აპრილს ჩვენში მკვდარი ტიტების სუნი აქვს, ანუ 25 წელი უსიყვარულოდ...
25 წელი გავიდაო! დედაა, რამდენიაო! უფ-უფ და ოფ-ოფ!-ო..
ვისთვის გავიდა, ვისთვის გაჩერდა...
ჩემთვის 9 აპრილი ის თარიღია, როცა ქართველებს ყველაზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი და არ მახსენდება არცერთი ასეთი, თუნდაც ოდნავ მიახლოვებული დღე ამ 25 წლის მანძილზე.
25 წელია, შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად, ვიღაც გულში და სხეულზე შემონახული ჭრილობებით, ან ქსოვილის უჯრედებში ჩაბუდებული ტოქსინებით, უახლოესი ადამიანების დაკარგვის თუ ეროვნული თავმოყვარეობის ტკივილით, ვიღაც პოლიტიკურ-კარიერული მოსაზრებებით, 9 აპრილის გამთენიისას, სანთლებით და ყვავილებით ხელდამშვენებული მიდის იქ, სადაც ეროვნული იდეით ფრთაშესხმული სულები სახლობენ. ამ სულებს არ აწუხებთ ამბიციები ზოგიერთი იქ მოარული ამბიციურად იმბიცილური გვამისგან განსხვავებით.
რაო? ვის უფრო მეტად გვიყვარს სამშობლოო? ვინ დიდ გვირგვინს მიიტანს წელიწადში ერთხელო?
კარგით რა!
და ვინ "მონიშნა" და "მიიპრივატა" ტერიტორია "გაგანია რუსთაველზე"? ასე 25 წლის მანძილზე დაკარგული ტერიტორიების პერიმეტრი გვეკონტროლებინა.
ჩემი და შენი მიცვალებული არ გამოვა. გმირი ყველასია! ტკივილი და თავმოყვარეობა კი დაღვრილი ცრემლის, ჩამწვარი სანთლის და დახვავებული ყვავილის რაოდენობით არ იზომება. გმირობა სტატისტიკა არაა. არც სამშობლოა სტატისტიკა...
ამ დილით თავისუფლების მოედანზე შუა ხანს კარგად გადაცილებული წარმოსადეგი კაცი შემეფეთა ტიტების კონით ხელში. ალბათ თაიგული უნდა მეთქვა... ტიტებზე თვალი გამიშტერდა. კაცმა ჩემს მზერას თვალი გააყოლა და მობოდიშებასავით გამოუვიდა - მგონი ამ დღეს ტიტები უფრო უხდებაო...
- ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ბაბუ! და წაიღიღინა...
ვერ ვუსმენ ამ სიმღერას, მზარავს...
ეს ბაბუსთვის არ მითქვამს, მისგან გამოწვდილ ერთ ტიტას პასუხად ის შევაგებე, რომ ყვავილები არ მიყვარს, იმიტომ რომ ალერგია მაქვს.
გაუკვირდა. კარგი, მაშინ იქ მივიტანო. გამიღიმა და დამშორდა.
ტიტებს სიკვდილის სუნი აქვთ თუ მეჩვენება?..
არ მიყვარს ტიტები. საერთოდ ყვავილები არ მიყვარს, მოწყვეტილი ყვავილები და ის შეძენილი ალერგიაც, რომელიც 25 წელია ყოველ აპრილს თავს მახსენებს...
25 წლის წინ, 9 აპრილის დილას პირველკურსელი თავგადაბუგული გოგო ვიყავი და შუაღამის ამბით დაზაფრულ დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად გაქვავებული, შეშინებული და შეურაცხყოფილი დავფრატუნობდი გაოგნებული ხალხით მოფენილ რუსთაველზე. გინება, ქვითინი, ნაგავი, სისხლი, ზეწარწაფარებული ცხედრები, დამოუკიდებელი საქართველოს დროშების ფრიალით და გაბმული სიგნალებით მქროლავი მანქანები, ექიმები, ფოტორეპორტიორები.
შიშის სუნი მახსოვს, შეურაცხყოფილი თვალების ფერი და შურისძიების მწკლარტე გემო პირში...
კიდევ ის, რომ ამ დღეს და იმ ღამეს ქართველებს ძალიან, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთიც და სამშობლოც...
