განათლების სპეციალისტი: ვიდრე სახელმწიფოსთვის განათლების სისტემა არ გახდება პრიორიტეტული და პედაგოგის პროფესია არ იქნება პრივილეგირებული, მანამ გაუთავებლად ვიტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრომ პირველი და მეორე კლასის ქართულის სახელმძღვანელოებიდან გრიფი მხოლოდ ერთი ავტორის წიგნს მიანიჭა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს სახელმძღვანელოების არჩევანი ეზღუდებათ და მხოლოდ იმ ერთი წიგნით უნდა ისარგებლონ, რასაც სამინისტრო შესთავაზებს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში პედაგოგების აქტიური გამოხმაურება და მოსალოდნელი უარყოფითი შეფასებები მოყვა. თემის განხილვისას ცნობილი გახდა, რომ მსგავსი ვითარება არც აქამდე ყოფილა უცხო ინგლისურის მასწავლებლებისთვის, რომელთაც ყოველწლიურად მხოლოდ ,,ერთი წიგნიდან ერთის არჩევის“ საშუალება აქვთ.
დაწყებითი კლასების მასწავლებლებს განათლების სამინისტრო არჩევანის გარეშე რომ ტოვებს, ეს ერთი საკითხია და კიდევ უფრო საინტერესოა, თავად ეს ,,არჩეული“ და გრიფირებული სახელმძღვანელოები რამდენად პასუხობს მოსწავლის ინტერესებს, რამდენადაა მის საჭიროებებზე მორგებული და რამდენად აადვილებს სწავლების პროცესს?
ვიდრე ამ კითხვებით უშუალოდ განათლების სპეციალისტს მივმართავდით, მანამდე ერთ-ერთ იმ მშობელს გავესაუბრეთ, რომელიც ქართული სასკოლო პროგრამით თუ სახელმძღვანელოების როგორც ფორმით, ისე შინაარსით უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამს და მიაჩნია, რომ განათლება კომერციის წყარო არ უნდა იყოს.
მანანა ერქომაიშვილი, ფილოლოგი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი: სასკოლო სახელმძღვანელოებზე იმის თქმა შემიძლია, რომ ქაღალდიდან დაწყებული, შინაარსით დამთავრებული, ყველანაირად უხარისხოა. ჩემი მოსწავლეობის დროს, არასდროს იდგა პრობლემა, რომ წიგნების სიმძიმის გამო ბავშვს ჩანთის ტარება გასჭირვებოდა. ვერ ვხვდები, უფრო იაფი უჯდებათ გამომცემლებს ეს ქაღალდი თუ რატომ ბეჭდავენ ისეთ მასალაზე, რომელიც გაცილებით მძიმეა. კარგი იქნება, თუ სპეციალისტები ამ თემითაც დაინტერესდებიან.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, წიგნების სიმძიმეზე რომ გავამახვილეთ ყურადღება, გამომცემლები ადგნენ და ორ-ორ ნაწილად გაყვეს წიგნიც, რვეულიც და თითოს 15 და მეტი ლარი დაადეს ფასად. ესეც მორიგი უსინდისობაა მათი მხრიდან.
Quoteმესმის, ბიზნესია, მაგრამ განათლება არ არის ის სფერო, რომლითაც ფული უნდა აკეთო. განათლება არ უნდა გახდეს ფუფუნების საგანი, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
სახელმძღვანელოების შინაარსობრივ ნაწილს რაც შეეხება, მაგალითად, მუსიკას და ხელოვნებას პირველი კლასიდან მეათე კლასის ჩათვლით სწავლობენ და ამ სახელმძღვანელოებში რომ ჩავიხედე, უმაღლესის პროგრამა შემრჩა ხელთ. დღეს ჩემს მეექვსეკლასელ შვილს არაფერში სჭირდება იმის ცოდნა, რაც იქ წერია და თუ მომავალში თავად გადაწყვეტს, რომ მუსიკის შესახებ მეტი იცოდეს, შეუძლია სხვა სახელმძღვანელოებიდანაც ისწავლოს.
