უთხრა იესომ: „დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი.

8. რადგან ღარიბები ყოველთვის თქვენთანა გყავთ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით“.

9. გაიგო დიდძალმა ხალხმა იუდეველთაგან, რომ ის იქ იყო, და მივიდნენ არა მარტო იესოს გულისთვის, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.

10. გადაწყვიტეს მღვდელმთავრებმა ლაზარეც მოეკლათ,

11. რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს.

 

იესოს ზეიმით შესვლა იერუსალიმში

12. მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო იერუსალიმში მიდიოდა.

13. აიღეს პალმის რტოები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, და მეფე ისრაელისა!“

14. იპოვა იესომ ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:

15. „ნუ გეშინია, სიონის ასულო; აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი“.

16. ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როცა იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასე მოექცნენ მას.

17. ემოწმებოდა ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე საფლავიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა.

18. ამიტომ შეეგება მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.

19. ფარისეველებმა კი ერთმანეთს უთხრეს: „ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება“.

 

ბერძნებს უნდათ იესოს ნახვა

20. იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე.

21. მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს“.

22. ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა. შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...