Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.553

კიკვიძის ბაღის მცველები, ონიანი და გვრიტიშვილის სამართალი


blog-0282574001393938377.jpgამ ტექსტის დაეწერა ერთი კვირით ადრე მინდოდა, როცა კიკვიძის პარკში "სამართალდამცავ" გოგა ონიანის "ბრძოლაი საკვირველი"-ს ამსახველი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. დავიწყე კიდეც წერა, მაგრამ ხან სიზარმაცის და ხან მოუცლელობის გამო, აქამდე ვეღარ დავასრულე.

ახლა კი, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მინდა გიამბოთ იმ დღეზე, როცა ეგ ამბები მოხდა.

 

მართალია, კადრებში არ ვჩანვარ (თუ არ ჩავთვლით წამიერ გაელვებას, ჩემი სტაფილოსფერი ქურთუკით), რადგან სულ კამერების უკან ვიდექი, მაგრამ ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა.

ზუსტად მახსოვს, ეს იყო 2012 წლის 25 თებერვალს. დილით, ასე თერთმეტი საათისთვის შევიტყვე, რომ კიკვიძის ბაღში „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი დაუკავებიათ, რომელიც იქ მიყვანილ მძიმე ტექნიკას, ხეების გაჩეხვის ნებას არ აძლევდა. დიდხანს არ მიფიქრია, ჩავიცვი და სახლიდან გავვარდი, ვინაიდან მეც „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი ვიყავი და ესეც რომ არა, ჩემი სამოქალაქო ვალი იყო, ბაღი დამეცვა.

შესასვლელშივე, სადაც გარკვეული ტერიტორია კარგა ხნის შემოღობილი ჰქონდათ და ათობით ხეს გასაჩეხად ამზადებდნენ, რამდენიმე ნაცნობი სახე შემეფეთა. პოლიციის ის თანამშრომლები იყვნენ, ყოველი შეკრებისას ქორებივით გარს რომ გვიტრიალებდნენ და ყურზე მიდებული ტელეფონის კამერებით გვიღებდნენ.. სიღმეში „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის რამდენიმე წევრი და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ. ეს ის ახალგაზრდები იყვნენ, ღამეს ბაღის შემოღობილში, კოცონის გარშემო რომ ათევდნენ და კიკვიძის ბაღის ხეებს დარაჯობდნენ, რათა ქურდებივით ღამე არ დაეჭრათ.

ამბავი კი იმით დაიწყო, რომ „გრინფისის“ მხარდამჭერებს კარგა ხნით ადრე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეგვატყობინეს, ბაღის ნაწილი შემოღობეს, ხეების მოჭრას და მათ ადგილას რაღაც შენობის ჩადგმას აპირებენ და გვიშველეთო. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, იქ 80 წლოვანი ნარგავების გაჩეხვის ხარჯზე, ყველა კანონის გვერდის ავლით პოლიციის სამმართველოს შენობის აგება იყო დაგეგმილი. ამის შემდეგ, ლაშა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით დავიწყეთ მოქმედება, კვირაში ორ-სამჯერ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პარკის ტერიტორიაზე ვიკრიბებოდით, ქალაქის მერიის მიერ უკანონო მშენებლობისთვის ნებართვის გაცემას ვაპროტესტებდით და ვცდილობდით, თბილისის ხელმძღვანელობა თავიანთი ქმედების არამართებულობაში დაგვერწმუნებინა. პრობლემის გაშუქებაში სხვადასხვა მედიასაშუალებაც გვეხმარებოდა. საპროტესტო აქციები გავმართეთ მერიის შენობასთანაც, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩვენმა ხმაურმა შედეგი ვერ გამოიღო. ხელისუფლების მხრიდან, რაც გაკეთდა, ის იყო, რომ აქციებზე სამოქალაქო ტანსაცმლიანი პოლიციიის თანამშრომლები მოგვიგზავნეს, რომელთა ამოცნობასაც უმეტესად ვახერხებდით და ისინი როგორც კი რომელიმე ჩვენგანის დაჟინებულ ყურადღებას იგრძნობდნენ, ტერიტოიას ტოვებდნენ.

