Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

რუსების ოლიმპიური პენალტი, მიშას დარჩენილი სამი პარასკევი და ნაცების კურტუმოწამოხდილი ჰერალდიკა


katya

2.808 views

blog-0000448001381247381.jpgჩვენი ყოველდღიურობის ერთ–ერთი აქსიომაა – სტატუსი უნდა სტატუსობდეს საზოგადოებაში და არა სოციალურ ქსელში...

ცნობილი და რეიტინგული გამონათქვამების „ქალი ვიცი ქუხნაში“ და „შედი ქალო ბუტკაში!“–ს ფონზე, ეგ აქსიომა კი არა, სრულუფლებიანი და კანონიერი სიბრძნეა, თუ ჭეშმარიტება არა.

კოაბიტურად ვეჩვევით და ვეგუებით, ვახერხებთ კიდეც, ახალი ტერმინოლოგიის ათვისებას და მის დანერგვა–გატარებას ცხოვრებაში. მაგალითად? როგორც იქნა განგვიმარტეს "მაღალი ეშელონებიდან", რა და როგორ ყოფილა ყბადაღებული „მიჯირყვნის“ სწორი ფორმა. ჰოდა სწორედ მაგ არასწორი ფორმის დამამკვიდრებლები ჩა–იჯირყვნენ ნებიერად გასული კვირის გარიჟრაჟზე. აბა რა ეგონათ?! ერთი კვირით ადრე ექსპერტების საპრემიერო სემინარზე რომ ბევრი ირაკრაკეს?

მაგათ თავი იმათზე უკეთესი პროფესიონალები გონიათ, იმათზე მეტად პრინციპულები თუ იმათზე სუბიექტურები?

თავისუფლების ხარისხზე შეიძლება ვიდავოთ – ზოგჯერ გიჟიც თავისუფალია...

და მაინც! ოხ, კოკა–კოკა! შე „ყანდურო!“

ამასობაში ეს ჩვენი „პლასტელინის კაცი“ თვალს და ხელს შუა იქცა ექოდ. მაგრამ, იმედია, 27 ოქტომბრამდე არ გაქრება. ოპტიმიზმის საფუძველს ის რეალობა გვმატებს, რომ, რაც წვერი დაყარა, კატასტროფული სისწრაფით მატულობს წონაში...

არადა, რასაც ეგ მოძრაობს, წესით, უნდა იკლებდეს, მაგრამ, ასე იცის სხვისი რეიტინგის ხარჯზე ენერგიის წვამ...

"მცოცავი" და "მხოხავი" ოკუპაცია მოვიხილეთ... აფხაზეთის მხრიდან, ალბათ, „მცურავს“ უნდა ველოდოთ ანთებული ჩირაღდნებით.

უარესებიც გვინახავს - მხოხავნი და მფორთხავნი...

სამაგიეროდ, ჩვენ ნამდვილად ვართ მსოფლიოში ერთადერთი და პირველი ქვეყანა ყველაზე მოძრავი საზღვრებით.

ბებიაჩემ ზინაიდა ილარიონოვნას ედგა ერთი ძველებური იაპონური შირმა საძინებელში. ლამაზი იყო და პრაქტიკული. როგორც გინდოდა ისე მიაკეცავ–მოაკეცავდი, გადადგამ-გადმოდგამდი... შემოიღობავდი სასურველ სივრცეს და თვალსაწიერს და იყავი ბედნიერად.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა უსიამოვნებას აქვს თავისი დადებითი მხარე.

აწი უფრო გულიანად და მადიანად შემოვუსხდებით გაშლილ სუფრას, სახრავი და გასაჯიჯგნი თუ გვექნა რამე და ვიმღერებთ სამ ხმაში:

ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე, საქართველოს საოცნებო გზები....

 

გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ის ქვეყანაა, კაცს რომ წაასწრონ ელექტროტრანსფორმატორზე შარდვის მომენტში, იმას კი არ დაუძახებენ, შეჩერდი, მოგკლავსო! გაიქცევიან და იმ ტიპის უკან რიგს დაიკავებენ...თქვენ კიდევ, აქ ოლიმპიადის მეჩირაღდნეს იწუნებთ...

 

მოკლედ, რუსებმა ოლიმპიური პენალტი დაგვირტყეს და კარში ვინ დგას კარში? ეგაა საქმე!

რას ვერჩით ამ პუტინს? ყოველ დღე სანთლებს უნდა ვუნთებდეთ წაღმა–უკუღმა. ის რასაც ეგ ტიპი ქართველების აზრზე მოსაყვანად აკეთებს, ბოლო 20 წლის მანძილზე ვერცერთმა დიდმა თუ პატარამ, მაღალმა თუ ჩია ქართველმა პოლიტიკოსმა შეძლო. თანაც, გუშინ ვალოდიას დაბადების დღე ქონდა!

