Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

ნაციონალურად გამარტივებული საბაჟოს საოცნებოდ გართულებული პრობლემები ანუ, დაბრუნდებიან თუ არა ბროკერები?


katya

1.825 views

blog-0804798001383282719.jpgვისაც შეხება აქვს საბაჟოსთან, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს 4 ფერის დერეფანი.

ამ ფერთა გამაში თუ „შუქნიშანში“ გარკვევა არც ისე რთულია. რთული მწვანეზე გავალაა, მაგრამ მომგებიანი და „საპატიო“. ყვითელი – დოკუმენტალური შემოწმებაა, ცისფერი – ტვირთის ადგილზე გაფორმება დოკუმენტაციის გადამოწმების გარეშე, თუმცა გადამოწმების ერთ თვიანი უფლებით. მწვანე – აბსოლუტური ნდობის გამომხატველია იმპორტიორის მიმართ, ანუ ყველანაირი შემოწმების გარეშე დოკუმანტაციის გაფომება. წითელი – ყველაზე მძიმე დერეფანი, რომელიც ყველანაირ დათვალიერებას და შემოწმებას ექვემდებარება. ტვირთი აუცილებლად უნდა გაიხსნას და ვაი მას, თუ არც ტვირთი და არც ტვირთის პატრონი ვინმეს თვალში არ მოუვიდა...

ახალს არაფერს ვიტყვით, უბრალოდ შეგახსენებთ უახლოეს წარსულში წინა ხელისუფლების მიერ კარგად შეფუთული რეფორმების შედეგებს, ხოლო ეს შედეგები ვის ინტერესებში შედიოდა და ვინ „მოიხმარა მშვიდობაში“ ამას ნებისმიერი მიხვდება.

ანატომია ბედისწერაა ადამიანისთვის, ქვეყნისთვის გეოგრაფიაა ბედისწერა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს თანამედროვე მსოფლიოში. გეოგრაფიულ ბედისწერას თანამედროვე ენაზე გეოპოლიტიკას უძახიან.

გეოპოლიტიკა თავად განსაზღვრავს ბევრს ქვეყნის ცხოვრებაში და ასევე მოითხოვს ბევრს სახელმწიფო პოლიტიკიდან. მისი ერთ–ერთი ძირითადი ატრიბუტი და თემა დაცული საზღვარია – გეოგრაფიულიც, პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც...

2009–2012ში საქართველოში ფისკალურ სფეროში ჩატარებულ რეფორმებს შორის „წარმატებულად“ 2 დამოუკიდებელი, ერთმანეთისგან გამიჯნული სისტემის – საბაჟო და საგადასახადო სფეროების გაერთიანებაც მოიხსენიება. მოხდა ისე, რომ, სახელმწიფო ეკონომიკის მაშინდელი მამების სურვილით, საგადასახადომ შთანთქა საბაჟო.

2010 წლამდე მომქმედი საბაჟო კოდექსის მე–4 მუხლის თანახმად, საბაჟო განსაზღვრავდა, არეგულირებდა და იცავდა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ანუ საბაჟო იყო ქვეყნის ეკონომიკური საზღვარი და ქვეყანაში შემომავალი ტვირთების კონტროლის სრულფასოვანი განმხორციელებელი, სასაზღვრო კონტროლთან ერთად. რეფორმის შემდეგ ორმაგი კონტროლის დაკარგვა განსაკუთრებით ნეგატიურია ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების და „რისკის ჯგუფში“ შემავალი სამეზობლოს ( აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) ფონზე.

იმდროინდელ ერთ–ერთ დიდ მიღწევად მიიჩნევა ასევე ქვეყნის საზღვრებსა და შიდა ტერიტორიებზე გაფორმების ეკონომიკური ზონების შექმნა, რომელთა დანიშნულება იყო ტრანზიტულად მოძრავი ტვირთების შემოწმება და კონტროლი.

ოფიციალურად გაურკვეველი და არაოფიციალურად, კონკრეტული მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მოხდა მებაჟე–ოპერატორების განთავსება, რომლებიც ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანებით საბაჟო–სატვირთო დეკლარაციების შევსების, შემოწმების და გაფორმების უფლება მიეცათ. ანუ მოხდა 3 ფუნქციის გაერთიანება ერთ სუბიექტში.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამას აბსურდული მდგომარეობა ქვია, რადგან ამან გამოიწვია გაფორმების ეკონომიკური ზონების პირვანდელი ფუნქცის დაკარგვა, მებაჟის როლის სრული დაკნინება, რადგან ის მაკონტროლებელი სუბიექტიდან გადაიქცა მომსახურე პერსონალად.

დღევანდელი გადასახედიდან უკეთ ჩანს, რა მიზნებს ემსახურებოდა ეს ე.წ. „რეფორმა“?

