Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.433

ბეცი და ყრუ ინკასატორების ამბავი


blog-0978228001394114061.jpgრამდენიმე დღის წინ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა და როგორც წესი, ვიდრე გავაღებდი, ვიკითხე, ვინ არი-მეთქი.

ინკასატორი ვარო, გამომეპასუხა ქალის ხმა. ყოველი შემთხვევისთვის, „გლაზოკში“ გავიჭყიტე და დავინახე, ფოიეში ვიღაც ქალი ქაღალდების დასტაში იქექებოდა. გავედი და რაშია საქმე-მეთქი? - დავინტერესდი.

- თქვენი ბინა რა ნომერიაო? - მკითხა. ვუთხარი რა ნომერიც იყო.

-ეგ სად წერიაო? კარის მარჯვენა და მარცხენა მხარესაც, კედელზე წითელი ფლომასტრით მიწერილი ციფრები ვანახე. ფერი ცოტა გადასული კი იყო, მაგრამ აქამდე არავის გამოუთქვამს პრეტენზია, მაგის გამო.

- უი, ეგ მე არ მეყოფაო. - შეიცხადა თვალებმოჭუტულმა, ჩანთიდან შავი ფლომასტერი ამოიღო და წითელს გადააყოლა. როგორც ჩანს, ჩემი ბინის ნომერი არ ყოფილა პირველი, რომელიც ვერ გაარჩია და „შეირაღებულიც“ იმიტომ დადიოდა.

-აწი მე დავარიგებ ქვითრებს და ამოწერებზეც მე ვივლიო, - მახარა.

თავიდან ვერ მივხვდი, რა ამოწერებზე მელაპარაკებოდა, მაგრამ მერე იცოცხლე, შევფიქრიანდი. ქალი თავის ცხვირს იქით ვერაფერს ხედავდა და რიცხველიდან ამის ამოწერილი ჩვენება რაღა იქნებოდა? ხან ჩანთაში იქექა, ხან ქვითრების დასტაში ეძება, მაგრამ ჩემი ქვითარი ვერ იპოვა. -ეტყობა,

შემეშალა და ზევით დავტოვე, იქაც ვერ გავარჩიე ბინის ნომრები და სამივე ქვითარი ერთ კარში გავარჭეო.

-ქალბატონო, ზემოთ ორი ბინაა, სამი აქაა, 41-ე, 42-ე და 43-ე-მეთქი, მივუთითე ხელით ყველაზე.

- უიო, შეიცხადა და მის ზურგს უკან მდებარე მეზობლის კარს გაოცებულმა შეხედა, - აქაცაა კარებიო?

მე უფრო და უფრო გაკვირვებული ვუყურებდი ჩემს წინ ციბრუტივით მოტრიალე ქალს, რომელმაც ახლავე მოგიტანთ თქვენს ქვითარსო, მითხრა და ლიფტიდან მარჯვნივ მდებარე კიბეებზე აირბინა. ველოდე ერთი წუთი, ორი, სამი და რომ აღარ გამოჩნდა, შემცივნებული შევედი შიგნით.

იმ დღეს საკმაოდ ციოდა და ვიდრე ის ინკასატორი იმ სამ ქვითარში უსათვალოდ ჩემსას იპოვიდა, ხომ გავიყინებოდი? კარგა ხნის მერე გამახსენდა და

რომ გავედი, კარში გარჭობილი ქვითარი ფრიალით დავარდა ძირს.შევინახე საგულდაგულოდ. ამის შემდეგ სულ უნდა ვაკონტროლო მრიცხველის ჩვენება, თორემ იმ ბეც ინკასატორს სად რა შეეშლება, ღმერთმა იცის. ისე არ გამიგოთ, თითქოს მის პრობლემაზე ვქილიკობდე. მხედველობის ნაკლებობა

არც ჩემთვისაა უცხო. იმდენი ხანია სათვალე მიკეთია და ისე ვარ შეჩვეული, ხანდახან მავიწყდება მოხსნა და შხაპის ქვეშაც სათვალით ვდგები.

