Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

საკლები თუ მაკლები კამერა ლუქსში, ანუ ოცნებების გასაღების ბაზარი


katya

2.771 views

blog-0654071001381846536.jpgზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ როცა ასე ხდება, მაშინაც კი ხდება რაღაც, რამაც შეიძლება აზრი გამოგათქმევინოს, გადაწყვეტილება მიგაღებინოს და არჩევანიც კი გაგაკეთებინოს...

ზოგჯერ ოცნებებიც ხდება ან რეალიზდება. მთავარია, მიზნობრივი აუდიტორიის და გასაღების ბაზრის პოვნა..

ოცნებაზე თანაც, ახდენის პერსპექტივით, მოთხოვნა ყოველთვისაა...

დიდი დეფიციტური რამაა ახდენილი ოცნება. სამაგიეროდ მისი შეძენის მსურველია უხვად, ანუ პროდუქტი ისევ აქტუალური და მოთხოვნადია, ბაზარი - გაუჯერებელი.

ახლა ის დროა, როც წინა ცხოვრებაში „არამეოცნებენიც“ კი ოცნებობენ. მაგალითად, გოგა ხაჩიძე იმაზე ოცნებობს, რომ „ნაცმო“ თუ რაღაც „ახერმოძი“, სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლებაში დაბრუნდება. ჩვენ კი, ნებას ვიბოძებთ და გულუბრყვილო ოპტიმისტ ხაჩიძეს შევახსენებთ, რომ ოცნებები აუცილებლად ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ივიწყებენ...

სააკაშვილს ამ წუთას სხვა "პროგრამა მინიმუმი" თუ "ოცნება მაქსიმუმი" აქვს - მეღვინეობის ექსპერტობის იდეამ სადღაც ლაზიკის ნაპირებთან დაყვინთა და ახლა ბიბლიოთეკარობა სურს.

-"როცა ჩემი ვადა ამოიწურება ვაპირებ რამდენიმე სერიოზულ ბიზნესმენს შევხვდე და შევძლებ საკმარისი თანხის მობილიზაციას, რომ ეს შენობა დავასრულოთ. მსურს ვთქვა, რომ განათლება ჩვენი აქილევსის ქუსლია, ყველაზე დიდი ტრაგედია რაც მოხდა, ეს არის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაკვლა, მათ ერთი ხელის მოსმით მოკლეს იგი...“

მხეცებო! როგორ დაუკალით დიდ ჰუმანისტს და განმანათლებელს ნანი-ნანატრი პირმშო? ღირსები ხართ, რომ შური იძიოს, შუბლის ძარღვი კიდევ არაერთხელ გაიწყვიტოს, თუ სადმე მის ნაფლეთებს მიაგნო და ხუთლარიანი ყულაბით ჩამოიაროს ბიზნესმენებში აქილევსის ქუსლის სამკურნალოდ. ...“ ჩამოვიტანეთ 5 ათასამდე წიგნი, იქნება სხვადასხვა დარბაზები და იმედია რაღაც, სტუდენტური კაფეს მსგავსიც, ასეთი ბიბლიოთეკა საქართველოში სხვა არ არის, ეს არის ჩემი მცირე წვლილიც. იმედი მაქვს რომ ეს გახდება დიდი ცენტრი.“

ჩემი აზრით, ეს სიტყვები სერიოზული გამოწვევაა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორისთვის. ბატონ კეკელიძეს ჰაბიტუსზეც ეტყობა, რომ ბიბლიოთეკაში სასადილოს გახსნაზე არასოდეს უფიქრია. ჰოდა, ახლა იფიქროს, მარტო სქელტანიან წიგნებს რომ ჩასჩერებია და მხედველობის არიდან გამორჩა სქელტანიანი კონკურენტი...

ეს სქელტანიანი კი იქამდე კი მარტო ორივე ხელით კიარა, ყველა კიდურით საქართველოს მოქალაქეობის დოკუმენტების ხელმოწერითაა დაკავებული. კაი ჯაფა ადგას. ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებსო.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ბოლო დღეები და ბოლო კვირები ორივე ხელით, რამდენი დროც მაქვს, ხელი მოვაწერო მარჯვენა და მარცხენა ხელით ამ ბრძანებულებებს. ქართველობა საქართველოს მარადისობის კანონით განისაზღვრება, საქართველოს კონტიტუციის თანახმად, კონსტიტუციაზე მაღლა დგას მარადისობის კანონი“...