პასუხი ზედაპირზე ტივტივებს:

ერთია სფეროს მონოპოლიზაცია, რომლის შედეგია ბევრი უმუშევარი სპეციალისტი, რამაც სახელმწიფოსთვის უარყოფითი ფისკალური შედეგი გამოიღო;

მეორე – იმპორტიორის (მეწარმის) მანიპულაცია, რაც წარმატებით ხორციელდებოდა არასასურველი მეწარმის ან ტვირთის მიმართ;

მესამე – საბიუჯეტო თანხების დამატებითი მოზიდვა სსიპ–ს ანგარიშზე ( საბაჟო მოსაკრებელი 60 ევროს ექვივალენტი შეიცვალა მომსახურების გადასახადით – 400 ლარით), რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა, ზერელე გათვლებით, მინიმუმ 20 მილიონი ლარის ზარალი მიიღო წელიწადში. აქვე ჩნდება ერთი კითხვა – რამდენად მიზანშეწონილია, საბაჟო ან საგადასახადო იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არა სახელმწიფო ორგანო?

სფეროს მონოპოლიზაციამ შექმნა საუკეთესო პირობები საბოტაჟისთვის – ხელოვნური ბარიერების შექმნა, დამატებითი საბუთების მოთხოვნა, გადამზიდველების დღევანდელი პრობლემები.

რაც შეეხება დეკლარაციის და საბაჟო პროცედურების ე.წ.გამარტივებას – პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს „გამარტივება“ მხოლოდ ერთ ძალას აწყობდა და არ იყო გათვლილი სახელმწიფო ინტერესებზე. გაფორმების ეკონომიკური ზონის მომხრეები დადებით მხარედ საიმპორტო პროცედურების გამარტივებას მიიჩნევენ, რაც დოკუმენტების შევსების წესის გამარტივებასა და შევსების დროის შემცირებაში გამოიხატება, მაგრამ ამან რომ დეკლარაციის არასრულფასოვანი შევსება, სტატისტიკური მონაცემების დაკარგვა და სხვა უამრავი უარყოფითი შედეგი გამოიწვია, ამას არავინ აფიქსირებს.

საბაჟო კოდექსის გაუქმებამ თავისთავად გააუქმა ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – სეზონური და ადვალური გადასახადები, რაც ქვეყნის შიდა ბაზრის დაცვის და ადგილობრივი მეწარმის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების საუკეთესო ბერკეტი იყო.

ამ, ერთი შეხედვით, ძველ და არაერთხელ გაანალიზებულ–გაკრიტიკებულ თემას არ დავუბრუნდებოდით, რომ ამ მიმართულებით დღეს იგივე სიტუაცია არ იყოს. ანუ 2012 წლიდან დღემდე მავნე და წამგებიანი საბაჟო პრაქტიკა არ შეცვლილა.

ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ პრობლემების შესახებ, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე , არაერთი წერილი შევიდა იმ შესაბამის უწყებებში, რომლებსაც საკითხის განხილვა და შემდეგ მოგვარება ევალება. რეაგირება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა.

პრობლემები პრობლემებად რჩება. ასე რომ არ იყოს, არც ეს საუბარი შედგებოდა საბროკერო ჯგუფ BGG–ს დირექტორ ქეთი ლოლუასთან:

ქეთი
, ახლა ერთად დავცქერით ჩვეულებრივ საბაჟო დეკლარაციას და მეც კი ვხედავ, თუნდაც მისი პირველივე გვერდი, რამდენ შეუსაბამობას შეიცავს. ამას სპეციალისტებიც ხომ ხედავენ? თუ „არდანახვასთან“ უფრო გვაქვს საქმე?

– რასთან გვაქვს საქმე ამ დოკუმენტით ჩანს, ოღონდ ეს ფაქტია. დღესაც ამ დოკუმენტით მიმდინარეობს საბაჟო მომსახურება ჩვენს საზღვარზე.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, საბაჟო სტრუქტურა ყველაზე წარმატებულ სტრუქტურად მოიაზრებოდა წინა ხელისუფლებაში და მათი ნოუ–ჰაუები თითქოს ამართლებდა.

– ამართლებდა კონკრეტული ინტერესებისთვის. იდეაში იმ პროექტებს, რაც საბაჟოზე განხორციელდა, ნამდვილად უნდა მოეტანათ შედეგი. საბაჟოს მთავარი დანიშნულება კონტროლია. იქ დანერგილი „ჰაიმანი“–ს პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია ნებისმიერი აკრძალული ტვირთის გამომჟღავნება, მაგრამ „ჰაიმანებმა“ გამშვებ პუნქტებზე ისეთი დისკომფორტი წარმოშვა რიგების სახით, იძულებულები გახდნენ შეეჩერებინათ. „ წითელ დერეფანს“ ფაქტიურად განსაზღვრავდა ჰაიმანის მონაცემი. ამ შეფერხებების გამო, არჩევანი გაკეთდა „გეზის“ პროექტზე, რომელიც ამერიკული პროექტია. მაგრამ ამ პროექტით მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა შექმნილიყო რამდენიმე შემკრებ–გამანაწილებელი პუნქტი. ყველა მანქანა, რომელიც გადმოკვეთდა საზღვარს, უნდა შესულიყო „გეზში“, რომ მომხდარიყო მისი ფუნდამენტალური დათვალიერება. ტრანზიტული ტვირთი აგრძელებდა მოძრაობას მეორე მიმათულებით, შიდა ტვირთი ნაწილდებოდა კომერციულ ტერმინალებზე განსაბაჟებლად.

