ჩვენი დროის გმირები ანუ წაგებული ომის რევანშის მოლოდინში
ამ მასალის დაწყებას სხვაგვარად ვაპირებდი, რომ არა, ჯერ კიდევ ჩვენი პრეზიდენტის ერთი ცხელ–ცხელი ფრაზა – „ ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს "გარაჟში."
ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა სააკაშვილს ვეთანხმები, გმირები ავტო- ფარეხებში არ უნდა ცხოვრობდნენ. გმირებს, ზოგადად, ომის ვეტერანებს, სხვაგარად აფასებენ თავმოყვარე ქვეყანაში. გმირთან ყველა ვალშია, რადგან ის ჩვენი სიმშვიდისთვის და მიწისთვის რისკავს ყველაზე შეუფასებელს – სიცოცხლეს.
სააკაშვილი კი ის შეთხვევაა, რომელმაც შექმნა „საკუთარი გმირები“, ხოლო ყველა დანარჩენი ცამ ჩაყლაპა, უმადურობამ თუ ისტორიამ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. არადა, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, უმეტესობის ყოფას მხოლოდ სიტყვა "არსებობა" შეეფერება, მაგრამ ისინი არიან მეომრები, ნამდვილი მეომრები და ცხოვრების უსამართლობასაც ისეთივე შემართებით ებრძვიან, როგორც მტერს. უკვე 21–ე წელია დაიარებიან გახსნილი ჭრილობებით – დაღუპული მეგობრების ხსოვნით, წაგებული ომის ტრაგედით, ღალატის ტკივილით და რევანშის სურვილით. მათი მთავარი საფიქრალი – დაბრუნება...
ახლა კი ის, რამაც ეს ყველაფერი დამაწერინა:
27 სექტემბერი ახლოვდება და ახლა ბევრი იწერება აფხაზეთზე, სოხუმის დაცემაზე, შეცდომებზე, პიროვნულ და ეროვნულ ტრაგედიებზე.
ჰო, სექტემბერში ყველას გვახსენდება აფხაზეთი.
რამდენიმე დღის წინ ერთმა მეგობარმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „ეეეჰ ... 27 სექტემბერი ახლოვდება ... ისევ ტრაგიკულ ნოტაზე ... 20 წლის წინ მტერთან გმირები ვიყავით წაგების მიუხედავად, ... ახლა ჩასვრილი ცვედანები ვართ ნაცებს გადარჩენილები ... შვილიშვილს რა პასუხი გავცე ...“ ამ სიტყვების ავტორზე შემდეგ ნომერში გიამბობთ, ამჯერად სხვა მეომრის ისტორიას გთავაზობთ, რომლის შესახებაც მისგან გავიგე შემთხვევით, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გამოქვეყნებული ქართველი ვეტერანის ფოტო გააპროტესტა – „ვეტერანი და ნამდვილი მეომარი მოწყალებას არასოდეს მოითხოვს, თავის ლუკმა პურს თავად იშოვნისო“... და მაგალითად ჩვენი დღევანდელი გმირი დაასახელა. გმირად მისი მოხსენიება უბრალოდ სიტყვის მასალა არაა. მისი ნახვა და გაცნობა ნებისმიერს შეგიძლიათ ქალაქის ცენტრში, მშრალ ხიდზე. მას ყველა იცნობს, ნებისმიერს ჰკითხეთ „გენერალი“ და მასთან პირადად მიგაცილებენ...
აფხაზეთის ომში "პაპას" უძახდნენ თამაზ ფინთურიას. ამ ომში ბევრი „პაპა“ იყო თითქმის იდენტური ისტორიით. ის ერთ–ერთი მათგანია – შვილი გაისტუმრა ომში და გაგრის დაცემის შემდეგ თავადაც მოხალისედ წავიდა.
პირველივე შემხვედრს ვკითხე, „გენერალზე“. ისე გაოცებულმა მკითხა, – თამაზს ეძებო? რაის გენერალია ეგ, ლოთიაო! ოღონდ "ლოთი" ისეთი სითბოთი თქვა, მივხვდი, ვიღაც კარგი ტიპი უნდა მენახა.
