Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

ჰიბრუზე დაწერილი „შემოდგომა თბილისში“


katya

1.597 views

blog-0827623001381412463.jpgთუ ბოლო თვენახევრის მანძილზე თბილისის ქუჩებში უგზო–უკვლოდ მოხეტიალე ენერგიულ, ჭაღარა წვერიან მამაკაცს და გამუდმებით მომღიმარ ქალბატონს გადააწყდით ცნობისმოყვარე, უცნაური სხივიანი გამოხედვით და უფრო ცნობისმოყვარე კითხვებით, ჩვეულებრივი უცხოელი ტურისტები არ გეგონოთ. ეს ის წყვილია, 2007 წელს გეგმიური შვებულება რომ გაატარა არაგეგმიურად, ასევე, ყოვლად არაგეგმიურ საქართველოში.

მაშინდელი აქ გატარებული 5 კვირით ისე აღფრთოვანდნენ, რომ 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და დაწერეს წიგნი თავიანთ მშობლიურ ენაზე – ჰიბრუზე.

წიგნი საქართველოზეა – უცნაურ და ეგზოტიკურ ქვეყანაზე, რომლის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ისტორიისა და საოცარი კულტურის გარდა, უფრო საოცარი ადამიანები არიან. ეს ჩემი სიტყვები არაა, ეს ითაი ბახუღის და ხედვა ღოკახის შთაბეჭდილებების ნაწილია. ისინი ასე გვხედავენ – 2 ჩვენი თანამედროვე ადამიანი მეგობარი ისრაელიდან.

მათი სახელები და გვარები რთული გამოსათქმელია, მაგრამ სამაგიეროდ ურთიერთობაა მარტივი და სასიამოვნო. 10 ოქტომბერს მათი წიგნის პრეზენტაცია იგეგმება ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ–მუზეუმში. წიგნს „შემოდგომა თბილისში“ ქვია. თბილისური შემოდგომა და შემოდგომის თბილისელები ამ წიგნით კარგ საჩუქარს მიღებენ და, მინდა მჯეროდეს, რომ აუცილებლად გამოჩნდება მისი ქართულად თარგმნის მსურველი.

გაიცანით! „დაუგეგმავი შვებულების“ მოყვარული წყვილი, რომელსაც ერთი ჩემი მეგობრის წყალობით გადავეყარე. თავად ის მეგობარიც შემთხვევით გადაეყარა მათ თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე. კარგია რომ, მესამე „ქართულ შვებულებას“ ითაი და ხედვა იმპროვიზირებული გიდის თანხლებით ატარებენ. ისინი უბრალოდ მეგობრები არიან და კომფორტულად გრძნობენ თავს ერთად.

დაძაბული მუშაობის შემდეგ, თურმე, ისეთი თავისუფლების შეგრძნებაა – შეხტე თვითმფრინავში და ბრმად წახვიდე სადღაც...

რაღა დაგიმალოთ და, ცოტათი შემშურდა კიდეც მათი თავისუფლებაც და მათი თვალით დანახული საქართველოც. აქვე გამოვტყდები, მათთან საუბრისას რამდენჯერმე ვიგრძენი თავი უხერხულად ისეთი ნიუანსების და ფაქტების არცოდნის გამო, რომლებიც მათ იციან საქართველოს ისტორიაზე და ჩვენს კულტურაზე.

ეს უკვე თქვენი „მესამედ მოსვლაა“ საქართველოში. ანუ ამ ქვეყანამ თქვენს საშვებულებო ტრადიციაში – არაგეგმიურობის თვალსაზრისით – კორექტურები შეიტანა. მესამე შვებულებას ატარებთ საქართველოში. რატომ?

– მოგვწონს, გვსიამოვნებს და კიდევ პატარა მისიაც გვაქვს. წმინდა ადამიანური მისია, ყოველგვარი დაკვეთის გარეშე. და, საერთოდაც, რა აზრი აქვს ისეთ ქვეყანაში, როგორიც ახლა თქვენ გაქვთ რამე გეგმიურად აკეთო?

არ მითხრათ, რომ გეგმიური აქ თქვენთვის მხოლოდ „ჭაჭაა“? როგორ გიწერიათ ერთ–ერთ თავში – ეს ის საწვავია, რომელსაც ორგანიზმში ასხამენ, რომ სამოთხეში მოხვდნენო?!..

– ჰოოო, ჭაჭა საოცრებაა. რა ტეკილა და რის საკე?!.. სამოთხის რეისის ბოინგის საწვავია. მეორე დღეს არც თავი გტკივა და ისეთ ენერგიაზე ხარ...

