Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში უსაფრთხოების ძალების პირადი შემადგენლობა გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს


ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და პროკურატურის პერსონალი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იტყობინება.

დღეს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახური საქართველო-რუსეთის საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლს გააძლიერებს, ასევე, პირად დაცვაზე აიყვანს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო რაზმისა და მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენლებთან მუდმივი კონტაქტი ექნება.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ზომებს გააძლიერებს, მათ შორის მასობრივი ღონისძიებებისა და თავშეყრის დროს; საგანგებო სიტუაციების სამინისტრო დაუკავშირდება იმ აფხაზ მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სპეცოპერაციების ზონაში იმყოფებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს დახმარებას იმ სტუდენტებისა და სხვა თანამემამულეებისთვის, რომლებიც რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

აღნიშნულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთში ვითარება კანონის შესაბამისად მოგვარდება. ასევე, ხაზი გაუსვა აფხაზეთში სტაბილური ვითარების შენარჩუნების მნიშვნელობას.

თავიანთი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა გუნბას მოახსენეს, რომ ამ დროისთვის აფხაზეთში არავითარი განსაკუთრებული ვითარება არ შეიმჩნევა, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ლევ კვიწინიამ კი აღნიშნა, რომ დაჯგუფება ,,ვაგნერის“ მებრძოლთა რიგებში აფხაზები არ ირიცხებიან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...