15 ნაბიჯში "გამცილებელმა" იმდენი შეძლო, მივხვდი, ამაყობდა, რომ "გენერალთან" მივყავდი... – კარგი კაცია თამაზი. მაგის ბიჭის დაკრძალვაზე დავით თევზაძეც იყო მოსული, დაფასებული კაციაო...
ჰოდა, ვისხედით მე და ის "დაფასებული კაცი" დედა ენის სკვერში დიდხანს. მიატოვა თავისი სავაჭრო ადგილი და მიყვებოდა ომზე. აშკარად დავღალე, კიდევ კარგი, წვიმამ დასცხო...
–წაი ახლა ბიძიკო, თორემ გამიცივდები აქ შენ და მერე ვის ეყვარება სამშობლოო? – თან თვალი ჩამიპაჭუნა...
ჩვენი დიალოგის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ამ ხალხს წაგებულ ომზე საუბარი არ უყვარს. მომავალ, მოსაგებზე კი ერთნაირად უბრწყინდებათ თვალები.
– ანუ იმ 300 კაცში იყავით?
– კი, ცოტანი ვიყავით. ტექნიკა და ხალხი გამოგვყავდა სამშვიდობის. იქ ბევრი დარჩა, მეომრებს ვგულისხმობ..
– რატომ? განხეთქილება იყო გვარდიაში?
– არა. განხეთქილება არ ყოფილა. ალბათ უფრო გაურკვევლობა იყო.
– ცუდი რამაა ომში გაურკვევლობა. რთული გზა იყო არა კოდორის გზა?
– ახლაც ყურში მიდგას ქალების , ბავშვების ხმა, როგორ წვალობდნენ. ჩვენს თავს ვინ ჩიოდა.
– ომში როგორ მოხვდით?
– მოხალისედ წავედი, ჩემი შვილი მსახურობდა იქ. გაგრა რომ დაეცა, ხელში იყო დაჭრილი. რა მომასვენებდა სახლში. მონადირე კაცი ვარ, იარაღთან ახლოს ვარ. იარაღის ჭერა მე ვასწავლე. გადაირია, სად მოდიხარო? თავიდან სოხუმში მოვხვდი, იქამდე თბილისის ზღვაზე გავიარეთ ერთთვიანი მომზადება.
– ერთად იბრძოდით?
– ბრიგადა ერთი იყო, მაგრამ სხვადასხვა ბატალიონში ვიყავით. ის შავნაბადაში იყო.
– ორივე მამა–შვილი ცოცხალი გამოხვედით.
– კი, ომიდან ცოცხლები დავბრუნდით,მაგრამ, მაინც მომასწრო ცხოვრებამ მის სიკვდილს.
– ყარყარაშვლი გამოსვლისას მოლაპარაკებებს ვინმესთან აწარმოებდა?
– მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან. იმ პერიოდში ეგ იყო ჩვენი ამოცანა – ხალხი გამოგვეყვანა.
– ოჩამჩირიდან გამოსვლის ბრძანება მოულოდნელი იყო?
– რა თქმა უნდა.. ზოგიერთები თავისი ინიციატივით დარჩნენ იქ. ბოლო შეტაკებისას რუსებმა თანამედროვე აღჭურვილობა გვანახეს. ისეთი დამცავი აღჭურვილობა ქონდათ, საგონებელში ვიყავით. მერე ბიჭებს ვურჩიე, მუცლის ქვევით დასცხეთ მეთქი... დავცხეთ და გამოგვივიდა...
– ყარყარაშვილი უმკაცრესი იყო წესების დამრღვევ მებრძოლებთან. ჩვენთანაც ხდებოდა მაიმუნობები.
– რა მაიმუნობა? წამალი?
– არა, რა წამალი, მოროდიორობაზე ძალიან სიმკაცრე იყო.
– ბევრმა მითხრა, ალაფი ომის წესიაო, თუმცა ეს ძნელი გასაგებია. თქვენ, მეომრებს, ხელფასს არ გიხდიდნენ მაშინ ხო?
