როგორ დაიკარგა კონტროლიორის მიერ ავტობუსიდან ჩაყვანილი 10 წლის ბავშვი და რატომ არ აჯარიმებენ უბილეთო მგზავრობისთვის ეგრეთწოდებულ ,,მეტადონშიკებს“
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 1 281 807 ლარი შევიდა, რაც, თითქმის 291% - ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
მოგეხსენებათ, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ფაქტზე 20 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი 40 ლარის ოდენობით.
მოქმედი ადმინისტრაციული კანონის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მუნიცაპალურ ტრანსპორტში ასვლისთანავე აიღოს ბილეთი, მაგრამ თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ხშირია მდგომარეობა, როცა ხალხმრავლობის გამო ტერმინალთან მისვლას მაშინვე ვერ ახერხებ და ელოდები, როდის მოვა შენი რიგი. თუმცა თუ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი იქვე იმყოფება, ამ ფაქტორს არ ითვალისწინებს, ბილეთის აღებას არ გაცდის, გაიძულებს ტრანსპორტიდან ჩახვიდე და გაჯარიმებს.
ასვლისთანავე ბილეთის აღება განსაკუთრებით ჭირს მიკროავტობუსებში, რადგან სალარო-აპარატი კარებშივეა დამონტაჟებული და როცა რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ადის, ერთმანეთსაც ხელს უშლიან და მძღოლიც იძულებული ხდება, დაყოვნდეს. ამიტომ მგზავრები ამჯობინებენ, ადგილებზე დასხდნენ და ჩასვლამდე ნელ-ნელა აიღონ ბილეთი, მაგრამ თუ მგზავრობის დასრულებამდე კონტროლიორები ამოვიდნენ, მათ მკაცრ ხელს ვერც ერთი მგზავრი უჯარიმოდ ვერ გადაურჩება.
ასე, რომ ერთ-ერთი მგზავრობისას მათი მსხვერპლი თავადაც გავხდი. იმაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ზოგადად კანონმორჩილი რომ ვარ და უბილეთოდაც არასდროს მიმგზავრია. ჩემი საბანკო ბარათის შემოწმებისას, ეს კონტროლიორებმაც აღნიშნეს და კომპლიმენტიც კი მითხრეს, კარგი გადამხდელი ყოფილხართო, თუმცა ჩემმა კანონმორჩილებამ მათი კლანჭებისგან მაინც ვერ მიხსნა.
ვინაიდან სამარშრუტო მიკროავტობუსში ასვლისას, ჩემს უკან კიდევ რამდენიმე ადამიანი მოდიოდა, ტრანსპორტი კი შუქნიშანთან იდგა და არ მინდოდა, შემეყოვნებინა, უკანა სავარძლისკენ გავწიე და გადავწყვიტე, როცა ხალხი შეხალვათდებოდა, ბილეთიც მაშინ ამეღო.
ბარათის სხვისთვის გადაწოდების ცუდი პრაქტიკა მქონდა. ადრე, ერთ-ერთ ავტობუსში საბანკო ბარათი სხვას რომ გადავაწოდე, ძირს დაუვარდა და ხალხმრავლობის გამო დროულად აღება ვერ მოახერხა. კარგა ხნის მერე ძლივს იპოვა და დამიბრუნა ფეხებით გადათელი, სწორედ ამიტომ, ამჯერად სხვისი დახმარებით ბილეთის აღებაზე უარი ვთქვი, რაც სანანებელი გამიხდა. მალევე მიკროავტობუსში კონტროლიორი ქალები (ძირითადად ქალები არიან, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან) ამოვიდნენ და ბილეთი მომთხოვეს. მე მორიდებით დავუწყე ახსნა, რატომაც დამიგვიანდა და ახლავე ავიღებ-მეთქი, წამოვდექი, მაგრამ ვინ მაცალა? ერთ-ერთმა მათგანმა ტერმინალს ჯერ ხელი მიაფარა, მერე თავისი ბარათი მიადო და დაბლოკა, ჩემს ბარათს კი ხელი სტაცა და ტრანსპორტიდან ჩავიდა. სხვა რა გზა იყო, მეც ჩავყევი.
არც თხოვნამ გაჭრა მათთან, არც დანამუსებამ, არც იმან, რომ თურმე წესიერი გადამხდელი ვყოფილვარ, რაც ჩემმა ბარათმაც დაადასტურა.
