Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.307

ზესტაფონელი ყარაბას-ბარაბასის ბეღურების გადაფრენა , ანუ საშა გველესიანის „სახასიათო როლები“ კულისებს მიღმა


katya

3.014 views

blog-0465691001384866858.jpg

როცა „ფეისბუქზე“ დამიმეგობრდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, თავისი წვერით და “მჭმუნვარე გამომეტყველებით” ეკლესიის მსახური მეგონა. მერე ვიკითხე „საერთო მეგობრებში“. „დამამშვიდეს“ - არაა სასულიერო პირი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი, წესიერი კაცი და კარგი პოეტიაო... მეგობრის რჩევით , მისი რამდენიმე ლექსის წაკითხვამაც მომიწია. მომეწონა და გამოვხატე. მერე თავისი პირველი კრებულის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. მისვლა ვერ მოვახერხე, თუმცა, კრებული ავტოგრაფით მაინც მერგო. მერე დავმეგობრდით. ასე, უნებურად, ვირტუალურად...

კომუნიკაცია რიტუალს დაემსგავსა - ახალი ლექსის გაზიარებით და მეგობრების კითხვებით - ვინაა ეს კაცი, ასე მაგრად რომ წერს და აქამდე სად იყოო? რადგან სრული პასუხი არ მქონდა, მარტივად ვაგვარებდი - ჰო, საშა პოეტია! მერე მასთან მიმართებაში ერთი დოჩანაშვილისეული ფრაზა ამეკვიატა: „ ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდესო“...

გადავწყვიტე, გამეცნო, ვინმე საშა გველესიანი და პირადად გადამემოწმებინა „ნაღვლიანი საიდუმლო ს“ არსებობა. ძიების პროცესში კი იმდენი „დაფარული“ ამოტივტივდა... არც „ჯამბაზის“ თემა ყოფილა ყურით მოთრეული. თავისი ასაკისთვის ბევრი მოუსწრია - სცენაზეც იდგა, დიდი მაესტროების აპლოდისმენტებსაც იმსახურებდა. მერე რა, რომ წარმატებული საოპერო ტენორის კარიერაც „იმერულ კუდაბზიკობას“ შეეწირა, ტანკისტობაც მოასწრო ომამდე, თუმცა, დღემდე ტანკისტია მენტალობით. ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, ეს ამოდენა მოარული ნიჭიერება ზესტაფონში, ანუ თავის ქალაქში, საუკეთესო თამადა, კაი- მეზობელი და ერთი ჩვეულებრივი „ყარაბას-ბარაბასია“, რომელსაც, ოქროს გასაღების ხელში ჩაგდების სურვილს ვინ ჩივის, საკუთარი პოპულარობაც კი არ აწუხებს.

ამ ყველაფერზე ჩვენი დიალოგიდან უკეთ შეიტყობთ. „ნიჭიერი პოეტისთვის“ არაბუნებრივად ჩვეულებრივი, უპრეტენზიო და უწყინარია.

- რაღა ინტერვიუ გინდა, რაც სათქმელი მაქვს, რაც ვიცი და რაზეც ვოცნებობ, ყველაფერი ჩემს ლექსებშიაო...

იტყუება, რა თქმა უნდა... ვინ იცის კიდევ რამდენი აქვს სათქმელი? ან იტყვის რომ? შემოქმედის სიტყვაში ყველა თავის დასანახს და გასააზრებელს ხედავს. ამჯერადაც ასე იქნება:

- მოგესალმებით საშა ბატონო!

- რა მომართვაა ახლა ეს, თავად ბატონო!?

- თქვენებური, იმერულ-ინტელიგენტური...

- არ ყოფილა აბა ცუდი, გაიხარეთ, ბატონო!

- რა მაინტერესებს იცი? „ საშა-ბატონმა“ თავად აღმოაჩინა პოეტი რომაა თუ სხვა დაეხმარა ამ აღმოჩენაში?

- კარგი შეკითხვაა... სხვამ მითხრა ეგ ამბავი. ვწერდი რაღაცეებს თავიდან და ძალიან სულელურს. ბავშვურს. პირველი ლექსი რომ დავწერე, ეს იყო შთაბეჭდილება ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაზე „გული.“

- სკოლაში ანუ.

- ხო აბა, მე-4-5 კლასში ვიქნებოდი. ერთ გოგონასაც მივუძღვენი ლექსი მახსოვს..

- რეაქცია?

- დაჭმუჭნა და სახეში მომაყარა.

- რატომ, არ მოეწონა თუ შერცხვა?

- სკოლის მოსწავლეები ვიყავით და სიყვარულის ახსნად მიიღო.