ანუ გეზის მთავარი ფუნქცია იყო ტვირთების მკაცრი კონტროლი და საზღვრის განტვირთვა.

– თავიდან ასეც იყო. „გეზით“ მოიხიბლნენ, მაგრამ „ჰაიმანებს“, რატომღაც, მტვერი დაედო. მოკლედ, გადააკეთეს სისტემა, დასვეს გაურკვეველი წარმომავლობის მებაჟეები, რომელთა ფუნქციაა დეკლარაციის შევსება–გაფორმება. დეკლარაცია ესაა კონკრეტული პირის განაცხადი სახელმწიფო ორგანოში. ამიხსენით, როგორ შეიძლება, თქვენ, მაკონტროლებელმა, შემივსოთ მე განაცხადი?

ანუ საბუთს ადგენს და დამოწმებას ახდენს ერთი და იგივე პირი?

– დიახ. ელემენტარული ინტერესთა კონფლიქტია. თავად დეკლარაციას რომ ჩავყვეთ, შეიძლება აქ ბევრისთვის არაფრისმთქმელი ნიუანსი იყოს,მაგრამ მე–14 გრაფის შინაარსი საერთოდ წაშალეს.

რა ეწერა იმ გრაფაში?

– ეწერა: წარმომადგენელი ან იმპორტიორი, უფრო სწორედ, მისი დასახელება, – ვინ შეადგინა საბუთი. და იქ დაწერეს: იხილე გრაფა 8. სადაც ფიქსირდება იმპორტიორი.

ეს „ჩვენებმა“ მოიფიქრეს?

– რა თქმა უნდა... ესაა ჩვეულებრივი სახელმწიფო დოკუმენტის გაყალბება. ანუ მე ამ საბუთით ვკითხულობ, რო ის შეავსო იმპორტიორმა, მაგრამ, რეალურად, იმპორტიორი ახლოსაც არ მიკარებია მას. დეკლარაცია ფინანსური დოკუმენტია. ეს არაა უბრალოდ განაცხადი. ის მოიცავს დაბეგვრასაც და ფინანსურ ვალდებულებასაც, რომელიც მე, იმპორტიორს წარმომეშვება სახელმწიფოს წინაშე ტვირთის განბაჟებისას. ამ დროს დოკუმენტზე ფინანსური პასუხისმგებელი არავინაა.

როგორ შეიძლება, წარმომეშვას ფინანსური ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე და ფინანსური პასუხისმგებელი არავინ იყოს?

– ხომ ხედავთ, ამის მიხვედრას არანაირი სპეციალური განათლება არ ჭირდება. და ეს მომქმედი დოკუმენტია, არაფერი შეცვლილა, იგივენაირად ხდება გაგრძელება ამ დოკუმენტაციის წარმოების. დოკუმენტს ხელს აწერს იმპორტიორი. თუნდაც მომსახურების საფასურს რის საფუძველზე ვიხდით? სად მიწერია, რომ თქვენ გამიწიეთ მომსახურება, როცა მე და თქვენ ხელშეკრულება არ გვაქვს? ამ დოკუმენტით წესით არაფერში გიხდით ფულს.

ეს მარტო ჩვენთან ხდება?

– კი, მარტო ჩვენთან ხდება? ასეთი ექსპერიმენტი, ჩანასახის დონეზე, გაკეთდა სომხეთში და არ გაამართლა. ყველგან ბროკერის ინსტიტუტია პრაქტიკაში. იმპორტიორს ურჩევნია ბროკერის მეშვეობით მოაგვაროს დოკუმენტაცია, , ანუ ყველას სურს ყავდეს შუამავალი, რომელიც მასთან ერთად გაინაწილებს პასუხისმგებლობას. ბროკერები ვალდებულები ვიყავით, წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დოკუმენტი შეგვედგინა სწორედ, თუ შეცდომა მოგვდიოდა,საჯარიმო სანქციებს ვიხდით ჩვენ და არა იმპორტიორი.

რას გერჩოდნენ მაინც ბროკერებს? ვის უშლიდით ხელს?

– ჩვენი ძირითადი მომხმარებლები მცირე და საშუალო ბიზნესი იყო. ბიზნესისთვისაც მოსახერხებელი იყო და ეკონომიური. „გეზის „ შემოტანის მერე საბროკერო ფირმები დაიძირნენ. თავიდან კონკურენტუნარიანები დავრჩით ბაზარზე, მაგრამ აღმოჩნდა , რომ ჩვენი დატოვების შემდეგ, „გეზში“ აღარავინ წავიდა. მათი მომსახურების საფასურს იხდიდნენ, მაგრამ მაინც ჩვენთან ბეჭდავდნენ დეკლარაციებს. ნახეს, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვერ მოგვერივნენ, უცებ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა დეკლარაცია „ გეზში“დაიბეჭდებოდა.