ორპარასკევდარჩენილი პრეზიდენტის ბაგეთაგან ამ ამბის გახმოვანება იმის ნიშანია, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკარობის მსურველმა სულ ახლახანს წაიკითხა დუმბაძე და ჯერ კიდევ მწერლის მიერ გასულ საუკუნეში აღმოჩენილი კანონის შთაბეჭდილებების ქვეშაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ეგ ლიტერატურაზე გადარეული და ტიტულშემობდღვნილი „კაცი“, ფრიდონ ხალვაშის პოეზიითაც დაინტერესებულა, თავისი საზეპიროებით. იმედია, მალე ალ. ყაზბეგსაც გადასწვდება მისი მახვილი თვალი და „ხევისბერ გოჩას“ კრწანისელი ედუარდის კამპანიაში განიხილავს. აკი თქვა, გასულ კვირას ედუარდმა - სააკაშვილის დაუსჯელობა არაფრით არ იქნებაო და იქნებ?.. ჰა? ...

ამ ჩვენს შლეგს, რომ ჰკითხო, ჩემი ოფლით აშენებულ ბიბლიოთეკაში ვიჯდებიო, არ მინდა ციხეში და ჩვეულებრივ კამერაშიო, თუნდაც ტელევიზორით და უკაბელო ინტერნეტითო. მაინც და მაინც დოჩანაშვილი წაუკითხავთ მაგისთის ბავშვობაში და „კამერა-ლუქსი“-ს ახდენაც მოუნდა.

უკაბელო ინტერნეტზე გამახსენდა, -

ვანო მერაბიშვილმა საკნის „ფორთოჩკიდან“ შემოთვალა: რუსეთი ნინო ბურჯანაძის ხელით არჩევნების დღეს თბილისში არეულობის მოწყობას აპირებსო.

 

რა ხდება ბოლოს და ბოლოს? იმ თავის კამერაში მერაბიშვილს მეზობლების ყურის გდების მეტი საქმე არ აქვს? ან რა უბედურებაა,, ასე ნებისმიერ საკითხზე „პოსტვა“? კეთილი ინებოს და აგზავნოს ციხიდან წერილები, თუ სასწრაფოა - დეპეშები. ასე ის ათასი ცოდვით სავსე „საქართველოს ფოსტაც“ იხეირებს და ბიუჯეტიც შესაბამისად.

მერაბიშვილის გააქტიურებამ სოციალურ ქსელში შესაძლოა სხვა პატიმრების პროტესტი გამოიწვიოს - მაგას არ ეყო „ერობაში“ რაც იპრივილეგია? „პატიმრობაში“ მაინც დაყენდეს, ეგ ვიღაც „კლიჩკით“ „გაღლეტილი“, ციხე, ქურდებისააო... ისე, ბაჩოსაც კი უნდოდა ქურდებისთვის ციხის „ახევა“, მაგრამ ვერ მიართვეს. არსებობს ეჭვი, რომ მაგ ამბავში დღევანდელი პროკურატურის ხელი ურევია, რაც 17 ოქტომბრის პროცესზე, იმედია, არ დადასტურდება.

რაღა დაგიმალოთ და, საინტერესო კი იქნებოდა ვანოს და ბაჩანას კამერებს საერთო კედელი რომ ჰქონოდათ. „მორზეთი“ რას მოიკითხავდნენ ერთმანეთს?!

 

ვიდრე პრეზიდენტი ქართული ლიტერატურის ანთოლოგიითაა დაკავებული და მისთვის უფრო რთულად აღსაქმელ კლასიკოსებს მისდგომია, დანარჩენ „უწიგნურ საზოგადოებას“ ჰილარი კლინტონის მოსმენას გვირჩევს. ამერიკელ დიპლომატ ლედის სავალდებულო უნარ-ჩვევებში დეფიციტური გარღვევა აქვს, თუ მართლა მიაჩნია, რომ „ე.წ. სამართლიანობის აღდგენას, შეიძლება, საქართველოს რეპუტაცია და მომავალი გადაჰყვეს“... სააკაშვილის პროგნოზით, ლედი კლინტონი ამერიკის მომავალი პრეზიდენტია და ამიტომ ყველა ყურადღებით მოუსმინეთ, ეგებ მაგ ქალს იგივე ჩემზეც წამოცდესო.

ჰოდა, დანარჩენი მისი ველური და ნედლი აზრების მკითხველებმა წარმოიდგინონ, - როგორი ამაღლებული შურით და სიმწრის ოფლით კბილებში მიულოცავდა ილჰამ ალიევს არჩევნებში "ისტორიულ და დამსახურებულ" გამარჯვებას.

ისე, „ავი ენები“ ამბობენ, ქალბატონმა ბურჯანაძემ გაპრეზიდენტებული ალიევი უახლოეს წარსულში პირადად მოინახულა და მისგან არა მხოლოდ სიტყვა-ხმიანი, არამედ მატერიალური მხარდაჭერის დაპირებაც უხვად წამოიღოო. მუშაობს ქალი, რას ერჩით?

