Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

მონოპოლისტური „ოქროს სარაიები“ აგრო ბიზნესში ფერმერები აქციებით იმუქრებიან


katya

2.242 views

blog-0975118001381409648.jpg

  • ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სოფლის მეურნეობის აღორძინების და განვითარების პროექტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირებად აღიქმებოდა ქვეყანაში 1 აპრილიდან მიმდინარეობს. კალენდარული შემთხვევითობა სამწუხაროდ არასასიამოვნო დამთხვევაში გადაიზარდა. ზოგისთვის ეს პროექტი თავისი პერსპექტივით საპირველაპრილო ხუმრობად იქცა, ზოგისთვის – თავის მოტყუების მცდელობად.
  • თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, ყველაფერი გეგმიურად და პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მილიარდიანი აგრარული რეფორმის შეღავათიანი სესხების პროექტი თავიდანვე სამ კომპონენტად დაიყო. მთავარი აქცენტი სწორედ მის მესამე კომპონენტზე კეთდებოდა, როგორც ყველაზე აქტუალურზე. რომელი შორსმჭვრეტელი და შრომისმოყვარე ფერმერი არ ოცნებობს შეღავათიანი აგრო -სესხზე მილიონის ფარგლებში, თანაც, საქართველოში?
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღესაც აცხადებენ, რომ მესამე კომპონენტის ფარგლებში, მინიმუმ, 60 საწარმოს გახსნა იგეგმება.
  • მომქმედი და მომავალი ფერმერებისთვის აღნიშნული პროექტი საუკეთესო შანსია, ამიტომ, მასში მოხვედრის იმედი და სურვილი ბევრს ჰქონდა, თუმცა მეტ-ნაკლები ალბათობით. იმ ბევრიდან ძალიან ცოტას გაუმართლა. გასულ კვირას კი, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ის „ბედნიერი“ 49 კომპანია დაასახელა, რომლებმაც უკვე მიიღეს შეღავათიანი აგრო-სესხი. მეტიც, ბატონმა გიგლა აგულაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას ამ საწარმოების მათთან ერთად დათვალიერებაც შესთავაზა, რათა გაექარწ####ბინა მათი სკეპტიციზმი და ნეგატიური შეფასებები ამ პროექტის მიმართ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 49 საწარმოზე უკვე გაცემულია 8 573 300 აშშ დოლარი.
  • ამ „წარმატებულ“ პროექტს კრიტიკოსები არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებში, არამედ დარგით დაინტერესებული საზოგადოების დიდ ნაწილშიც ყავს. ოპტიმისტურადგანწყობილი ფერმერების რიცხვი თანდათან იკლებს, სამაგიეროდ, სკეპტიკურად და კრიტიკულად განწყობილების რიცხვი იზრდება და პროექტის მესვეურებს ტენდენციურობასა და არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ.
  • ძირითად ნაკლად პროექტში თავიდანვე საბანკო სისტემის მონაწილეობა სახელდებოდა. როგორც აღმოჩნდა, საბოლოო შედეგიც, ანუ დაფინანსებული პროექტებიც სწორედ ბანკების გადაწყვეტილებით იქნა შერჩეული. ამ სტრუქტურის სისწორეზე ეჭვი ადრეც არაერთხელ გამოთქმულა კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით. ამჯერად კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითზე და ბიზნესში სოციალური სამართლიანობის დეფიციტზე არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო სოლიდარობა“, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიო-ფერმერი, თეიმურაზ კობახიძე საუბრობს.

-
– ბატობო
თემურ, თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც დიდი იმედით ელოდა ამ პროექტის ამუშავებას, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩით. რას ეხებოდა თქვენი პროექტი და რატომ ვერ მოხვდა ის შეღავათიანი აგროსესხების პროექტში?

