Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

მჭლე სიყვარული უფრო გემრიელია, ანუ, ჩვეულებრივი დღის უჩვეულო მიმოწერა...


katya

1.459 views

blog-0087182001393851378.jpgდილა ისე დაიწყო, როგორც ბოლო დროის სხვა დანარჩენი - დედაჩემი საშინაო და საგარეო პრობლემების გრძელი სიით...

მე - მდუმარე უმწეობით და გამოსავლის ქსელში გახლართული ღიმილით...

ვცდილობ, ოპტიმისტური და იმედიანი გამომეტყველება მოვიძიო... არაფერი გამოდის!

მერე უცებ კალენდარი მოდის მშველელად!..

- დედის დღეს გილოცავ დეეე!!! დიდი ჩახუტებით, დედაჩემის ნიანგის ცრემლებით. აე დაგვჩემდა ბოლო დროს - მილოცვები ცარიელი ხელებით, სავსე გულით და ემოციებით...

რაღაცას ვიმიზეზებ, სასწრაფოდ გავდივარ სახლიდან, ისევ რაღაცის, უფრო, ვინმეს იმედით...

 

მერე რა, რომ გაზი 4 დღის წინ გაგვითიშეს, ნისიად ამოტანილ კარტოფილს და მეგობრის მოწოდებულ ყავას მეზობლის ქურაზე ვათუხთუხებთ?! მერე რა, რომ ხვალ ლექციაზე წასასვლელი გზის ფული არ ექნებათ ოჯახის სტუდენტურ ნაწილს?! მერე რა, რომ ხვალ დენსაც გათიშავენ? მერე რა, რომ "ოჯახის უფროსს" 1 დღის ულუფა წამალი აქვს დარჩენილი? მერე რა, რომ "ოჯახის უმცროსისთვის" საგულდაგულოდ გადანახული ძეხვის ნაჭერი ღამით ვიღაცას შემოეჭამა? მერე რა, რომ ეზოდან ჩუმად ვიპარებით ნისიების უხერხული პოზით... უამრავი და მრავალფეროვანი "მერე რა?!"

და მერე რა? - არც არაფერი. ჩვენ გამონაკლისი არ ვართ,, სამწუხაროდ...

სამაგიეროდ, შეიძლება შვილმა სოციალურ ქსელში სახალხოდ აგიხსნას სიყვარული და გადაგარჩინოს!

როგორ და მოგწეროს ის, რაზეც, ალბათ ბევრი ოცნებობს - რომ უყვარხარ! ჭირდები და ეამაყები...

აი ასე - უბრალოდ მოგწეროს და მორჩა:

 