სიმართლე გითხრათ, 20 ლარის დაკარგვაზე მეტად კონტროლიორების უშეღავათობამ და ცივსხიხსლიანმა დამოკიდებულებამ გამანაწყენა, უფრო მეტიც, მათმა საქციელმა ისე შემილახა თავმოყვარეობა, შეურაცხყოფის გრძნობა რამდენიმე დღე ვერ მოვიშორე.
აქვე, შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, ჩვენს პარლამენტარებს თუ საკრებულოს დეპუტატებს რამდენი კანონი და დადგენილება მიუღიათ, რომლის აღსრულების მექანიზმი ან სულ არ არსებობს და კანონიც უმოქმედოდ დევს თაროზე, ან ნახევრად სრულდება, სამაგიეროდ, ზედმიწევნით კი არა, გადაჭარბებით ასრულებენ კანონს (რაზეც ზემოთმოყვანილი რიცხვებიც მოწმობს), რომელიც მგზავრს სატრანსპორტო საშუალებაში ასვლისთანავე ბილეთის აღებას ავალდებულებს და არც ერთი გამონაკლისი შემთხვევა არ არის გათვალისწინებული. რატომ არ შეიძლება, გამონაკლისად ჩაითვალოს, როცა ხალხმრავლობის გამო, მყისიერად ვერ ახერხებ ბარათის დაფიქსირებას ან მგზავრობის დასრულებისას გირჩევნია ბილეთის აღება, რათა უფასო მგზავრობისთვის განკუთვნილი საშეღავათო საათნახევრიანი პერიოდის გამოყენება შეძლო?
მოგეხსენებათ, საცობების გამო, ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ საათნახევარს A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლას ანდომებს და ასვლისთანავე რომ აიღებ ბილეთს, თუ მეორე ტრანსპორტში გადაჯდომა გჭირდება, ისევ 1 ლარის გადახდა გიწევს. ესეც არის მიზეზი, რომ ხანდახან მგზავრები ცდილობენ, თანხა დაზოგონ და ჩასვლისას აიღონ ბილეთი. ამას გარდა, არის შემთხვევები, როცა ტერმინალს ბარათს მიადებ, ხმასაც გამოსცემს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ თურმე აპარატმა თანხა არ ჩამოგაჭრა.
ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ამბავი, რომელიც ჩემს მეგობარს გადახდა თავს. როგორც თავად მომიყვა, ავიდა ავტობუსში და ბილეთიც მაშინათვე აიღო, უფრო სწორედ, ბარათი ტერმინალს მიადო, აპარატმა სპეციფიკური ხმა გამოსცა და ისიც არხეინად დაელოდა თავის გაჩერებას. ჩავიდა თუ არა, ავტობუსში მყოფი კონტროლიორიც ჩაჰყვა, რომელიც ბილეთის აღების დროსაც გვერდით ედგა. ჩემმა მეგობარმა, ბუნებრივია, თამამად გაუწოდა ბარათი, მაგრამ მისდა გსაკვირად, აღმოჩნდა, რომ ბილეთი აღებული არ ჰქონდა. თქვენ ხომ გვერდით მედექით და დაინახეთ, ბარათი რომ დავაფიქსირეო, გაოცებულმა მიმართა კონტროლიორს. მანაც დაუდასტურა, კი, დაგინახეთ, მაგრამ ისიც ვნახე, რომ თანხა არ ჩამოგაჭრათ, რადგან წინა მგზავრის მერე, სათანადო დაყოვნების გარეშე ტერმინალმა თქვენი ბარათი ვერ აღიქვაო. აწი იცოდეთ, სხვა რომ აიღებს ბილეთს, 5 წამი დაელოდეთ და თქვენ მერე აიღეთ, ახლა კი უბილეთობის გამო უნდა დაგაჯარიმოთო.
დიახ, არაფერს ვამატებ, ჩვეულებრივად, ,,უბილეთო მგზავრობისთვის“ დააჯარიმა.
თუ ხედავდით, რომ მოვტყუვდი, რაღას ელოდებოდით, რატომ იქვე არ მიმითითეთ, რომ ხელმეორედ დამეფიქსირებინა ბარათი, ეს რა საქციელია, ან რანაირი კანონიაო, წინააღმდეგობა კი გაუწევია ჩემს მეგობარს, მაგრამ კონტროლიორს მხრები გულგრილად აუჩეჩავს და ასეც ხდებაო, უნუგეშებია.
იმასაც მოგახსენებთ, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთა ქცევებით თავად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები რამდენად არიან შეწუხებულები, რამდენ პრობლემას უქმნიან ისინი მათ და აფერხებენ ავტომანქანების მოძრაობას.
ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მძღოლი მიყვება, როგორ გადაეკიდნენ მის მიკროავტობუსში ასული კონტროლიორები მოზარდს, რომელიც ეუბნებოდა, რომ ბილეთი ხალხმრავლობის გამო ვერ აიღო და ჩასვლისას აუცილებლად გაატარებდა ბარათს. მათ კი არაფრის გაგონება არ სურდათ და სთხოვდნენ, გაჩერებაზე მათთან ერთად ჩასულიყო.
,,უხსნიდა, რომ ძალიან ეჩქარებოდა და მათთან ერთად ვერ ჩავიდოდა, თან ეხვეწებოდა, არ დაეჯარიმებინათ, მაგრამ არაფერმა გაჭრა და ბავშვი ისეთ ისტერიკაში ჩავარდა, შემეშინდა, რამე არ მოსვლოდა. მაინც არ ეშვებოდნენ. ერთმა კონტროლიორმა ვიღაცასთან გადარეკა და მოახსენა, უბილეთო მოზარდია, ვაჯარიმებთ, მაგრამ ისტერიკაშია და გავაგრძელო დაჯარიმება თუ შევეშვაო. მეტი ვერ მოვითმინე და ავყვირდი, რად უნდა მაგას კითხვა, ხომ ხედავთ, რა დღეშია ბავშვი, მაინც და მაინც გულის შეტევა უნდა დაემართოს-მეთქი? იმასაც ხომ ხედავთ, მოძრაობას ვაფერხებ, საცობი შევქმენი უკვე და გამიშვით ჩემს გზაზე-მეთქი. მხოლოდ ამის შემდეგ შეეშვნენ და ჩავიდნენ ტრანსპორტიდან.
არადა, ჩვენ, მძღოლებს უფლება არა გვაქვს, რამე ვუთხრათ, რამდენ ხანსაც უნდათ, შეგვაყოვნებენ. ამის გამო, ხან სად ვჭედავთ გზას და ხან - სად. მათ არ აინტერესებთ მოძრაობის შეფერხებას რომ იწვევენ და არც იმ საყვირების ხმა თუ გინება აღელვებთ, ჩვენს უკან მდგომი მანქანებიდან რომ ისმის. კი, გასაგებია, კანონი არსებობს და უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ რაღაც მომენტები უნდა იქნეს გათვალისწინებული. ისიც, რომ ჩვენ, მიკროავტობუსების მძღოლებს განსაკუთრებით გვიშლიან ხელს მუშაობაში. პრობლემა არ იარსებებს, თუ გაჩერებებზე დახვდებიან მგზავრებს და ბარათებს ტრანსპორტიდან ჩამოსვლის მერე შეუმოწმებენ. ჩვენც მშვიდად ვიქნებით და ისინიც. არც მგზავრს ექნება პრეტენზია, რომ უსამართლოდ აჯარიმებენ.“ - აღნიშნა მიკროავტობუსის მძღოლმა.
ტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთა ზღვარგადასულ ქცევებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ შემთხვევაზე მოგვითხრობს პენსიონერი ქალბატონი.
,,გლდანის ბაზართან საკმაოდ ბევრი ხალხი ავედით ავტობუსში, ორივე ხელში პროდუქტებით სავსე ჩანთა მეკავა. ცალი ხელი ძლივს გავითავისუფლე, ჩანთიდან ბარათი ამოვიღე და ის იყო, სალაროს მივუახლოვდი, რომ კონტროლიორმა გზა გადამიღობა და ეს ბარათი ხელიდან ამართვა, უბილეთობის გამო უნდა დაგაჯარიმოთო. მერე მგზავრებმა მითხრეს, თურმე ფეხდაფეხ ამომყოლია და ჩემს ყველა მოქმედებას ხედავდა. ვუთხარი, ახლა ამოვედი და მეტი დრო არ გასულა, ჩემს წინ სხვები იყვნენ სალაროსთან, ბილეთი როგორ ამეღო, როგორც კი ხელი გავითავისუფლე და აქამდე მოვედი, ხომ ნახეთ, რომ ბილეთს ვიღებდი-მეთქი? არაფერმა გაჭრა, ამ ჩემი ჩანთებით ისევ ქვევით ჩამიყვანეს და დამაჯარიმეს. ისე ვინერვიულე, წნევამ ამიწია და სულ ტირილით მოვედი სახლში.