- – 4 ჰექტარი მიწა მაქვს საკუთრებაში, 4 წლის წინ შევიძინე, ჩემი სახსრებით, ალგეთის ხეობაში და დავიწყე ბიო-ფერმის პროექტის განხორციელება. 4 მიმართულებაა: თევზის მოშნება, კოლხური ხოხბის ნახევრადველურ პირობებში გამრავლება, ზანური და მეგრული ჯიშის თხების გამრავლება, ყველის და რძის წარმოება. პროექტს სერიოზული ექსპერტიზა აქვს ჩატარებული, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ფინანსური კუთხით. ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 20% ჩატარებულია. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის გამოცხადების შემდეგ ვიყავი პროექტის მომსახურე ყველა ბანკში და ყველასგან მივიღე უარი. მეგონა, ჩემში და ჩემს პროექტში იყო პრობლემა, თუმცა, სულ მალე უამრავი ჩემნაირი ადამიანი აღმოვაჩინე. გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი, რომელთა შესახებ არაერთხელ გავაჟღერე სხვადასხვა მედიაში. პრობლემები დასმულია ყველა შესაბამის ინსტანციაში. მათ შორის, შევხვდი პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს - გიგლა აგულაშვილს, რომელსაც მოვუყევი იმ არასამართლიანი პრაქტიკის შესახებ, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება აგრო-სესხის გაცემაზე ბანკების მიერ.

- –
ანუ ამ პროექტის მთავარი ნაკლი და პრობლემა მასში საბანკო სექტორის დიდი დოზით ჩართვა და გადამწყვეტი ფაქტორის მინიჭებაა?

- –კი, ბანკია პროექტის წამმართველიც, გადაწყვეტილების მიმღებიც და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არც პროექტების მართვის სააგენტო პროცესში არ ერევა.

- –
და ამ პრაქტიკის შესახებ აგულაშვილმა თქვენგან შეიტყო?

- – რა თქმა უნდა არა. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალოს, გამარტივდეს. მთხოვა, რომ ჩემი ბიზნეს-პროექტი, მოკლე ანოტაციით, გადამეგზავნა მისთვის ელ-ფოსტაზე და იგივე თხოვნა სხვა ფერმერებისთვისაც გადამეცა. 15 აპრილს გადავუგზავნე ჩემი ბიზნეს-პროექტი და ბატონი აგულაშვილისგან პასუხს და რაიმე საგულისხმოს დღემდე ველი. საქმის კურსში არიან სხვა მაჟორიტარი დეპუტატებიც - ბატონი ტრიპოლსკი, ბატონი ტყემელაძე. ბოლოს ზაქარია ქუცნაშვილსაც შევხვდი ეკონომიკის სამინისტროსთან და მასაც ვუთხარი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში თითქმის ყველა მიცნობს პირადად. საქმის კურსშია ფონდის ხელმძღვანელი, პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელიც.

- –
მათი საქმის კურსში ყოფნის მიღმა არსებობს უკვე კონკრეტული მოცემულობა - დაწუნებული, ანუ არდაფინანსებული და დაფინანსებული პროექტები. თვლით, რომ გადაწყვეტილებები ტენდენციურია?

- შეინიშნება ასეთი ტენდენციაც. მაქვს რამდენიმე კონკრეტული მასალა იმ ფერმერებზე, რომლებიც ბანკებმა აიძულეს შეღავათიან აგროპროექტში მონაწილეობის ნაცვლად ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი ან ბიზნეს-სესხი აეღოთ 25, 30%-იანი განაკვეთებით. ბანკების მხრიდან არ ხდება კანონიერი მოქმედებები. ამას საბოტაჟი ქვია იურისპრუდენციაში, - იძულების მომენტს სესხის აღებისას.

- საბოტაჟის ბრალდება არც ისე მარტივად დასამტკიცებელია, ანუ სერიოზული ბრალდებაა.