12 წლის წინ, ყაზბეგის გამზირზე, ჩემმა მეგობარმა ნინო თარგამაძემ მიკროავტობუსის სამარშრუტო ნომერი 135 თითქმის ასი მეტრიდან რომ დაინახა

და მე მანამ ვერ გავარჩიე, ვიდრე რამდენიმე ნაბიჯზე არ მომიახლოვდა, მაშინ მივხვდი, სასწრაფოდ ოფთალმოლოგი მჭირდებოდა. არც დამიხანებია,

მალევე მივედი ექიმთან და მას მერე სათვალე არ მომიხსნია. მიუხედავად იმისა, რომ მთლად ისეთი ახლომხედველი არ ვარ, როგორიც ეს ქალი ჩანს.

ამას ან ოფთალმოლოგის შესახებ არ გაუგია არაფერი ან სათვალის გაკეთება ჰგონია სირცხვილი. მყავს მე ეგეთი ნაცნობები. გათხოვებამდე იმიტომ არ

იკეთებდნენ, არიქა, ვინმემ არ თქვას, „ნაკლი“ ჰქონიაო, გათხოვების მერე კი იმიტომ არ მიდიან თვალის ექიმთან, ემანდ, ქმარმა არ იფიქროს, ეს ვინ

ბრუციანი მომიყვანია ცოლადო და წვალობენ ასე, უსათვალოდ (არიან ეგეთები სამეგრელოში, დამიჯერეთ). მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, რატომ

გაუშვა „თელასმა“ წინა თანამშრომლები და რა კრიტერიუმით აირჩია ახალი, ვერაფერს გეტყვით. ის კი ვიცი, დენის ქვითრებთან დაკავშირებით, აწი, ალბათ, პრობლემა არ დამელევა.

ეს, რაც შეეხება დენის ინკასატორს, ახლა გაზისას არ იკითხავთ? მეორე თუ მესამე დღეს მომადგა ისიც და კარზე ისე ძალუმად დააკაკუნა. ეგრევე მივხვდი, ვინც იყო. რკინის კარზე მთელი ძალით რომ დაიწყებს კაუნს, ვიდრე არ გაუღებ, არ გაჩერდება. აი, ხომ არის, რომ ეძახი: ახლავეე; მოვიდვაარ! ან ფეხის ხმაც ხომ ესმის ადამიანს, კარის გასაღებად რომ მიდიხარ და გელოდება? არა, იმას არაფერი აჩერებს, არახუნებს და არახუნებს. არადა, ერთი პატარა, მოცუცქნული ქალია. რამდენჯერმე დავეჭვდი, ალბათ, ყურთ აკლია და იმის გამოა-მეთქი, ეჭვს სხვა მაგალითებიც მიღრმავებდა, მაგრამ მთლად ყრუ თუ იყო, რავა ვიფიქრებდი?

ერთხელ ისე მოხდა, რომ აბაზანაში შესულს მომესმა მისის კაკუნი. სახლში ჩემს გარდა არავინ იყო, დამეზარა აბაზანიდან გამოსვლა, ვიფიქრე, დააკაკუნებს რამდენჯერმე და წავა-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ, წავიდა კი არა, კინაღამ კარი ჩამოიღო და იძულებული გავხდი, ხალათი მომეცვა და სასწრაფოდ გავსულიყავი. გზადაგზა ვეძახდი, მოვდივარ, მოვდივარ-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა. ის კი არა, თავიდან ფეხებამდე სველმა კარი რომ გავუღე, აქეთ შემომიტია, ვიცი, რომ სახლში ჩვილი ბავშვი გყავთ, ბინაში იქნებით და კარებს რატომ არ მიღებთო და არც შემოუხედავს, ისე დაადო ლოჯის აივნისკენ თავი, სადაც გაზის მრიცხველი ეგულებოდა. მე თვალები შუბლზე ამივიდა და ხელების ქნევით მივყევი უკან. - ქალბატონო, ვალი არავისი გვაქვს და კარი რატომ არ უნდა გამეღო, მეორეც, ჩვილი ბავშვი ხანდახან ჰაერზე გაგვყავს და ისეთი ადგილებშიც დავდივართ, სადაც ბავშვიანად შეგვიძლია სიარული, სულ სახლში რატომ უნდა ვიჯდეთ-მეთქი? ერთი კი შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვიფიქრე, ნამუსმა შეაწუხა და იმიტომ არ მპასუხობს არაფერს-მეთქი, მაგრამ ის ხომ მაინც შეიძლებოდა ეთქვა, უი, ხო, მართალი ხართ, ეგ არ მიფიქრიაო ან რამე მსგავსი? იმან კი ამოიწერა ჩვენება და უსიტყვოდ გავიდა გარეთ. მისეული კაკუნის გარდა, მეორე ჩვევაცა აქვს, როგორც კი სახლში შემოვა, არც შემოგხედავს, დაადებს თავს და პირდაპირ მრიცხველისკენ მიდის. ახლაც, რომ შემოვიდა, ეგრევე ლოჯისკენ გავარდა, მაგრამ შესასვლელში იმდენი სათამაშო ეყარა, ვერ გადაუარა და მისაღები ოთახის გავლით განაგრძო გზა. მე უკან მივყევი და საუბარი გავუბი.