ანუ ფუნქციები დაკარგეთ ერთი, შესაბამისად, დაკარგეთ შემოსავლის წყარო და გაჩერდით?

– ახლა ბროკერები მხოლოდ რიგითი კურიერის ფუნქციას ვასრულებთ. იმპორტიორი, რომელსაც პრინციპულად არ უნდა „გეზში“ წასვლა, ისევ მოდის ჩვენთან კომფორტული სერვისისთვის.

როგორც ვხვდები, ამ „გეზით“ დაიკარგა სრულფასოვანი კონტროლის მექანიზმი.

– მოდით ნაციონალებს პიარის დონეს მაინც ნუ დავუკარგავთ. ეს პროექტი მათ ფანტასტიურად შეფუთეს. იმპორტიორებს უთხრეს, – რა კარგია, გაგიადვილდათ პროცედურა, აღარ გაწვალებ, „ზედმეტ“ გრაფებს აღარ გავსებინებ... მაგრამ, ამ გრაფებს რომ არ ავსებ და ამითი კანონს რომ არღვევ, ეს არაფერია?

კონკრეტულად რომელ კანონს არღვევდნენ?

– ქვეყანაში პრაქტიკულად სტატისტიკა აღარ კი არა ვეღარ არსებობს. მაგალითს მოგიყვანთ – შეიძლება „ მოვაჭრე“ იყოს სხვა ქვეყანა და „გამომგზავნი“ – სხვა. მე რომ თქვენი პარტნორი ვარ და ვახდენ საქონლის მოწოდებას თქვენთვის,შეიძლება იმ წუთას მე არ მქონდეს ეს პროდუქცია, მაგრამ რადგან სრული პაკეტი მაქვს მომსახურების, შემიძლია და ვალდებულიც ვარ, ჩემს პარტნიორ ფირმას მოველაპარაკო მესამე ქვეყნიდან და იქიდან გამოგიგზავნოთ ის საქონელი, მაგრამ ის ამ დროს თქვენთან არ ვაჭრობს, ჩემთან აქვს ხელშეკრულება. მოვაჭრე მე ვარ და ის გამომგზავნია.ე ს ანბანია ბიზნესის. დეკლარაციაზე იწერება მხოლოდ „გამომგზავნი ქვეყანა“ – საიდან მოდის ტვირთი, მაგრამ მე დაფიქსირებული მაქვს ჩემს ქვეყანაში,რადგან მე ვევაჭრები და მე რომ ამდენი ტვირთი მოგაწოდეთ ის სტატისტიკა აღარაა.

ანუ, მომწოდებელი იკარგება.

– გახსოვთ არჩევნებამდე ერთი ამბავი რომ იყო, ბალანსი არ ჯდებოდა ამერიკიდან და იტალიიდან შემოსული ტვირთების? ყველაფერი ამის ბრალია. იქ შეიძლება მოვაჭრე სხვა ყოფილიყო და სხვას გადაწეროდა.

კი მაგრამ ეს სტატისტიკა ახლა მაინც არ ჭირდება არავის და ამაზე „ზევით“ არავინ ფიქრობს?

– ნაციონალურ ეპოქაში ეს შეგნებულად იყო გაკეთებული. მაგრამ რა უარყოფითი შედეგი მოქონდა, ამაზე არავინ საუბრობდა. მაგალითად, თუნდაც დადებული მემორანდუმი აზერბაიჯანსა და ჩვენს შორის, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან ტვირთი არ უნდა შევიდეს ჩვენი გავლით სომხეთში. თქვენ რომ აქ არც წარმოშობას ჩამიწერთ, არც მოვაჭრე ქვეყანას, მერე მე იმას ექსპორტზე რომ გავუშვებ,როგორც „უცნობს“, თქვენ მე რას გამიკონტროლებთ? ყველანაირი მანიპულაციის საშუალება მიეცათ ამითი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა აზერბაიჯანმა გამოიჭირა ქართული მხარე და ლამის სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდა საქმე. სწორედ ასეთი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად იყო ეს საჭირო. „გამჭვირვალობა საქართველომ“ ქექა–ქექა და ვერაფრით ბალანსი ვერ დასვა მაგალითად ნავთობის იმპორტზე. ამ ვითარებით ვერასოდეს ვერავინ გაიგებს სად არ წავიდა, მითუმეტეს როცა „მწვანე დერეფანშია“ გასული ტვირთი და პირდაპირაა გაფორმებული.

ეს მაშინ იყო ასე და ახლა რას ვშვებით? მოწესრიგდა რაღაც დონეზე?