 

ერთხელ ასეთი სასაცილო თუ სატირალი ამბავიც მოხდა. მორიგ აქციაზე, კიკვიძის ბაღის ცენტრალურ ნაწილში ოცდაათამდე ადამიანი ვიყავით შეკრებილი, ჩვენს შორის ადგილობრივი მოსახლეობაც იყო, რომლებიც გვიხსნიდნენ, რომ პარკის უკან ძველი პოლიციის შენობა იყო და თუ უნდოდა ხელისუფლებას, ის შენობა დაენგრია და ახალი პოლიციის სამმართველო იქ აეშენებინა. - რაღა ბაღი უნდა გაჩეხონ და აქ უნდა ჩადგან, მანც და მაინცო. ამ საუბარს ერთი ორმოციოდე წლის მამაკაციც ისმენდა, რომელმაც იმით მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ იქ მყოფთაგან არავის ეკონტაქტებოდა, არც საუბარში ერეოდა და, დროდადრო, მობილური ტელეფონი მიჰქონდა ყურთან. უფრო რომ დავუკვირდი, მივხვდი, ტელეფონით კი არავისთან რეკავდა, ჩვენ გვიღებდა, შესაბამისად, „ ჩვენიანი“ არ იყო. ეს რომ დავასკვენი, გვერდით დავუდექი და პარკზე დავუწყე ლაპარაკი. უხერხულად დაიწყო აქეთ-იქით თვალების ცეცება. ამასობაში, ერთი ადგილობრივი მოგვიახლოვდა, რომელიც ადრეც ესწრებოდა აქციებს და ახლა იმან დაიწყო, რას ერჩიან ამ ხეებს, ასე თუ გააგრძელეს, მალე უჟანგბადოდ დაგვტოვებენ ქალაქელებს. ვისაც სოფელი არ გვაქვს ან დასასვენებლად წასვლა არ შეგვიძლია, ზაფხულში აქ ვითქვამთ სულს, ესაა ჩვენი ჟანგბადის წყარო და ეს ოხრები, ამასაც გვისპობენო. მე ოდნავ დავშორდი მათ და გვერდიდან ვუყურებდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უცებ, იმ ჩვენმა მოთვალთვალემ რაღაც უთხრა აქციის მონაწილეს , მერე იქვე მდგარ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. იქ კი დატოვა გაკვირვებული და ხელებგაშლილი.

რა გითხრა-მეთქი?

- არ ვარ, ძმაო, თქვენიანი, თავი გამანებეო!

სიცილი ამიტყდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ტიპს მოთმინება არ ეყო, რომ ადამიანის სამართლიანი გულისტკივილი მოესმინა და თავი გათქვა.

კი, ასეც ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან აგენტების მოგზავნის გარდა სხვა ღონისძიება არ გატარებულა, ნაძალადევის მოსახლეობა მაინც გვირეკავდა და გვთხოვდა, ჟურნალისტებსაც და „გრინფისელებსაც“, არ მიგვატოვთ, დაგვიდექით გვერდით, არავის მივცემთ უფლებას, პარკი გააჩანაგოს და სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლება წაგვართვასო. ინტერვიუში რამდენიმე რესპონდენტმა მითხრა, 90-ან წლებში, გაჭირვების დროს, არავის მოსვლია აზრად, ამ ხეებისთვის ტოტი შეეტეხა და შეშად გამოეყენებიანა, ის კი არა, ჯაბას ხალხს კუდით ქვა ვასროლინეთ, შეშისთვის ხის მოჭრა რომ გადაწყვიტესო. აქვე ჰქონდათ შტაბი და ერთხელ რომ მოინდომეს, ისე შევუტიეთ, მეორედ თქმა არ გაუბედავთ, ესენი ვინ არიან, არავის და არაფერს რომ არ ეპუებიანო.