- იურისტი ვარ და მშვენივრად მესმის ამ ბრალდების სიმძიმეც და პასუხისმგებლობაც. ვიდრე ამ თემას განვავრცობდე, მინდა თავიდანვე მოვუხადო მადლობა ამ მასშტაბური და ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფერმერების და ზოგადად გლეხობის სახელით. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი შემდგომი შეფასებები არ იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, ამოჭრილი და გამოყენებული პატივცემული კოკა ყანდიაშვილის მიერ ბოროტად. ბოლო დროს ეს ტენდენციაც შეინიშნება. ჩვენი მადლიერების მიღმა არსებობს პროტესტი და დიდი იმედგაცრუება, რის შესახებაც, ვფიქრობ, ბატონმა პრემიერმა, როგორც ამ პროექტის ინიციატორმა, უნდა იცოდეს. ჩემთან კავშირზე

 

იმყოფება 169 მომქმედი და არამომქმედი ფერმერი, რომლებიც ვერა და ვერ ახერხებენ იმ ბარიერის გადალახვას, რასაც ქვია ბანკების მოთხოვნა. ბანკების სტანდარტებით , განსაკუთრებით მესამე კომპონენტში ხვდება მხოლოდ ის ხალხი, რომელთა საწინააღმდეგოც ჩვენ პირადად არაფერი გვაქვს. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ მათთვის ბოლო 9 წლის განმავლობაში, არც ბიზნესი წაურთმევია ვინმეს, არც უბრძოლიათ იმისთვის, რომ პირველი ოქტომბერი და გამარჯვება დამდგარიყო.ეს ხალხი მზა-მზარეულზე, ჩვენი ბრძოლის შედეგად მიღწეული შედეგებით სარგებლობენ. ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ქართული სოფლის მეურნეობა ასე ფეხზე ვერ დადგება. აგერ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, აგრარულ სექტორში სესხები არ აღემატება 3-4 %-ს. ჩვენთან ამას დავარქვით შეღავათიანი აგრო -სესხი, ამ შეღავათის მოლოდინი საზოგადოების უდიდეს ნაწილს გაუჩნდა, მაგრამ...

- აი ზუსტად ეს მაგრამაა საინტერესო. ალბათ კონკრეტული მიზეზები გამოიკვეთა - რა კატეგორია და რა კრიტერიუმით იღებს ასეთ შეღავათიან სესხს და რატომ გეუბნებიან თქვენ უარს? თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ ბანკის ფაქტორზე ვინმე ალაპარაკდებოდა იგივე პარლამენტში...

- ამაშია საქმე, რომ არავინაც არ ალაპარაკდა, არსად დასმულა საკითხი ასე. ჩვენს მიერ გადაგზავნილი პროექტებიც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარისთვის, არაა გამორიცხული, ვიღაცის პირად ინტერესებში მოხვედრილიყო.

- კიდევ ერთი ეჭვის საფუძველი?

- ახლა ხშირად იყენებენ არგუმენტად „გონივრულ ეჭვს“. და გვაქვს სწორედ გონივრული ეჭვი, რომ ჩვენი პროექტები მის და არა მარტო მის კერძო ბიზნესში განხორციელდეს. ცნობილია, რომ საგარეჯოს რაიონის სასათბურე მეურნეობა, „მწვანე კალათა“ დიდი წარმატებით ფუნქციონირებს და ის ბატონი აგულაშვილის ბიზნესია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იგნორირება შემთხვევითი არაა და ვიღაცის ინტერესებშია. ჩვენთან მოდის უამრავი ფერმერი და ისეთ ინფორმაციებს გვაწვდიან, გამაოგებელია. სამწუხაროა, რომ დღეს ისევ გვიწევს უსამართლობის, არასწორი მიდგომის, გულგრილობის და უპასუხისმგებლობის წინააღმდეგ დარაზმვა. სოციალური თანასწორობის აღდგენას ვითხოვთ. არაა ეს პროექტი სოციალური თანასწორობის შესაბამისი. მხოლოდ მდიდარი ხალხი ახერხებს მესამე კომპონენტში შეღავათიანი კრედიტის აღებას.

- სერიოზული ბრალდებაა სახელმწიფო მოხელეს სდებთ ბრალს სახელმწიფო რესურსის და კერძო ინტელექტუალური რესურსის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებაში.ამის დამტკიცებას შეძლებთ?