ასე ვიცით ჩვენ, ქართველებმა! ჭაჭა ჩვენს მეზობელ რუსებსაც უყვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ მთავრობას ჩვენი სხვა სიკეთე ვერ დავანახეთ. აი თქვენ კი ამ სასმელმა მგონი მესამე თვალი გაგიხსნათ და ისეთ რამეებს ხედავთ, რასაც ჩვენ, ქართველები, უკვე ვეღარ ვამჩნევთ.

– ეგ ჩვეულებრივი რამაა. უცხო თვალი უკეთ ხედავს ნაკლსაც და ღირსებასაც.ჩვენ პირველად ამ ქვეყანაში სრულიად ბრმად ჩამოვედით. მხოლოდ რუკაზე ვიცოდით მისი მდებარეობა და გამოფრენის წინ წავიკითხეთ ზღაპრები და მითები მის შესახებ.

მომიყევით ერთი, როგორ იყო ეგ ამბავი?

– მოხდა ისე, რომ 7 წელი ვიმუშავეთ შვებულლების გარეშე და გადავწყვიტეთ დაგვესვენა.მერე გადავწყვიტეთ უცნობ ქვეყანაში დასვებნება, არც ისე შორს ისრაელიდან, არამუსულმანური და თან არც ძვირიანი კომფორტით. ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო ქვეყანა, სადაც კარგი სასმელის დალევა შეიძლებოდა.

სასმელი რატომ იყო კრიტერიუმი?

– ამ დარგის სპეციალისტი ვარ. წიგნიც მაქვს დაწერილი მსოფლიოს ღვინოების შესახებ. ახლა ქართულ ღვინოებზე ვაპირებთ დაწერას.

რა უცნაურია, ისრაელში იმდენი საქართველოდან ამოსული ებრაელია, ნუთუ სულ არ გქონდათ წარმოდგენა, სად მოდიოდით?

– წარმოიდგინეთ, არა. არ მქონია არანაირი შეხება ქართველ ებრაელობასთან.

ჰო, როგორც გავიგე, ბახუღები ძალიან ძველი გვარის წარმომადგენლები ხართ. ებრაულ არისტოკრატიას მიეკუთვნებით.

– ჩემი გვარი ისრაელის „დამფუძნებლებიდან“ მოდის. მე არ ვაღიარებ როგორც ასეთი – არისტოკრატიას. ეგვიფტიდან გამოსული მონების არისტოკრატია სასაცილოდაც ჟღერს, უბრალოდ ვამაყობ, რომ ვარ ძალიან ძველი გვარის წარმომადგენელი.

დაგაკვირდით და საუბრისას ჩვენს ქვეყანას არ მოიხსენიებთ „ჯორჯიად“, როგორც ეს მსოფლიოშია მიღებული.

– ქვეყანა უნდა მოიხსენიო ისე, როგორც მას ამ ქვეყნის მკვიდრნი უძახიან. რატომ „ჯორჯია“, როცა „საქართველო“ და „ქართველი“ უფრო ლამაზად ჟღერს და, აქვე ვიტყვი იმას, რომ ძალიან ლამაზი ენა გაქვთ. ვტკბებით ხოლმე თქვენი დამწერლობის ცქერით.

მადლობა, ცოტა ამაჩუყეთ კიდეც. პროფესიით ბიოლოგი ხართ, თანაც „ხარისხიანი“.

– კი, ასეა, მაგრამ არ ვთვლი თავს ბიოლოგად. ყველგან ვამბობ, რომ ვარ ავტორი. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ისრაელია, წიგნის წერით ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფ. ამიტომ, საკუთარი გამომცემლობა დავაარსე. ისტორიული და სამეცნიერო ლიტერატურის გამომცემელი ვარ. ძირითადად დოკუმენტური პროზის.

ვიდრე ჩვენზე დაწერდით, სხვა ქვეყანაზეც გქონდათ დაწერილი?

– 15 წელი მოვუნდი ისრაელის დამფუძნებლების შესახებ წიგნის წერას. ჩემამდე ებრაელი ხალხის შესახებ არავის დაუწერია ჩემს ქვეყანაში. ჩემი ხარკი ისრაელის კულტურისადმი ეს იყო. მაქვს დაწერილი წიგნი ომზე, ჩემი მეომარი მეგობრის შესახებ ისრაელის ომში. მაგრამ ასეთი წიგნი უცხო ქვეყნის შესახებ, აქამდე არ დამიწერია.

გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეთ?