– მოხალისეებს არა.
– მიტოვებულ ოჯახებს როგორ ინახავდით? კვება და ტანსაცმელი მაინც თუ გქონდათ საკმარისი?
– იარაღით სახელმწიფო გვამარაგებდა, კვებას ადგილობრივი გამგებლები უზრუნველყოფდნენ.
– აბა რომ ამბობდნენ, ხალხს სახლებში უვარდებოდნენ საჭმლისთვის გვარდიელებიო?
– ვინ ამბობს მაგას?
– რა ვიცი, ამბობენ.
– ტყუილია ეგ, ალბათ ერთეული შემთხვევა თუ იქნებოდა გვარდიაში, ისიც ქუჩაში ან ტყეში თუ გადააწყდებოდნენ რამეს – ქათამს, ღორს...ყარყარაშვილის ბრძანება იყო, არ გაბედოთ, არ წაბილწოთ სახლებიო. მსგავსი ინფორმაცია პირდაპირ მასთან მიდიოდა და ტყავს აძრობდა. იყო შემთხვევები, მერე ვინც ამ ბრძანებას არ ემორჩილებოდა და ბრაზდებოდა, მხედრიონში გადადიოდნენ.
– ანუ იქ არ იყო ისეთი წესრიგი?
– ომი კარგი ტესტია, უცებ გამოჩნდება, ვინ რისთვისაა იქ წასული. თავზე რომ გადაგივლის პირველი ტყვია, მაშინ ხვდები ან თვითონ ვინ ხარ, ან გვერდით მდგომი ვინაა?
– ოჩამჩირეში რომ ზვიადისტები იყვნენ, მაგათთან კონფლიქტები იყო?
– კი, იარაღს და სურსათს გვართმევდნენ, ქალებსაც კი ჩხრეკდნენ. ხუნტის ლეკვები ხართო, ჩაგვაბარეთ იარაღიო.
– მშვიდობიანი მოსახლეობის და დევნილის დაწიოკება სად გაგონილა? მასეთ სიტუაციაში ხომ ნებისმიერის ოჯახი და ახლობელი შეიძლება აღმოჩნდეს. მე 10 წლის უნახავი მამიდა ვნახე სოხუმის დაცვის დროს. იქ დარჩა და არ ვიცი რა ბედი ეწია.
– წარმოშობით საიდან ბრძანდებით?
– სენაკიდან. დაზვერვაში იმიტომ მოვხვდი, მეგრულად ვლაპარაკობდი კარგად. შევდიოდი აფხაზების მხარეს და საჭირო ინფორმაცია გამომქონდა.
– პირველად რომ ისროლეთ და მოკალით ადამიანი, რა შეგრძნება იყო?
– რომ გითხრა გადასარევიო, დამიჯერებ? ინსტინქტია მანდ პირველი, დაასწრებ თუ დაგასწრებს. ან შენ და ან ის.
– ითვლის მეომარი თავის მსხვერპლს?
– როცა ალყაში ხარ, მაშინ ითვლი. მერე ანალიზს უკეთებ...
– სოხუმის დაცვაში მონაწილეობდით?
– ბოლო წუთამდე.
– რამდენხანს მიდიოდა ბრძოლები?
– ერთი კვირა ალყაში ვიყავით.
– თქვენი მეგობარი ბევრი დაიღუპა იქ?
– აქ რომ ჩამოვედით, ნახევარზე მეტი ვეღარ ვიპოვეთ. მერე მოვიდა ინფორმაცია, რომ დარჩნენო. ტყვედ ჩავარდნენ... აღარ გვინახავს მერე.
– ყველაზე მძიმე ბრძოლა რომელი იყო?
– რუსებთან ყველა ურთულესი იყო.
– იყო პერიოდები, როცა არ ომობდით,, მაგ პერიოდში რაზე ფიქრობს მებრძოლი.
– მაგ დროსაც ვერ დუნდები, გადარჩენის ინსტინქტი მუდმივად ფხიზლად გამყოფებს.
