როგორ ასრულებს პირობას წალენჯიხის მერია და ვინ დააზიანა მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა, სამეგრელოს რეგიონი, განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.
სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა საავტომობილო გზებს, დაანგრია და საძირკველი გამოუშალა ხიდებს, რის გამოც ზოგიერთი სოფლის ცალკეული უბანი იზოლაციაში მოექცა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა არა მარტო ინფრასტრუქტურა, არამედ მოსახლეობის პირადი ქონებაც დააზიანა.
სოფელ ლიაში მცხოვრები ჯონი სამუშიას ოჯახი ერთ-ერთია, რომლის სახლ-კარიც ყოველი ძლიერი წვიმისას მთლიანად იტბორება. ახლაც, ოთხი დღის შუალედით დატრიალებულმა სტიქიამ, სახლის პირველი სართული და მთლიანი ეზო ორჯერ გაუნადგურა.
პრობლემას იწვევს ის გარემოება, რომ სამუშიების სახლის მიჯნაზე ნდებარეობს არხი, სადაც ჩამოედინება ხუფაიას ღელე, რომელიც ძლიერი წვიმისას მოვარდნილ წყლის ნაკადს სათანადოდ ვერ ატარებს, ჯებირებიდან გადადის და სამუშიების სახლს ტბორავს.
როგორც ჯონი სამუშიას მეუღლემ, ეკა მებონიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა და ისინი ყოველი წვიმისას მსგავსი საშიშროების წინაშე დგანან. საკუთარი სახსრებით და შესაძლებლობით ჯებირებიც აამაღლეს და ხუფაიას კალაპოტიც არაერთხელ გაწმინდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი ლოკალური ჩარევა საქმეს ვერ შველის, საჭიროა მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, კალაპოტის გაღრმავება და მთელი პერიმეტრის გაწმენდა, რათა წყლის ნაკადი კარგად გატარდეს და ჯებირებიდან არ გადავიდეს.
ეკა მებონიას თქმით, გასული წლის სექტემბრიდან, მან არაერთხელ მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და არაერთი განცხადება დაწერა მერის თუ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე და დახმარება ითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
,,სამჯერ ვიყავი მერთან მისული და ის ადგილზე არასდროს დამხვედრია. მიუხედავად ამისა, მის სახელზე განცხადებას მაინც ვტოვებდი, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. სოფლის გამგეობაში რომ მივედი, მითხრეს, ჯერ ვერაფერს გიშველით, თვალსაჩინოებისთვის საჭიროა, სტიქიამ დაგაზარალოს, მერე ფოტოები და ვიდეო გადაიღე და განცახდებას დაურთეო. მათი ამ ,,რჩევიდან“ 15 დღეც არ იყო გასული, როცა სტიქია მართლაც დამატყდა თავს და მორიგი განცხდება მერიაში, ახლა უკვე, ზარალის ამსახველი ფოტოებითურთ შევიტანე. ამის შემდეგ მობრძანდა წალენჯიხის მერი, ადგილზე ნახა მდგომარეობა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროაო, შეგვპირდა. შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარესაც მივმართე, მასაც წარვუდგინე ყველა საჭირო ფოტო თუ დოკუმენტი, მან ჩემს განცხადებას რეზოლუცია დაადო და მითხრა, რომ სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი მალე გამოცხადდებოდა და გვეშველებოდა.
ერთი წელი გადის და ჯერ არაფერი გაკეთებულა, ჩვენ კი ყოველი წვიმის მოსვლა უბედურებად გვექცა. მერამდენედ ვაკეთებთ სახლის რემონტს, რა სახის ზარალი გვადგება და რა მდგომარეობაში ვართ, ნანახი კადრებით შეგიძლიათ დაასკვნათ. ვინ იყიდის ამ გაუბედურებულ სახლ-კარს, თორემ გავყიდით და წავალთ სადმე, სხვაგან, სხვა გზა არ გვრჩება.
ვხედავ, რომ ამ ელემენტარული პრობლემის მოსაგვარებლად, სოფლის და რაიონის ხელმძღვანელობა ვერ მეხმარება, მაინც და მაინც პრემიერ-მინისტრს უნდა მივმართო იმისთვის, რომ ღელეს კალაპოტი გაუწმინდონ.
22 ივნისს რომ შემოგვივიდა წყალი, სახანძრო გამოვიძახეთ, რათა სახლიდან წყლის ამოტუმბვაში დაგვხმარებოდა, მაგრამ ეზოშიც არ შემოსულან, გარედან გვიყურებდნენ და გვიძახდნენ, რა როგორ გაგვეკეთებინა. სამაგიეროდ, მერიის ფესიბუკგვერდზე ინფორმაციებს აქვეყნებდნენ, ოპერატიულად იმუშავეს ჩვენმა ჯგუფებმა და ყველაფერი გაწმინდესო.
მერის მოადგილე, თამარ ბელქანია რომ მოვიდა ადგილზე, აქეთ დამაყვედრა, თქვენი გულისთვის ბავშვი ლოგინში დავტოვეო. მე ვუთხარი, თქვენ თბილ ლოგინში დატოვეთ ბავშვი და ჩემები ლოგინში საერთოდ ვერ წვებიან, რადგან ქვეშაგები სველია და ყოველკვირა ასეთ მდგომარეობაში ვართ-მეთქი.
