Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.307

გა-მარტი-ვებული სავიზო რეჟიმი რეალობაში, ანუ ...


katya

2.531 views

blog-0365680001393728192.jpgგუშინ წინ ჯერ კიდევ ზამთარი იყო.

 

უდღეური თუ დღენაკლული თებერვალიც ბასტა!

 

დღეს, ჰოპლა და, უკვე 2 მარტია!

 

მარტი - კარტივით აჭრილი და ჩამოსარიგებელი...

 

სხვისი არ ვიცი და მე წლებს მარტიდან მარტამდე ვითვლი, ასე დამჩემდა...

 

მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოები წუწუნებენ - წლებთან ერთად ურთიერთობებში წერტილები მატულობს და მძიმეები მცირდებაო!

 

არადა, სრულფასოვან სუნთქვას და მოკლე მანძილებზე კროსს შორის არჩევანის გაკეთებამდე, მრავალწერტილებით შეიძლება გულის გადაყოლება...

 

ქართველებმა კი ვთქვით - შორს მოუარე და შინ მშვიდობით მიდიო, მაგრამ საცალფეხო ბილიკებს და მოკლეზე მოჭრილ გზებს, ბოლო დროს, პირდაპირ დიდ შოსეზე გავყავართ და ეგეც ნაცადი ხერხია საზოგადოებრივ, პირად და პოლიტიკურ ცხოვრებაში ...

 

„ყველას ყველაფერი შეგვიძლია!“ ეგაა, ყველამ არ ვიცით - რა შეგვიძლია რეალურად?

 

გვსურს ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ რას ვგულისხმობთ ამ ბედნიერებაში ამაზე ზოგჯერ პასუხი არ გვაქვს. არადა, როგორი სიამოვნების მიღება შეიძლება პატარ-პატარა სიხარულებით. მერე ამ პატარ-პატარა სიხარულებისგან დიდი ბედნიერების გამოცხობაც აღარაა რთული...

 

ოღონდ, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით და არა სხვისი ბედნიერების ანგარიშზე.

 

შეიძლება, ენთუზიასტები ვიღაცის თვალში „დაუოკებელი იდიოტებიც“ ვართ, მაგრამ ზოგჯერ იდიოტობასაც აქვს თავისი ხიბლი - მოგონებები მაინც რჩება... თანაც - სასიამოვნო...

 

ბოლო დღეებში იმაშიც დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტი რწმენა ნამდვილად აფხიზლებს და ანათლებს, "რელიგიურობა" და "ეკლესიურობა" კი ბევრს აბნელებს და ასულელებს...

 

როგორც ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე იტყოდა, - სჯობს ყველაფერზე ცოტა დაბალი ხმით აღვშფოთდეთ! ჭეშმარიტება კამათში იბადება და არა ყვირილში... მცირე შეხსენება რეიტინგზე აკრეფილი ტელე-შოუების დედამთილებს, რძლების გასაგონად... ვაღიაროთ გარჯის ნაყოფი - საზოგადოებრივი აზრი წალეკილი, კამათის კულტურა ქართული ენის საიდუმლოსავით ღრმად დამარხული, ობიექტურობაზე უბრალოდ არ ღირს გაფიქრება - "ჩემი ტენდენციური ჩემთან"!

 

და ამ ყველაფრის ფონზე, მარტივად რწმუნდები, რომ კანონი, მორალი და საღი აზრი რეალობაში სამი ურთიერთ პერპენდიკულარული განზომილებაა...

 

ჩვენ - დაკოდილ-დაშტრიხულ-დაშტამპულები... "აიდი" თუ "იდი"...დედა, რა უხერხულია! მოგიტევოთ უფალმა და წყეულიმც იყავთ!..

წმინდანის ნეშტთან მიახლება სამთავრობო საშვით, ურიგოდ... სამაგიეროდ, ჰაიდა რიგი მრევლის ფეხსალაგად ქცეულ ავლაბარში!

თბილისელებს ახსოვთ "ბამბის რიგი," "რკინის რიგი"...

"სამების რიგი" სხვა განზომილებაა... გაიცინებს ის დალოცვილი ღმერთი ჩვენზე, აბა არ გაიცინებს?

აამოს და შეარგოს!

25 თებერვალს, "ოკუპაციის დღე" და 93 წელი აღვნიშნეთ დაშვებული დროშებით, გახსენებულ-მოხსენიებული იუნკრებით, ტაბახმელაში ასვლას რა უნდა?! 2 ნაბიჯის, 2 წუთის და 2 კაპიკის ამბავია... სამაგიეროდ, ყურადღებაში ჩაგეთვლება და ისტორიის ცოდნაში.

მერე, თუ, საკუთარი თავით კმაყოფილი, სიმღერის ხასიათზეც დადექი - რა გასაკვირია?

რა დროს რომანსეროაო? - თვალი ჩაუკრეს, ფეხზე დააბიჯეს, მუჯლუგუნი გაკრეს, ეგებ იდეა დავაგდებინოთო! ზამთრის სოჭის ნახვაზე გადარევის არ იყოს... მაინც შესრულდა იმ ჩვენი "სოფლის გიჟის" ძვირფას სამყოფელში "ერთმორწმუნე" "უფროსი ძმების" რომანსები. თან ვერც ისე იაფად გამოვიდნენ, როგორც იუნკრებთან... იმაზე მეტიც დაიხარჯებოდა, ორგანიზატორს რომ გამართლებოდა... ნიჭი და სიზარმაცე, ყოველთვის სულაც არ ნიშნავს "არაჩვეულებრივ გამოფენას"... Ой, Агули! кажетса, начинаетса...