– ჰო, ტყვია ლატარიაა...
– ბევრს შეუცვალა ფსიქიკა ომმა.
– დაჭრილი იყავით?
– კონტუზია მქონდა, 5 მეტრში აფეთქდა ნაღმი. ტალღამ მისროლა.
– რამდენი შვილი გყავდათ, როცა წახვედით?
– 6. ერთი ქალიშვილი, მერე შეგვეძინა.
– ცოლი როგორ ეგუებოდა ქმარ–შვილის ომს?
– თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი და ისიც იქაურ მომარაგებაზე და საქმეებზე დავრბოდით. ბრძანება იყო მთავრობის, მეომრების ოჯახებს დახმარებოდნენ პროდუქტებით. მეზობლების სალაპარაკო გახდა მაშინ ეგ ამბავიც. ომში წასვლისას გოგო არ მყავდა. 6 ბიჭი მყავდა მარტო.
– შვილიშვილი რამდენი გყავთ?
– 4.
– გიმრავლოთ! როცა იქიდან ბრუნდებოდით, რა შეგრძნება იყო? გქონდათ იმედი, რომ მალე დაბრუნდებოდით?
– კი, ყველა მაგას ვფიქრობდით. ვინ ფიქრობდა, რომ ასე გაიწელებოდა ეს დრო? რა მოილაპარაკეს შევარდნაძემ და მისმა ელიტამ, რა ვიცი... მის კისერზეა ამდენი ადამიანის სისხლი და უბედურება. სოხუმში მისი ყოფნის დროს ერთ დღეს ვიცავდი მას და მეტს ვერ გავუძელი, სხვას გადავაბარე.
– შარტავას ამბავზე რა იცით?
– ბატალიონი დარჩა მასთან ერთად.
– მისი გადარჩენის შანსი ხომ არ იყო, რატომ არ გამოვიდა?
– დარჩა იმიტო, რომ პარტიზანული ბრძოლა გაეგრძელებინა მერე, მაგრამ გაყიდეს.
– იქ ხომ შარტავას ყველა იცნობდა? რა გაყიდვა უნდოდა? ვინ დატოვებდა ცოცხალს?
– რა ვიცი, ბევრი ვერსიაა მაგაზე. ერთი კაცი გადარჩა მაგის გარემოცვიდან.
– უცნაური ამბავია ეგეც, უცნაური და საშინელი.
– ქართველი თუ გყავთ მოკლული?
– ხშირად იყო იქ გარჩევები, ბრძანებას რომ არ ემორჩილებოდნენ. ფეხებში მაქვს ნასროლი ასეთებისთვის. ამიტომ ხშირად ამბობდნენ – პაპა ჯალათია და არ ინდობს არავისო. ჩემი ბიჭის ძმაკაცი დავჭერი ფეხებში.
– რამდენის იყავით მაშინ?
– 45–ის.
– და მაინც პაპას გეძახდნენ?
– კი, ყველაზე უფროსი ვიყავი ბატალიონში.
– 21 წელი გავიდა უკვე. ახლა რას ფიქრობთ? რომ მოხდეს ისევ და ომი გახდეს საჭირო, ისევ წახვალთ?
– ეგ ისეთი ბოღმაა, რომ არ გასვენებს ვიდრე ცოცხალი ხარ. თვალს არ დავახამხამებ, ისე წავალ.
– შვილებს გაუშვებთ?
– ვინ მკითხავს მე მაგას? ომის დროინდელი „ამუნაცია“ შენახული მაქვს ცელოფანში, დაუთოვებული და თავის დროს ელის.
– სპეციალობით ვინ ბრძანდებით?
– ინჟინერი. აქაც რადიოელექტრონიკის ნაწილებს ვყიდი, ვიცი ეგ საქმე.
– ომის მერე არსად გიმუშავიათ?
– როგორ არა, ესაა ჩემი სამუშაო.
– ეს ხომ თვითდასაქმებით ოჯახის რჩენაა?
– კი მაგრამ სხვა გზა რომ არაა?