– კი, მოგვინდა დაგვეწერა იმაზე, რაზეც ზოგადად, არ იწერება. რაღაც პროვანსული ტიპის ლიტერატურა. რაც ნიშნავს იმას, – ხალხი იგრძნო შიგნიდან, რეალობით. ჩვენ უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედით და მერე ამ ქვეყანამ გამოიწვია ის, რომ ეს წიგნი დაიწერა. ქართველების საქციელმა ჩვენს მიმართ იმდენად გადაგვავსო, რომ ეს უნდა გადმოცემულიყო ქაღალდზე, რომ ჩემს ქვეყანაში წაეკითხათ თქვენს შესახებ. მიწოდებოდა ის ინფორმაცია, რომ ესაა ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, გაიცნო და ეს ის ქვეყანა რომ არაა, როგორი მშრალი ინფორმაციაც მის შესახებ ინტერნეტში ყრია.

დიდი სამუშაო გაგიწევიათ. ლექსიკონით, ასო–ასო თარგმნო ადვილი არაა, თანაც ენის ბარიერიც სერიოზული პრობლემაა.

– პირველი ჩამოსვლისას, ხუთი კვირის მანძილზე, ისე გადავივსეთ შთაბეჭდილებებით, 2009–ში როგორც კი მოგვეცა საშუალება, მის გასაგრძელებლად დავბრუნდით, თანაც 2008 წლის ომის ამბავიც ვიცოდით. ვწუხდით ამის გამო, გგულშემატკივრობდით. წიგნში ერთი თავი ამ თემას ეძღვნება. 2009–ში იმდენი ახალი გამოცდილება შევიძინეთ და იმდენი ახალი მოხდა, ამ ქვეყანაში, რომ დასრულების ნაცვლად, პირიქით, წიგნი თვალს და ხელს შუა გაგვისუქდა.

და მაინც, საიდან დაიწყო წიგნის წერა?

– მთაწმინდის პანთეონში ასვლის შემდეგ. წავედით მარტო. პანთეონის გზაზე მივიღეთ პირველი სასიამოვნო შოკი – გახვითქულებს და დაღლილებს შემთხვევით შეხვედრილმა ადამიანმა უსიტყვოდ, ცივი წყალი მოგვირბენინა და თქვენ ალბათ იცით ებრალეისთვის წყალი რა სიმბოლურია და ძვირფასი. პანთეონში რომ ავედით და იქაურობას შევხედეთ, მივხვდით, რომ ამ ადგილზე რაღაც დიდი საიდუმლოა და თუ ამას გავიგებდით, გავიგებ ამ ქვეყნის საიდუმლოსაც. ამოვიწერეთ ქართულად ასოები საფლავებიდან და მერე გადავთარგმნეთ ალფავიტიით ყველა სახელი და გვარი.

თქვენ რა მაზოხისტები ხართ?

– არა, ცნობისმოყვარეები.

მე ებრაელები ცოტა უფრო პრაგმატული და სერიოზული ხალხი მეგონეთ.

– 2007–ში ინტერნეტში რომ ილია ჭავწავაძეს აკრეფდი, ქუჩა ამოდიოდა და არა მასზე ინფორმაცია. მიწისქვეშა გადასასვლელში, ქართული პოეზიის ანთოლოგიას გადავაწყდით ინგლისურად და იქ გვეშველა. ჩვენ ვიცოდით 26 საუკუნოვანი კონტაქტის შესახებ ქართველებს და ებრაელებსშორის, მაგრამ თანამედროვეობაშიც, ბოლო ათწლეულების მანძილზეც თუ ამდენი საერთო ჰქონდათ ამ ერებს,ამდენი საერთო თვისება და უდიდესი თვითგადარჩენის ინსტინქტი, ვერ წარმოვიდგენდით. პოეტები, მწერლები და ზოგადად ინტელექტუალები არიან თანამედროვე ისრაელის შემქმნელები. ჩვენმა ინტელიგენციამაც სწორედ ის გზა გაიარა, რაც გაიარა თქვენმა ილია ჭავჭავაძემ. გაგიკვირდება და, მაშინდელი გაზეთების სათაურებიც კი ერთნაირია იმდროინდელი – „მაცნე,“ „დილა“ და ა.შ. ისრაელის ინტელექტუალურმა ნაწილმაც ისევე შექმნა ახალი ენა, როგორც ილიამ. იროდიონ ევდოშვილი და ილია ჭავჭავაძე ამიტომ წერდნენ ებრაელ ხალხზე, რომ ხედავდნენ მათ თანამედროვე პროგრესს. ახლა აქ ვართ ჩამოსული, რომ ქართველებს წარვუდგინოთ პირველად ეს წიგნი, ჯერ ისრაელშიც არ გაგვიკეთებია მისი პრეზენტაცია. ესაა ჩვენს მიერ მადლიერების გამოხატვა იმ ქართველების მიმართ, ვინც მაშინ დაგვეხმარა და პერსონალურად მივართვათ თითო ეგზემპლარი.