ჩემდა გასაკვირად, ასე განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობიდან, იმ 25 თებერვალს, როცა კიკვიძის ბაღში ათეულობით ხე მოჭრეს და ახალგაზრდებიც დააპატიმრეს, არავინ გამოჩენილა. მერე შევიტყვე, ზოგთან ნაციონალების უბნის კოორდინატორი მისულა, ზოგთან უბნის ინსპექტორი და შვილის, ძმის, ქმრის ან ვინც აქციებზე პროტესტს გამოთქვამდა, თავად მას დაპატიმრებით ან სამსახურიდან დათხოვნით დამუქრებიან. ასე შევრჩით იმ დღეს შსს-ს ურდოს ოცდაათიოდე ადამიანი. ისინი კი ასზე მეტი იქნებოდნენ, პარკის ხველა მხრიდან რომ გვიტევდნენ, ზოგი - ფორმით, ზოგი - უფორმოდ...

 

გოგა ონიანიც უფორმოდ იყო. მის მოსვლამდე რკინებით შემოღობილ ტერიტორიაზე, იქ სადაც ხეებს ჭრიდნენ და თხრიდნენ, შესვლა ვცადეთ. სწორედ მაშინ მოვიდა, თავისიანებითურთ, ონიანი და ბაღიდან წასვლა მოგვთხოვა. კანონს არღვევთ, გზას კეტავთო. არადა, გზას რა უნდოდა შუაგულ პარკში? თუმცა კი, ტრაქტორებს, ბულდოზერებს და მძიმეწონიან სატვირთოებს იქაურობა ცომივით ჰქონდათ გადაზელილი. პირდაპირ პარკიდან, ხეებს შორის არსებული ფართებით გაჰქონდათ მოჭრილი ხეები და ამოთხრილი მიწა. ჩვენ კი არა, თქვენ არღვევთ კანონს, ამხელა მანქანებს და ტექნიკას რა უნდათ პარკის ტერიტორიაზეო, ვუმტკიცებდით ჩვენ. კადრებში კარგად ჩანს და ისმის, რაზეც იყო საუბარი. ჩვენი მხრიდან არანაირი კანონის დარღვევა არ ყოფილა, უბრალოდ ვითხოვდით ცნობას, რის საფუძველზეც იჩეხებოდა ბაღი ან რის საფუძველზეც ჩვენ იქ ყოფნის უფლება არ გვქონდა.

ონიანი და მისი ჯგუფი, ჩვეულებისამებრ ძალას იყო და აშკარად ეტყობოდათ, რომ ბრძანებას ელოდნენ, როდის ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. თან წარა-მარა სადღაც რეკავდნენ, ვიღაცას ტელეფონით ანგარიშს აბარებდნენ, ზოგი კამერით იღებდა ცალკეული ადამიანის აქტიურობას. სულ რაღაც ოციოდე წუთს გაგრძელდა ეს დავა, მერე დაერივნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, თითქოს, ქვეყნის დამაქცევრები იყვნენ და მანქანებში ჩაყარეს. არადა,ისინი საკმაოდ დინჯად იქცეოდნენ, ხმაურით ჩვენ, ქალები უფრო ვხმაურობდით, მათ შორის, ლუბა ელიაშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, შსს-ს ხალხს თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული, ვინც უნდა დაეკავებინა. ამის თქმის საფუძველს მიძლიერებს ის ფაქტი, რომ მათ ერთ-ერთი დაკავებული იქვე, პარკის ტერიტოიაზევე გაუშვეს. ეს იყო „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი, ირაკლი კიკილაშვილი, რომელიც სატვირთოს ხელებგაშლილი გადაუდგა წინ და რომელიც ყველაზე პირველი აიყვანეს. ეტყობა, ირაკლის დაკავება მათ ინტერესებში არ შედიოდა, ამიტომ გზისპირას გაჩერებულ მანქანამდე მიიყვანეს და მერე გაუშვეს. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დავით ფაცაცია არ დატოვეს „ნაწყენი“.

