Jump to content
Planeta.Ge

გალის რაიონში რუსეთის მოქალაქეების გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავეს


ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზმა სამართალდამცველებმა დააკავეს ძებნილი პირი, რომელსაც დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის მიზნით, რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებაში ედება ბრალი.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული გენპროკურატურის ვებგვერდი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის 21 აპრილს, სოხუმის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მოქალაქეების, ლეონიდ შოკლერისა და ისმაილ შეიხი გატაცების და მათთვის დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ფაქტზე.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2023 წლის 14 აპრილს, ქალაქ სოხუმში, ეშბას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო კომპლექს „სოხუმ-მარკეტის“ ავტოსადგომიდან, ლეონიდ შოკლერი მისი ნების საწინააღმდეგოდ Lexus GX-ის მარკის ავტომობილში ჩასვეს და სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში გადაიყვანეს, სადაც მასზე, ფულის გამოძალვის მიზნით, სიცოცხლისთვის საშიში მეთოდებით მუდმივად ძალადობდნენ. გამტაცებლებს შოკლერი 2023 წლის 14 აპრილიდან 18 აპრილამდე სხვადასხვა ადგილზე გადაჰყავდათ, ვიდრე გატაცებულის დედამ მათ, გამოსასყიდის სახით, 5 ათასი აშშ დოლარი არ გადასცა. აფხაზებმა დატყვევებული პირი მხოლოდ თანხის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს. ხოლო მეორე დღეს, 2023 წლის 19 აპრილს, შოკლერის საცხოვრებელი ბინიდან გაიტაცეს მისი მეგობარი ისმაილ შეიხი, რომელიც მოტყუებით გალის რაიონის სოფელ ოქუმში ჩაიყვანეს. გამტაცებლებმა მის დასაშინებლადაც არაერთხელ გამოიყენეს ძალადობრივი მეთოდები, თუმცა ტყვემ გათავისუფლება მოახერხა, აფხაზ ბოროტმოქმედებს გაექცა და მომხდარის შესახებ პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინა.

2023 წლის 4 ივლისს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დააკავეს ოჩამჩირის რაიონის მკვიდრი, 1980 წელს დაბადებული, გია ნოდარის ძე დანელია, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით, ადამიანების ჯგუფურად გატაცება ედება ბრალად.

2023 წლის 7 ივლისს, სოხუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვის ვადით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...