-"სულ არ ვიცი რამ მომაფიქრა ახლა ეს "უბადრუკი შედევრი", უფრო სწორად არ ვიცი რატომ მოვიფიქრე. ეს ალბათ მაშინ მოხდა, როცა აღფრთოვანების ზენიტს ზენიტობის ლიმიტი ამოეწურა და ხავსს მოეჭიდა პოსტის დაკარგვის შიშით. დიდი სისულელეა ასეთი უსუსური საქციელები, თუმცა ვის ადარდებს, ალბათ მხოლოდ მათ, ვისაც ეს არასოდეს გაუბედავთ. დიახ, დიახ, სწორად გამიგეთ, უსუსურად ყოფნას ყველაზე დიდი გამბედაობა სჭირდება. ხომ გაგიგიათ ბუნებრივი მდგომარეობის აღიარება მხოლოდ გამორჩეულად გამორჩეულების ხვედრია. მგონი ბალზაკმა თქვა თუ ვალერმა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაინც დრონი მეფობენ და არა მჭერმეტყველი "პერსონები", მათ მხოლოდ ზოგადი ლაყბობა მოსწონთ, თაობათა აღზრდა, თვითონ კი ერთხელაც არ უფიქრიათ წინამდებარე საფეხურად საკუთარი თავი გამოეწვრთნათ. ფსიქოლოგიური ეგოიზმი - ეს კომფორტის ხათრით უშნო განზრახვის ბანტებით და ათასი სისულელით მორთვაა. ბუნებაც კი ადამიანების ერთ ადგილებზე ზრუნავს.. ჰაჰ :)) ან ეს ტერმინოლოგია რა მარაზმია, ეთიკური დოგმატიკა, თორემ ადამიანი არა ის... ერთი ონტოლოგიური იდიოტობა გამახსენდა - "ადამიანი არის! მაგრამ რა არის თავად ეს არის?"... არის როგორ არა :))) აი სულ არაფრის აზრზე არ ვართ. ჯანდაბა, როგორ გავბრაზდი კაცობრიობაზე... თითქოს მე რამეს მიშლიდნენ, არადა სულ არ მადარდებს, მხოლოდ ზოგჯერ მაწვებიან ხოლმე უსამართლობით გულგახეთქილი მწვანე კაცები და სულ მისპობენ თავისუფლების არნახულად სასიამოვნო შეგრძნებას. საერთოდ მწვანე ფერს ვერ ვიტან, მოღმის და უკმაყოფილების ფერია. ერთადერთი რაც მიყვარს მწვანე, ეს დედაჩემია, რომელსაც სულ არ აქვს ამ ფერის ზემოთაღნიშნული დატვირთვა. არც მისი სევდისა და ტკივილისფერი მწვანე თვალების გამო არ ვამბობ ამას, უბრალოდ ქალბატონი დუცი ჩემთვის მწვანე ფერია, მისი პირველადემოციური დატვირთვით. ჯანდაბა, ცხოვრებაში არ დამიწერია დედისთვის სენტიმენტალური წერილი, მიფიქრია, მაგრამ არ დამიწერია, ალბათ იმიტომ რომ მგონია მაგარი გოგო ვარ და ასეთი ბანალური ნაბიჯები არ მეკადრება. მაგარი არა ის ვარ... აი დედაჩემზე კი იტყოდა კაცი მაგარი ქალიაო! (აი ამ ფრაზით დასრულდებოდა ჩემი მაღალფარდოვნად მჟღერი მოღვაწეობა, მაგრამ მაგარი ქალია და რა ვქნა, რა მნიშვნელობა აქვს ამას უცხო ეპითეტებით ვეტყვი თუ ასე "მდაბიურად") ერთხელ მახსოვს ასეთი თემა მქონდა დასაწერი "თქვენი მისაბაძი პიროვნება" - რა ლაპარაკი უნდოდა, რომ კატოზე დავწერდი, იმიტომ რომ ალბათ მწვანეობა სიქალის ზენიტია. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს ასე მთავრდებოდა: "მე არ მინდა კატო ვიყო, არც არავინ მინდა ვიყო, მხოლოდ მინდა ვიყო ქალი, მსგავსად შენი - მწვანე ქალი". როგორც ჩემი აზროვნების მოტრფიალემ, კატოს უნდოდა მაგ თემის წაკითხვა, მე კიდევ ჯერ გავნარინჯისფერდი, მერე სულ სხვა თემა ვაჩვენე. ალბათ ეწყინა ნახსენებიც რომ არ იყო. არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი, ალბათ შემრცხვა სხვა გოგოებივით მეც რომ ასე უბრალოდ მიყვარდა დედა. ახლა აღარ მრცხვენია, იმიტომ რომ მე ახლა თქვენზე მეტად ვგრძნობ ქალბატონ დუცის. ის სულ სამავიწყდა, რომ დღეს 3 მარტია - "დედების დღე" - ესეც დიდი სისულელეა, საერთოდ რაღაცის დღე დიდი სისულელეა, თუმცა ქვეცნობიერად ალბათ სწორედ რაღაცის დღეს გვინდება ადრესატების შერჩევა და სენტიმენტალური აზრების გადმოფრქვევა. როგორ მძულს სენტიმენტალიზმი, საკუთარი თავიც მძულს, როცა ბრიყვულად კეთილშობილი ვარ. მხოლოდ დედაჩემი არ მძულს, როცა ტირის. ესეც კი მეტისმეტად ბუნებრივი, ამაყი და ჭეშმარიტად ტკივილიანი იცის. პირიქით ზოგჯერ მაშინ ვხვდები ხოლმე, რომ მართლა ძალიან მახარებს მისი არსებობა. ახლა არ მითხრათ, როგორ შეიძლება დედაზე იმის ფიქრი გიყვარს თუ არაო. მორჩით რა ამ აუტანელ დემაგოგიას "ადამიანებო", ვითომ თქვენ არ გიფიქრიათ, ნუ გაიოცებთ, აღარ სჭირდება ჩვენს სულებს დამატებითი სიმძიმე გაოცების სახით... ჰო რა მატლიკინებს ამდენს?! მე მატერიალისტი ლედი ვარ, საკმაოდ ერუდირებულიც მეთქმის და დახვეწილიც. მე საზოგადოებით უნდა ვითამაშო, მათი დამოძღვრა იმათი საქმეა, იქ რომ არიან, სულ ჩრდილოეთით ან სულ დამხრეთით, ან თუ არიან საერთოდ.... ქალბატონო დუცი, როგორც აღვნიშნე, მიყვარხართსავით, ალბათ მეტისმეტადაც, იმიტომ რომ ბატონი მამაც ძალიან მიყვარს და ალბათ მის მაგივრადაც თქვენ მიყვარხართ. არ ვიცი ამით გაგახარეთ თუ არა. ვიცი, რომ საკმაოდ არაფრისმთქმელი ნააზრევია, თუმცა ჩემთვის საკმაოდ ნაცრისფერი დღეა და მომაწვნენ ალბათ... გილოცაც და ერთადერთხელ გაძლევ ერთადერთ პირობას - მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები!!!

 

დედის დღეს გილოცავთ!

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...