– რა მოწესრიგდა? სისტემა არ შეცვილა, არაფერი არ შეცვლილა. არსებული ხვრელები ისევ ხვრელებად დარჩა. დღეს ბევრს საუბრობენ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. აქტუალური თემაა. არ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი, მაგრამ ვიცი – საბაჟოს შეუძლია, ისე მოაწესრიგოს სოფლის მეურნეობა, რომ არც მილიარდიანი ფონდი უნდა, არც არავისი პატიოსანი ქცევა. მოწესრიგებული სისტემა შექმენი ისევ. რომელიც იმუშავებს. იქ უპატიოსნოც რომ იჯდეს, ვერაფერს გააკეთებს. იქ კანონი მუშაობს, მთავარია კანონი აამუშავო და გქონდეს ნება.

იცით, მართლა გულიახდილად მშურს თურქების.

თურქების რატომ?

– თუნდაც იმიტომ, რომ დღგ–ს დაბეგვრა ჩვენსავით ფიქსირებული 18% არაა. არის „მცოცავი“ დაბეგვრა. ადამიანისთვის იქ მთავარ მოხმარების პროდუქტად მიჩნეულია პური და მარცვლეული. ამიტომ იბეგრება ყველაზე ნაკლებად, რომ ფართო მასებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მეორე ადგილზეა – რძე და რძის პროდუქტები. დღგ 5–7%–დე მერყეობს. რძე და რძის პროდუქტები ბავშვებისა და მოხუცებისთვის აუცილებელიაო და ამიტომ ის უნდა იყოს შეღავათიანი დაბეგვრითო. მერე იზრდება უკვე ფუფუნების საგნების მიხედვით, მაგალითად მანქანა იბეგრება 100%–ით, ასევე ძვირფასი ლითონებიც. შენ თუ იმდენი ფული გაქვს, რომ გინდა ფუფუნების საგნები, კეთილი ინებე და გადაიხადე შესაბამისი ბიუჯეტში.

ალბათ ეგაა რეალური სოციალური სამართლიანობა... თუ სწორად მახსოვს, ადრე ჩვენთან იყო სეზონური დაბეგვრა.

– იყო, შევარდნაძის დროს. როცა სეზონზე ჩემთან მოდის ის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, იმპორტიორს რატომ დავუთმო ბაზარი იაფიანი ნაგვისთვის? ის უნდა დავბეგროთ ძვირად. განსხვავებული პროცენტი, რაც რჩება გადასახადებიდან, უნდა წავიდეს მეწარმეზე, რომელიც ავითარებს ამ დარგს. აღარც ფულის მოზიდვა გინდა, აღარც არავისი კეთილი ნება.

ესაა უკვე სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფოს ჩარევა, ანუ პრიორიტეტების შერჩევა. ასეთია ინდოეთში მედიკამენტების წარმოება, რამდენადაც ვიცი.

– კი,აბა სცადეთ და ინდოეთში მედიკამენტები შეიტანეთ! ისე დაგბეგრავენ, აქეთ ვალებს აგკიდებენ, რის მოგება? ინდოეთი სახელმწიფოს დახმარებით გახდა მონოპოლისტი ფარმაციის ბაზარზე. დღეს ყველა ქვეყანაში წამლის „ბალვანკები“ ინდოეთიდან გადის. როცა ველოსიპედი არსებობს, არ ჯობია დაჯდე და წახვიდე, ვიდრე ახალი გამოიგონო?.

ქეთი, თუ არ ვცდები, ამ თემებით თქვენ საქართველოს ბიზნეს ომბუცმენს მიმართეთ?

– მომეცა შემთხვევა და მივმართე, უფრო სწორედ, თავად გამოთქვა ამ თემებზე „კონსტრუქციული თანამშრომლობის“ სურვილი. პრობლემები ჩამოვუწერე და განვიხილე. ზღვა მასალაა, მუშა ჯგუფს შევქმნიო და მათთან იმუშავეთო. მაისის 5 რიცხვიდან დავიწყე რეკვა ივნისამდე ვრეკავდი, მერე აიღო ყურმილი და დამიბარა საღამოს 09ს ააათზე, ოღონდ ჩვეულებრივად „გადამაგდო“. მერე გადამზიდველებს შეხვედრა ქონდათ ტერმინალების წარმომადგენლებთან ერთად ბატონ გახარიასთან და ისევ პირისპირ აღმოვჩნდით. ძალიან არ ესიამოვნა ჩემი დანახვა. პირდაპირ მითხრა, – სპეციალურად არ ვპასუხობდი შენს ზარებსო, არ მაინტერესებს შენთან ლაპარაკიო. ზურგი შემაქცია და ისე იჯდა მთელი შეხვედრა, საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი. სერიოზული კამათიც მოგვივიდა. ონოფრიშვილთანაც ვითხოვე შეხვედრა. წერილობით მოითხოვა საკითხი და თუ დავინტერესდები, შევხვდებიო. არ დაურეკავს.