კომპლექსურ დავალებებზეც უნდა ვთქვა, რომელიც არის თავსატეხი, როგორც მოსწავლისთვის, ისე მშობლის და მასწავლებლისთვისაც.
ჩვენმა მათემატიკის მასწავლებელმა გვითხრა, რა ვქნათ, ჩვენც არ გვინდა მოსწავლეების წვალება, მაგრამ გვავალებენ და უნდა ვაკეთოთო.
ფილოლოგი ვარ, ქართულის კომპლექსური დავალება რომ მოიტანა ბავშვმა, წავიკითხე და გული გამისკდა, ისეთი ქართულით იყო ნაწერი და ისეთი შინაარსი ჰქონდა...
ამ დავალებების შესრულებაში ყველა მშობელი ვერთვებით, მე ქართულს, ხელოვნებას და მუსიკას ვითავსებ, მეორე მშობელი - მათემატიკას, სხვა კიდევ - სამოქალაქო განათლებას და ასე ვიმტვრევთ თავს.
თუ მშობელს არა აქვს სათანადო ცოდნა და არ არის ადეკვატური, დავალებების მომზადებისას ბავშვს კიდევ სხვა პრობლემებიც ექმნება. მით უმეტეს, თუ მშობლის მთავარი მოთხოვნა მაღალი ნიშანია.
Quote
მე მაგალითად, ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ჩემს შვილს ზოგიერთ აბზაცს ვუხაზავ და ვეუბნები, რომ რასაც ვტოვებ, მარტო ის წაიკითხოს, ვინაიდან დანარჩენი აბსოლუტურად უსარგებლო მასალაა.
ყველა მშობელს ხომ არა აქვს ყველა საგანში საკმარისი კომპეტენცია იმისთის, რომ ასე განუსაზღვროს თავის შვილს, რა ისწავლოს და რა - არა?
სკოლა უნდა აძლევდეს მოსწავლეს საბაზისო ცოდნას და არა იმას, რასაც უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიან.
ასევე, გამომცემლობა არ უნდა წყვეტდეს, ვინ უნდა იყოს სახელმძღვანელოს ავტორი. ერთს თავისი ფავორიტი ჰყავს, მეორეს - თავისი და თავადვე ჭრიან და კერავენ, როგორც უნდათ.
თუ რამეს იტყვი და გააკრიტიკებ, მაშინათვე ატეხენ ყვირილს, რომ მტრები ჰყავთ და ებრძვიან. არადა, რამდენი წლის წინ დაიწყეს განათლების რეფორმა, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ სასკოლო განათლების მხრივ საერთაშორისო კვლევების რეიტინგში ყოველთვის მაჩანჩალა ადგილზე ვართ. მადლობა ღმერთს, არსებობენ ისეთი შესაძლებლობების ბავშვები, რომლებიც ამ განათლების სისტემის პირობებშიც დიდ წარმატებებს აღწევენ, მაგრამ მე ვლაპარაკობ ჩვეულებრივ, საშუალო სტატიკურ, გონებაგახსნილ ბავშვზე, რომელსაც არ უნდა შეაზიზღონ სწავლა და უაზრო მასალების დაზეპირებაში არ დააკარგვინონ დრო.
ისტორიის წიგნი უვარგისი, ბიოლოგიის წიგნი უვარგისი, გეოგრაფიის წიგნი უვარგისი... საიდანღაც ნათარგმნი ან ინტერნეტიდან ამოღებული ტექსტებია პირდაპირ ჩატენილი, ისე, რომ ზოგი წინადადება ქართულად გამართულიც არ არის. მერე მასწავლებლები ცდილობენ, თავად შეადგინონ ტექსტები, გადააკეთონ მასალა და გვიგზავნიან ლინკებს, ახლა იქ შედით, ახლა აქ შედით, ამით იხელმძღვანელეთ. მართლა დავიტანჯეთ ყველა.