მესმის, რომ სტიქიას ხელს ვერავინ ააფარებს და მსგავსი ამბავი ყველგან შეიძლება მოხდეს, მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. მეც არ დამწყდებოდა გული, ისე მაინც რომ ეცადათ რაღაცის გაკეთება, რამე მოენდომებინათ, გვენახა, რომ ანგარიშს გვიწევენ და ფეხებზე არ ვკიდივართ. - გვითხრა ეკა მებონიამ.
ისიც გვითხრა, რომ 27 ივნისს, სოფელ ლიაში რამდენიმე მოსახლემ წალენჯიხის გზაზე პიკეტი მოაწყო და მერიის მიერ მეზობელ სოფელში გზის გასაწმენდად გამოშვებული ტრაქტორის შეჩერება სცადა. როგორც ირკვევა, მათი მიზანი იყო, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ ხერხით იძულებული გაეხადა, სამუშიების პრობლემის მოგვარება დაეჩქარებინათ.
ეკა მებონიას თქმით, ადგილზე მალევე გამოჩნდა მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მასა და შეკრებილებს შორის, სპეცტექნიკის გაჩერების გამო შელაპარაკებაც მოხდა, თუმცა ტრაქტორმა შემოვლითი გზით განაგრძო გზა და შეუფერხებლად ჩავიდა მეზობელ სოფელში, სადაც ასევე, სტიქიისგან ჩამოშლილი გზის ნაწილი უნდა გაესუფთავებინა.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ ტრაქტორს სოფელ ლიაში მინა ჩაუმტვრიეს, რასაც მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე შესაბამისი სტატუსიც უძღვნა.
,,ვიყიდეთ ერთი ტრაქტორი რომელიც დღეს დილის 07:00 სთ დან სტიქიის ზონაში გაუჩერებლად მუშაობს.
ამჯერზე კი ვიყავით სოფ.ლიაში სადაც ვიღაც ნაძირალამ ტრაქტორს ქვა ესროლა და მინა ჩაუამტვრია.
მითხრარით, რომ ამად ღირს თქვენი პოლიტიკური მრწამსი.
ის რაც დღეს დილიდან ლიაში მოხდა არავითარი კავშირი ადამიანობასთან არ აქვს.
სახლები წლებია წვიმის წყლისგან იტბორება, გასაწმენდი და გასაღრმავებელია არხები. ვუხსნი, რომ ფული მოძიებულია, პროექტი შედგენილია, ამ დღეებში ტენდერზე გავა და ათწლიან ტანჯვას საშველი დაადგება. ვუხსნით რომ ქალაღალში ადამიანს კრძალავენ და მისასვლელი გზა უნდა გავწმინდოთ-არ გაგვატარეთ(((
პასუხად რა მივიღეთ? ბოლო ხმაზე ყვირილი შეურაცხყოფა და ბოლოს მინაჩამტვრეული ერთადერთი ტრაქტორი. სწორედ ის ტრაქტორი იქ ამ წუთებში არხის გასაწმენდად რომ მივიდა.
ვერ ეღირსებით ჩვენს ჩამოყრილ ხელებს!
დამთავრდეს უნდა ვითომ პოლიტიკა და ხალხის დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით. კი ხედავთ სტიქიამ არ იცის პარტია და პოლიტიკა,; ერთმანეთთან მისასვლელ ყველა გზებს და ხიდებს წყალი წაიღებს! გინდათ ასეთი პოლიტიკა?
- გვაცალეთ საქმის კეთება!“ – (სტილი დაცულია - ი. ბ. ) - დაწერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მისგან განსხვავებულ ვერსიას გვაწვდის ეკა მებონია, რომელიც ამბობს, რომ მათ არ იციან, როგორ და რა ვითარებაში ჩაუტყდა მძღოლს ტრაქტორის მინა, რადგან იმ დროს, როცა მან გზაზე უკან გამოიარა, არავინ დაჰხვედრია.
როგორც გვითხრეს, ის ტრაქტორი წალენჯიხიდან იმიტომ ჩამოვიდა, რომ მეზობელ სოფელში მიცვალებული ესვენა და უგზოობის გამო ხალხი გასვენებაში მისვლას ვერ ახერხებდა. ჩემს სახლთან რომ არ გავატარეთ, უკან გაბრუნდა და შემოვლითი გზით, რომელსაც საკანკიოს გზას ვეძახით, წავიდა. ამის შემდეგ, ჩვენ კიდევ დიდხანს ვიკამათეთ მერიის წარმომადგენლებთან და როცა ისინი წავიდნენ, დავიშალეთ და ჩვენს საქმეებს მივხედეთ.