კადრებში კარგად ჩანს, როგორ მიჰყვება ის გოგა ონიანს გვერდით და ჯერ ეკითხება, ეს ბიჭები რატომ, რომელი კანონის საფუძველზე დააკავეთო, მერე კი ეუბნება, თქვენ კანონს არღვევთ და ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებთო.

ონიანი მშვიდად, ვითომც არაფერი, ჰპირდება, შენც დაგიჭერო. შემდეგ კადრში კი უკვე ვხედავთ, როგორ მიჰყავს ორ სამოქალაქო ფორმიანს მკლავებგაყრილი ფაცაცია თავიანთი მანქანისკენ.

ამ მომენტში ისმის გოგონას ხმა, ეს ის მანქანაა, ის მანქანა...

ჰო, რომელ მანქანაშიც დავით ფაცაცია ჩასვეს, იმ მანქანით, ყოველ საღამოს მოდიოდნენ უცნობები და მათთან ერთად ათევდნენ, თურმე, ღამეს კიკვიძის ბაღში. ახალგაზრდებს ბაღის გულშემატკივრები რომ ეგონათ, პოლიციის გადაცმული თანამშრომლები აღმოჩნდნენ...

ეს ამბავი ჩემთვის არ იყო ახალი და ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

 

შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა. გავიგეთ, რომ ახალგაზრდები საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს და რამდენიმე წუთში ჩვენც იქ გავჩნდით.

ერთ-ერთ დარბაზში უკვე მიმდინარეობდა „წესრიგის დარღვევისთვის“ დილით დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი.

როგორც მოსალოდნელი იყო, გაამტყუნეს და დარბაზიდან 400 ლარიანი ჯარიმით გამოუშვეს.

ვიდრე ერთ-ერთ სააგენტოს ჩხარტიშვილის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდი, კიდევ ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი დაიწყო, მაგრამ არც ერთგან და არც მეორეგან არ შემიშვეს მანდატურებმა, პროცესი უკვე მიმდინარეობს და მოწმის გარდა ვერავის შევუშვებთო.

იმ პროცესებიდანაც 400 ლარიანი ჯარიმით გამოისტუმრეს ორივე.

ცოტა ხანში, მანდატურებმა დაიძახეს, ფაცაციას პროცესზე ვისაც გინდათ შესვლა, მობრძანდითო და გულშემატკივრებიც მითთებულ დარბაზში შევედით. დავით ფაცაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე იცავდა, ბრალდების მხარეს კი ერთი პოლიციელი წარმოადგენდა, დაკავებულს ის ადებდა ხელს, წესრიგს არღვევდა, მანქანებს გზას უკეტავდა და სამართალდამცველებს წინააღმდეგობას გვიწევდაო. არადა, ის პოლიციელი ბაღის ტერიტორიაზე კი იყო, მაგრამ დაკავების მომენტში ფაცაციას სიახლოვეს არავის დაგვინახავს. ვიდეოშიც კარგად ჩანს, თუ ვინ აკავებს ფაცაციას, პროცესზე კი სულ სხვა ადამიანი იბრალებდა, მე დავჭირეო.

სჯობია, დალაგებულად მივყვეთ მოვლენებს და უკეთ გამოჩნდება, რა როგორ იყო.

მოსამართლე დარბაზში რომ შემობრძანდა და გაგვეცნო, თავისი ვინაობა ისე ხმადაბლა ჩაიდუდუნა, ვერც სახელი გავიგონე მისი და ვერც გვარი, მაგრამ მერე დავადგინე, დიმიტრი გვრიტიშვილი ბრძანებულა.