ქალბატონ მანანასთან საუბრის შემდეგ ჩვენ განათლების სპეციალისტს, ლელა ქისტაურს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ვიცით, რომ თანამედროვე სასკოლო ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელთა შორის ერთ-ერთი სახელმძღვანელოებს უკავშირდება. სახელმძღვანელოების ხშირი ცვლა, მოსწავლეთათვის უინტერესო ან რთული ტექსტები, შეუსაბამოდ შერჩეული თემები, ხარვეზები, ავტორების მიერ დაშვებული შეცდომი, ინტერნეტიდან დაკოპირებული ან კონკრეტული ასაკისთვის შეუფერებელი მასალა, ამ ჩამონათვალს რას დაუმატებდით ან რა არის ის კონკრეტული პრობლემა, რასაც თქვენ აწყდებით?
- თქვენ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემათაგან თითქმის ყველა დეტალზე გაამახვილეთ ყურადღება. ცხადია, შესაძლოა უფრო დაწვრილებით თითოეულ მათგანზე საუბარი, თუმცა, ეს ყველაფერი შედეგია და აჯობებს გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბროთ. რა გვაძლევს ამ მოცემულობას?
სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი სასწავლო რესურსია, რომელიც მასწავლებელმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნდა გამოიყენოს. მისი ხშირად შეცვლა თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ეს მიმართულია ამ რესურსის სრულყოფისკენ, რაშიც არ ვარ დარწმუნებული.
საინტერესოა, თავად ეროვნული სასწავლო გეგმა მისი თემებითა და მიზნებით თუ გვაკმაყოფილებს? გარკვეულწილად, ის ხომ არ არის ,,დამნაშავე” იმაში, რომ სახელმძღვანელოს თემები ხშირად არაავთენტურია, რთულია, უინტერესოა, ბევრია და ძნელად დასაძლევი კონკრეტულ კლასში კონკრეტული საგნის კონტექსტში?
- რამდენად გამართულია თავად გრიფირების სისტემა, თქვენ, როგორც პედაგოგს მოგწონთ ის კრიტერიუმები, რითაც წიგნებს არჩევენ ან რა ინფორმაცია გაქვთ, რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს ეს პროცესი?
- როგორც ვიცით, სახელმძღვანელოების შესაქმნელად ავტორებს არასდროს აქვთ გონივრული ვადები და სულ რატომღაც დაჩქარებულია ეს პროცესი, რაც მერე, თავის მხრივ იწვევს ხარვეზებს წიგნებში. წარმოუდგენელია, რამდენიმე თვეში მაღალხარისხიანი მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულის, მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელოს მომზადება.
საავტორო ჯგუფმა რაღაც სასწაულით რომც შეძლოს მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, საკითხავია, თავად კონკურსის გამჭვირვალობა თუ სანდოობა. შეიძლება ისეც აღმოჩნდეს, რომ ხარისხიანი წიგნი გამოეთიშოს კონკურსს და ვერ მიაღწიოს ბავშვებამდე. სამწუხაროდ, მსგავსი მაგალითები გვაქვს.
სახელმძღვანელოების შეფასება გრიფის მინიჭების პროცესში რამდენიმე ეტაპად ხდება. მაგალითად, არსებობს ტექნიკური კრიტერიუმები, რომლებიც წიგნს გრაფიკული მიმართულებით აფასებს (დასაშვები ფონტები, შრიფტების ზომა, დასაშვები ფერების გრადაცია, ვიზუალური და ტექნიკური თვალსაზრისით სახელმძღვანელოს სტრუქტურირება და სხვ). ტექნიკური კრიტერიუმები კონკრეტულია, მისი გადამოწმება ადვილია და არ ტოვებს მიკერძოვებული ინტერპრეტირების საშუალებას, რასაც ვერ ვიტყვით შინაარსობრივი კრიტერიუმებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ზოგადი, საკამათო და ორაზროვანია. მისი აღქმა დამოკიდებულია წამკითხველზე და ხშირად სადაოც ხდება. ცხადია, რეცენზენტების კვალიფიკაციასთან ერთად ეს პრობლემას ქმნის კონკურსის მსვლელობისას.