- ვიცით ჩვენც რაც აწერინებს მაგ ასაკში ლექსებს შენისთანებს..

- მერე დიდი ხანი აღარ დამიწერია არაფერი, დიდი შუალედები მქონდა. ინტენსიურად წერა 90-იანი წლების ბოლოდან დავიწყე.

- მიზეზი იყო რამე კონკრეტული? როგორ ხვდებიან შენისთანები, ის რაც ჭირთ, ლექსის წერის სურვილი რომაა?

- რამე მარტივი მკითხე. როგორ მივხვდი არ ვიცი, მაგრამ მივხვდი. თეატრში ვმუშაობდი მაშინ.

- როგორც გავიგე, გაქვს 2 არასრული პროფესია, ანუ ორჯერ არაპროფესიონალი ხარ და ორმაგად უდიპლომო სასიძოც იქნებოდი.

- ასეა ეს, უარყოფას აზრი არ აქვს. ინჟინერი უნდა ვყოფილიყავი და არ გავხდი. უდიპლომო სასიძოც ვიყავი და უდიპლომო სიძედ დავრჩი.

- რისი ინჟინერი უნდა ყოფილიყავი?

- მოიცა ზუსტად გავიხსენო, - საქართველოს პოლიტექნიკნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი -ლითონსაჭრელი ჩარხები და იარაღები...

- აუფ... რას ვართ გადარჩენილი...

- შენ იხუმრე და ეგრეა...

- ისე , ზესტაფონს კი ჭირდებოდა ინჟინრები პოეტებზე მეტად ალბათ.

- ალბათ, მაგრამ მართალი გითხრა, არც მე მჭირდებოდა მაშინ „გეპეი.“ ჩაბარება უფრო მარტივი იყო იქ და... ნახევარი არ მესმოდა. იძულებული ვიყავი მესწავლა. ამან გამოიწვია ის, რომ დავანებე თავი ამ გაუგებრობას. მაშინ ჩაწყობაც მოდიოდა, ათასი ნაცნობიც იყო, თან კაპელაში ვმღეროდი და..

- ამას გვიმალავდით, საშა-ბატონო?

- ეგ რა დასამალია, ტრაბახს ხომ არ დავიწყებდი, არ გიკითხავს და..

- ისე, საქართველოში სიმღერა ნამდვილად არაა სატრაბახო..

- კი, მაგაში მართალი ხარ, მაგრამ მაინც და მაინც ჯამბაზის არიის შესრულება და სი ბემოლის სუფთად აღება ყველას არ შეუძლია.

- სიმღერაშიც არაპროფესიონალი ხართ პატივცემულო? ნოტები თუ იცით?

- პროფესიონალი არა და კარგი მოყვარული კი ...

მაშინ ხმა მქონდა და მიმიყვანეს ბატონ ნოდართან, ანდღულაძესთან.

- მოყევი ერთი შენი საოპერო კარიერის თვითმკვლელობის ამბავი.

- მიმიყვანეს მაესტრო ანდღულაძესთან. საუკეთესო პერიოდი იყო ჩემთვის. მოეწონა ხმა და დავდიოდი დიდხანს. შვილივით მექცეოდა. დილიდან ვიწყებდით უთიერთობას. - ჩემთან ისაუზმე, სახლში საჭმელი არ ჭამოო, - სულ მაფრთხილებდა. მასაუზმებდა, დამასვენებდა, ყელს შეამოწმებდა - როგორ მდგომარეობაში იყო იოგები, მერე ერთ გამღერებას ვაკეთებდით, და ა.შ... მაშინ კარგი ბიჭი ვიყავი, ვუჯერებდი ბატონ ნოდარს. საქმე საქმეზე რომ მიდგა, იქაც არ ჩავაბარე, გავჯიუტდი იმერელი კუდაბზიკა აზნაურივით...

- ვიღაც ამერიკელი რომ გადაგირევია, ჩიტმა ამბავი მომიტანა...

- ჩემმა ბეღურებმა?

- ბეღურებიც გყავს? მეგონა, პოეტები მტრედებზე იყავით ორიენტირებულები...

- ბეღურები მყავს, მეგობრები. ჩემს აივანზე ცხოვრობენ და ჩემი ხელიდან კენკავენ...

- დიდი ხანია ჩიტების გამომზამთრებელიც ხარ?

- დაბადებიდან...

- ამერიკის ამბავი მითხარი, რატომ არ წახვედი?