- გვაქვს კოპიოები აგულაშვილისთვის გაგზავნილი პროექტების მის ფოსტაზე.

- ეგ გასაგებია, მაგრამ რომ თქვას, არ გამომიყენებიაო? არამგონია, ეს იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი?

- ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადებში, არა დეკემბერ-იანვარში, ფონდმა დაიწყოს ჩვენი პროექტების შესწავლა და უმარტივესი გზებით მოხდეს მათი დაფინანსება. თვეების მანძილზე ბატონ ბიძინას გარკვეული წრეები უმტკიცებენ, რომ ქართველ ფერმერებს არ აქვთ იდეების, ფანტაზიის, ანალიზის უნარი. არადა უამრავი პროექტი დარჩა დაფინანსების მიღმა, მათ შორის ინოვაციური თემები, რომლებიც აქტუალურია.

- კონკრეტულად თქვენი პროექტი რა ბიუჯეტიანია?

- ჩემი პროექტი არის 200 000 დოლარიანი, მთლიანი პროექტი დაყოფილია 6 ტრანშად. შეზღუდვა ჩემს თავზე მაქვს დაწესებული დაახლოებით 80%-იანი უნაღდო ანგარიშსწორება. მე ბანკს ვუმტკიცებ, რომ ჩემი პროექტით არამიზნობრივი ხარჯვა გამორიცხულია. ბიზნეს-პროექტის რენტაბელობაში მეც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ბანკირებიც, რომლებიც იცნობენ ამ პროექტს. ბანკმა ჩემი მიწა შეაფასა 600 ლარად ჰექტარი, ხოლო თითქმის წელიწადნახევარია ირანის მოქალაქე ჩემს მიწაში, ბიზნესპროექტისა და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მთავაზობს ჰექტარში 6000 დოლარს. სხვაობას ხედავთ ხომ? თეთრიწყაროს რაიონს შესეულები არიან ინდოეთის მოქალაქეები საქართველოს მიწებს და ირანის მოქალაქეები. მე, ქართველს, რომელმაც ვიცი ამ მიწის ფასი, თავისუფალი და წარმატტებული ბიზნესის ფასი, შრომის ფასი, მაიძულებენ, ჩემს საკუთრებაში არსებული ბოლო ქონება, რაც გადაურჩა სააკავშირის რეჟიმს, გავყიდო და იმითი დავამთავრო ჩემი პროექტი, ან მივყიდო ვინმე უცხოელს. მე ვამბობ: მილიონი ევროც რომ გადამიხადონ. მიწა არ იყიდება, იმ პროექტს მაინც გავაკეთებ, მაგრამ გამუდმებით ვამხელ იმ არაკეთილსინდისიერ მოხელეებს, როგორიცაა პატივცემული აგულაშვილი, რომელიც ფაქტიურად ინტერესთა კონფლიქტის რეჟიმშია თავისი საქმიანობიდან.

- რას გულისხმობთ?

- მას აქვს შეუზღუდავი ხელწვდომა ბიზნეს-პროექტებზე და, აქედან გამომდინარე, არც არაფერს აკეთებს, ჩვენისთანა ფერმერების სიტუაციის შესამსუბუქებლად.

- ანუ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი? და სად შეიძლება მიგვიყვანოს?

- „სამოქალაქო სოლიდარობა“ ამ მიმართულებით სერიოზულ ღონისძიებებს გეგმავს. კეთდება საინფორმაციო ბაზა. უახლოეს დღეებში გვექნება სერიოზული აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ვინაიდან სხვანაირად ჩვენ ყურადღებას ვერ ვიქცევთ. ჩვენ არ ვითხოვთ მოწყალებას, იგივე მოთხოვნები არ გვაქვს ვთქვათ რაც იპოთეკარებს, რომლებიც ძალიან რთულად შესრულებადია, თუმცა, მათთანაც სოლიდარულები ვართ, ისევ ბანკების არაკეთილსინდისიერი ქმედებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვითხოვთ შღავათიან აგრო კრედიტს.

