Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

აპრილის მარტოობის წვიმები და იასამნის სურნელი სამოთხიდან


katya

3.379 views

blog-0121436001399053149.jpgმაისის მშვიდ, მზიან, თბილ, გაკვირტულ თბილისურ დილას შაშვის გალობა რომ გაგაღვიძებს, გვერდით არხეინად და ვარდისფრადმფშვინვარე პატარას გადახედავ, ფეხაკრეფით გადმოხოხდები საწოლიდან, რაც ხელში მოგხვდება, იმას შემოიცვამ, სხვა ოთახებში ჯერ კიდევ სძინავთ, ამიტომ ყავის და სიგარეტის სოლო პარტიას არაფერი ემუქრება და, ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე, მიუჯდები „კომპს“. „ქულერის“ ღუღუნი შაშვის დილის არიას აყვება და ეს ვირტუალური ფანჯარა დიდ სამყაროში იმდენ ამბავს მოგაყრის, უცებ ფარდის ჩამოფარების სურვილი გიჩნდება, სულ ცოტა ხნით, ვიდრე სიზმრისგან გამოყოლილ განწყობას მოაშინაურებ...

 

ძალიან მტირალა გამოდგა აპრილი. წვიმდა ნაწვიმარზე, უწვიმარზე და საწვიმარზე...

ბრწყინვალე შვიდეულის კვირაც გადავაგორეთ, ვითარცა ენდროცურვილი კვერცხი ჯეჯილზე. ჯეჯილი იყო ცვრიანი, არა - წვიმიანი...

ოჯახურ ინტერიერში მშვენივრად გრძნობს თავს მინიატურული მოლი ბამბაში გამოზრდილი ხორბლის მარცვლიდან აღმოცენებული.

იქუხა, იჭექა, იმეხა, მოკლედ აპრილმა საფუძვლიანად მოიჭრა თავი დუნიაზე. თვალის პაჭუნით მოიქანცნენ გამვლელ-გამომვლელის ნაჭყაპუნები გუბეები. ნიშნს გვიგებდნენ თითქოს,- აბა ვის არ გჯეროდათ მიშა ასფალტს თან წაიღებსო? გაიყოლა თუ არა?

ფუი ეშმაკს! მიშა რაღამ გამახსენა...

კვირაცხოვლობასაც წვიმდა "დაბარებულივით", ხუთიანზე მოყოლილი გაკვეთილივით - სხაპა-სხუპით. იდგა აღდგომის სიხარული, სევდა და მონატრების აპოგეა.

დეტალები არ ვიცი, უბრალოდ მწამს, რომ იქ ან აქ, ზევით ან გვერდით, ყველგან და ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ჩვენზე გაცილებით დიდია და ჩვენზე უკეთ იცის რა უკეთესია, როდის? და რატომ?.

ჩემი წინაპრების იმქვეყნიური არსებობისაც მჯერა. როცა ჩემი ჩაბარგების თუ აბარგების დრო მოვა, იქ დამხვდებიან უსაყვარლესი ადამიანები და ამიტომ, სულაც არ მეშინია. პარალელური სამყაროს არსებობისაც მჯერა. ვხედავ ხან სიზმარში, ხან ცხადში, კადრებს, რომლებიც ძალიან მეცნობა. ვგრძნობ სუნს, რომელიც ახლობელია, შეხებას, რომელიც უკვე მიგრძვნია. ჰო, კიდევ სიკვდილის სუნს ვგრძნობ. უცებ ამეკვიატება ბალზამისა და დამჭკნარი ყვავილების ნაზავის სუნი და ვიცი, - ვიღაცის სიკვდილს გავიგებ. ახლობლები „ხოჭო მესაფლავეს“ მიძახიან. ბავშვობიდან მიყვარს სასაფლაო. არ ვიცი ტომის და ჰეკის გავლენაა თუ ჩემი შურას და ზინკას რჯულზე მტკიცე ჩვეულების, მაგრამ იქ ყველაზე მშვიდი, ყველაზე მომლოდინე და მრავლისმთქმელი სიჩუმეა. მზეზე ვიმუხტები და სასაფლაოზე. თუმცა, ყველამ იცის, რომ მიცვალებულთან მიახლოვება ჩემთვის ისეთივე კრუნჩხვით გადასატანია, როგორც მშობიარობა. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ ოფიციალური მონაცემებით. ეკლესიას რომ ჰკითხო, - სიზმარი ეშმაკისეულიაო! არ მჯერა... ვაშლიც კი ითვლებოდა სამოთხეში "აკრძალულ ხილად," მაგრამ ხომ გაირკვა, რამდენ ვიტამინს შეიცავს...

რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ხე, რომელსაც ბავშვობიდან ჩინურ იასამანს ვუძახდი და ჩემების საფლავებზე ყვავილობდა, გლიცინია ყოფილა…

 

ყავის მესამე ყლუპზე აღვიდგინე - ჩემი კატერინას და ლიმონიჩის სიმღერა დამესიზმრა, ბანტიან გიტარასთან შეწყობილი.

დამესიზმრებოდნენ აბა რა?! მთელი აპრილი ისე გავიდა, არაფერი დამიწერია. აღდგომის მისალოცადაც ვერ მივაღწიე ვერცერთ საფლავზე... არადა როგორ უყვარდათ აპრილი და ყვავილობა..

"ლურჯი აპრილი შენს თავს მაგონებს" - მღეროდა დიდი ეკატერინე მაცდურად თვალებმოჭუტული. ახალგაზრდა იყო მაშინ, თითქმის ჩემხელა და რა დიდი მეგონა...ლურჯი აპრილი ბევრ რამეს მაგონებს. თქვენს თავს - ვინც მენატრებით, აღარ ხართ და მაინც ხართ...

მაინც ვერ ვხვდები, რატომაა აპრილი ლურჯი? ლურჯი კი არა, იასამნისფერია. და სამოთხეშიც, ალბათ, იასამნის სუნი დგას...

იასამანი რომ აყვავდება, უცნაურობა მჭირს - ბებიების მონატრება ქვია მაგას..

ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოც ბებიების თამადობით უნდა ისმებოდეს... როგორ მშურს საკუთარი შვილების... არადა რამდენი ბებო მყავდა!!! დიდი ბებიები, ნაღდი ბებიები, ბებიდები, პაპიდები, კიდევ ექსკლუზიური ზინკა და შურკა.... ყველა განსხვავებული, ყველა უსიტკბოესი...

 

ყოველ სნეულებაზე სიყვარული ძნელია ..

რა კარგია გაზაფხული...

დები იშხნელების რეპერტუარი და ჩემი კატუშას და ლიმონიჩის ბაფთიანი გიტარა. ასე უყვარდათ ორ ხმაში და გადაიმღერეს კიდეც მთელი ცხოვრება...

ბუნება რომ აყვავდება, გულიც გადახალისდება...ვენაცვლები გაზაფხულსა, ანეტარებს იგი გულსა..

მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის... არ დაიჯერებ თუ ვით სატრფო ხარ... ყაყაჩო აყვავებულა კატუუშ... ვარდი გაშლილა, იაო...

მთელი ცხოვრება - "სიყვარულით სნეულები"... ყოველ სისხამ დილით ერთი ახალი სტროფი კატუშას და უამრავი აღფრთოვანებული გამოხედვა.

- სოსოია დაგეცეს მეხი მასხარა თავზეო! - ისეთი სიყვარულით მიაწყევლიდა, ჟრუანტელი დაგივლიდა. თანაცხოვრების 60 წელი ერთ საწოლში გაატარეს, ერთი საბნის ქვეშ, საბჭოთა პერიოდის სტანდარტების ხარისხიან "ნიკლიკრაოტზე" და სულაც არ იყვნენ ვიწროდ. ლიმონიჩს შეეძლო დღეში 10-ჯერ გაევლო ერთი და იგივე მარშრუტი "კვენაკლიდან" (უბანია წნორში) წნორის ცენტრამდე. მერე კატუშა რომ აღარ იყო, ნამდვილი თანამეცხედრე გახდა. 4 წელიწადი მის საფლავზე "გადაცხოვრდა" . გადიოდა დილიდან და შებინდებულზე ბრუნდებოდა სახლში. 19 იანვარს, მისი კატერინას დაბადების დღეს ღამე საფლავზე გაათია. - ჩემს კატოს ჩავეხუტეო!- თავი გაიმართლა, რომ ვუსაყვედურე. "ფილტვები აინთო" სიყვარულით და ლოგინიდან აღარც ამდგარა. მხოლოდ იმას დარდობდა, კატო მარტოა იქ უჩემოდ და რას იტყვის ამდენხანს რომ ვერ ავდივარო...

აღდგომას დრო და მარადისობა ყაიმზე თანხმდებიან...

რა სასწაულია სიკვდილის სიკვდილით დათრგუნვა - ამას უფლის მეტი ვერავინ მოიფიქრებდა...

