Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    407.926

სავსე მოთმინების ფიალა და დაცლილი შარდის ბუშტი, ანუ რა საერთო აქვს ნაოცნებარ სააქციო საზოგადოებას და ბორანს?


katya

2.859 views

blog-0370045001377604270.jpgცხოვრების დონეს მსოფლიოში, ხშირად, „ბიგ-მაკის“ ფასით აფასებენ , ჩვენთან - თბილისის ცენტრში "მოღვაწე" მეძავების მომსახურების ტარიფებით.

მეძავები რა მოსატანი იყო ამ ზომაზე მეტად შეგრილებული ზაფხულის მიწურულს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სახელ და რეპუტაციაშებღალული სტატისტიკის და მერყევი საზოგადოებრივი აზრის სეზონი გვიახლოვდება - ანუ არჩევნების სეზონი.

„ოცნებიდან“ მომხრეების გადინებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწიაო, ამბობს ბურჯანაძე, მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ქალბატონი იმერლიშვილი. მოკლედ, საქმე იქითკენ მიდის, რომ ვიღაცამ საქართველოში, პასპორტებით და მოქალაქეობით კბილებამდე შეიარაღებული 40 000 ყივჩაღი კიდევ ერთხელ ჩამოასახლა.

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, რა თქმა უნდა, მათივე კანდიდატი დიდი სხვაობით კი არა „საკონტროლო პაკეტის“ მასშტაბებით ლიდერობს - 53%-ის ფარგლებში. დანარჩენები ამ კონტექსტში რაღა მოსაყვანია...

მარგველამ საარჩევნო კამპანია, საქართველოს მასშტაბით, სამეგრელოდან დაიწყო, ხოლო თბილისის მასშტაბით - ვაკიდან.

„სორე სკან იდეოლოგიურ-პოლიტიკური დონე ამხანაგო სორდია?! ჩქიმ საქმეში მთავარია სიზუსტე“... არადა ჯერ მაგ კამპანიას გათვლების და, მითუფრო, მიზნობრივ აუდიტორიაზე წერტილოვანი დარტყმების არაფერი ეტყობა...

კანდიდატების პროგრამებს დიდი მოლოდინით ელის საზოგადოება, ზოგზე უკვე გაფუჭებული საქმეები ღაღადებენ, ზოგზე მიმდინარედ მალფუჭებადი, ზოგზე სამომავლოდ გასაფუჭებელი და ზოგზე ფაქტებიც და მუზებიც სდუმან...

შალიკომ ოღონდ პრეზიდენტად მაქციეთო და ნიქოზის მავთულ-ხლართებს კბილებით გადავიტან კავკასიონის ქედზეო. დაბარა და გაუდგა გზას. იარა-იარა და ისევ ბიძინას 7 მილიარდიან მუთაქებს მიადგა. მალე ეგ ამირანივით მისაჯაჭვი გახდება, დროზე თუ არ გააღვიძეს...

როგორც გვატყობინებენ, ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი და „ქაჯებისგან“ განდევნილი ისტორიულ-დოკუმენტალურ-მორალურად ემიგრანტი ქალბატონი, ამჯერად როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გამოსულა მეზობელი კი არა, „მეგობარი“ სადგურიდან და, ვაი მისი ბრალი, ვისაც ამ კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის ან არ სჯერა, ან არ უნდა...

როგორც იქნა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გაახმოვანეს. 28 401 დამწყები სტუდენტი სახეზეა. 4500 აქედან უსაზღვროდ გახარებულია, ხოლო 9000 ნორმის საზღვრებში. ანუ, სიხარულის მასშტაბებს გრანტების პროცენტულობა განაპირობებს. წელს გამორჩეულად რთული და პროცედურულად არასტერილური გამოცდები იყოო, თუ დამკვირვებლებს, მოხალისეებს და თვითმხილველებს დავუჯერებთ.

თქვენი დიდი ხათრი და მოწიწება კი გვაქვს ბატონო ბიძინა, მაგრამ კადრების შერჩევის ტესტში ზღვარს რომ ვერ გადალახავთ, მაგის ეჭვიც გვაქვს. მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს არ ეხება ეს, რა თქმა უნდა... ზოგადად ვამბობ... დაჯექით! ორი! ბატობო ბიძინა და, ეცადეთ პირველი სემესტრის ბოლომდე ეს შედეგი გამოასწოროთ.

ხომ ხედავთ, თქვენს შერჩეულ კადრებს - წულუკიანს და ალასანიას ნაციონალური რეჟიმის ერთ-ერთი დასაყრდენი და მნიშვნელოვანი საკადრო ფიგურა, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის. ნეტავ რა ელის იმ გახმაურებული დაკავების „საამაყო ოქმს“? კვესიტაძის გადაცემაც რა დროს დაიხურა, თორემ ჩარჩოს და თავისუფალ კედელს როგორმე გავახერხებდით.