– ვეტერანის პენსია გაქვთ?
– ახლა დაგვინიშნეს, მაგრამ ჯერ არ ამიღია. გილაურმა ხომ გაგვიუქმა ვეტერანებს ყველაფერი...
– ახლა რამდენი დაგენიშნებათ პენსია?
– 200 ლარამდე ალბათ.
– აგვისტოს ომში თუ დაგიძახეს?
– კი, მაგრამ არ წავედი. ბევრი არ წავიდა ჩვენი დროის.
– რატომ? ეს თქვენი ომი არ იყო?
– ალბათ.
– ომი ხშირად გახსენებთ თავს?
– ომმა არ იცის დავიწყება... ახალჩამოსული რომ ვიყავი, ისეთი კოშმარები მესიზმრებოდა, კინაღამ ცოლი მოვკალი ლოგინში. სანამ ცივი წყალი არ დამასხეს, გონს ვერ მოვედი.
– ბევრი მეგობარი დაკარგეთ?
– კი. სულ ვიკრიბებით სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით გადარჩენილები. ახლაც შევიკრიბებით.
– ფრონტელი მეგობარი რას ნიშნავს?
– ეს სულ სხვა რამეა... მაგას ბოლომდე უნდა ენდო, ისე ვერ იომებ.
– ღალატი ყოფილა თქვენს გვერდით?
– არ ვიცი ეს ღალატი იყო თუ შიში. არ მინდა ხოლმე ასეთი რამის გახსენება.
– ქალები იყვნენ თქვენს ბატალიონში?
– კი. მაგენი „ვეზუჩები“ არიან ჩვენზე...
– სხვადასხვა თაობა იყავით იქ, ერთად იბრძოდით. თაობებს შორის დამოკიდებულება როგორია ომში? არის ახალგაზრდების მიმართ უფრო მეტი მოფრთხილების მომენტი, თუნდაც გამოუცდელობის გამო?
– ცხოვრებისეული გამოცდილება მიმაგრებდა ზურგს.მამა–შვილური ურთიერთობები იქაც არის, სადილი უნდა მოუმზადო ბიჭებს, ოთახი მოუწესრიგო. ელემენტარულია.დაზვერვაში რომ მივდიოდით, წინასწარ არკვევდნენ პაპა საით მიდისო. უყვარდათ ჩემთან ერთად წამოსვლა.იცოდნენ რომ მომზადებული თბილი ოთახი და ზრუნვა ექნებოდათ.
– შესაძლებელია აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნება? ჩემი აზრით, ვიდრე იქ რუსეთის ინტერესი იქნება, ვერ მოვიგებთ ამ ომს.
– რას მეუბნები, რა ომს ვერ მოვიგებთ? ახლა ისეთი ბიჭები არიან, სად იყო ჩვენ დროს ან მასეთი მომზადებული ხალხი და ან მასეთი შეიარაღება? ახალი ტეხნარები ვნახე პოლიგონზე. ჯობია საქართველომ ეს იარაღი არ გამოიყენოს. თუ დაიძაბა სიტუაცია, ომში წასვლას ჩვენისთანებს ვერავინ დაგვასწრებს. დავბრუნდებით ჩვენ, ვარიანტი არაა...12 წლის შვილიშვილი მყავს, გამოაღებს ჩემს სამხედრო ფორმას, აღჭურვილობას, გაანიავებს, ეფერება, მერე ჩხუბობენ ძმები ერთმანეთში – ვინ ჩაალაგებს..
პ.ს.
„პაპას“ გაცნობის მერე ომის ხასიათზე დავდექი... იმათ ვუცხადებ ომს, ვინც ასეთი გენერლები მშრალ ხიდზე გამოსვა და წვრილშვილის პატრონებს იქ ნავაჭრი კაპიკებით რომ არჩენინებს თავს 20 წელია..
იქნებ, არ ვართ ჩვენ ნამდვილი გმირების ღირსები?
არადა, ომებს გმირები იგებენ...
კატო ჩულაშვილი
1 Comment
Recommended Comments