დათრგუნული სიკვდილი ჯილდოა და მერე მოდის... იქამდე თუ შეძლებ და შენში არასასურველ რამეებს დათრგუნავ - შიშს, შურს, ანგარებას, უმადურობას, იმას, რასაც ზოგადად ბოროტებას ვუძახით...

დიდი მადლია ღმერთს მისიანად თუ მიაჩნიხარ. არც ცხოვრებაა პრობლემების სკივრი, უფრო შესაძლებლობების ზღვაა.

 

დიდი ელისაბედი ნიგვზის ზეთს რომ ხდიდა ფურცელივით ქათქათა თითებით, თან ასე "ულოცავდა" - ეკაიამ ჩეიფსა, ეკაიამ ჩეიფსაო.

თაფლის სანთელივით თითებში რა ღონე ჰქონდა ასეთი... რამდენჯერ მიცდია, წვეთიც ვერ გამოვადინე. არადა, იმ ძველ წაბლის სახლში, მთელ ბუკისციხეს რომ გადაჰყურებდა, კაკლის განჯინაში სულ იდგა ნიგვზის ზეთით სავსე ქილა. ვაი იმას, ვისაც სუფრასთან მისი გამოტანა დაავიწყდებოდა და "ოჯახის დიასახლისის ღირსებას შეარცხვენდა!" მისი "მოსწრებული რძალი" - ჩემი ბაბუციკო, ნაღველს ყავდა ჩემსავით შეწუხებული და, თუმცა, თავად არ გეახლებოდათ ნიგვზიანს, მაინც დიდი მოწიწებით ასრულებდა დედამთილის დაწესებულ რიტუალს. მე კი ბაბუციკოს ნატეხი შაქრის აწაპვნა მიყვარდა და არც პიტნის წვეთების ზედ მოსხურება მავიწყდებოდა. მიშლიდა, არ შეიძლება ბებია ბაღნებიზა მაგიო, გულს დაგიგლახავებსო... არაფერიც არ დამიგლახავა. კარგი საკუჭნაო გამოდგა...

საიდანღაც მახსოვს, ვისაც უძილობა არ გამოუცდია, მან არ იცის თავისი ბიოგრაფიაო. უძილობაც გენეტიკურია ალბათ და ელისაბედისგან გამომყვა. - მე რომ დევიძინო, როისღა გიყუროთ ბებიაო. რამდენჯერ გამღვიძებია ღამით. იჯდა თავის ბამბუკის სავარძელში და ჩვენს ძილს დარაჯობდა. ელისაბედ ქერქაძე თორმეტის იყო. "მოსასპობი ილარიონა" - 15-ის. მღვდელი ჯვარს არ წერდა, ერთი წელი სოფიოსთან ეძინა, დედამთილთან. დედასავით უყვარდა დედამთილი. ამიტომაც მასთან დარჩა, როცა "ჩოხატაურის მაზრის თვალი" ილარიონა კიკვაძე ბოლშევიკებს გაექცა ცნობილ ამალასთან ერთად. დარჩა დედამთილთან 3 შვილით 18 წლის. ბევრი მთხოვნელი ყავდა, მაგრამ ვინ გაუბედავდა? 2 შვილის სიკვდილს მოესწრო. ბოლშევიკებმა დამაქციეს ბებიაო... - ახლა რომ გაიღოს ჭიშკარი და ილარიონა შემოვიდეს, რას იზამო? - ხშირად ვეკითხებოდით ორიკინკილა შვილიშვილი. რა ჯანდაბად მინდა აწი მაგის დასაღუპავი თავი, თქვენ თუ გამოგადგებათ რამეშიო.

ჰოდა ქსოვდა და ქსოვდა ელისაბედი, სათევზაო ბადესავით გულდასმით, თავის ცხოვრებას. სამივე შვილს ასწავლა, გზაზე დააყენა და ქალაქში დაასახლა. ვაჟიშვილის სიკვდილის მერე "ალაგიდან" ფეხი არ გადაუდგამს, მაგრამ ქორწილი იყო თუ "ტირილი" ბუკისციხეს, ყველა სუფრაზე ელისაბედის ხაჭაპურები, საცივი და ღომი იდგა. სასწაული ყველი ამოყავდა, უფრო სასწაულ თაფლის არაყს ხდიდა. კაცებიც რომ ვერ ხდიდნენ ისეთს. ადესით და ცოლიკოურით სულ ქონდა 7 ჭური სავსე დაფნებში. ჰო, კოლექტივში არ უვლია, პროტესტის ნიშნად. - ჩემი შრომა-დღეები ჩემი ბაღნებიზა მინდა მეო!