დილის 5 საათი იყო, სახლის ტელეფონმა დარეკა. ძილში რომ ზარი შეგაშინებს, ისეთი ზარი იყო. წამოვვარდი, მაგრამ დედაჩემმა დამასწრო. ყურმილიდან ბებიაჩემის განწირული ხმა კიოდა - ბავშვი სადააო?!
დედაჩემი აქედან აკივლდა - ვინ ბავშვიო?
შიშით გადაავიწყდა სახლში რომ ვიყავი, ტელეფონიანად გამოვარდა ჩემი ოთახისკენ, კართან მე შევეფეთე თვალებდაქაჩული და თავაფეთქებული.
ყურმილში ისევ ბებიაჩემი კიოდა - ბავშვის ხმა გამაგონეთ, ნუ გადამრიეთო!
დედაჩემმა ისე მომაჭირა ყურმილი ყურზე, კინაღამ ავყირავდი. - ჟუჟუ რა ხდება, აქ ვარ მეთქი.
მერე იყო 5 წუთიანი გაბმული ქვითინი - დახოცეს, ქალები და ბავშვები აჩეხეს ამ სადისტებმა... შენ როგორ მიხვედი სახლში, რატომ გადამრიე, 4 წრე დავარტყი იქაურობას შენს ძებნაშიო. რახან შენ სახლში ხარ და არაფერი გჭირს, აღარაფერს ვჩივი, სამი შენი ტოლი გოგო მიწევს მოწამლული სახლში, ძლივს გამოვიყვანე, მოდით მიშველეთო, განწირული კიოდა ჟუჟუ.
ჟუჟუ პუშკინის 11 ნომერში ცხოვრობდა, 30 წელი კრწანისის რაიონის რაიკომში მუშაობდა, რესპუბლიკური მასშტაბის სტენოგრაფისტი. ცეკა-ში დაფასებული კომპარტიის წევრი და სანიმუშო მუშაკი. ღამ-ღამობით შავი სათვალით და "კასინკით" გამოდიოდა პარლამენტის წინ და "ფარული პატრიოტიზმის მოტივით" პერიმეტრს აკონტროლებდა - სად ვიდექი ჩემს მეგობრებთან ერთად ლექციების მერე და თუ ძალიან შემომაღამდებოდა, არაფრით მიშვებდა სახლში. არადა მაშინ რა იყო საშიში? "ჩემო დაიკოს" და "შვილებოს" იქით საურთიერთო ლექსიკა არ მიდიოდა. რამდენჯერ ავუყვანივართ სახლში სულ უცხო ხალხს მანქანით. თუმცა, რაღა უცხო, - ყველა ერთმანეთს ვცნობდით, ყველამ თავისი ადგილი იცოდა პარლამენტის მისადგომებთან.
რატომ არ ვიყავი 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე? ჩემი ცანცარა თავის გამო - წელამდე თმაზე "ქიმია" გავიკეთე და ჩემს კულულებზე ისე ხალისით ენთებოდა ალი გამუდმებით მლოცველი ხალხის სანთლებიდან, ვინ საიდან მიტყაპუნებდა ლოკალური ხანძრის ჩასაქრობად, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. 8 აპრილის ღამესაც მორიგი ხანძარი გავაჩინე და ისე მშვიდად ვიწვოდი, მამუკა გიორგაძე რომ არა თავისი მუყაოს ყუთით, "პირველი მსხვერპლი" რუსთაველზე მე ვიქნებოდი. ისე უცებ მეტაკა და ჩამომაცვა თავზე ყუთი, ვერც მივხვდი, რატომ მეწვოდა ზურგი. მოკლედ, ასე თავ-კაბა გადაბუგული რომ გამოვცხადდი ოჯახში, ოჯახმა რადიკალური ზომები მიიღო და მეორე დღეს შინაპატიმრობა მომისაჯა. ჩემი მსუბუქი დამწვრობის ამბავი ჟუჟუმ არ იცოდა და, შესაბამისად, არც ის იცოდა, რომ მე 9 აპრილის ღამეს პარლამენტის წინ არ ვიყავი. ჰოდა იმ ღამეს კარგს რას იფიქრებდა?
ისე დაღამდა, სახლში ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. მომდევნო დღეებში მე და დედაჩემი უხმო რიტუალს ვასრულებდით - დილით ვდგებოდით და გავდიოდით რუსთაველზე, სხვებთან ერთად დაჩოქილი ვლოცულობდით. მაშინ იქ ვისწავლე "მამაო ჩვენო" და დღემდე ეს ერთადერთი ლოცვა მომყვება. მოწამლული მიწიდან და გაზონებიდან აყოლილი ტოქსინებიც დღემდე მოგვყვება ბევრს და გააქვს თავი აპრილიდან - აპრილამდე.