რამდენადაც ვიცი, თავად იმპორტიორებსაც აქვთ პრეტენზია საბაჟოსთან დაკავშირებით.

– ექნებათ ცხადია, სერიოზული მანიპულაცია ხდება იმპორტიორის.

ანუ გამოჭერილი ყავთ იმპორტიორები?

– თავიდანვე გამოჭერილი ყავდათ. თუ არასასურველი ტვირთი იყო, თავიდანვე ისე დაგბლოკავდნენ, ვერაფერს შემოიტანდი.

საფუძველი?

– საფუძველი რათ უნდა, სისტემაა შექმნილი. ერთი ბრძანება - გააჩერეთ ეგ ტვირთი და მორჩა, ვერაფერს უზამ. დეკლარაციას აღარ ავსებთ, განაცხადი შევსებული არ გაქვთ და განაცხადი საბაჟოზე გაკეთებული არ გაქვთ. ამტკიცე , რომ იქ იყავი.

ანუ ქვეყანაში იყვნენ სასურველი და არასასურველი იმპორტიორები.

– რა თქმა უნდა. გაუჩერებ კონკურენტს 1 კვირას ტვირთს, დააწერ იმდენ თანხას. სამაგიეროდ, სასურველი ფირმა შემოიტანს იგივე საქონელს უპრობლემოდ და მე უკვე არაკონკურენტუნარიანი ვხდები. მანიპულაციის საუცხოოდ მოფიქრებული მეთოდები იყო.

მაინც ვერ ვხვდები, ასე ხელაღებით როგორ მოგიცილეს ბროკერები?

– თავიდანვე რომ ვერ მოგვიცილეს, შექმნეს ყველასთვის კარგად ცნობილი პრივილეგირებული ფირმა, რომელსაც ყველამ იცოდა, რომ ფინანსური პოლიცია პატრონაჟობდა. ყველამ იცოდა. პირდაპირი ბრძანებები იყო იმპორტიორებზე, დამფუძნებლებს ურეკავდნენ, –მიხვალ და იქ დაბეჭდავ , თორემ პრობლემები შეგექმნებათო. მიუხედავად ამდენი მანიპულაციისა და ზეწოლისა, აღმოჩნდა, რომ ბაზარი მაინც ვერ გააკონტროლეს. სადღაც 30%-ს ვერ აცდნენ. მაინც ვიყავით ისეთი ფირმები, რომლებიც კონკურენციას ვუწევდით. ამის მერე შემოაქვთ 250 000 ლარის საბანკო გარანტიის პროექტი საბროკერო ფირმებზე. აი მანდ დავიწყეთ სერიოზული ომი, ბაქრაძესაც მივმართეთ პარლამენტში, თორთლაძესთანაც შევიტანეთ კომიტეტში. მაგრამ რისთვის – დღესაც არ ვიცი. თორთლაძე კომენტარის გარეშე დავტოვოთ. რა ცოდვასაც ვერ ვიტყვი, ერთადერთი, ვინც მაშინ გვერდით დაგვიდგა, არ ვიცი რა ინტერესების გამო, „ ქრისტიან-დემოკრატები“ იყვნენ. ახვლედიანთან გვქონდა კონტაქტი და ჩვენი წერილი გაიტანა კომიტეტზე. მათ შეძლეს ჩვენი და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მოწყობა პარლამენტში. მაშინ იყო, ღვალაძე რომ დამემუქრა, თქვენ ქალბატონო, აუცილებლად დაგიჭერთო!

უკაცრავად ვინ დაგემუქრათ?

ვალაძე, ფინანსთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე.

სად დაგემუქრათ, პარლამენტში?

– დიახ, პარლამენტში.

მაგრამ არ დაგიჭირათ, საბედნიეროდ.

– მაშინ სერიოზულად ვიომეთ და ეს 250 000 50 000-ზე ჩამოვაწევინეთ.კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, უკვე ისე გააკეთეს, რომ ფინანსურის პრივილეგირებული კომპანია 50%ს აკონტროლებდა, მაგრამ 50%-იანი ნიშა მაინც დავიტოვეთ. რაღაც მოვახერხეთ, გავერთიანდით, გავმსხვილდით, ბინები ჩავდეთ. ამის მერე უკვე გადავიდნენ შევიწროვებაზე და აგრესიაზე, დიდი ომები გვიხდებოდა. ძალიან „ცუდ როლს“ ვთამაშობდით ბევრ რამეში. არ ვეპუებოდით. გაგიკვირდებათ და, ბადრი პატარკაციშვილის ტვირთი 7 ნოემბერს მყავს გამოყვანილი ტერმინალიდან.

მაშინდელ 7 ნოემბერს?