გარდა ნაკლებად მკაფიო და კონკრეტული შინაარსისა, თავად გრიფირების წესშიც არის კურიოზულად ურთიერთგამომრიცხავი დეტალები. მაგალითად ერთ-ერთი მკაცრი კრიტერიუმი არის ანონიმურობა. გრიფირების წესის მიხედვით, განაცხადის წარმდგენს არ უნდა გაეპაროს მაიდენტიფიცირებელი უმცირესი დეტალიც კი, რათა შესწორებისას მიკერძოება თავიდან იქნეს აცილებული.
ეს კატეგორიულობა თავისთავად კარგია, მაგრამ არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია. ხშირ შემთხვევაში წარდგენილი მაკეტების იდენტიფიცირება ძალიან ადვილია, რადგან ავტორებს სახელმძღვანელოს მხოლოდ 30%-ის შეცვლის აუცილებლობა აქვთ, დარჩენილი 70% კი ილუსტრაციების, მაორგანიზებელი ელემენტების, ტექსტების, გამოყენებული მეთოდოლოგიის და ა.შ. დახმარებით ადვილად ამოსაცნობია.
გარდა ამისა, გრიფის მინიჭებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა საავტორო ჯგუფთან, ვინც ბარიერი გადალახა, ინიშნება რეცენზენტების საკონსულტაციო შეხვედრა ვიდეოზარის ფორმატში, სადაც პირდაპირ არის გათვალისწინებული კონკრეტული მაკეტის ავტორის/გამომცემლობის იდენტიფიცირება.
ჩნდება კითხვა, როგორ გამოდის პროცესი ანონიმური ამ ყველაფრის გათვალისწინებით?
ამ მოცემულობაში კიდევ უფრო ტრაგი-კომიკურია ერთი შემთხვევა: წელს ერთ-ერთი გამომცემლობის მე-11 კლასის სახელმძღვანელოში გაიპარა მაიდენტიფიცირებელი დეტალი და მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა შემფასებლებისგან 100-დან 100 ქულა მიიღო, კონკურსიდან მაინც მოიხსნა და გრიფის გარეშე დარჩა.
- რამდენად თავისუფლები არიან პედაგოგები სახელმძღვანელოების არჩევანში?
- 2006-2007 წლებიდან მოყოლებული, უმეტეს შემთხვევაში თითოეულ საგანში ყოველ ჯერზე რამდენიმე (სამი) სხვადასხვა სახელმძღვანელო იღებდა გრიფს, რაც თეორიულად მასწავლებლებს საშუალებას აძლევდა შეერჩიათ სასურველი კომპლექტი. 2023-2024 სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტრო სკოლებს სხვადასხვა საგანში განსხვავებულ პირობებს სთავაზობს. არის საგნები, სადაც მასწავლებლებს ერთადერთი წიგნი შესთავაზეს ,,ასარჩევად”.
გარდა ამისა, 2018 წლის გამოცდილებით (დაწყებით საფეხურზე წინა გრიფირების პროცესი სწორედ 2018 წელს გაიმართა), იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებმა შეარჩიეს ერთი და შემდეგ სკოლებში მიუტანეს სულ სხვა ავტორების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები, როგორც სავალდებულო.
მასწავლებლები ახლაც ღიად გამოთქვამენ წუხილს ამ საკითხზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის კომენტარებს.
- რა შეგიძლიათ მითხრათ კომპლექსური დავალებების შესახებ, რომელიც უფრო მშობლისთვის მიცემული დავალება გამოდის არა - მოსწავლისთვის? ზოგიერთი მშობელი იმასაც აღიარებს, რომ ხშირად მატაც უჭირთ ამ დავალებების გააზრება და შესრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლა კომპლექსურმა დავალებამ და რამდენად სწორად მოდის ის თქვენამდე, მასწავლებლებსაც გაგირთულათ საქმე თუ პირიქით?
- ბოლო რამდენიმე წელია განათლების სამინისტრო უამრავ რესურსს ხარჯავს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე. მისი ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სწორედ კომპლექსურ დავალებებზე გადის. ამ მოდელს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები, თუმცა, მოთხოვნა მოთხოვნაა და სახელმძღვანელოების კომპლექსურ დავალებებზე გადაწყობა მოითხოვეს ბოლო გრიფირების დროს.
