Jump to content
Planeta.Ge

რატომ თქვეს უარი ლას-ვეგასელმა მამა-შვილმა ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად ბატისკაფით ჩაყვინთვაზე


ლას-ვეგასელმა მამა-შვილმა, ჯეი და შონ ბლუმებმა CNN - ითვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ისინი ბატისკაფ ,,ტიტანის“ წყალქვეშა ეკიპაჟის თავდაპირველ სიაში იყვნენ, მაგრამ შონს წყალქვეშა მცურავი მოწყობილობის შესახებ მოძიებული ინფორმაცია საიმედოდ არ ეჩვენა, ამიტომ მათ უარი თქვეს ჩაყვინთვაზე და თავიანთი ადგილი ბრიტანელ მამა-შვილს დაუთმეს.

20 წლის შონის თქმით, მას შემდეგ, რაც სუბმარინის შესახებ ვიდეოებს უყურა, ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ წყალქვეშა მცურავ აპარატს შეიძლებოდა ოკეანის ზედაპირის ქვეშ არსებული წნევისთვის ვერ გაეძლო და აფეთქებულიყო ან ტიტანიკის ნამსხვრევებში გაჭედილიყო.

,,ბატისკაფის სტრუქტურასთან დაკავშირებით გარკვეული შიში გვქონდა, რადგან მე ვნახე რამდენიმე ვიდეო, სადაც კომპანიის გენერალური დირექტორი ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს აპარატი. და რაც მე ვნახე, ეს იყო მხოლოდ წითელი ალმები... ამის შესახებ მამაჩემი გავაფრთხილე და ვინაიდან, ჩვენი გადასაწყვეტი იყო, გვინდოდა თუ არა ამ აპარატში ჩაჯდომა, საბოლოოდ, ჩაყვინთვაზე უარი ვთქვით.“ - აცხადებს შონი.

მამამისი ჯეი კი ამბობს, რომ OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გარდაცვლილთა შორისაა, მის სანახავად ლას-ვეგასშიც კი ჩაფრინდა, რათა ის პირადად დაერწმუნებინა, არ დანებებულიყო. მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამა-შვილმა მაინც გადაწყვიტა, უარი ეთქვათ, რადგან რისკი ძალიან დიდი იყო.

ინტერვიუში ჯეიმ და შონმა აღნიშნეს, რომ OceanGate-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და   ტურის ორგანიზატორმა სტოკტონ რაშმა თავი აარიდა კითხვებს იმ საფრთხეების შესახებ, რაზედაც ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ.

,,ის იმდენად იყო ამ პროექტით გატაცებული, რომ თითქოს, დაბრამვდა, ვერ ხედავდა იმ ფაქტებს და გარემოებებს, რასაც ვხედავდი მე, რასაც ხედავდნენ სხვები, რაც რეალურად პრობლემატური იყო და არ შეესაბამებოდა იმას, რასაც თავად ამბობდა.“ - აღნიშნა ჯეიმ.

მან თქვა ასევე, რომ როცა დაღუპული ბიზნესმენის და მისი შვილის შესახებ საუბრობენ, ის მათში  საკუთარ თავს და საკუთარ შვილს ხედავს.

,,მათ ადგილას შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით.“ - უთხრა ჟურნალისტებს ჯეი ბლუმმა.

,,ტიტანის“ სახელით ცნობილმა ბატისკაფმა მსოფლიო ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ატლანტის ოკეანის სიღრმეში გაუჩინარდა. მის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ჩაძირული გემის, ,,ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად წავიდნენ. მათ შორის იყვნენ მამა-შვილი ბრიტანეთიდან.
სამწუხაროდ, ეკიპაჟის ხუთივე წევრი დაიღუპა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...