– კი, იმ დღეს, მაშინდელი კანონით და დოკუმენტაციით ფაქტიურად ვიომე და ტვირთი გამოვიტანე. წერილობითი პასუხი მოვთხოვე მებაჟეს, ყველანაირად შეამოწმეს, ვერაფერი იპოვეს და გამომიშვეს. სამაგიეროდ თეფშებს რა უქნეს. იმიტომ რომ „ცე“ ნომერი არ ქონდა და იმ მებაჟე გოგომ უბრალოდ არ დაბეჭდა დეკლარაცია. კანონით უკვე ვეღარ მიედავებოდი. იმ პერიოდში ყველაფერს აჩერებდნენ საბაჟოზე მიტინგების დროს - ხმამაღლა მოლაპარაკე, ტელეფონები,რაციები, თავდაცვის სამინისტროსთვის შეკვეთილი ტვირთებიც კი გააჩერეს, ისე იყვნენ დაპროგრამებულები. ასპროცენტიანი კონტროლი ჩაიგდეს ხელში. მთავარი საბაჟოზე კონტროლია. ამის გარდა იქ უამრავი ნიუანსია, რომელიც ძიებას საჭიროებს. თუნდაც ვინმემ იცის, ეს ფინანსები სად მიდის? ესაა სსიპ-ს შემოსავალი, რომელმაც არ შეიძლება მოგება ქონდეთ და არც დღგ. სად მიდის 400 ლარი?. ეს წლები პრემიებს იწერდნენ ნაციონალები როგორს იცით? 30 000, 40 00 000–ს. ძირითადად პარტიის ყულაბაში მიდიოდა. მაინტერესებს, ახლა რა ხდება?

ანუ ეს იყო უკონტროლო შემოსავალი, რომელიც არ აღირიცხებოდა და მიდიოდა პარტიაში?

– კანონით იმდენი უნდა დაადო მომსახურებას, რომ თავის შენახვაზე გეყოს. ჯერ სახელმწიფომ რამდენი გადასახადი დაკარგა. ჩვენ, ბროკერები, ყველა დღგ-ს გადამხდელი ვიყავით. რამდენი იყო ჩემნაირი? ამას დაუმატეთ ტერმინელები, უზარმაზარი შემოსავლები, ყველა იხდიდა საშემოსავლოს და დღგ-ს. მაშინ „გააპრავეს“ ფული და მაინტერესებს, რატომ გრძელდება იგივე, ანუ სად მიდის ახლა ეს ფული?

ჰო, ეგ მართლა საინტერესოა.

– ისიც საინტერესოა , როგორ აღმოჩნდა იმ ცნობილი პრივილეგირებული ფირმის დირექტორი სულ ახლახანს „გეზის“ დირექტორის სკამზე? იმავე ფირმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გახდა წითელი ხიდის საბაჟოს უფროსის მოადგილე. იმავე ფირმის დეკლარანტი გახდა აეროპორტის საბაჟოს უფროსის მოადგილე, მეორე დეკლარანტი – „ საქართველოს ფოსტაში“ განყოფილების უფროსი, მითხარით რა ხდება?

ამ ამბავზე ხადურმა არაფერი იცის ნეტა? ხადური არგუმენტად მოიყვანს კოაბიტაციას, რომ პოლიტიკური ნიშნით ვერ გაყრის პროფესიონალებს.

– ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონის დირექტორად აგყავს საბროკეროს დირექტორი. 240 საბროკერო ფირმა ვიყავით და ყველას ყავდა დირექტორი, ზოგს 2-2 –იც და რატომ სხვა არ აირჩიეს? რა პრინციპით შეირჩა ერთი ფირმის ბროკერები?

ამაზე ალბათ პასუხი შესაბამის უწყებას ექნება.

– მათი დანიშვნა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსს, ზაზა

ხუნდაძეს ეხება.

ისიც „ნაციონალური წარსულითაა“?

– არა ის „ქართუ ჯგუფის“ ბროკერი იყო , მის ტვირთებზე დადიოდა და ფინანსურის ბრძანებით იმ „ცნობილ“ ფირმაში აფორმებდა დეკლარაციებს. იმ ფირმიდან მოიყვანა ცოლიც. იმასაც ამბობენ – ხუნდაძე ცოლის მეგობრებს ასაქმებსო. უკაცრავად, პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ცოლის კადრები მოიყვანოს საკუთარ ფირმაში...ამიტომ მიჩნდება ეჭვი, რომ ამ ძველი კადრების გამოყენებით, შესაძლოა პლაცდარმს ამზადებენ. თუ ესენი აპირებენ, იანვარში ისევ ჩვენს დაშვებას საბაჟოზე, უკვე ხომ არ ამზადებენ „გამოცდილ კადრებს“ რომ ერთი დიდი მონსტრი საბროკერო შემოაგდონ, რომელიც ახლებს ან ძველ მომაკვდავებს სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევს და ისეთ პატარა ნიშას დაგვიტოვებენ, როგორც დღეს ვართ.

ანუ მიდის საუბარი იმაზე, რომ იანვრიდან ისევ ბროკერები ბრუდებიან?.