-იცით, წინა მოსვლაზე, თქვენს მერე, სადღაც ერთ კვირაში ვიღაც ორი კაცი მოვიდა, გაზიდან ვართო, მაგრამ ვუთხარი, რომ გაზიდან უკვე იყვნენ ჩემთან და კარები არ გავუღე-ეთქი. თან ამ ლაპარაკში, მე ლოჯიდან მოვჭერი გზა და ის ზალიდან ლოჯში რომ გადადიოდა, იქ შევხვდი. დამინახა, რომ ხელების ქნევით რაღაცას ვამბობდი და წინ დამიდგა. მე რაც მინდოდა მეთქვა, უკვე ვუთხარი და ახლა მისგან ველოდი განმარტებას. იმან კი მიყურა, მიყურა და რა მითხარიო? - მკითხა. ცოტა ხმამაღლა დავიწყე იგივეს გამეორება. შუა ლაპარაკში, მოვიდა ეს ჩემი ინკასატორი და მარცხენა ყური ზედ ტუჩებთან მომიტანა. ახლა კი მეცა პირკატა. თურმე, სულ ტყუილად ვლაპარაკობ, არაფერი ესმის. გამოდის, ორ წელზე მეტია, ამ ქალს ყოველ მოსვლაზე რასაც ვეკითხებოდი ან ვეუბნებოდი, არაფერი გაუგონია.

ჩემს შემხედვარეს, ალბათ, როგორ უკვირდა, ეს რა ხელს აქნევს და პირს აღებსო? მე კი ის მიკვირდა, ყველა ჩემს კითხვას უპასუხოდ რომ ტოვებდა და უხმოდ გადიოდა. ნახვამდისო, მიბარებდა მხოლოდ. ახლა ყურში ორჯერ რომ გავუმეორე, რაც ზემოთ ვთქვი, მითხრა, არ ვიცი ვინ იყვნენ ან რატომ დადიოდნენ, მაგრამ კიდევ თუ მოვიდა ვინმე, მოწმობა მოთხოვეთ, ან კარი არ გაუღოთ და მე დამირეკეთ ეგრევეო. რომ გავისტუმრე, კარგა ხანი ვიდექი კართან და ვფიქრობდი, ეს რა ღვთის რისხვაა, ის არის და - ბეცი, ეს არის და - ყრუ. რამ შეკრიბა, რაღა ჩვენს უბანში მოხვდნენ? მერე ამ ქალის წინ რომ გვყავდა გაზის ინკასატორი, ის გამახსენდა. ერთი ახმახი კაცი იყო, ნასვამი დადიოდა ხომე, ჩვენებების ამოსაწერად.

ერთხელ ჩემს ქვითარში აბონენტის ნომრის წინ ერთიანის ნაცვლად ორიანი ჩაუწერია. მე არც კი დამიხედავს, ბანკში რომ მივიტანე, მოლარე ბიჭმა (ააშენებს ღმერთი) აბონენტის ნომერი ხმამაღლა წამიკითხა და რომ ვნახე, შეცდომა იყო, გავასწორეთ ეგრევე. იმ ბიჭმა ჩემი ხელით გადამაკეთებინა ქვითარზე ციფრები.