პროცესი პოლიციელის დაკითხვით დაიწყო, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, ფაცაციას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წესრიგის დაღვევას აბრალებდა. საშუალო ასაკის, ლოყებღაჟღაჟა პოლიციელი გვარად ფიფია აღმოჩნდა. ამ გვარის ადამიანებს განსაკუთრებულ პატივს ვცემ, სადაც არ უნდა შემხვდნენ და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რადგან დედა მყავდა ფიფია და ეს გვარი ჩემს სისხლსა და ხორცთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ამიტომ ძალიან მომინდა, იმ პოლიციელს თავი არ შეერცხვინა...

მისი ჩვენების მერე, მოსამართლე ფაცაციას მიუბრუნდა და მანაც მოსამართლეს, სინამდვილეში რა როგორ იყო. დაცვის მხარის მიერ წარდგენილმა ყველა მოწმემაც სრული სიზუსტით აღწერა მომხდარი, მათი ჩვენებაც აბსოლუტურად დაემთხვა ერთმანეთს, როგორ შეიკრიბნენ ბაღში, მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე როგორ აპროტესტებდნენ იქაურობის გაჩეხვას და როგორ დააკავეს აქციის მონაწილეები, მათ შორის, დავით ფაცაცია. თან ყველა მოწმემ აღნიშნა, რომ დარბაზში მყოფი მონაწილეობდა მის დაკავებაში.

ერთ-ერთმა ისიც აღნიშნა, არათუ მან დააკავა, საერთოდ არ მახსოვს, იყო თუ არა იქო.

ამის თქმაზე, ფიფიამ მე მომაპყრო მზერა და დამიძახა, - თქვენ ხომ მხედავდით, რომ მე იქ ვიყავიო.

კი, თქვენ იყავით ბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს კაცი თქვენ არ დაგიკავებიათ-მეთქი, გავეცი პასუხი.

მოსამართლემ ერთი კი შემომხედა და შენიშვნის მოცემა დამიპირა, მაგრამ მე დავასწარი და ფეხზე ადგომით „ჩესტი“ ავუღე, მარჯვენა ხელი საფეთქელთან მივიდე.

არ ვიცი, მოულოდნელობისგან, არ ვიცი, კიდევ სხვა რამის გამო, არაფერი უთქვამს, მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებს ჩააშტერდა. შემდეგ ისევ პოლიციელს მიუბრუნდა და მათ შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა:

- თქვენ ამტკიცებთ, რომ ფაცაცია გზას კეტავდა და მანქანებს მოძრაობას უშლიდა?

-დიახ!.

-სად იყო ეს გზა?.

-კიკვიძის ბაღში.

-კიკვიძის ბაღში, სად, შიგნით, სადაც ხეებია?

პოლიციელი დაიბნა და ადგილზე აცქმუტდა. რომ ეთქვა, ბაღის შიგნით დადიოდნენ მანქანები და იმათ უშლიდა გადაადგილებასო, ბაღის შიგნით ხომ გზა არ არის? რადგან გზა არ არის, ესე იგი, არც მანქანები უნდა დადიოდნენ. რაღაც არ გამოდიოდა კარგად, მიხვდა და ისევ თავიდან დაიწყო, გზას კეტავდაო.

მაშინ მოსამართლემ სხვანაირად დაუსვა კითხვა, - თქვენ გზის განსაზღვრება თუ იცით ზუსტადო, რომელ გზაზე უშლიდა გადაადგილებას მანქანებს, იქ სადაც ტრასაა, სადაც ავტოტრანსპორტი მოძრაობს, სადაც შუქნიშნები დგას და მთელი საგზაო ინფრასტრუქტურაა მოწყობილიო?

ისევ დაიბნა საწყალი ფიფია და მთლად წამოჭარხლდა სახეზე. მე სიცილი ვერ შევიკავე, ფეხზე წამოვდექი და ახლა მას ავუღე „ჩესტი“.