- ხო, იმას ვამბობდი - ტონი ერქვა, ნიუ ორლეანის კონსერვატორიის პროფესორი იყო და ქართულ ფოლკლორს სწავლობდა, ვოკალურ კულტურას. ნოდართან ცხოვრობდა. ხმა მოეწონა და ჩემი თან წაყვანის სურვილი გამოხატა. მასთან ერთად უნდა მეცხოვრა და მესწავლა. ამის თანხები არ იყო. ვიცი, რომ ბატონმა ნოდარმა დააპირა თავისი ნივთების დალომბარდება ჩემი გამგზავრების გამო. მაშინ არ ვიცი ვისზე გავბრაზდი, ალბათ საკუთარ თავზე და გავიქეცი ზესტაფონში. მას მერე ბატონი ნოდარი რამდენჯერმე დამიკავშირდა, მაგრამ ვერ დამითანხმა.

- არ ნანობ?

- რა თქმა უნდა, დღევანდელი გადასახედიდან ჩემი საქციელი დიდ სიბრიყვედ მიმაჩნია. მერე ზესტაფონის თეატრში დავიწყე მუშაობა. პირველი დიდი როლი რეზო გაბრიაძის „მარშალ დეფანტიეს ბრილიანტში“ ვითამაშე.

- ბავშვობიდან არტისტული ნატურა ყოფლხარ, რადგან 13 წლიდან დგახარ სცენაზე...

- ზესტაფონში ცხონებულმა რენე აბესაძემ ჩამოაყალიბა საბავშვო თეატრალური სტუდია „მართვე“. პოლიტექნიკურიდან წამოსვლის და საოპერო კარიერაზე უარის თქმის შემდეგ ზესტაფონის სცენაზე დავბრუნდი. კარგი როლები მაქვს სხვათა შორის ნათამაშევი.

- „ტი ვ შკოლე პეჩორინა იგრალ?“

- პეჩორინა ნე იგრალ..

- ა გამლეტა?

- კარგი ახლა, რა საჰამლეტე ტიპაჟი მე ვარ... სხვათა შორის, არ ვტრაბახობ, მაგრამ, ჩემი რეჟისორი, ზაზა წაქაძე, ძალიან ნიჭიერი კაცია, დოჩანაშვილი რომ დავდგით, გიგამ თქვა ლორთქიფანიძემ ჩემზე : ესაა დღევანდელ საქართველოში ყველაზე დიდი მსახიობიო... თქვა გიგამ, მართლა თქვა ეს სიტყვები.

- და შენც დაიჯერე ხომ? დოჩანაშვლის რა დადგით?

- არა, მაგის დაჯერება არაა ადვილი, მესიამოვნა. გურამის ჯერ „გრიშა და მთავარი“ დავდგით და მერე „იქამდე“ - მოთხრობაა ასეთი - მწერლის აღსარებაა. ამ აღსარებიდან სიტყვა არ ამოიღო რეჟისორმა. 2 საათი დამაჯინა ერთ ადგილას და მარტო ვესაუბრებოდი დარბაზს. მარჯანიშვილში შედგა პრემიერა, 2001 წელს. ახლა ამას კი არ ვტრაბახობ, ეტყობა მართლა კარგად გამომივიდა, რადგან გიგა კულისებში ამოვიდა.

- და მაშინ იყავი უსაშველოდ ამაყი, ბედნიერი და კმაყოფილი? ხშირად ხარ ხოლმე ასეთი?

- იშვიათად

- ხარ და ხარ ამ ზესტაფონში. არ გქონია იქიდან წასვლის სურვილი?

- ყოველთვის მქონდა ამ ქალაქიდან წასვლის სურვილი. რა თქმა უნდა მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ქალაქია, მაგრამ მინდა, რომ ბევრი რამ ვნახო, არადა რამდენია სანახავი და შესაგრძნობი.

- იმაზე თუ დავფიქრდებით, ზესტაფონის მასშტაბებით რამდენს ხედავ, შენი გამოსვლა საზღვრებიდან, შეიძლება, საშიშიც იყოს... ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

- სულ მეშინია იმის, რამდენიმე სიტყვას ხომ არ ვათამაშებ და სხვადასხვა ლექსად ხომ არ ვქმნი მეთქი. ჩემი თვალსაწიერი, ანუ იქ სადაც ვარ, - ჩემი სახლი, აივანი, ერთი ქუჩა, რომელსაც გამუდმებით ვხედავ, მწირი და ერთფეროვანია. ამიტომ, აქედან გაქცევა მინდა სულ. ერთი დადებითი თვისება აქვს ზესტაფონს - კოლორიტების ქალაქია და გამორჩეული იუმორი აქვს.

- „ფეროც“ ისე რომანტიკულად ბოლავს, რას ერჩი?

- არაფერს ვერჩი, აქეთ რომ არ გვერჩოდეს.