- ანუ ითხოვთ იმას, რა იდეით და დაპირებითაც მოვიდა ეს ხელისუფლება. იდეა იყო ფანტასტიური. სად დამახინჯდა? რომელ სეგმენტში? ვის მოუვიდა აზრად, რომ ამ პროექტში პირველი ვიოლინო ყოფილიყო ბანკი?

- ბანკის ამ პროექტში ჩართვა თავიდანვე იყო მახინჯი ფორმა.

- სხვა მექანიზმი არსებობდა სტრუქტურულად?

- კი, არსებობდა. ქვეყანაში, სადაც სფერო იმპორტზეა ორიენტირებული და ამის უკან დგანაან მონოპოლისტი იმპორტიორები, იმავდროულად ბანკების დამფუძნებლები და მეწილეები, არ შეიძლებოდა ბანკებზე ამ პროექტის გადაცემა. ამას დიდი ხნის წინ ვპროგნოზირებდით. ვიცოდით, რომ სისტემურ საკითხებთან ბრძოლა მოგვიწევდა. ის ხალხი, ვინც ამ პროექტის ჩავარდნის უკან დგას, ესაა ბანკი, იგივე იმპორტის მთავარი მონოპოლისტი. პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, ბატონ გიორგი ჩხეიძეს, დავპირდი რომ მივაწვდიდი საბანკო საბოტაჟის შესახებ კონკრეტულ ფაქტებს. ვფიქრობ, მისი მხრიდანაც იქნება რეაგირება ბანკებზე. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სანქციებიც გატარდეს მათთან მიმართებაში. ყველა ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა სარისკო სფეროა. მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, ვინც ეს კრედიტები გასცა. წლიური 30% განაკვეთით კრედიტი რისკიანი არაა და 3 ან 7% განაკვეთი რისკიანია? სწორედ ამას ვთხოვ შსს-ს, ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ, დაავალოს ანტიკორუფციულ სამსახურს, რომელთანაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ მე პირადად, ასეთი საქმეების გამოძიება.

- ანუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, საინტერესო ძიებისთვის?

- ძალიან მარტივი გამოსაძიებელია ეს საკითხი. ეროვნულ ბანკში არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც ექვემდებარება პროკურატურას, შსს-ს, ნახონ რა კრედიტებია გაცემული იმ რეჟიმში, რასაც შეღავათიანი აგროკრედიტი ქვია. დარწმუნდებიან, რომ სერიოზულ საბოტაჟთან გვაქვს საქმე. ჩვენი ამოცანაა ვამხილოთ სხვადასხვა უწყებები, კერძო სტრუქტურები და ამის შემდეგ გადავდივართ სერიოზულ ბრძოლაზე, რასაც ქვია არა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ჩვენი მონაპოვარის დაცვა. არ დავთმობთ და ამ გამარჯვებას არ დავანგრევინებთ ვიღაც ერთ მუჭა ხალხს. რომელსაც უნდათ ჩვენნაირი ხალხის კისერზე გააგრძელონ გამდიდრება. ანუ მოძრაობა, რომელსაც ქვია ფერმერთა მოძრაობა, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან იმოქმედებს და არ დაუშვებს ადგილობრივი და უცხოური მონოპოლიების გავრცელებას. ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაც კი, ბოლო 10 წელია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი მონოპოლიზირებული საბანკო და აგრო სექტორის წყალობით. მათი ქმედება რიგ შემთხვევებში შეიცავს ისეთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომელსაც ქვია ეკონომიკურ-ფინანსური საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ესაა დასჯადი მუხლი, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ძირფესვიანად უნდა ჩატარდეს ანალიზი ამ საკითხის და დამნაშავე პირები, დაისაჯოს.