მერე რომ მოვიდა ის მთვრალი კაცი, ვანახე გადასწორებული ნომერი და შენიშვნა მივეცი, ცოტა ყურადღებით იყავით-მეთქი. ვითომც არაფერი, ყური არ

შეუბერტყავს. არადა, კაი ბარაქიანი ყურები კი ჰქონდა. შემდეგ თვეს პრობლემა არ შემქმნია, ნორმალურად ამოწერა და გამოწერა ყველაფერი, მაგრამ იმის

მომდევნო მოსვლაზე ისევ აურია. სახლში რომ არ ვიყავი, მაშინ მოსულა და დაუტოვებია ქვითარი. მოვედი, ვნახე, 86 ლარია გადასახდელი. გამიკვირდა, მარტო წყლის გამათბობელი და უბრალო, სამკამფორიანი გაზქურა გვქონდა მაშინ. წინა თვეებში არ დაუწერია ამდენი და ეს რა უსაშველობაა-მეთქი, მაგრამ, ცოტა ხნით ადრე, სტუმრები გვყავდა, ხშირად გვიწევდა გაზქურის და გამათბობელის ანთებაც და ალბათ, მაგიტომ მეტი

გაზი დაგვეხარჯა-მეთქი, ვიფიქრე. ისე მოხდა, რომ თანხა მითითებულ დროს ვერ გადავიხადეთ და ერთ დღესაც, შინდაბრუნებულს, კარში ინკასატორის დაწერილი უსტარი დამხვდა. იმუქრებოდა, ორშაბათამდე თუ არ გადაიხდით, მთელ სადაბაზოს ჩავუჭრით გაზს და მერე მათ გაეცით პასუხიო. მეორე დღესვე ვიშოვე ფული, გავვარდი ბანკში და ვალი გადავიხადე, მაგრამ ისევ შემომიჩნდა ეჭვი, არ არსებობს, ამდენი დანახარჯი არ გვექნება-მეთქი. შევამოწმე მრიცხველის ჩვენება და ერიჰაა... ინკასატორის მიერ დაწერილ ჩვენებას რომ დავწეოდით, იმდენი კუბამეტრი აირი უნდა მოგვეხმარა, რომ... იმ ორშაბათს, სპეციალურად, დავრჩი სახლში და რომ მობრძანდა პატივცემული, არაფერი მითქვამს, უსიტყვოდ შემოვუძეხი ბინაში. თავად გადმომხედა მრავალმნიშვნელოვნად, როცა გადახდის ქვითარი ვაჩვენე. მერე გავიდა აივანზე და მრიცხველს შეხედა. შევატყვე, თვალებს არ დაუჯერა, ამოიღო სათვალე და ახლა უფრო გულმოდგინედ დააკვირდა. -ჰა, რა იყო, ვერ ხართ კმაყოფილი, ხო? - ვკითხე ნიშნისმოგებით. -ჰო, შეცდომა მომსვლიაო - მიპასუხა შეცბუნებულმა.

-ამდენით ზედმეტი გადამახდევინეთ და კიდევ აქეთ მემუქრებოდით. - ავუფრიალე თავისი წერილი ცხვირწინ.

- სამაგიეროდ, აწი კარგა ხანს არ მოგიწევთ გადახდაო. - დამამშვიდა. იმის მერე, მართლაც 4-5 თვე არაფერი გადაგვიხდია. სიარულით, ყოველ თვე

დადიოდა ინკასატორი და 2-2 კუბამეტრს წერდა, რათა დაფიქსირებულიყო, მრიცხველი რომ მოწმდებოდა. ბოლოს რომ მოვიდა და ნახა, მის მიერ ოთხი

თვის წინ ამოწერილი აირის რაოდენობა კიდევ არ იყო გახარჯული, კარებში გასვლისას მითხრა, ამდენს რას იზოგავთ, გახარჯეთ, კაცო, უფრო ხშირად

დაიბანეთო, გამეხუმრა, მისი ჭკუით. ეგრევე ავუშვი აფრები და ჩვენი დაბანის გრაფიკი თქვენ რომ არ გეხებათ, მაგას კი უნდა ხვდებოდეთ და იმედია,

იმასაც ხვდებით, ზედმეტი რომ მოგივიდათ-მეთქი, დავუბრიალე თვალები და მივუჯახუნე კარი ცხვირწინ. მას მერე არც გამოჩენილა. იმ ქალმა

შეცვალა, ვისზეც უკვე გელაპარაკეთ.

აი, ასეთი ამბები ხდება ჩემსა და ინკასატორებს შორის. რა დანაშაულისთვის მომისაჯა მათი თავი ღმერთმა, რას გავიგებ?!

ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...