რა უცნაურია - არასოდეს გვყვარებია ქართველებს ისე ერთმანეთი, როგორც 25 წლის წინ...
ალბათ არც სამშობლო...
მერე ცხელ გულზე რაღაც მოვიბოდიალე და დავწერე. ის ბოდიალი ჩემმა რედაქტორმა გივი შეყილაძემ "თბილისის უნივერსიტეტის" პირველ გვერდზე დაურთო 9 აპრილის სპეც-ნომრის ფოტოკოლაჟს. დიდი ტირაჟით დაიბეჭდა ის ნომერი. გვიან ისიც გავიგე, ჩემი ერთი თაყვანისმცემელი და მისი მეგობრები რეგიონებში გასვლით მიტინგებზე ჩემს მობოდიალებულ ტექსტს გამოთქმით კითხულობდნენ.
რა ვიცი, ალბათ იმ ბოდიალში სხვების სათქმელიც ვთქვი, რა მნიშვნელობა აქვს?!.
გაზეთის გამოსვლიდან 2 დღის მერე უნივერსიტეტის რედაქციის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ორნი იყვნენ - პროფკავშირებიდან ვართო. ცხვარიჭამიაში ხომ არ გამოგვაყოლებდით ჟურნალისტს, ჯერ კიდევ ატყვია რუსული სპეცნაზის კვალი იქაურობასო. ცხვარიჭამიის პიონერთა ბანაკის შენობებში ელოდნენ ჩაფხუტებიან-აბჯრიანები თურმე ბრძანებას. ის რეპორტაჟიც გაკეთდა. მაშინ პირველად გავყევი ვიღაც უცხო კაცებს მარტო ამსიშორეზე. თვითონაც ხვდებოდნენ, რომ მეშინოდა. ცხვარიჭამიის რეპორტაჟის მერე კარგად შეგვაფუცხუნეს. ვიქტორია სირაძემაც კი დარეკა თურმე რექტორატში.
ეს ამბავი უბრალოდ შეგვატყობინეს, პასუხი არავის მოუთხოვია.
25 წელი გადავაგორეთ იმის მერე. რამდენი ომი, ტკივილი, ცრემლი და სიკვდილი გამოვიარეთ, მაგრამ აღარასოდეს გვყვარებია ქართველებს ერთმანეთი ისე, როგორც მაშინ გვიყვარდა...
არაა ასე ადვილი "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ ჭირდება"...
გიყვარდეთ და გტკიოდეთ, დაგიშალათ ვინმემ? არც არავისთვის მიუცია არავის სიყვარულის და ტკივილის აკრძალვის უფლება. სამშობლოს სიყვარული ცოტა სხვა რამეა, ხსოვნაც და ერთადყოფნის ნიჭიც.
შეაღვიძეთ ეროვნული ღირსება ეროვნული გლოვის დღეს მაინც, ოღონდ კოტე ყუბანეიშვილის და მსგავსთა მისთა "ქართველობა" არ მომიყოლოთ ჭ####ტვაში..
დაწვით ბატონებო, დაწვით, რაზეც ცეცხლი, ნავთი და შუბლის ძარღვი გეყოფათ...მერე არც ბოდიში მოიხადოთ. ევროკავშირს ვინ ჩივის? იმ ცხონებული და ღრმად პატივცემული ევას "პავაროტს" არ ვართ გასაცილებლები.
ჩვენ უკვე გავიზარდეთ და ვიცით ბატონო, რომ დემოკრატია ადამიანებით მანიპულირების ხელოვნებაა.
ადამიანებით, მაგრამ არა გმირებით!
ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ისიც დაგვანახა, რომ "უნაკლო ადამიანები" სულაც არ გამოირჩევიან მოჭარბებული ღირსებებით.
ამასობაში კი ელექტორატი ორ კოლონად გაიყოფა "კოლონა ნომერი5" და "პალატა ნომერი 6"...
25 წელი გავიდა, რაც ქართველებს ისე, უბრალოდ, ქართველობისთვის გვიყვარდა ერთმანეთი.
ეგებ კიდევ გვეცადა?!.
კატო ჩულაშვილი
2 Comments
Recommended Comments