Jump to content
Planeta.Ge

პუტინი აღიარებს, რომ მას თანამედროვე იარაღი არ აქვს


,,ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები გვაქვს, ზარალი კლასიკურ მაჩვენებელს აღემატება,” - განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც მან უკრაინის კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა.

ინფორმაციას გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს.

პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები არტილერიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, რადგან ქვეყანას ამ დროისთვის საკმარისი თანამედროვე საბრძოლო სისტემები არ აქვს. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, თავდაცვის კონტრაქტორები ამ პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებენ.

,,დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი თანამედროვე იარაღი, მაგრამ თავდაცვის ინდუსტრია, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სწრაფად ვითარდება,” - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტ.

პუტინმა არ დააკონკრეტა, რა სამხედრო იარაღი აკლია მის ძალებს, მაგრამ The Daily Beast-ის ანალიტიკოსების აზრით, აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს თანამედროვე რაკეტების მარაგი ეწურება.

აღნიშნული საინფორმაციო გამოცემის შეფასებით,  პუტინისგან იმის აღიარება, რომ რუს სამხედროებს გარკვეული საბრძოლო ტექნიკა არ აქვთ, უჩვეულოა და მისი ეს განცხადება აშკარა უკანდახევა კრემლის იმ ადრინდელი პოზიციისგან, რომელიც უკრაინის ომთან დაკავშირებით ჰქონდა. აქამდე რუსეთის ხელისუფლება, მთელი კონფლიქტის განმავლობაში, მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმას წარმატებულად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, თუ როგორ ვიტარდებოდა ყველაფერი მათთვის ძალიან ცუდად.

რატომ გამოაცხადა პუტინმა საჯაროდ, რომ რუსეთს პრობლემები აქვს, უცნობია, მაგრამ The Daily Beast-ის განმარტებით, ის შეიძლება ომიდან დისტანცირებას ცდილობს ან ეს პოზიცია, ომის შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის შიგნით მოლოდინების კორექტირებისთვის, შეიძლება კრემლის გეგმის ნაწილი იყოს.

იანვარში, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ქალაქი სოლედარი აიღეს, ტელეკომპანია Россия 1- სთვის მიცემულ ინტერვიუში, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ,,სპეცოპერაცია წარმატებულად მიმდინარეობდა.“

 ,,დინამიკა დადებითია და ყველაფერი ვითარდება თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეომრები თავიანთი ბრძოლის შედეგებით კიდევ უფრო გაგვახარებენ.“ - აღნიშნა მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელეარხის ეთერში.

 

წყარო: Putin admits Russia has suffered losses and is lacking modern weapons | (thedailydigest.com)

 

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...