ცალკე აღებული კომპლექსური დავალება კლასიკური გაგებით, როგორც დავალების ტიპი, შეიძლება არ წარმოადგენდეს პრობლემას: მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ, კონკრეტული ცოდნის მიღებისა და უნარების განვითარების გზით დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდასთან ერთად მიდის საბოლოო პროდუქტის შექმნამდე; როგორც მუშაობის პროცესში, ისე დასრულების შემდეგ იღებს განმავითარებელ კომენტარს, ძლიერი თუ იმ ეტაპისთვის გასაძლიერებელი მხარეების მითითებით; თავადაც აფასებს საკუთარ მუშაობას, სახავს სამომავლო მიზნებს და ა.შ. ეს ყველაფერი მომხიბვლელად ჟღერს, ხომ ასეა?
საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ ამ მხრივ, (IB პროგრამა, IPC პროგრამა და სხვ.) ბევრ ქვეყანაში მეტ-ნაკლები მოდიფიცირებით გვხვდება მსგავსი მიდგომა.
აბა, რა ხდება? რატომ იქცა ჩვენთან ყბადაღებულ თემად?
პრობლემა აქ მართლაც კომპლექსურია და, შესაძლოა, კრიტიკულ კითხვებს ვერც ამ შემთხვევაში ავუაროთ გვერდი.
მე მისწავლებია საერთაშორისო მიდგომებით და ზუსტად ვიცი, ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ აღჭურვილ სკოლაშიც კი, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსის კუთხით, რა დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა მსგავს სისტემაზე გადასაწყობად.ჩვენი განათლების სამინისტროსგან განსხვავებით, საერთაშორისო გამოცდილებით გაზიარებული პროგრამა, რესურსები თუ სასწავლო მასალები იქ არ იყო მოწოდებული ხარვეზებით სავსე, აჭრელებული, ათასჯერ გადაწერილი, დაუხვეწავი ვორდის დოკუმენტების სახით (შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამინისტროს მიერ მასწავლებლებთან გაგზავნილი ნიმუშები, მატრიცები, კრიტერიუმები…) და არც შემოქმედებით მიდგომასა თუ კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოქნილობას უზღუდავდა მასწავლებელს.
ერთია, რა უნდა სამინისტროს, როდესაც მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო
გეგმას ნერგავს და მეორეა რეალობა - უამრავ მაგალითზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რა გამოუვიდა ამ ეტაპისთვის: ხშირ შემთხვევაში ეს არის თვითმიზნად ქცეული, კლასის/მოსწავლის რეალურ საჭიროებებს აცდენილი, მხოლოდ დოკუმენტებში გაწერილი, ერთფეროვანი, ბუნდოვანი დავალებები, რომლებიც მეტაკოგნიტური უნარების განვითარების ნაცვლად მოსწავლეებში კლავს მოტივაციას, დამატებით ტვირთად აწვება მშობლებს, ხშირ შემთხვევაში ახშობს შემოქმედებითობას და ახალისებს პლაგიატს.
Quoteუამრავი ჯგუფია სოციალურ ქსელში, სადაც ზოგჯერ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ითხოვენ ან, პირიქით, სთავაზობენ შესრულებულ კონკრეტულ კომპლექსურ დავალებებს/პროექტებს, მაღალი შეფასების მიღების გარანტიით.
მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითების მიზეზი ხშირად ხდება კომპლექსურ დავალებაში მიღებული შეფასება, უფრო სწორად, ის უსამართლობა, რასაც ისინი აწყდებიან, როცა მშობლის ან რეპეტიტორის ნამუშევარი უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს აჩვენებს და მოსწავლე, რომელიც ამ ნამუშევარს საკუთარ ნაშრომად მიიწერს, ბევრად მაღალ შეფასებას იღებს, ვიდრე ის, ვინც დამოუკიდებლად, თუმცა ნაკლები ხარისხით შეასრულა დავალება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვები: სამინისტროს მხრიდან ხომ არ არის ეს კიდევ ერთი მაგალითი ექსპერტული სიბრმავის (Expert Blindness)?