- ფეროზე არ გაქვს ლექსი?

- არ მიფიქრია მაგაზე.

- დროა, დროა... გალაკტიონმა თუ ჭარხალზე დაწერა შედევრი, შენ ამხელა ფერო გაქვს მუზად.

- არა, გატყუებ... მქონდა ფეროზე ლექსი. 75 წლის იუბილე იყო თუ არ ვცდები და მაშინ დამიკვეთეს ჰიმნი. დავწერე,აღარ მახსოვს ტექსტი, რაღაც უზარმაზარი სიბრიყვე რომ იყო, ის მახსოვს.

- რომ მოახერხო, სად გაიქცეოდი?

- მთაში. დიდხანს ვიცხოვრებდი იქ, თუნდაც მარტო. მთა სულ სხვა განზომილებაა, იქ სულ სხვა რაღაცეები ხდება. მთაში ზამთარი უნდა გაატარო, მერე ზაფხული.

- მარტომ?

- ალბათ მარტომ. მთაში ღმერთთან ახლოს ხარ...

- ამ დროს ლექსებში არ ჩანხარ ასეთი - მარტოობას რომ ეძებდე. თურმე, საქმე გვაქვს უკმაყოფილო პოეტთან... სახლში ხშირად ბუზღუნებ?

- კი, ხშირად. ვჯაჯღანებ.

- ეგ ნიჭიერების სიმპტომებია. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - დაბნეულიც ხარ. მეუღლეც ალბათ ხშირად იმეორებს - აცალეთ კაცს მუშაობაო!

- მაქვს ჩემი კუთხე სახლში, რომელსაც არ ეკარება არავინ. კუთხეს აქვს თავისი უწესრიგობის წესრიგი, რომელსაც მხოლოდ მე ვურევ და მე ვალაგებ. მაგის პრობლემა არაა, მაგრამ, არის ხოლმე ზოგჯერ, ისე მოგინდება მარტო ყოფნა...

- კარგი, თეატრზე ვილაპარაკოთ. ყარაბას-ბარაბასი ყოფილხარ..

- ერთი წელია ზესტაფონის კულტურის ცეტრში, თოჯინების თეატრის რეჟოსორად ვმუშაობ. ყარაბას-ბარაბასიც ვარ. ძალიან ნიჭიერი გოგონები მყავს. და ნელ-ნელა ვცდილობ, მრავალფეროვანი გავხადო იქაურობა. ვფიქრობ მარიონეტების თეატრზე, სინთეზურ თეატრზე.

- რა უცნაურია, ასეთი „სერიოზული აგებულების“ კაცი თოჯინებთან ვერ წარმომედგინა რატომღაც. წვერში კი შემეპარა ეჭვი მაგრამ...

- უბრალოდ ვაკანსია გამოჩნდა. ოჯახში გამოჩნდა დამატებითი სახსარი და კიდევ საქმე - რომელსაც ვაკეთებ.

- შენს პოეზიაში დიდი რაოდენობით ქალია, ანუ ყველგან იგრძნობა. ეს პოეტების „სენია“, ხელსაყრელი თემა, თუ რაღაც უფრო სერიოზული გჭირს?

- არ ვიცი, ალბათ ყველა მამაკაცის სენია ქალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება... სიყვარულზე დიდი არაფერია... ყოველთვის ვგრძნობ, რომ ქალი განსაკუთრებულია მაინც, ყველა ქალშია რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ თავად განსაკუთრებული ქალებიც არსებობენ და მაშინ ოოოო...

- როდის იგრძენი რომ პოპულარული ხარ?

- ეგ არ მიგრძვნია, ქუჩაში თავისუფლად დავდივარ ჯერ-ჯერობით. ერთი კრებული გამოვეცი შარშან, სულ ესაა...

- და არცერთ ლიტერატურულ გამოცემას არ შემოუთავაზებია თანამშრომლობა?

- არა, რომ შემოეთავაზებინა, უარს როგორ ვეტყოდი?

- ვიცი, რომ მეორე კრებულიც მზადდება და წლის ბოლოსთვის მკთხველამდე მივა. ძალიან განსხვავდება მეორე პირველისგან?

- კი, განსხვავდება, აბსოლუტურად სხვაა. ხარისხით შიგთავსის და ვიზუალითაც. მესამესთვისაც მზად ვარ უკვე.

- პირველ კრებულს „ქარის წისქვილები“ ერქვა. მეორეს რა დაარქვი? „მწუხარე სახის რაინდის“ განწყობა მასაც ახლავს?