– რადგან ხადურმა გამოაცხადა რომ საბაჟო და საგადასახადო კოდექსები უნდა გაიყოს, მაშინ ამის აუცილებლობა დადგება. არ შეიძლება საბაჟო და საგადასახადო იყოს ერთად. იმხელა ზარალი ნახა ბიუჯეტმა ჩათვლებით და მაქინაციებით, საბაჟოდან ბიუჯეტში ფაქტიურად ფული აღარ შედის. ბევრი იმპორტიორიც ისეთია, გამორჩენაზე. მარტო დეკლარანტის ბრალეულობა კი არაა, სისტემა ასეთი. ანუ ხვრელს უტოვებს თვითონ სისტემა, ვერ იპოვით რეალურ დამნაშავეებს. გამოსავალია დაშორება. მთავარია ეკონომიკური საზღვრის განსაზღვრა და მისი კონტროლი. იმპორტიორს გაუადვილდა ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ მე რომ სახელმწიფო მოხელე ვარ, მასზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესი უნდა დავაყენო. როცა რომელიმე ბიზნესმენი ბიზნეს-გეგმას ადგენს, კეთილი ინებოს და სახელმწიფოს ინტერესებიც ჩადოს და გაითვალისწინოს იმ გეგმაში. ასე ყველაფერზე არ შეიძლება კონტროლი მოშალო. ელემენტარულად, თუნდაც შიდა ბაზარი რომ დაიცვა გარე აგრესორისგან. მართლა სირცხვილია 110 კილო ჰეროინს რომ გიპოვიან ქვეყანაში და 80 კილოს ექსპორტზე გაპარულს. ეს ჩვენ რაც ვიცით. გამოჟონილი ხომაა ინფორმაციები? არა მხოლოდ ნარკოტიკებზეა საუბარი. იმიტომაც ვუთხარი გახარიას - სანამ ატომურ ბომბს არ დაგანახებენ იქამდე არ დაიჯერებ, რა ხდება საბაჟოზე მეთქი?. არ იყო ირანის იარაღთან დაკავშირებით სკანდალი?, მაგრამ დროზე მიაჩუმათეს. კაცმა არ იცის რა ხდება ამ უკონტროლობის პირობებში...

– რამდენად დგას პროფესიონალიზმის პრობლემა და მებაჟეების კეთილსინდისიერების

საკითხი?

- თუ სისტემა არ დაარეგულირე, კეთილსინდისიერი მებაჟის იმედად მარტო ვერ იქნები. ან მებაჟე სადღაა რო? ძალიან ძვირფასი პრეზიდენტი რომ გვყავდა, ანეკდოტად დადიოდა საბაჟოზე მისი ფრაზები. ჩვენ ხომ გალანძღული ვყავართ, ბროკერები - პირ-თმა დაუბანელი, დაუვარცხნელი და ბინძურ ხალხი ვართ თურმე.საბაჟოზე პრობლემა მოვაგვარეო და მოგვარების არსი იმაში იყო რომ –
საბაჟოზე მებაჟე არ უნდა იყოს!. უნდა იყოს ლამაზი მოდელი გოგოო და პირდაუბანელი და გაუპარსავი რომ შევაო,ის სხვა რამის ყურებას დაიწყებს, გაშტერდებაო ..
არავის პირად შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ლელა მებურიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი და სხვა მოდელები რომ იდგებიან საბაჟოზე, საბუთებს მიიღებენ და გამოუშვებენ ტვირთს, უბრალოდ არასერიოზულია... მართლა გაშტერებულები გამოდიოდნენ კაცები... ისეთი ხალისიანი საბაჟო გვქონდა...

– სამაგიეროდ, ყველასგან გამორჩეული და ვიღაც–ვიღაცეებისთვის წარმატებულიც...

სამაგიეროდ, ყველასგან გამორჩეული და ვიღაც–ვიღაცეებისთვის წარმატებულიც... თქვენი „თანამშრომლობა“ ბიზნეს ომბუცმენთან რითი დასრულდა?

– გახარიამ მკითხა - რას ითხოვთო?. მე ვუთხარი, არაფერი მინდა, კოდექსი გაკეთდეს, რომელიც იქნება კოდექსებით დაწერილი და არა ნორმატიული აქტების ნაკრები მეთქი. საბაჟო კოდექსი აღარ არსებობს, შეურწყეს საგადასახადოს. კანონმა უნდა გამიწეროს ზუსტად - მე რა შემიძლია, იმპორტიორს რა შეუძლია და სახელმწიფოს რისი უფლება აქვს. კანონი ხომ შეიძლება ერთხელ დაიწეროს და მომეცი საშუალება, რომ ვიცხოვრო და ვიმუშავო კანონის შესაბამისად.

მერე რა გიპასუხათ?

– ეგ მოთხოვნა არაა, აქსიომააო. აქსიომაა თუ თეორემაა, მე გამიკეთონ და რაც უნდათ ის ქნან.

 

კატო ჩულაშვილი

"ქრონიკა+" 29.10. 2013

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...