შემოდგომით საჯანჯუხე თხილს ასხამდა გასანთლულ ძაფზე, საგულდაგულოდ დარჩეულს და ყველა იყო "ქრისტეს ასაკის" - 33 თხილიანი.

- ეხ ბებია, გამოჩერჩეტებული ბებერია, რას პრუტუნობს ნეტაო, მარა ახალგაზრდები რომ აბდლები ხართ თლათო? სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ჩვენს თავებში და გულებშია ბებია. ადამიანი რომ მეიფიქრებს იმაზე არც უკეთესი შეიძლება იყოს რამე და არც უარესი, ვისაც რისი ეშინია, ისაა მისი ჯოჯოხეთიო. მე უთქვენობის მეშინია ბებია, სიკვდილის კი არაო?

-ბაღანა არ უნდა ატირო ბევრი, თუარა, რომ მოკვტები, საფლავზე დასაღვრელი ცრემლი აღარ ექნებაო, - ასე ამბობდა ელისაბედი. არადა, მერე, გვიან გავიგე, პითაგორას უთქვამს მსგავსი რამ, კარგახნით დაუსწრია ელისაბედისთვის.

ერთი კვირა სამოთხის კარი ღიააო, სამოთხეში ღია კარის კვირეულია. სანატრელი დროა, ღმერთმანი!

ჰოდა, ელისაბედიც ასეთ კვირას მივაბარეთ მიწას, შვილის გვერდით. მაშინაც უსაშველოდ წვიმდა. საფლავი წყლით დაგვხვდა სავსე. მახსოვს, როგორ ხაპავდნენ მეზობელი ბიჭები მუჭით საფლავიდან წყალს, სანამ ბოლომდე არ ამოაშრეს. ყველაზე ამაგი ქონდა და ყველას მიმფერებელი იყოო ელისაბედი. დედამთილის შორეული პოლონელი ნათესავი შეიკედლა, ან საიდან მიაგნო... სევასტოპოლში დავახვედრე ბიჭები, რომ დევინახე, ლანდი გასდიოდა ყურებში ბაღანასო. სოფელში ვიღაც მოცლილს და "მორიელის ენიანს" უთქვამს, ელისაბედმა ის გოგო მოჯამაგირედ დაიყენაო. წყენოდა ელისაბედს, ძალიან ტკენოდა. არადა იმ ელიჩკამ რომ დაიტირა, ისე საკუთარ შვილიშვილებს არ უტირიათ, დამახასიათებელი გურულ-სლავური აქცენტით - ჩემი ბაბოЯ აღარ მყავსო.

 

გამომაისდა. დღეს ბაფთიანი გიტარის სამშობლოს დღეა - ქუთაისობა. მეზობლები გვყავდა მარჯანიშვილზე - ქუთაისიდან გადმოსული უმაგრესი ებრაული ოჯახი. ორი წითელთავა ბიჭით. სულ რაღაც გემრიელობებს ილუკმაბოდნენ იცხაკა და მისი ძმა, ისე მინდოდა მეც, ისე, მაგრამ სულ ერთი "ვასასი" მეზობლის ნათქვამი მახსენდებოდა, რომ მთავაზობდნენ, - ურიები ნამცხვარში და იმ თავის მაცაში ქრისტიანი ბავშვების სისხლს ურევენო... აუ რა მაგრად ურევდნენ მაშინ ტვინებს... მაგრამ ისეთი მსუნაგი და სუსნია ვიყავი, წითელთავა ძმებს სუსანა ბებიას გამომცხვარ ტკბილეულს წითელ კვერცხებში ვუცვლიდი. მერე იმათ იმ "მონაპოვრისთვის" სახლში კარგად ჩეჩავდნენ. მე კი ვიყავი მხიარული და კმაყოფილი.

 

მაისის ორია და მაისურ თქეშს აპირებს... ისეთს მაკონდოს ამბების წიგნში რომ წერია.. გახსოვთ, როგორ წაერთვათ მაკონდოელებს მეხსიერება?.. როგორ არქმევდნენ სახელებს ყველაფერს..ძროხა დროულად უნდა მოწველო, მერე ყავაში რძე ჩაასხა და მიირთვა. არ მიყვარს რძე, სუფთა ყავა მირჩევნია, მაგრამ მაინც არ მოვიწყენდი მაკონდოში. აღმოვაჩენდი ყინულს, სარკეს, გამადიდებელ შუშას...