ხომ არ იქცა თვითმიზნად და კიდევ უფრო დიდ ბუტაფორიად მთელი ეს პროცესი?
რამდენად შესრულებადია ის მოლოდინები, რაც სამინისტროს აქვს ამ მიმართულებით, ჩვენი სკოლების მდგომარეობის გათვალისწინებით?
რამდენად საკმარისია ის ძალისხმევა, რაც მასწავლებლების მხარდაჭერის კუთხით გასწია სამინისტრომ?
ამ დიდ გაწამაწიაში კიდევ ერთხელ ხომ არ ჩაგვეკარგა მოსწავლეების საუკეთესო ინტერესები?
Quoteჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა მძიმე დაღისგან და სამწუხაროდ, მხოლოდ ფურცლებზე წარმატებით შესრულებული პროექტების მდიდარი გამოცდილება გვაქვს. ხომ არ ვაგრძელებთ ამ მავნე ,,ტრადიციას”?
- თქვენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდით, სკოლაში, სახელმძღვანელოებში, პროგრამაში? რომ შეგეძლოთ, რის მიხედვით მიანიჭებდით გრიფს, ამა თუ იმ ავტორის წიგნს და რის გამოსწორებას, რის გაკეთებას ისურვებდით სახელმწიფოსგან სასკოლო განათლების მიმართულებით?
- გარდა იმისა, რომ ცოტა ძნელია არა მხოლოდ ერთმა პასუხმა, არამედ ერთმა სტატიამაც დაიტიოს აქ ჩამოთვლილი ყველა საკითხი, მაპატიეთ და ცოტა რიტორიკულიც გამოდის ეს კითხვები.
ბოლოდან დავიწყებ და მერე დანარჩენსაც ეშველება, ჩემი აზრით.
მეტი კომპეტენტურობა, ობიექტურობა და გამჭვირვალობა, ნაკლები ნეპოტიზმი, არაპროფესიონალიზმი და კორუფცია. ოღონდ, ეს არ მგონია, ერთი ხელის მოსმით და თან მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში იყოს საჭირო.
ვიდრე სახელმწიფოსთვის, არა რომელიმე კონკრეტული საფეხური (თუმცა, დღეს არც ეს გვაქვს), არამედ მთლიანად განათლების სისტემა არ გახდება პრიორიტეტული და პრიორიტეტულობა არ აისახება გრძელვადიან თანმიმდევრულ პოლიტიკაში (რომელიც არ იქნება მიბმული საკადრო ცვლილებებზე, როცა ყოველი მომდევნო მინისტრი ე.წ. რეფორმების ახალ კასკადს იწყებს და მთლიანად უგულებელყოფს, ცვლის მანამდე არსებულს), ბიუჯეტირებიდან დაწყებული და დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეალური რეფორმებით დამთავრებული; ვიდრე არ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა საგანმანათლებლო დაწესებულებებში; ვიდრე რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის (არა სქემა სქემისთვის და ტრენინგები ტრენინგებისთვის, ბუტაფორიულად, როგორც დღეს გვაქვს); ვიდრე განათლების სფეროში მომუშავე ადამიანის პროფესია არ იქნება პრივილეგირებული და სამსახურეობრივი მოვალოების შესრულებისთვის მიღებული ფინანსური სარგო არ მისცემს მას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას, მანამ გაუთავებლად ვიტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე, განუწყვეტლივ ვისაუბრებთ ცალკეულ ხარვეზებზე და ძალიან დიდხანს არ შეიცვლება არაფერი სასიკეთოდ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ცალკეული წარმატებული პრაქტიკებისა და პრეცედენტების არსებობა ვერ ცვლის მთლიან სურათს და არც საერთაშორისო კვლევებში მონაწილე ჩვენი მოსწავლეების შედეგებზე დაკვირვება გვაძლევს პოზიტიული პროგნოზების გაკეთების საშუალებას.
ირმა ბერიშვილი
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.