დაგიჭამიათ ერთმანეთი ღობე-ღობე პლაკატების გაკვრაზეო, ასე შეუთვალა ბაქრაძე-მარგველაშვილის კლანებს, უკაცრავად, შტაბებს...

ჰოდა, ისე აგიხდათ ყველა ოცნება, როგორც მაგათ აუხდათ ზუგდიდში ეგ ამბავი. „ქართული ოცნების“ აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მაშინ მიუსწრეს და დააფიქსირეს, როცა ისინი კანონს არღვევდნენ.

კოალიციის აქტივისტებმა არ უარყვეს, რომ პლაკატებს ბაქრაძის ფოტოებზე ზემოდან აკრავდნენ და ეს იმით ახსენეს, რომ მათი პლაკატებისთვის ადგილი არ იყო: „შევეცდებით, არ გავიმეოროთო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აქტივისტმა. დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დესტრუქციულ ძალად იქცა.

ოცნებაზე გუბერნატორიც კი განაწყენდა! სამეგრელო-ზემო სვანეთის „მამა-მარჩენალი,“ „ნამუსი და პატიოსნება“ - თენგიზ გუნავა მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან გუბერნატორების მოხსენიება კრიმინალებად შეცდომა იყო და თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, თანამდებობას დატოვებს, ხოლო ბრძოლას ოპოზიციის რიგებში გააგრძელებს.

გადამრევს ეს გუნავა? რად უნდა შე „კაცო“ მაგ ამბავს „და“ და „თუ?“

„თუ დაპირებული ვარ, არ ახსოვს კაცს ჩემგან გატეხილი სიტყვა. სანამ კიდევ ჯანი მექნება, 20 წლის განმავლობაში ხალხის სამსახურში ვიქნები, სანამ აყვავებულ ქვეყანას არ ჩაგაბარებთო! - ასე თქვა ჯერ არწასულმა პრემიერმა ივანიშვილმა და დაპირებულ პრეზიდენტზე გაგაწბილებთ „ურწმუნოებს?“

შეუიარაღებელი თვალით რისი განჭვრეტაც შეიძლება - მარგველას საარჩევნო კამპანიის მთავარი მესიჯი 27 ოქტომბერს კოაბიტაციის დასრულებაა. ანუ, 2 კვირაში ყველას იჭერენ და ხსნიან? ცხელ-ცხელი გათვლებით, ივანიშვილი პოსტიდან თავისი ნებით, 25 ნოემბრამდე წავა, ხოლო ვინ მოვა, ეს ჯერ-ჯერობით თავად იმანაც არ იცის, ვინც მოდის, თურმე...

თუმცა, უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამჟამინდელი პრემიერის შეთავაზებული კანდიდატურა პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტმა არ დაამტკიცოს.

გასული კვირის მთავარი თემა - უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ "სოჭი-2014" ოლიმპიადაზე?

ამაზე ბჭობის წუთები ეს იყო წუთები, როცა თავი იმ ქვეყნის მოქალაქე გვეგონა, რომელსაც სხვა პრობლემა არ გააჩნია... არადა, სასიამოვნო კი იყო, რომ არა ოცნება...

ზოგჯერ წარსული გამოდის ბნელი კუთხიდან და ანგარიშის გასწორებას ითხოვს.

თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, ქართველმა მომღერლებმა საპროტესტო აქცია-კონცერტი გამართეს - "არა ოკუპაციას!"; "ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას!".

პუტინსდეფი - გულედანის ისე შეშინებია, ჯარები გაყავს საქართვეოდანო.

დანარჩენებმა რა ქნან და რითი ჩაიწერონ ქულები, ვინც მაგ მხოხავ-მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება ვერ შეძლო?

როგორ მართლა დასწრებაზეა ამ ქვეყანაში ყველაფერი...

 

კარგი სმენა ზოგჯერ თურმე იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კარგი რამეები გესმოდეს...

ოპტიმიზმი ისაა, როცა არც ისე ახალგაზრდა, არც ისე მდიდარი და მარტოხელა ადამიანი ყიდულობს სადილის კომპლექტს 12 პერსონაზე...

თანამედროვეები მოვლენებს აფრენით აფასებენ, ისტორიკოსები - დაფრენით..

საბედნიეროდ, ცხოვრებაში ყველაფერი ისე მარტივი არაა, თორემ მარტივის გართულება არც ისე საინტერესო გასართობია.

ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, თუ სიტყვას გაგაწყევტინებენ... მთავარია, დუმილის შეწყვეტა არავინ გაიძულოთ...

 

კატო ჩულაშვილი

"ქრონიკა+' 15/10 2013

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...