მართალია, მისი ქმედებით ამხანაგი ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ რას ვიზამთ? უნდა გავიჭირვოთ ყველამ. აგერ, რა ხალხი საარსებო მინიმუმის გარეშეა დარჩენილი.

ვინ წარმოიდგენდა და შპს "გუდვილი" გაკოტრდა. მისი დირექტორი გიორგი შევარდნაძე გამწარებული ითხოვს სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას,

ნეტავ მკვდრადშობილი „პოპული“ ტარაკნების და ათასნაირი ბანჯგვლეულის გატანას ისევ ვერ აუდის დახლებიდან და პროდუქციიდან?

სამაგიეროდ, ყველა სად ვივლით აბა თუ გამოიცნობთ? კ-ზე იწყება კი... დიიიახ!

რა თქმა უნდა!

 

გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სპორტის სასახლეში. უკაცრავად, თქვე ერთმანეთის „ძმებო“ ნაციონალებო, და, რა სპორტია ეროვნული დროშის გაშარჟება?

პურის რა გითხრათ, მაგრამ, სანახაობა კი იყო რეზონანსული. ერთი კვირა ეყო საღ გონებაზე მყოფ საზოგადოებას საღადაოდ.

ხარაკირს თუ აპირებდით, გეთქვათ და ქილერს მოგაშველებდით, თვითმკვლელობა არაქრისტიანულია მაინც და მაგ მიუტევებელ ცოდვაში რას დგამდით ფეხს? წამყვანი , პარტიის თავჯდომარე, პარტიის გენერალური მდივანი, ჰიმნის „მომღერალი“, ორატორები და სპიკერები, დამსწრე საზოგადოება, ანუ სამკურნალო სტაციონარულ რეჟიმში სამკურნალო გულ– არა, ტვინ–შემატკივარი და საპრეზიდენტო კანდიდატი ხომ საერთოდ. გასულ კვირას მისმა მეორე ნახევარმაც კი აღიარა სახალხოდ – დათო თავიდან მსუბუქად გავიცანიო! ჰოდა დარჩა ეგეთი მსუბუქიც...

 

ნაპატივები პრეზიდენტი ისევ თავის ჯადოსნური ამერიკული ქურთუკში ჩა–ეკვეხა. ესეც რაღაცის ნიშანია. დღე–დღეზე ვადაგასული, მალფუჭადი და ტოქსიკური სააკაშვილი გვაფრთხილებს – დიდხანს ოცნება არ შეიძლება "დიდხანს თუ ვიჯდებით და ვიოცნებებთ გავიყინებითო."

ვითომ ხუმრობს?

როგორც პარტიის ახალმა დირექტორმა აღნიშნა, ახალ დროშაზე ახლობლების, თანამოქალაქეებისა და სამშობლოს სიყვარულია გაერთიანებულიო. საახლობლოს რაც შეეხება, ვეთანხმები. აი თანამოქალაქეებს და სამშობლოს შეეშვას, როგორმე თვითონ მივხედავთ.

 

ხუთიანი ხომ შეგვაძულეს, ვარდებიც, ახლა "ვალენტინობასაც" შეგვაძულებენ.

დაოთხილი გულების ფრიალი და კურტუმოწამოხდილი ჰერალდიკა აკლდა ჩვენს მოთმინების ფიალას...

ჰო, მკურნალობაზე გამახსენდა, დიდი თხოვნა მაქვს სტუდენტებთან, რომლებიც მედიცინის საფუძვლებს ეუფლებიან, ისწავლეთ რააა!!!

 

თბილისის მერიამ მეტროს უძვირფასესი ტყავი გააძრო და მის მაგივრად კედლებზე ელიავას ნაგავი გადმოფინაო.

დიდი ამბავი ! ამათაც უცებ არ მოსთხოვონ პასუხი. ჯერ ოქტომბერია ისევ და, ეგეც რომ არ იყოს, ლონდონის მეტროს პირველ მატარებლებს „საკანალიზაციო ტრამვაი“ ერქვათ, ბატონო... ევროპა–ევროპაო და სულ გვირაბ–გვირაბ მივიწევთ, რა გინდათ?

 

ჩემი აზრით ახალმა განათლების მინისტრმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და საგანი „ისტორია“ ამოიღოს სასწავლო კურსიდან. რატომ? აბა რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა ტყუილად ისტორია, თუ თავად ისტორია მაგათ მაინც ვერაფერს ასწავლის?

