Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

სოციოლოგიურ-კვლევითი მისტერია და ფიფლმეტრების ისტერია


katya

2.341 views

blog-0408879001395423357.jpg800 ლარით "გაწეწილი", "წინა ცხოვრებაში" კიკინ-ლაღი და აწ უკვე კიკინ-მოკვეცილი და ჯეჯილობისარეალშეზღუდული ნაპატივები და არა პატივცემული გოჩა ცქიტიშვილი შეურაცხყოფილი და შეშფოთებულია, თურმე. წესით, სერიოზულად დაპანიკებულიც უნდა იყოს ფიფლმეტრების სკანდალის ვერგადარჩენის ვერსიიდან გამომდინარე.

შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიისთვისაც მოიცალა. პრინციპში, „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ კი არა, სრულიად IPM-ის დათვლის და კვლევის მეთოდებზე წლებია, ლეგენდები დადის, თუმცა, ამ ლეგენდებს და ლოგიკურ ეჭვებს აქამდე ამ კომპანიისთვის არაფერი "დაუშავებია". პირიქით, ჟარგონით რომ ვთქვათ, - "კაი ბაგაზე ება" და იცოხნებოდა მშვიდად.

და რატომ არ უნდა ყოფილიყო მშვიდად ნაციონალების ნომერ პირველი "გამპრავებელი?"

თავად ცქიტიშვილის შესაძლებლობებზეც დადიოდა ლეგენდები - ჭკვიანია, შორსმჭვრეტელი და რეფორმატორიო. რაღა დაგიმალოთ და, ლეგენდებს ავყევი და ბატონი გოჩა, თავისი არასტანდარტული ჰაბიტუსით და მანერული მეტყველებით, მეც გაცილებით ჭკვიანი მეგონა... ჭკვიანი კი, სხვა რომ არაფერი, სიხარბეს არ გადააყოლებდა "საარსებო წყაროს", საკუთარი ბიზნესის რეპუტაციას და ამჯერად მაინც "ნაციონალური ხელშეუხებლობის" იმედად არ იქნებოდა.

ბოლოს და ბოლოს, არც ამდენ სალაპარაკოს გაუჩენდა ოპონენტს და არც ამდენ საპასუხოს დაიტოვებდა. ადგებოდა და 2012 წლის ოქტომბრის მერე მაინც შეიძენდა მითითებული რაოდენობის და ტექნიკურად გამართულ იმ თავის შრომის იარაღს - ფიფლმეტრს... თუმცა მისი ქცევა მისი გადასაწყვეტია, მე მხოლოდ ამ კომპანიის "ლეგენდარულ კვლევებზე" გამახსენდა როგორ მოხვდა ეს კომპანია ჩემთან სახლში და როგორ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა.

 

3 წლის წინ იყო ეს. სახლის ტელეფონს დედაჩემმა უპასუხა და უხალისო საუბარი გაიბა, ტონზე ეტყობოდა, ვიღაცის თავიდან მოშორებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. 5 წუთის შემდეგ ტონს დაუწია, მერე დაწეულ ტონში აგრესია გაქრა და მას ინტერესი ჩაენაცვლა. კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნიკოლოზა ჩვილი იყო, მე უმუშევარი, ანუ, ფაქტიურად, მთელი 6 სულიანი ოჯახი უმუშვარი და, მაგ პერიოდში, სახლის ტელეფონზე, ძირითადად, ან ბანკის განრისხებული კრედიტ-ოფიცრები რეკავდნენ და ან რაიმეს მოწოდების მსურველი ახლობლები, რომ აინტერესებდათ, სახლში ვიყავით თუ არა?

მოკლედ, დედაჩემის გარდა ტელეფონს არავინ ეკარებოდა. ის იყო "მომგერიებელიც" და "მასპინძელ-დიასახლისიც".

ამ საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ რაღაც კომპანია მოვიდოდა, რაღაც აპარატს მიგვიერთებდა ტელევიზორზე, ჩვენ როცა ტელევიზორს ჩავრთავდით, ეს აპარატი უნდა ჩაგვერთო და არხები გვეფიქსირებინა. ზუსტად არ მახსოვს, ეს კვლევა 3 თვიანი იყო თუ 6 თვიანი. კონტრაქტი დგებოდა თავისი პირობებით, რომ არ უნდა დაგვეზიანებინა აპარატი, რომ უნდა შეგვესრულებინა დავალება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში და კონტრაქტის დასრულების შემდეგ კომპანია ოჯახს 150 ლარს გადაუხდიდა.

- ნიკას პამპერსის ფულად მაინც გამოგადგება დედიკო, რა უნდა იყოს ახლა ისეთი, იდგეს ეგ რაღაც ყუთი, რას გვიშლისო?