ყველაზე ცუდი რაცაა სოფლის მეურნეობის კუთხით, ინფორმაცია, რომელიც აგროკრედიტებს ეხება, ფაქტიურად დახურულია. არაა ხელმისაწვდომი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იგივე ფერმერებისთვის. ვინ რა სიკეთე ნახა ამ ქვეყანაში? ჩვენი სურვილია, ქართველი გლეხი და ფერმერი ფეხზე დადგეს. ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ამ იაფიანი კრედიტით ისარგებლა. რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა?

- შეიძლება ამის არგუმენტი ოპონენტის მხრიდან იყოს ის, რომ პროექტი იყო ბევრი, არ იყო ამდენი ფინანსური რესურსი და შეირჩა ყველაზე ოპტიმალური პროექტები.

- ნებისმიერ წამოწყებას ჭირდება ის გუნდი, რომელსაც გულთან ახლოს მიაქვს საკითხი. მაგალითად მოვიყვან ელემენტარულ სტატსტიკურ მონაცემს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე დევს 11 სექტემბრიდან. არ შეიძლება არ გიხაროდეს, როცა ბატონი ფიფია ამბობს რომ 91 766 298 ლარი გაიცა აგროსექტორში შეღავათიანი აგროკრედიტის კუთხით, და ამ სიკეთით ისარგებლა 5 343-მა ფერმერმა. მაგრამ, როცა ჩავუღრმავდი ამ ციფრებს, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღე: პირველივე კომპონენტში 2685 ბენეფიციართა რაოდენობა, საერთო რაოდენობის 53%-ია. პირველ კომპონენტში გაცემული თანხა 1. 106 478 ლარია. ანუ, რომ გავყოთ საერთო რაოდენობაზე ფერმერების, რომელთაც ამ კომპონენტით შეეძლოთ 5000 ლარის აღება, უპროცენტი ექვსთვიანი განვადებით, გამოვიდა, რომ მხოლოდ 412 ლარით უსარგებლიათ ამ ფერმერებს და რატომ არ ისარგებლა ვთქვათ 1 412 ან 2 412 ლარით?

- თვითონ ამ ფერმერებს რატომ არ გაუჩნდათ ეს კითხვა? მეორე კომპონენტშიც იგივე სიტუაციაა?

- უარესი.მეორე კომპონენტი 100 ათას ლარამდე 7 %-დე სესხს ითვლაისწინებს. აქაც გვყავს 2 439 ბენეფიციარი. ამ კომპონენტზე მთლიანობაში გაცემულია 48 433 133 ლარი. გავყავით ეს ციფრიც ბენეფიციართა რაოდენობაზე და მივიღეთ 19 857 ლარი თითოეულ ფერმერზე, როცა შეეძლო აეღო 100 000 ლარამდე. აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია.

- ვერ ვხვდები, შეგიძლია აიღო 100 და იღებ 19 000-ს, ხომ არაფერი გვეშლება, ეგებ სხვანაირად ანგარიშობენ მაგ სისტემაში? მესამე კომპონენტზე რა ხდება?

- მესამე კომპონენტით თანხა გაიცა 200 ბენეფიციარზე. 25 591 932 დოლარი. ესეც ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესოა. შეიძლება ამ 200-ში იყოს 10-დე ბენეფიციარი, რომელმაც დიდი თანხა მიიღო, მაგრამ საერთო რაოდენობა საშუალოდ მივიღეთ 127 959 დოლარი თითოეულზე.

ახლა რაც შეეხება სტარტ-აფ-ის თემას. 11 სექტემბრის მონაცემებით 49 სტარტ-აფი დაფიქსირდა. სტარტ-აფ-ში ბანკები და ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტროც თვლის ისეთ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ წარმატებული ბიზნესი, მილიონიანი ბრუნვებით და უცებ გადაწყვიტეს რომ სოფლის მეურნეობაშიც ეცადათ ბედი. ამასაც მივესალმებით, მაგრამ, ჩვენ რა ვქნათ, ვინც 9 წლის განმავლობაში გაგვძარცვეს და ჩემნაირმა ძალიან ბევრმა ადამიანმა? დიდი მადლობა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ ფრაზას მაგონებს „ ყვარყვარედან“ - ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები მერეო?! ვერ მივაწვდინეთ ჩვენ პრემიერ-მინისტრამდე ხმა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერაფერში გვეხმარება, გაიძახის ყველაფერი კარგადაა და არც იმას გვეუბნება, რომ დაიცადეთ და ის ოქროს სარაია ოდესღაც თქვენთვისაც აშენდება. ბანკებს საერთოდ არ აინტერესებთ და დაგვცინიან. გამოსავალი რჩება აქცია, რომლითაც იქნებ მივიდეს ეს ინფორმაცია მივიდეს ბატონ პრემიერამდე.