ქართველი მეგობრები თუ შეიძინეთ ამ ხნის მანძილზე და ხასიათში რა საერთო ნოუანსები აღმოაჩინეთ?არიან ისეთი კონკრეტული პიროვნებები, რომლებსაც ისრაელში იხსენებთ ხოლმე?

– შეიძლება, გულახდილად გიპასუხო?

კი აბა რა?

– გრძელვადიანი ურთიერთობა არავისთან ჩამოგვიყალიბდა . ვიფიქრეთ, რომ ენობრივი ბარიერის გამო. მეორე ვარიანტი – საერთო თვისება გვაქვს ქართველებს და ებრაელებს– ნაციონალური სიამაყე, რომ არ შეეხვეწო. მაგრამ მივხვდი რაშიცაა საქმე. ქართველები იმდენად ამაყ ხალხი ხართ, უბრალოდ გეუხერხულებათ, რომ ამ ეტაპზე იმის საშუალება არ გაქვთ, რომ თქვენი შესაფერისი პატივი სცეთ სტუმარს, მეგობარს და ამიტომ თავს არიდებთ ხშირ ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რა ფასეულობის თეფში და ჩანგალი ქონდა სახლში ვინმეს. ჩვენ ვწერდით ადამიანების შესახებ ამ ქვეყანაში. როგორც ჯავახიშვილი წერდა, „პატარა“, ვითომ ცხოვრებაში „უმნიშვნელო“ ადამიანებზე. ჩვენი წიგნით ებრაელებს ვეუბნებით, რომ წამოვიდნენ საქართველოში, იმიტომ, რომ აქ ყველაფერი საოცარია – ხალხიც, ქცევაც, ურთიერთობებიც. რომელ ქვეყანაში ხდება ეს, რომ იმის გამო რომ უცხოელია, საჩუქარი მიართვა? ფასს არ აქვს მნიშვნელობა. 2 დღე იცხოვრო და სვა იმ ადამიანის სახლში, რომელსაც ქუჩაში ლუდის ყიდვისას გადაეყარე, თან ისე, რომ არ გესმოდეს მისი ენა?.მესმის, რომ საქართველოში ებრაელზე პირველი ასოციაცია მოდის ვაჭრობა, ფული , ოქრო. ვართ ასეთი ხალხი, მაგრამ, ორივე ერშია კოდი – პირველად სული დავანახოთ ადამიანებს.

როგორც მეგობარი, რას გვირჩევდით ქართველებს?

– მნიშვნელოვანია რომ ქართველმა არ დაკარგოს თავისი იდენტობა. არ დაემსგავსოს ზოგიერთ სხვა ნაციას,გაწვრთნილებივით რომ ცხოვრობენ. სულიერი თავისუფლების შენარჩუნებაა მთავარი.

 

ერთი მნიშვნელოვანი, იქნებ უჩვეულო და სასაცილო პასაჟი – ვიდრე ამ წიგნს ისრაელში გამოსცემენ, ავტორებს დიდი სურვილი აქვთ თარგმნონ გალაკტიონის რამდენიმე ლექსი. ამისთვის კი 2 წელია ცდილობენ ნებართვის მოპოვებას. თარგმანზე ნებართვისთვის ისინი ისრაელში საქართველოს კონსულსაც კი დაუკავშირდნენ, რომელმაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც გასცა პასუხი – ეს ნებართვა ვერ მოგიპოვეთო. ისრაელის და ზოგადად მსოფლიო კანონმდებლობით, რომელიც საავტორო უფლებას ეხება, – ავტორის გარდაცვალებიდან 70 წელი უნდა იყოს გასული. როგორც კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, გალაკტიონის შემოქმედებიტ აღფრთვანებულებმა, დაიწყეს ნებართვის მოძიება. არ ვიცი, რამდენად დაინტერესდება და მივა თუ არა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ამ ადამიანების წიგნის პრეზენტაციაზე, მაგრამ, ეგებ წასვლამდე, ვინმემ გასცეს კომპეტენტური პასუხი – აქვთ თუ არა უფლება, თუნდაც „მე და ღამე“ , რომლის ინგლისური თარგმანის კითხვისას, ორივე ტირის, გააჟღერონ ის მშობლიურ ენაზე?

 

კატო ჩულაშვილი

"ქრონიკა+"

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...