გზა სრულფასოვანი საზოგადოებისკან სრულფასოვან მოქალაქეებზე გადის... "მთავარი მოქალაქე" დაგვპირდა და იატაკქვეშეთში გადაბარგდა. მთავარია, ყუმბარების დამზადება არ დაიწყოს და ავლაბრის სტამბას გადავცემთ იჯარით...

ნეტავ რამდენ ხანში ერთხელ აქვს გაწერილი უსექტორო მოქალაქეებთან შემოხმიანება?

ქართული ტურიზმი სწორი გზით ვითარდებაო! აქამდე რომ გვატყუებდნენ, არ ვტყუვდებოდით, ახლა გინდა თუ არა, უნდა მოტყუვდეთ, თორემ გამტყუნდებითო... საქართველო - სიცოცხლის ქვეყანა! მოვა ტურისტი, აბა არ მოვა? იმუშავებს ეგ სლოგანი, ადამიანის უკიდეგანოდ ცნობისმოყვარე ბუნების გამო... ამასობაში მსოფლიო რეიტინგმაც სულზე მოგვისწრო - ევროპაში ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს დედაქალაქმა მიიღო ამერიკული კომპანიის Mercer-ის ტურისტების ცხოვრებისთვის ყველაზე არასასურველი ადგილების რეიტინგში. ამბობენ, რომ პლანეტაზე ასეთი ადგილები ძირითადად ცენტრალურ აზიაშია.ევროპის ქალაქებში კი ვართ ბოლო, მაგრამ აბა აზიიდან გამოგვხედონ, იქიდან ხომ ვართ პირველები?. მოკლედ რაკურსს დიდი მნიშვნელობა აქვს... თუმცა, ჩვენი მხრიდან გულში ჩადება და ჯიბრით მუშაობაც არ აწყენდა მაგ საქმეს..

ვროპაში თუ დაგვიწუნეს, იმიტომ ვერ შენდება თბილისელი ნაჭუჭების სიმბოლო "ვარდების მოედანზე", ზედ "რედისონის" წინ, რომლითაც ფუნიკულიორს მივეახლებით ჟამ და ჟამ..

ცალი "შლოპანცის" პატრონი კიევიდანაც კი გაიქცა და გიგანტური კვერცხები მაინც ვერ მოვიშორეთ...

 

მეტს აღარ ვიფილოსოფოსებ, გვყავს ჩვენ პრეზიდენტი და მაგ საქმისთვის ხელფასსაც ვუხდით. მხოლოდ იმის შეხსენება მინდოდა, რომ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ჭკვიანი ხარ თუ სულელი, თეორეტიკოსი თუ პრაქტიკოსი - ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს..

როცა ეკზიუპერს ჰკითხეს, -ღირს თუ არა ბავშვების განებივრებაო? უპასუხა - აუცილებლად გაანებივრეთ, სანამ შეგიძლიათ, ვინ იცის, რა გამოცდებს უმზადებს მათ ცხოვრებაო...

 

ჰოდა, აბა გასულ კვირას ვინ წარმოიდგენდა, ასე ახლოს მოსიარულე მესამე მსოფლიო ომის აჩრდილს და სანატრელი ნატოს ხელის გაწვდენაზე სიახლოვეს?

ეს მარტი ცუდად აიჭრა. მთავარია, ვის პარტიას ითამაშებს ჯოკერი?..

როცა ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს, მარტში კატებიც კი აღარ ჩხავიან...

ზოგს რომ კითხო, სიყვარული თავისუფლების ნებაყოფლობითი უარყოფააო...

რა ვიცი-რა ვიცი...

სანამ კატა მესამედ იჩხავლებს, აისიც მწვანედ აინთება სოციალურ საქსელეთში...

 

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

კატო, ძალიან ვიხალისე.. მერე ჩავფიქრდი: რა მაქვს სასიხარულო, ლამის მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ!

ერთი კი ვიცი, პუტინსაც საკუთარი რქები დაღუპავს, "როგორც დაღუპა რქებმა ირემი".

კატო, საქმე რომ მიადგა ბამბის რიგს და "სხვა რიგებს", მაშინ კინაღამ ჩავჟირდი. მერე კი წავიდარდე, რა არის აქ სასაცილო? ყოფითი კულტურის უქნლობა თუ ჩვენი მარადმოტრაბახე პერსონაჟები, იმ "რიგებში" რომ რიგიანად გამოზარდეს?!

ლინკი
მადლობა ბატონო გივი, თქვენ ყოველთვის გამორჩეულად დაკვირვებული მკითხველი ხართ. :) არ იცით, მე რა დღეში ვარ, როცა ვწერ... :( რა გეანგლება და გეღადავება შე ნიახურო მეთქი თავს ვეუბნები, მაგრამ მასე მეწერება და ეტყობა მაინც იუმორი გადაგვარჩენს. ;)
ლინკი
×
×
  • შექმენი...