პენსიონერისთვის 20 ლარიც საქმეა, მაგრამ მარტო ჯარიმაზე არ არის ლაპარაკი, როცა ასე უსამართლოდ გექცევიან და თავს ვერაფრით იცავ, ძალიან საწყენია. ვერ ვხვდები, ადამიანების გამოჭერაზე ასე ბოროტულად რატომ არიან დადარაჯებული, მათზე არაფერი მოქმედებს, ვერავითარი მიზეზი ვერ აჩერებთ. ის კი არადა, ამასწინათ შევესწარი, გაჩერებასთან გამვლელ მამაკაცს ედავებდონენ, ავტობუსიდან ჩამოხვედი და ბარათი გვაჩვენეო. გაგიჟდა ის კაცი, არ ჩამოვსულვარ ტრანსპორტიდან, აგერ მაღაზიიდან გამოვედი და აქ ამწუთას გამოვიარეო. სხვა მოქალაქეები რომ არ ჩარეულიყვნენ და არ ეთქვათ, რომ ის კაცი მართლა გამვლელი იყო, არ ვიცი, იქ რა მოხდებოდა.
სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს როგორ უმოწყალოდ ექცევიან, მაგაზე ლაპარაკიც არ მინდა. მიკვირს, რატომ აქვთ ამდენის უფლება?“ - აღშფოთებას ვერ მალავს ჩვენთან მოსაუბრე.
მართლაც, არაერთი თვითმხილველი არსებობს, რომლებიც ასახელებენ ფაქტებს, როცა უბილეთობის გამო 9-10 წლის ბავშვები ჩაყავთ ავტობუსებიდან და აჯარიმებენ. მოქმედი კანონით მათაც ეკუთვნით ბილეთის აღება, მით უმეტეს, უფასო ბილეთებით სარგებლობენ, მაგრამ ხდება ხოლმე, ბავშვებს ან სამგაზვრო ბარათი ეკარგებათ ან სხვა ტანსაცმლის ჯიბეში რჩებათ და ასეთ შემთხვევაში, ალბათ უფრო უპრიანი იქნება, გაფრთხილებით შემოიფარგლონ, ვიდრე ამ ასაკის ბავშვები ტრანსპორტიდან შუა გზაზე ჩამოსვან და იქ უმეთვალყუროდ დატოვონ.
სწორედ ერთ ასეთ სავალალო შემთხვევაზე მოგიყვებით ახლა, რომელიც წინა კვირას ნაძალადევის ტერიტორიაზე მოხდა.
მოგეხსენებათ, თბილისის ამ რაიონში რამდენიმე სკოლის შენობას რემონტი უტარდება, ამიტომ მოსწავლეები სხვადასხვა უბნის სკოლებში არიან გადანაწილებულები და საკმაოდ შორ მანძილზე, უმეტესად საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევთ გადაადგილება. 10 წლის, მეოთხეკლასელი ბიჭიც ერთი უბნიდან მეორეში ავტობუსით მგზავრობდა, რომლიდანაც კონტროლიორმა უბილეთობის გამო შუა გზაში ჩამოსვა, დააჯარიმა და იქვე დატოვა. თავის გაჩერებაზე ბავშვს ბებია ელოდებოდა, რომელმაც იცოდა, რა დროს უნდა დაბრუნებულიყო სკოლიდან შვილიშვილი. როცა შეაგვიანდა, ბებიამ მისი კლასის დამრიგებელთან დარეკა, რომელმაც უთხრა, რომ ბავშვი თავად ჩასვა ავტობუსში და შინისკენ გამოუშვა. ვითარებას ის ფაქტიც ამძაფრებდა, რომ ბავშვის ტელეფონზე ზარი არ გადიოდა. ბუნებრივია, ამ ამბავმა ცალკე ოჯახის და ცალკე მასწავლებლების შეშფოთება გამოიწვია. დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში სრულ გაურკვევლობასა და პანიკაში იყვნენ და ის იყო, საქმეში პოლიცია უნდა ჩაერთოთ, რომ თავიდან ფეხებამდე სველი ბავშვი, სახლში ერთ-ერთი კლასელის მშობელმა მოიყვანა.
აღმოჩნდა, რომ ის ტრანსპორტიდან კოკისპირული წვიმის დროს ჩამოსვა კონტროლიორმა, რომელმაც ყურად არ იღო მისი ნათქვამი, ბარათი დავკარგე და ახლის აღებამდე უბილეთოდ მიწევს მგზავრობაო... შემდეგ, ისევ დაჯარიმების შიშით ბავშვი სხვა ავტობუსში აღარ ასულა და ფეხით დასდგომია გზას. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, შემთხვევით კლასელის დედა შეხვედრია, რომელსაც უცვნია და მანქანა გაუჩერებია. რაც შეეხება ტელეფონს, ელემენტი დამჯდარა და ამის გამო ვერ ურეკავდა ვერავის, ვერც მას უკავშირდებოდნენ.