კიდევ ერთი კითხვა მაქვს ზოგადად მთავრობასთან: კოაბიტაციაში კარგად ამოზელილი კორუფცია ვაჭამოთ მომავალ თაობებს?

 

სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადებით, ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო ჩაწერა ბრალდებულის ნებართვით ხდებოდა. როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულს ბაჩო ახალაიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც ამტკიცებს. რას გეტყვით იცით? - როცა ასეთი „დიდი კაცი“ გიზით საკანში, მუდმივად უნდა შეუთანხმოთ, როდის რა ხასიათზეა, ვახ!

 

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ხუდონჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. ის ამბავი გამახსენდა, ოქრუაშვილი რომ „წითელ დირექტორებს“ და მინისტრებს დასდევდა. ყველაზე უხერხულ პოზებში იჭერდა და „ასფურცელა–მასაჟს“ უკეთებდა. ჭორად გამოვიდა მაშინ – როგორ იწვნენ „რეზბალნიცის“ ერთ პალატაში ავადმყოფი პატიმარი მირცხულავა და სამკურნალო ბრალდებული ჩხაიძე. მაგ ორში ერთ–ერთი თურმე საბანწაფარებული ჭამდა ღამ–ღამობით ჩუმ–ჩუმად მურაბებს, ოღონდ რომელი იხილებოდა და რომელი იხუჭებოდა, ეგ აღარ მახსოვს.

 

ზურაბ ჯაფარიძემ თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ფონდის შექმნის იდეა ნიკა გილაურს ეკუთვნის და პრეზენტაციაც მისი დაწერილიაო. კაცო, შეათანხმეთ მაინც ეს მესიჯ–ბოქსები! ეგ მაინც ხომ გეხერხებოდათ და რა ჯანდაბა დაგეტაკათ?

ყოფილმა პრემიერმა, ანუ გილაურმა, აი იმან, ტიტველ პაპუასებს რომ ცხვირი უხახუნა კოაბიტაციის რეჟიმში და ემოციებისგან ერთ საათში გაჭაღარავდა, პირდაპირ სტრასბურგიდან მოიწერა – რა ფონდი, რიი ატამი და რომელი გარგრი კურკი ტოლაო!?

ეგრე იცის „გულ“–გაშლილობამ და ორმხრივმა „სკვაზნიაკმა“...

რა ეშველებათ ზოგიერთი მინისტრის პრეს-მდივნებს, არ ვიცი. ისევ ადრინდელი გათიშული მობილურები ჯობდა... ფაქტია, თუ ახალი მთავრობის პირველი პირები ერთმანეთს გადაეკიდნენ, მაგათი ბრალი იქნება, ან, პირიქით - დამსახურება.

საზოგადოება სვამს ობიექტურ კითხვას – „ რა ნიშნით და უნარ–ჩვევებით ხვდებიან ასეთი ბატები“ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე?

ბატი არა, იხვი უფრო მგონია, მე აქ გარეული. ანუ, ჩვენებურად "უტკა".

რუსეთის თემა აქტიური იყო გასულ კვირას და ერთი საშვილიშვილო ამბის გამოტოვება არ იქნება – რუსეთის პოპ–დივამ, მართალია არაბუნებრივ ასაკში და არაბუნებრივი მეთოდით, მაგრამ მაინც „ხბო მოიგო“, ხბო კი არა, ხბოები. აი ასეთი მატებაა რუსეთის ელიტაში, თან წყვილ–წყვილ–ტყუპ–ტყუპად.

ახალგაზრდა ცოლის სტატუსი ყოველთვის საოცნებო იყო ალა ბორისოვნასთვის, სამაგიეროდ, „ახალგაზრდა დედის“ სტატუსს აწი ვეღარავინ წაართმევს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, რუსეთი თავს მიხედავს. ეს სამი კვირა კი ჩვენი გასაძლებია.

„პატრიარქის შემოდგომა“ კარსაა მომდგარი. მიხეილს სულ რაღაც სამი პარასკევი დარჩა...

თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველს ეს კალენდარული მონაცემები არ იძლევა.

არ ვიცი, დამესიზმრა თუ ცხადში იყო:

–მე იმდენი ფული მაქვს, მთელ დედამიწას თუ არა, მთელ საქართველოს მაინც ვიყიდიო, –დაიკვეხა ერთმა.

–და, საიდან მოიტანე, რომ მე მოგყიდიო, –უპასუხა მეორემ...

 

 

კატო ჩულაშვილი

"ქრონიკა+" 08.10. 2013

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...