სამაგიეროდ, უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილმა განიცადა ტრანსფორმაცია. სლუკუნს შეეშვა კი არა, რიხიც ჩაიყენა ხმაში და ნაპერწკალი თვალში.

რა ხალხია მოკლედ, მთავარი პროკურორი შვებულებაში ვერ გასულა... ესაა ქვეყანა? ესაა უწყება და ესაა ამ უწყების პრეს-სამსახური? ხალხო, თქვენც რა მოგივიდათ, სხვას მაინც არაფერს აკეთებთ, ფეისბუქზე შვებულების სამახსოვრო კადრების გამოფენის გარდა და ტელეფონები მაინც ჩართეთ, აბეზარი და ზედმეტადცნობისმოყვარე (შრომისმოყვარეც) ჟურნალისტები მოგიკითხავენ ჯანმრთელობას, კარიერას, ზოგჯერ სხვა რამეებსაც...

გასულ კვირას ბუნება რა ხასიათზე იყო და წყალდიდობა ამჯერად ურეკი -წალენჯიხის აკვატორიაში ისვენებდა.

ქუთაისის ყოფილი მერის შვილმა მეზობელი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. სამაგიეროდ, ვლადიმერ ბედუკაძე ცემა ყოფილმა პატიმარმა ხელით... უფ!

ოოო... ამას ჩვენ ვერ მოვითმენთ ამხანაგო სორდია! ხუტა წულეისკირი კი არა და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარევ! ვინ დაგიჯერებს, რომ ამხელა „გოროდია“ და არცერთი საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი?

ლამის დისკვალიფიკაცია აიკიდა ვანოს და ბაჩოს ციმ-ციმ შეკოწიწებულმა სტრუქტურამ. ჰოდა მიაშველეს ბატონო შეწყალება-ამნისტიები, აბა რა ექნათ? ამდენ ხალხს უმუშევარს ხომ არ დატოვებდნენ?

მტერს რა უნდა და რიყოს ქვაო! (ოფოცხური ანდაზა)

კრიმინალის პრევენციას კი კარგად გავსებული შარდის ბუშტიო...

ერთკვირიანმა ოპერაციამ მწვავე ინციდენტების გარეშე ჩაიარა და ორშაბათს ოფიციალურად დასრულდა შსს-ს საგანგებო განცხადებით, იმის თაობაზე, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება გაგებით მოეკიდა. მართალია, „განცხადება გაკეთდა,“ მაგრამ კანონს და მის დამცველებს მითუმეტეს არ სძინავთ. ამიტომ, მეგობრული რჩევაა - პირველ დღეებში მაინც უპრიანი იქნება, სახლიდან გასვლისას, თან ვიქონიოთ შარდმდენი, რადგან, პრაქტიკამ ცხადად დაგვანახა, რომ „ნებითა ჩვენითა“ სჯობს „ძალითა მათითა“-ს...

ნორმალურ ქვეყანაში სასირცხვილო კი იქნებოდა ყოფილი პარლამენტარის და შემდგომში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მითვისების გამო დაპატიმრება, მაგრამ, მოხდა და რა ვქნათ?..არადა, იყო დრო, გია ნაცვლიშვილობდა...

რომ უხაროდათ ზოგიერთებს, არიქა, მიშიკო „ბათუმი პლაზას“ ლიფტში გაიჭედაო, ნურას უკაცრავად! ისეთი ოჯახური სეირნობა მოაწყო მზის ჩასვლისას, კენედის ოჯახობას შეშურდებოდა. ავი ენები ამბობენ, ცუდად ჩაიბუდა ბათუმში, უეჭველი ჩოლოქს გადაუკეტავს ასლანს, ოღონდ ახლა შიგნიდან თვითონ იქნებაო... გაუფუჭდა ნერვები. როგორია აბა მთელი ღამე ბერას სიმღერების მოსმენა, თან აზრის ხმამაღლა გამოთქმის ჩამორთმეული უფლებით? მერე უკვირთ, რატომ თქვა ის რაც თქვაო?!

არადა, რა თქვა ახლა ისეთი? - საქართველოში თუ პატრონი არ გყავს, დღეს სამსახურს ვერ იშოვიო! ეს „დღეს“ გამოეჩხირა უშნოდ, თორემ სულ ასე არ იყო? ნაციონალურ ხანაში ყველა დასაქმებული მაგათ სამსახურში იდგა. ახლა სხვების დროა. მოკლედ, ისევ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხზე, რომ კადრების და დასაქმების ამბავში წასულებიც და მოსულებიც გვეღადავებიან...