ვიდრე ბავშვი საღსალამათი არ დაუბრუნდათ, ადვილი წარმოსადგენია, იმ 45 წუთის განმავლობაში რა სიმწარეს და შიშს გამოივლიდა ოჯახი, თავად ბავშვის მიერ განცდილ სტრესზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მხოლოდ ამ კონკრეტული მაგალითით რომ ვიხელმძღვანელოთ, შეგვიძლია ხმამაღლა დავსავათ კითხვა: მაშინ, როცა ჩვენი კანონმდებლობით, არასრულწლოვნები ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვისაც არ ისჯებიან, უბილეთობის გამო, თავსხმა წვიმაში 10 წლის ბავშვის, მისთვის უცხო ადგილას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩაყვანა, დაჯარიმება და უმეთვალყუროდ მიტოვება რომელ სამართლებრივ აქტში უნდა ეწეროს?
მით უმეტეს, ორმაგად აღმაშფოთებელია, როცა ამ შემთხვევის საპირწონედ სრულიად სხვა შემთხვევას გადააწყდები და საკუთარი თვალით ნახავ, მონიტორინგის სამსახურის სხვა დროს შეუვალი თანამშრომლები, კანონის ყოველგვარი უგულვებელყოფით, როგორ უწევენ შეღავათს საზოგადოების გარკვეულ კასტას.
შორს არ წავალ, მეორე მაგალითს მოგიყვებით, რომლის მოწმეც თავად გავხდი.
რამდენიმე დღის წინ, დიდი დიღმიდან გლდანის მიმართულებით მიმავალ მიკროავტობუსში ჩემს გვერდით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჯდა. ორიოდ გაჩერების შემდეგ სალონში კონტროლიორები ამოვიდნენ. მამაკაცთაგან ერთ-ერთმა ბანკის ბარათი ამოიღო და მათ ხმამაღლა უთხრა, ჩვენ ,,პროგრამაში ვართ,“ ახლა ამოვედით და ბილეთი ჯერ არ აგვიღიაო. გავიფიქრე, ახლა იმისთანა ამბავი ატყდება, ნეტავი, აქ არ ვიყო-მეთქი, მაგრამ მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ. მონიტორინგის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მეტადონის პროგრამაში მყოფ ნარკომომხმარებლებს მშვიდად მიმართა, პროგრამაში თუ ხართ, დამადასტურებელი საბუთი მაჩვენეთო. იმ ერთმა საბუთი აჩვენა, მეორემ კი - მე არაფერი მაქვს, არც საბუთი და არც სამგზავრო ბარათი. ცუდად ვარ, ხომ ხედავ, ერთი სული მაქვს, ადგილამდე მივიდეო, - საკმაოდ აღელვებულმა იქით შეუტია.
- ხო, პროგრამაში თუ ხართ, დავალებული გვაქვს, არ დაგაჯარიმოთო, - მონიტორინგის თანამშრომელმა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა საბუთიან მამაკაცს ბარათი გამოართვა და თავის პარტნიორს გადააწოდა, ბილეთი აუღეო. იმანაც ხმისამოუღებლად დააფიქსირა ბარათი აპარატზე და ასევე მშვიდად დაუბრუნა უკან.
მაშინ, როცა მე, ბარათით ხელში მჯდომს ბილეთის აღება არ დამანებეს, პენსიონერს, დევნილს, სტუდენტს თუ არასრულწლოვანს განურჩევლად ექცევიან და უაპელაციოდ ართმევენ სამგზავრო ბარათს, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან სადაც უნდათ, იქ ჩაჰყავთ და აჯარიმებენ, ამ ორ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს, კონტროლიორები ლამის თავზე შემოევლნენ; უბილეთოდ მგზავრობისთვის ერთს ხომ საყვედურიც არ უთხრეს და მეორეს, სულაც, თავად აუღეს ბილეთი...
ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხე, ფაქტის რამე ფორმით გაპროტესტებაზე რომ არაფერი ვთქვა. კარგა ხანს იმასაც ვფიქრობდი, მომხდარის შესახებ ვინმე სხვას რომ მოეყოლა, იქნებ, არც დამეჯერებინა-მეთქი. ამ დროს, ის შემთხვევაც გამახსენდა, ჩემი თანდასწრებით, პროკურორივით რომ დაჰკითხა ერთმა კონტროლიორმა ქალმა სტუდენტი ბიჭი, რომელსაც ბილეთი აღებული ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მისი სტუდენტური ბარათის მიმართ გაუჩნდა ეჭვი. ჯერ, ბარათი ნამდვილად მისი იყო თუ არა, ის ჰკითხა, მერე - ასაკი, მერე - სასწავლებლის დასახელება და მხოლოდ მას შემდეგ შეეშვა, რაც ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო. ისიც გამახსენდა, თვითმხილველმა და უშუალოდ ინციდენტის მონაწილემ რომ მომიყვა, თუ როგორ არ ანებებდა, ავტობუსში ასული კონტროლიორი ერთ-ერთ ახალგაზრდა მგზავრს ბილეთის აღებას და როგორ გადაუგრიხა ის ხელი, რომელშიც ბარათი ეჭირა. იქვე მდგარმა ჩემმა ნაცნობმა კი ახალგაზრდას ბარათი გამოართვა და ბილეთი სწრაფად აუღო, რის შემდეგაც მონიტორინგის თანამშრომელმა აგრესია მასზე გადაიტანა და დაემუქრა, სამხრე კამერამ დაგაფიქსირა და ნახე, რა პრობლემები შეგექმნასო...
დამერწმუნებით, რომ თბილისში მოძრავ, თითქმის, ყველა მუნიციპალურ ავტობუსსა თუ მიკროავტობუსში ყოველდღიურად არაერთი ასეთი შემთხვევის მოწმე შეიძლება გავხდეთ, რაც აჩენს პროტესტის გრძნობას და კითხვებს: აქვთ თუ არა კონტროლიორებს მგზავრების მიმართ ასე მოქცევის უფლება, არასრულწლოვნების დაჯარიმების და ტრანსპორტიდან მათი ჩაყვანის უფლება; ავალდებულებს თუ არა კანონი მგზავრისთვის ბარათის წართმევას, ტერმინალის დაბლოკვას და მგზავრობის დასრულებამდე ბილეთის აღებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან კანონმდებლობით ეკუთვნით თუ არა სამგზავრო შეღავათები მეტადონის პროგრამაში მყოფ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს?
სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად მივმართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლობას და ტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის იმ თანამშრომელთან დაკავშირება ვთხოვეთ, ვისაც აღნიშნულ საკითხებზე პასუხისმგებლობა უშუალოდ ეკისრებოდა.
კომპანიაში გვითხრეს, რომ თუ გვინდა, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღოთ, კომპანიის ოფისში უნდა გამოვცხადდეთ და მის ხელმძღვანელს ოფიციალური განცხადებით მივმართოთ ან ფოსტით გავუგზავნოთ ვრცელი წერილი, სადაც ყველა იმ შემთხვევის შესახებ მოვახსენებთ, რაც ამ მასალაშია ჩამოთვლილი.
ამის შემდეგ, შესაძლოა პირადად დამიკავშირდნენ ან ასევე ფოსტით გამომიგზავნონ თავიანთი მოსაზრება. ელექტრონულად ან ტელეფონის საშუალებით ურთიერთობაზე უარი მივიღეთ.
რა თქმა უნდა, წერილს აუცილებლად გავუგზავნი, მანამდე კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლისგან, დიდი დაჟინების შედეგად, გავარკვიე, რომ კონტროლიორს არა აქვს უფლება, არასრულწლოვანი ანუ 18 წელს მიუღწეველი პირი, რომელიც მშობლის ან მეურვის გარეშე მგზავრობს, ტრანსპორტიდან ჩაიყვანოს და დააჯარიმოს.
P. S. რაც შეეხება მეტადონის პროგრამაში მყოფ ნარკომანებს, როგორც საქმეში ჩახედულმა პირებმა გამარკვიეს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლება არჩევნებში მათგან გარანტირებულ ხმებს ელოდება, სწორედ ამიტომაც იღებენ ეგრეთწოდებული ,,მეტადონშიკები" გარკვეულ შეღავათებს.
ვინაიდან, არჩევნებთან დაკავშირებული ფაქტების მტკიცებულებები არ გამაჩნია, შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა კი ვიტყვი, რომ იმ შემთხვევის მიხედვით, რისი მოწმეც გავხდი, ამ ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს.
ირმა ბერიშვილი
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.