მოსამართლეს ჩემი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენია და რომ ვიფიქრე, ახლა მიმაბრძანებს დარბაზიდან-მეთქი, მან კი თვალი ამარიდა და ისევ ქაღალდებს დაუწყო კირკიტი. მერე ადვოკატს ჰკითხა, მომხადრის ვიდეოჩანაწერი ხომ არ გაქვთ ან რამე დამატებითი მასალა, რაც ბრალდებულის უდანაშაულობას დაამტკიცებსო. გვაქვსო, ადვოკატმა უთხრა, ახლავე შეგვიძლია მოგართვათ ჩანაწერებიო. მოსამართლე დაფიქრდა და მერე განაცხადა, ვერ მივიღებ მტკიცებულებად, რადგან ჩვენ ვერ დავადგენთ, აუთენტურია ის თუ დამონტაჟებული, ამიტომ ნუღა შეწუხდებითო.

მისი განცხადება ხმამაღლა გავაპროტესტეთ, ვის ეცალა მაგჩანაწერების დასამონტაჯებლად, მთელი დღე აქეთ-იქით დავრბივართო, მაგრამ გვრიტიშვილმა ყური არ გვათოხვა და ახლა პოლიციელ ფიფიას მიუბრუნდა, თქვენც ხომ არ აწარმოებდით გადაღებას და რამე მასალა ხომ არ გაქვთ, რომელიც ბრალს დაადასტურებსო. არაო, თავი გააქნია ფიფიამ და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად დარბაზში მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი წამოდგა, კი, გვაქვს ჩანაწერიო. თურმე, დარბაზშიც გვყოლია აგენტი. მისმა ნთქვამმა არათუ ჩვენ, ფიფიაც გააკვირვა. ეტყობა, არც მან იცოდა, ის სამოქალაქო ტანსაცმლიანი ახალგაზრდა ფაცაციასი კი არა მისი გულშემატკივარი რომ იყო. მოკლედ, კი თქვა იმ ბიჭმა, ჩვენც გვაქვს ჩანაწერიო, მაგრამ ადვოკატმა გააპროტესტა, თუ ჩვენს წარდგენილ მტკიცებულებას არ მიიღებთ წარმოებაში, მაშინ ნურც ამათსას მიიღებთო და მოსამართლემაც დააკმაყოფილა მისი პროტესტი.

ისე, დღემდე მაინტერესებს, რა ჰქონდა შსს-ს გადაღებული და რა ჩანაწერები უნდა წარედგინათ სასამართლოსთვის ისეთი, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რომ გამოდგებოდა? რაღა ბევრი გავაგრძელო, ადვოკატმა თავისი სათქმელი თქვა, სულ პუნქტებად ჩამოუთვალა მოსამართლეს და კიდევ ერთხელ შეახსენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რა ეკრძალებოდა მოქალაქეს და რა - არა, როდის ითვლებოდა დამნაშავედ და როდის - არა, რისი უფლება ჰქონდა და რისი -არა.

მერე თავად დათო ფაცაციამ ითხოვა სიტყვა, ჯერ პოლიციელ ფიფიას მიმართა და უთხრა, რომ ესმოდა მისი და მოხარული იქნებოდა, ყველა სამართალდამცავს კანონისა და სამართლის მიხედვით ემოქმედა და არა ცალკეული პირების მითითებების შესაბამისად, რომ ის პოლიციელიც იმავე რეჟიმის მსხვერპლი იყო, რომელი რეჟიმიც მას ასამართლებდა, რომ ჩვენ სწორედ იმ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით, სადაც ფიფიაც თავისუფალი იქნებოდა, სადაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებდა და დღევანდელივით თავის არ შერცხვენა არ მოუწევდა. მერე მოსამართლეს მიმართა, ისიც დაანამუსა, მადლობა გადაუხადა პროცესის უხმაუროდ ჩატარებისთვის და მოუწოდა, დაეშვა პრეცენდენტი და ემოქმედა კანონის უზენაესობით და სინდისის კარნახით, არ შეესრულებინა არავის დაკვეთა და გამოეტანა სამართლიანი განაჩენი.