ჰოო, აპრილი დიდი ადამიანების თვეა... 23 აპრილს დაიბადა და გარდაიცვალა შექსპირი. კატალონიაში, 23 აპრილს, ანუ დიდი სერვანტესის გარდაცვალების დღეს, მამაკაცები ვარდებს ჩუქნიან ქალებს და, მადლიერების ნიშნად, მათგან საჩუქრად წიგნებს იღებენ.

ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილიო, - ასე თქვა მარკესმა და 17 აპრილს თავისი მარტოობის 100 წელს წერტილი დაუსვა. რა უცნაურია - ცხოვრების ყველაზე დიდი მწერალი - სიბერეში შესული სევდიან მეძავებს იხსენებდა.

 

აღარც ჩვენ ვართ ის, ვინც თუნდაც ერთი წლის წინ ვიყავით. აღარც ისინი არიან ისინი, ვინც ერთი წლის წინ გვიყვარდა. თუ ამ ცვლილებების პარალელურად ვაგრძელებთ მათ სიყვარულს, ვინც ჩვენსავით იცვლება - მშვენიერია! ერთადერთი, რაც არასოდეს იცვლება სამყაროში - მარადიული ცვალებადობის კანონია...

ცხოვრებისგან სასწაულს არ უნდა ელოდე. ცხოვრება თავადაა სასწაული.

ცხოვრების მთელი ინტრიგა იმაშია, რომ არავინ იცის საუკეთესო ვის შეხვდება. ამის გარეშე ასეთი აზარტით ვერ ვიცხოვრებდით. მერე რა, რომ ზოგჯერ უკანასკნელ გზაზეც არ აცილებენ ჭკუით?! როგორც უკვე ცხონებული გაბო წერდა - ცხოვრებაზე ბრძენს ვერაფერს მოიფიქრებო...

 

ბედნიერება ინატრე კაწკა! როცა იტყვი ბედნიერი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა კარგად გყავს შენიანი და შენც სიყვარულში ცხოვრობო, - ასე მასწავლიდა შურკა, როცა ოქროს თევზის და ნატვრის თვალის ძებნაში გვაღამდებოდა.

"როცა 5 წლის ვიყავი, დედამ მითხრა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია იყო ბედნიერი. როცა სკოლაში წავედი, მკითხეს, - ვინ გინდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები? დავწერე, მინდოდა გამოვსულიყავი "ბედნიერი". მითხრეს, რომ დავალება არასწორად გავიგე. მე კი ვუპასუხე - თქვენ არ გაგეგებათ ცხოვრებისო! " - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონ ლენონი. ჰოდა, ჩემი შურკა და ლენონის დედა ერთნაირად ფიქრობდნენ ცხოვრებაზე. რა დამთხვევაა!!!

 

როგორც ჩვენი მეგობარი ალბერტი იტყოდა: ორი ვარანტი გვაქვს - ან უნდა დავიჯეროთ, რომ სასწაული არ არსებობს, ანდა პირიქით - რომ ირგვლივ ყველაფერი სასწაულია. ხოლო ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელი და უცნაური დამთხვევების მეშვეობით უფალი ანონიმურობას ინარჩუნებს. ლოგიკამ შესაძლოა ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე მიგვიყვანოს, მაგრამ წარმოსახვის გადაადგილების შესაძლებლობები უსაზღვროა. ხოდა, ზოგჯერ მაინც შეეშვით ლოგიკას...

კარგი ადამიანები სინდისის კოდექსით ცხოვრობენ, ცუდები - გამორჩენის კოდექსით. ნორმალური ადამიანები კი ხვდებიან, რომ სუფთა სინდისი ყველაზე დიდი და კარგი გამორჩენაა. პრინციპში, ცხოვრება ძალიან მარტივია - რაღაც ან გინდა, ან - არა...ერთადერთი სიტყვა - „არა“ - საუკეთესო ლექსიკურ მარაგია სინდისისთვის, მაგრამ ეს ყოველთვის არ გვახსოვს. ყოველი ჩვენგანის ქცევაზე ყველაზე მყარ ფასს მისგან მიღებული შედეგი ადგენს და, საბედნიეროდ, მაგ ამბავში ვაჭრობა არ მოსულა...

ყავამშვიდობისა!

 

კატო ჩულაშვილი

5 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...