- მეორე კრებულს უბრალოდ, - ლექსები ერქმევა

- ძალიან სწრაფად წერ, ანუ ბევრს.

- მართლა? მე ვერ ვგრძნობ. როცა მეწერება მაშინ ვწერ, რა ვიცი.

- „დამწყებ“ პოეტებს ხშირად ადარებენ და ამსგავსებენ ცნობილებს. შენზე არაფერი გაგიგია?

- არა... ვცდილობ, ვიყო „მე“. ყველას თავისი სათქმელი გვაქვს, ხომ ასეა?

- ბევრს კითხულობ ალბათ ხომ? ლექსიკას ეტყობა, თანამედროვე პოეტებში ეს არც ისეთი ფუფუნებაა.

- კითხვა სულ მიყვარდა და ახლაც ასეა. სიტყვებთან ურთიერთობაც მიყვარს. სიტყვასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება სცენამ განაპირობა.

- შენთვის ყველაზე „ახლობელი“ პოეტი გეყოლება, ეჭვი მაქვს.

- გავამართლებ შენს ეჭვს და გეტყვი, რომ ძალიან მიყვარს ვიიონი. ჩემთვის ნომერ პირველია...

-
ჰოო, ვიღაცას მაგონებდი შენი „სოფლის სამდურავით“. თურმე, ვიიონს, არც სწავლით იკლავდა თავს მაინც და მაინც შენსავით. ეს გამახსენდა: „
ახალგაზრდობის წასვლასაც ვტირი,
ვეძებ, ვერ ვაგნებ კვალს ვერავითარს.
არც ნისლი იდგა... არც ზამთრის პირი...
როგორ წავიდა... საით წავიდა...

„ გგავს მართლა... განწყობითაც და გამჭვირვალეა შენსავით...
ფრთხილი ხარ ყოველ ფრაზაში. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?

- ალბათ...

- „შუაღამისას მარტოდმარტო, ქუჩაში მიდის, იღიმება და ფიქრობს კაცი

რაღაცას კაცურს“... - შენი პირველი კრებულიდანაა ეს ფრაზა. ფიქრს სქესი განაპირობებს. „კაცური ფიქრი“ ზოგჯერ იმაზე ბავშვურია, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია..

- ზოგჯერ კი ბრძენიცაა

- ვიიონს აქვს ასეთი სტროფი:

„ვიცი ამ ქვეყნის ტყუილ მართალი,

ჩემი თავისა არა ვიცი რა...შენი სტროფით მიპასუხებ ?

- მანცვიფრებს, როგორ აპობს

დიდ კლდეს ციცქნა ბალახი,

მაოცებს ცა, რომ მჩუქნის

სურვილს შენი დანახვის.

უნახავივით შევციცინებ

მარტში მზის კვირტებს,

უფალს არ უნდა შეეჩვიო _

უნდა გიკვირდეს...

- სულით არ დაეცე, ძალიან გეტკინებაო, ბებიაჩემი მარიგებდა სულ...

- ბებიები ღვთის საჩუქრები არიან...

- ალბათ იყო შენს სევდიან ბავშვობაში ისეთი რაღაც, რაც ძალიან გინდოდა. შედგა ეს რაღაც?

- არა.

- ახლა რა უნდა პოეტ გველესიანს?

- ახლა აღარაფერი ლექსების გარდა. მე ჩემი სამყარო მაქვს და აღარ მინდა, გარეთ გამოვიდე. უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ სახლი მქონდეს. ჩემთვის არა, - შვილებისთვის.

- რა დაემართა შენს სახლს?

- რაღაც მოხდა, აეწყო ცხოვრება ისე, რომ იძულებული გავხდი გამეყიდა. მაგრამ ეს უბრალოდ ოცნებაა. ვერც ვერაფერს და არც არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს შევძლო. მინდობილი ვარ ცას.

- ყველაზე საუკეთესო დღესასწაული ისაა, რაც ჩვენს შიგნით ხდებაო, - ასეა ეს! ბეგბედერი მეთანხმება. შენ?

- სრულებით... ეგაა.. ოღონდ რის გამო ხდება, ესაა მთავარი.

 

კატო ჩულაშვილი

„ქრონიკა+“/ 19.11.2013

2 Comments


Recommended Comments

- მანცვიფრებს, როგორ აპობს

დიდ კლდეს ციცქნა ბალახი,

მაოცებს ცა, რომ მჩუქნის

სურვილს შენი დანახვის.

უნახავივით შევციცინებ

მარტში მზის კვირტებს,

უფალს არ უნდა შეეჩვიო _

უნდა გიკვირდეს...

 

 

 

მომეწონა.

ლინკი
×
×
  • შექმენი...