CNN-ის ცნობით, შემდეგი 24 საათი პუტინისთვის კრიტიკული იქნება
სამხედრო დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ქვედანაყოფების შეიარაღებული აჯანყების პირობებში, შემდეგი 24 საათი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის კრიტიკული იქნება.
ამის შესახებ თავის ანალიტიკურ სტატიაში CNN-ის საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი კორესპონდენტი ნიკ პატონ უოლში წერს.
,,რუსეთის პრეზიდენტი, მთელი იმ 23 წლის განმავლობაში, რაც ბირთვული ,,დერჟავის“ სათავეში დგას, პირველად აღმოჩნდა ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე. გამაოგნებელია, როცა ხედავ, რომ ტოტალური კონტროლის ილუზია, რომელსაც ის ქმნიდა (რაც მისი ავტოკრატიის მთავარი უპირატესობა იყო) ერთ საათში იშლება.
ეს ერთდროულად შეუძლებელიც ჩანდა და გარდაუვალიც. შეუძლებელი, რადგან ის, ვინც პუტინს გააკრიტიკებს, უბრალოდ უჩინარდება ან ფანჯრებიდან ვარდება, ან ავარიაში ხვდება, ან იწამლება. ხოლო გარდაუვალი იყო, რადგან ომის არაეფექტურმა მართვამ ცხადყო, რომ ისეთი ერთგვაროვანი, დახურული და კრიტიკის არმიმღები გარემო, როგორიც კრემლია, მზად იყო მსგავსი უბედურების დასატრიალებლად.
ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ შეხედულებას, თითქოს პუტინი ტაქტიკის ოსტატია, რომ ,,ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის დაუმორჩილებლობის პირველი შეტევები ერთგვარ ხრიკად მივიჩნიეთ. ვიფიქრეთ, რომ ეს იყო პუტინის მცდელობა, თანამზრახველის დახმარებით თავისი გენერლები დაძაბულობაში ჰყოლოდა. თუმცა ის, რასაც დღეს ვხედავთ, როცა პუტინი იძულებულია, აღიაროს, რომ მისი მთავარი სამხედრო ცენტრი, დონის როსტოვი მის კონტროლს აღარ ექვემდებარება, ყველა ვარაუდს აქარწ####ბს და თვალსაჩინო ხდება, რომ ამ პროცესს კრემლი არ აკონტროლებს.
სავსებით შესაძლებელია, რომ ,,ვაგნერის“ ქვედანაყოფები ამ ოპერაციას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. მიმდინარე ამბოხის გამართლება, რომელიც ნაჩქარევი და სპონტანური ჩანდა (საჰაერო თავდასხმა ,,ვაგნერის“ ბანაკზე ტყეში, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს), გახმოვანდა მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის რეალურ მიზეზებს აანალიზებდა.
ამის შემდეგ, „ვაგნერის“ მთელი შემადგენლობა უმოკლეს დროში შეიკრიბა და სწრაფად გადავიდა როსტოვში, რისი გაკეთებაც სპონტანურად, ერთ დღეში რთული იქნებოდა.
შესაძლოა, პრიგოჟინმა იფიქრა, რომ მას შეეძლო, თვეების განმავლობაში, რუსი გენერლების საჯაროდ ლანძღვით პუტინისთვის ბიძგი მიეცა, შეეცვალა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მაგრამ შაბათს დილით პუტინის გამოსვლამ ეს პერსპექტივა გააცამტვერა.
რუსული ელიტისთვის ახლა ეგზისტენციალური არჩევანის მომენტი დადგა, როცა მათ უნდა აირჩიონ მხარე მოყანყალებულ საპრეზიდენტო რეჟიმსა და ბინძური საქმის შესასრულებლად შექმნილ ბნელ, მოსყიდულ ფრანკენშტეინს შორის, რომელიც თავის ბატონებს მიუბრუნდა.
ეს იქნება ჭეშმარიტების ჟამი რუსი სამხედროებისთვისაც.
რამდენიმე წლის წინ, პრიგოჟინის მსუბუქი კრიტიკაც კი გამოიწვევდა იმ ფაქტს, რომ ელიტარული სპეცრაზმი მას ბალაკლავაში უბრალოდ გააქრობდა და ჩვენ პრიგოჟინს ვეღარ ვნახავდით, მაგრამ ახლა ის თავისუფლად მოძრაობს, სადაც მოეპრიანება და ღიად აცხადებს მოსკოვზე გალაშქრების შესახებ.
უკრაინა, ამ კატასტროფულ დროს რუსეთის შიგნით ასეთ აჯანყებებს, ალბათ, იზეიმებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ამბოხება ომის მიმდინარეობას კიევის სასარგებლოდ შეცვლის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აჯანყებები იშვიათად მთავრდება (რუსეთში თუ სხვაგან) იმ შედეგებით, რისთვისაც ისწრაფვიან. 1917 წელს აჯანყებამ და მეფის რუსეთში ნიკოლოზ II-ის გადაყენებამ გამოიწვია ბოლშევიკური რევოლუცია, ლენინი და შემდეგ საბჭოთა იმპერია.
იმის მიხედვით, თუ როგორ გათამაშდება ეს იშვიათი იაკობინური დრამა, შეიძლება უკეთესობა ვერც მივიღოთ, შეიძლება პრიგოჟინმა ვერ გაიმარჯვოს და კრემლის საკონტროლო ბერკეტებიც არ დაინგრეს. უფრო მეტიც, დასუსტებულმა პუტინმა შეიძლება ირაციონალური ნაბიჯებიც გადადგას, რათა თავისი ძალა დაამტკიცოს.
მაგალითად, შესაძლოა, ის ვერ შეეგუოს უახლოეს თვეებში უკრაინის ფრონტებზე დამარცხების ლოგიკას. მან შეიძლება არც იცოდეს თავის შეიარაღებულ ძალებში არსებული უკმაყოფილების სიღრმე და მათ ქმედებებს სათანადოდ ვერც აკონტროლებდეს.
რუსეთის, როგორც ატომურ ძალაზე პასუხიმგებელი ,,დერჟავის“ პოზიცია დაფუძნებულია ყველაზე მაღალი იერარქიის სტაბილურობაზე
გაცილებით მეტია იმის შანსი, რომ ყველაფერი წავიდეს არასწორად, ვიდრე - მართებულად, მაგრამ უკვე შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ამიერიდან კონტროლის ილუზიით პუტინის რეჟიმი ოდესმე თავის ყოფილ სიმაღლეს დაუბრუნდება.
გარდაუვალი ფაქტია, რომ წინ ბევრი ცვლილება და მღელვარება გველოდება.“ - წერს პატონ უოლში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.