უკვე საღამო ხანი იყო, იმ ტრაქტორმა უკან რომ გამოიარა. მე მეზობელთან ერთად მის ეზოში ვიჯექი, მეზობელმა ხუმრობით მუშტიც მოუღერა და დაუძახა, შენ დღეს როგორ გაგვეპარეო. არ ვიცი, მძღოლმა გაიგონა თუ არა, მაგრამ მე გამეცინა, მანაც შემოგვცინა და გაიარა. კი გავიგეთ, რომ ორი სახლის იქით, აღმართზე გაჩერდა და მაშინვე, პოლიციის მანქანაც უკან მიჰყვა, მაგრამ არც დავინტერესებულვართ, რა მოხდა. ფაქტია, რომ იმ დროს იქ, არავითარი თავშეყრა არ ყოფილა და არც არავის გაუვლია. მერე ითქვა, რომ მძღოლი ნასვამი ყოფილა და ტრაქტორის მინა ჩასტეხვია, მაგრამ ამ ამბისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. მხოლოდ მეორე დღეს გავიგეთ, რომ თამარ ბელქანიას ჩვენ გამოვუყვანივართ დამნაშავეებად.
აქვე, ორ ნაბიჯში პოლიციის განყოფილებაა, როგორ ფიქრობთ, მათ თვალწინ ვინ გაბედავდა ქვის სროლას ან ამას ვინმე ხომ დაინახავდა?
ეს არის ტყუილი და ის განცხადება, რაც მერის მოადგილემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა, არის სირცხვილი. ასეთ რამეს თანამდებობის პირი არ უნდა კადრულობდეს.
ძვირადღირებული ტექნიკა დაუზიანდათ და როგორც ჩანს, მოსახლეობას უნდათ ვალი აჰკიდონ. როგორ წარმოგიდგენიათ, მართლა რომ ვინმეს ჩაემტვრია ის მინა, არ დააკავებდნენ და აპატიებდნენ? კეთილი ინებონ, გამოიძიონ და გამოავლინონ, ვინც ეს ჩაიდინა, თუ არადა, ბოდიში მოგვიხადონ ცილისწამებისთვის!
ან რომ წერს, თითქოს ჩვენი არხის გასაწმენდად იყო ის ტრაქტორი ლიაში ჩამოსული, ვის ატყუებს? - აღნიშნა ეკა მებონიამ ჩვენთან საუბარში.
ბუნებრივია, ვითარებაში გასარკვევად ჩვენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, თამარ ბელქანიასაც დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა ლიაში მომხდარი ინცინდენტი, რაც გზის პიკეტირებას და სპეცტექნიკის შეფერხებას უკავშირდება. ისიც აღნიშნა, რომ ტრაქტორი სოფელ ქალაღალში გზის გასაწმენდად მიდიოდა, თუმცა უკან მობრუნებულს ვინ დახვდა გზაზე, როგორ და რა ვითარებაში ჩაუმსხვრია მინა, ეს უკვე აღარ იცის.
ჩვენს კითხვაზე, თუ გარკვეული არ არის, ნამდვილად დახვდა თუ არა ტრაქტორს გზაზე ვინმე, მაშინ რატომ გამოაცხადა, რომ მას ,,ლიაში ვიღაც ნაძირალამ ესროლა ქვა,“ ბელქანიას კონკრეტული პასუხი არ აქვს და ამბობს, რომ არავისთვის არაფერი დაუბრალებია.
მძღოლი საკმაოდ ასაკოვანი ადამიანია და აცხადებს, რომ ვერ დაინახა, ვინ იდგა გზაზე, მაგრამ ლიაში როცა შევიდა, მინას მოხვდა ქვა და ჩატყდა. მეტი არაფერი არ ახსოვს, რადგან შეეშინდა. ფაქტია, რომ ტრაქტორის მარცხენა მინა არის არა ჩამტვრეული, არამედ ჩამსხვრეული, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს არის ბრიტანული წარმოების ბოლო მოდელის ტრაქტორი, რომელიც სამთო-ინჟინერიაზეა გათვლილი და მარტივად არ ზიანდება. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. - გვითხრა თამარ ბელქანიამ.
რაც შეეხება, პოლიციაში გამოძიების დაწყებას, მისი თქმით, რადგანაც ტრაქტორი დაზღვეულია, მისი დაზიანების შესახებ როგორც პოლიციაში, ისე სადაზღვევო კომპანიაში განცხადებები შეტანილია.
იმედია, უახლოეს დღეებში გაირკვევა, რა მოხდა რეალურად სოფელ ლიაში და რა ან ვინ გახდა მუნიციპალიტეტის კუთვნილი ძვირადღირებული ტექნიკის დაზიანების მიზეზი.
მანამდე კი, ჯონი სამუშიას ოჯახს ისევ და ისევ ჰპირდებიან, რომ ხუფაიას კალაპოტის გაღრმავების და გაწმენდის სამუშაოებთან დაკავშირებით მერიაში ტენდერი უკვე გამოცხადებულია, დაფინანსებასაც მალე მიიღებენ და უახლოეს პერიოდში მათი პრობლემა მოგვარდება. თუმცა კი, თავად დაზარალებულ ოჯახს ამ დაპირების დაჯერება უჭირს.
P. S. აქვე უნდა ვთქვათ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი გია ხარჩილავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარკვეული პერიოდი ადმინისტრაციულ საქმეებს ჩამოშორებულია.
ირმა ბერიშვილი
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.