- ამ სტრუქტურებში არაპროფესიონალიზმის თემა შეიძლება გამოვრიცხოთ? ეგებ არ იციან რას აშავებენ? სხვა თემაა ის, რომ რამდენად მომგებიანია ეს პროექტი ბანკებისთვის?

- არცერთს არ გამოვრიცხავ. ბანკებში არაპროფესიონალიზმის რა მოგახსენოთ, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონებში გახსნილ საკონსულტაციო ცენტრებში მომუშავე პერსონალიდან რომ არცერთს წარმოდგენა არ აქვს სოფლის მეურნეობაზე და მაღალ დონეზე მოწყოვილ კომფორტულ ოფისში დახმარებისთის მისულ გლეხს რომ კომპეტენტური პასუხის ნაცვლად ბუკლეტს აჩეჩებენ, ეგ ცნობილია. ყველაზე საინტერესო იცი რა არის? - შენ თუ შეღავათიან აგროკრედიტში სხვაობას აფინანსებ და იძახი რომ ესაა წარმატებული პროექტი და ბანკები პრობლემას უქმნიან ფერმერებს, მაგრამ ძირი და მთლიანი თანხა არის ბანკების, მაშინ ვერ გავერკვიე ვინ განსაზღვრავს ამ ქვეყანაში აგრარულ პოლიტიკას - სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ საბანკო სექტორი თუ ორივე ერთად, თუ მათ კიდევ შუაში ჩავამატებთ მონოპოლისტ-იმპორტიორებს. ამიტომ, ამის გარკვევას ვგეგმავთ სწორედ იმ გამაფრთხილებელ აქციით. ეს პროცესი თუ დიდხანს გაგრძელდა ისევ მონოპოლისტები ჩაიგდებენ ჩვენს მიწებს, სავარგულებს და 60%-დე მოსახლეობა შესაძლებელია აღმოჩნდეს მონურ მდგომარეობაში საკუთარ ქვეყანაში.

არ ვართ ჩვენ უცოდინარი და ზარმაცი ხალხი. ჩვენ პროექტების შიმშილი კი არა რესურსების შიმშილი გვაქვს.

- წესიერი ხალხის შიმშილიც ალბათ.

- ეგ მთავარი შიმშილია. არ გვყავს ხალხი, ან ძალიან ცოტა გვყავს, თავისი საქმე და თავისი ქვეყანა რომ ერთნაირად უყვარს. პროექტის ასეთმა განვითარებამ და სოფლის მეურნეობის დარგის კვდომამ დემოგრაფიული პროცესიც კი შეაჩერა. სოლიდარობით უნდა აკეთო საქმე და სიყვარულით. როგორც ბავშვი ჩასახული ბოროტებით, ვერ იქნება კეთილი და კეთილშობილი, ისე ხე არ გაიზრდება თუ არ მოეფერე და მოესიყვარულე. სახელმწიფოებრივი ინტერესების წინ დაყენება უნდა შეგვეძლოს. იმას რასაც ახლა ვაკეთებთ, არაა სახელმწიფოებრივი ინტერესები,, ესაა ნახევრადფეხმძიმე მდგომარეობაში არსებობა და ბუნებაში ნახევრადფეხმძიმე მდგომარეობა არ არსებობს.

კატო ჩულაშვილი

"ქრონიკა+"

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...