ბათუმზე და ჩოლოქზე გამახსენდა - მურმან დუმბაძე შეზღუდვებს ვერ იტანს თურმე. არადა, ყველა მხრიდან რომ შემოუარო, მაგას მაინც არაფერი ეტყობა თავისუფლების „კლასიკური გაგებით“. ჰოდა, თუ შეზღუდავენ, გადავა ოპოზიციაში, აბა რას იზამს, ოღონდ, ჯერ მარჯვენა-მარცხენას გადაიმეორებს...

უმადურობის პიკი იყო გასული კვირა მე-9 არხის თემის კონტექსტში. ვიღაცამ პრემიერზე ხელების შეწმენდა მოინდომა და მსუყედნაჭამზე გაქონილი ტუჩებიც მიუსვ-მოუსვა საკონტრაქტო დოკუმენტაციას. მერე იყო ოცნება და ბჭობა ვირტუალურ და ტელე ეთერში დასიზმრებულ ქოთანზე. ოღონდ მაგ ქოთნის ამბავიც ვერ იყო მთლად ნათელში. ყველაზე სახალისო მაინც ის იყო, რომ სააქციო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფში, მმართველი ბირთვის ამბიციით, სწორედ ის პერსონები აქტიურობდნენ, ვინც არაერთხელ იყვნენ „ღუმელთან მიშვებულები “, მაგრამ მაინც უხარისხო და არაპროფესიონალურ პურს აცხობდნენ თუ ფოლადს აწრთობდნენ.

კარგით რა, ხალხო! ერთხელ დაიჭრა ბიჭი! ორჯარ დაიჭრა! აღარა კმარა?

გადავედით უცხოეთის სიახლეებზე: პუტინი ჩამობრძანებულა ანქვაბთან. კვირას სამუშაო ვიზიტი არ გამიგია მე, თან „ბიცუნთაში“, როგორც ბებიაჩემი იტყოდა და თან ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრის ფონზე. მაგათ საერთო ინტერესები ულტრაიისფერი სხივები ხომ არ გონიათ? მოიცლის ჩვენი ლედი-ფანჯიკიძე და უყურებს ალბათ „იუთუბზე“ მაგ შეხვედრის კადრებს. მერე რამეს იტყვის, თუ რამე კითხეს პრეს-კონფერენციაზე, რა თქმა უნდა...

26 აგვისტოს 6 წელია უკვე აშშ-ში სიშიშვლის ნაციონალური დღე აღინიშნება. წელს ზევით სიშიშვლეზეა საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თორემ, ისე, ჩვენ მაგ დღით როგორ უნდა გაგვაკვირვონ?

ი გავა ეს ზაფხულიც... სამოსი თავის ადგილს დაუბრუნდება სხეულზე, შვებულებაგამოვლილები - სამუშაოს, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატები - რეალობას.

სოციალური სამართლიანობაო და სოციალური დაცვის სააგენტოში, ისევ ნაციონალური აგენტები სხედან, რომლებიც, ცარიელი მაცივრის გამო, ხალხს „დაუცველის“ სტატუსს არ ანიჭებენ. ჰოდა, თუ არც მაცივარი შეივსო, არც კუჭი, დავრჩენილვართ პირამდე გავსებული „მოთმინების ფიალების“ ამარა.

არ უნდა იყოს ორიგინალობასმოკლებული კამპანია - წარმოიდგინეთ ამომრჩეველთა მასიური „ალავერდები“ და „ვახტანგურები“ გაპიპინებული მოთმინების ფიალებით. თუ სადმე დაგეღვრებათ და, მარილს ოპერატიულად მოაყრით დალაქულ ადგილს. მარილს უფასოდ დაარიგებენ და ოქტომბრის ბოლომდე გულის ჯიბით ტარება სავალდებულო იქნება. ფიალებით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მომმართოთ. ვიცი სადაც „იღება“ ხარისხიანი ეროვნული წარმოების ფიალები, თანაც ბითუმად და იაფად.

მოკლედ, ფიალა ჩვენი და მოთმინება - თქვენი!

მანდელა კომაშიაო! ვილოცოთ ნელსონისთვის და თუ არ უშველა,მის თავისუფლებისმოყვარე სულს ვებარებოდეთ ყველა, ვისთვისაც საყვარელი ექსტრემალური სპორტის სახეობა ჯერ კიდევ ადამიანების ნდობაა...

 

კატო ჩულაშვილი

"ქრონიკა+" #19

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...