არავის მოგვსვლია აზრად ამის გაპროტესტება, მითუმეტეს, "წინა ცხოვრებაში" სოციოლოგიურ კვლევებთან ახლო ურთიერთობა მქონდა და ჩვენი კომპანიაც დგამდა ამ ფიფლმეტრებს ერთ დროს ოჯახებში.

მოკლედ, 3 დღეში ვიღაც 2 ტიპი გამოგვეცხადა, მოიტანეს "დენიკინის ხანის" პიპლმეტრი და კაბელების ისეთი კორიანტელი დააყენეს, "კლიენტი" აღშფოთდა.

ჰო, სანამ ამას მოიტანდნენ, კომპანიიდან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით და ბოლოს ოჯახში ვის გქონდათ დაბადების დღეო? - იკითხეს. ბოლო დაბადების დღის "ბედნიერი მფლობელიც" დედაჩემი აღმოჩნდა და ამ კაბელიან-აპარატურიანმა ტიპებმა მოკრძალებულ ღიმილს სიურპრიზად "იუბილარისთვის" "ყავის სერვიზიც" მოაყოლეს.

-ხედავ, რა ყურადღებიანები არიანო?! - ამაყად გადმომხედა და თვალებით გადმომძახა დედაჩემმა.

1 კვირის გასვლის შემდეგ პიპლმეტრმა უშნოდ დაიწყო ციმციმი, მერე წრიპინი, მერე იმდენი ქნა, ტელევიზორის ეკრანი გადაწვა. დაურეკა "კლიენტმა" კომპანიას, ასე და ასეო... ტელევიზორი კი გავაკეთეთ, მაგრამ, ეს თქვენი ყუთი აღარ ირთვებაო და თანაც მეშინია ჩართვა, ისევ არაფერი დამართოს ტელევიზორსო..

მოვიდნენ "ოპერატიულად" მე-3 დღეს.

- ეტყობა, არასწორად რთავდით და ამ აპარატის გაფუჭებაზე ჯარიმააო... აქ კი ჩავერიე... ჯარიმა ტელევიზორის გაფუჭებაზე და გაუმართავი აპარატის მოტანაზე რამდენია მეთქი? მაგაზე არაფერიო. ხოდა, თუ არაფერი, მომეცით თქვენი ბოსის ნომერი, ერთი-ორ რჩევას მივცემ, სხვებთან გამოადგება მეთქი.

უცებ გამოფხიზლდნენ - კარგით, შევცვლით, ოღონდ ფრთხილად და ყურადღებით მოიხმარეთო.

2 თვე იმუშავა, მაგრამ ვაი იმ მუშაობას. - ხან არხების კლავიატურა იჭედებოდა, ხან ოჯახის წევრების...

რას არკვევდნენ ამ ურემივით მომუშავე ყუთით არ ვიცი. ზოგჯერ ისე გადიოდა დღეები, არ ვრთავდი, ეგებ გამოგვეხმაურონ და გვკითხონ, სიგნალი რომ არ ფიქსირდება რა მიზეზიაო? რას ბრძანებთ? ყურსაც არავინ იბერტყავდა.

მოკლედ, კონტრაქტის ვადის ამოწურვის დრო მოახლოვდა და "კლიენტს", ანუ დედაჩემს 150 ლარის განკარგვის გრაფიკი უკვე წესრიგში ჰქონდა. ზარი ტელეფონზე, რომელმაც გვამცნო, რომ მოვიდოდნენ აპარატურის წასაღებად და სახლში დახვდითო.

რა თქმა უნდა სახლში დავხვდით, სრული შემადგენლობით. მოვიდნენ, ჩახსნეს. გასასვლელში დედაჩემმა მოკრძალებულად კითხა, კონტრაქტში 150 ლარი რომ იყო გათვალისწინებული, ეგ სადააო?

- არ ვიცით ქალბატონო, ჩვენ ეგ არ გვეხება, მაგაზე ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდით და გეტყვიანო.

დავუკავშირდით.

-იცით, კვლევამ არ გაამართლა, კომპანია გაკოტრდა და ბოდიშს გიხდით, მაგრამ იმ თანხას ვერ გადაგიხდითო!

ასე მოგჭამათ ჭირი, ენგურის სამარშრუტო ბორანივით, ნიკოლოზას პამპერსების და სხვა ჰიგიენური საშუალებების 150 ლარიანმა ბიუჯეტმა.

ჰოდა, ახლა რომ "ხელობა" დაუწუნეს და მის რეპუტაციაში ეჭვი შეიტანეს, ინერვიულებს და გაიშლის თმას ცქიტიშვილი, აბა რა იქნება?

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...