გვრიტიშვილს მისთვის სიტყვა არ გაუწყვეტინებია, ბოლომდე მოთმინებით მოუსმინა, თუმცა კი თავი არ აუწევია და თვალებში არ შეუხედავს. სადღაც, გულის კუნჭულში ვფიქრობდი, პროცესი ისე წაიყვანა, რომ რამდენჯერმე მოწმე პოლიციელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ჩანს, რომ ბრალდებულის მიმართაც სიმპთიითაა განწყობილი და იქნებ სასწაული მოხდეს და გაამართლოს-მეთქი.

სულ ტყუილად...

გადაწყვეტილებაც ისევე დუდუნით და ძლივსგასაგონად წაიკითხა, როგორც საკუთარი სახელი და გვარი გვამცნო შემოსვლისას, თუმცა დარბაზში სამარისებული სიჩუმე იყო და მაინც გავიგონეთ, რომ დავით ფაცაციას ჯარიმის სახით 400 ლარი დააკისრა.

დარბაზში ხმაური და უკმაყოფილო შეძახილები ატყდა, მოსამართლე კი განაჩენის გამოცხადებისთანავე გაუჩინარდა.

აშკარა იყო, დირექტივას დამორჩილდა. იმ დღეს ყველა დაკავებული გაამტყუნეს და 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, გვრიტიშვილი განსხვავებულ განაჩენს ხომ არ გამოიტანდა?

სასამართლოს შენობიდან გამოსულმა ეზოში ფიფიას ვკიდე თვალი და მივაძახე, შენს ადგილას მიწა გამისკდებოდა სირცხვილით-მეთქი.

ბევრს ნუ ლაპარაკობ, თავი ვინ გგონიაო, შემომედავა გულმოცემული. ის უკვე დავიწყებოდა, რამდენიმე წუთის წინ კუთხეში მიმწყვდეული მხეცივით შემცბარი რომ უყურებდა მოსამართლეს და მის კითხვებზე არადამაჯერებელ პასუხებს იძლეოდა.

გამეცინა, რა უნდა მეპასუხა ეგეთი ადამიანისთვის, რაც ვუთხარი ისიც ზედმეტი იყო.

მერე, სახლისკენ მიმავალი მთელი გზა ვფიქრობდი, დღვანდელი ვიდეოჩანაწერი და კონკრეტულად ფაცაციას დაკავების კადრები რომ ენახა მოსამართლეს, ნეტა, რას იზამდა, იმოქმედებდა თუ არა ნანახი მის გადაწყვეტილებაზე ან ნამუსი მაინც თუ შეაწუხებდა-მეთქი. თუმცა, პასუხი ისედაც ცხადი იყო, თავისუფალ და სამართლიან გადაწყვეტილებას რომ ვერ მიიღებდა, იმიტომაც თქვა ვიდეოჩანაწერის ნახვაზე უარი. ახლა, ორი წლის მერე, მინდა მივმართო მოსამართლე გვრიტიშვილს, აგერაა ის ვიდეო, ბატონო დიმიტრი და არ სჭირდება დიდი ექსპერტობა იმის დადგენას, ნამდვილია თუ დამონტაჟებული. მით უმეტეს, ახლა არც არავინ გთხოვთ იმ ამბის მონაწილეთა დასჯას ან გამართლებას. თავისუფალი ხართ არჩევანში და ისე, უბრალოდ, ინტერესის გულისთვის ნახეთ ეს კადრები. იქნებ გაიხსენოთ ის დღე, ის სასამართლო პროცესი, როცა თქვენ დავით ფაცაციას კი არა საკუთარ თავს გამოუტანეთ განაჩენი და ეს არ ყოფილა მხოლოდ 400 ლარიანი ჯარიმა. P. S. ბაღის იმ ნაწილში, რომელსაც ასე თავგამოდებით ვიცავდით, დღეს პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობა დგას.

 

ირმა ბერიშვილი

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...