Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

ძალიან მიშ–ხლართული ისტორიები ანუ „ქვე“ და ღია ტექსტების კვირა


katya

3.307 views

blog-0644586001371023843.jpgთუ ჭკუის კოლოფა კონფუცის დავუჯერებთ, ცხოვრება თავისთავად ძალიან მარტივია, მაგრამ მას ადამიანები გამუდმებით ვართულებთ...

ყველაფერი ურევს თუ ყველა ურევს, არ ვიცი, მაგრამ, ვიღაც რომ ურევს, ფაქტია...

ამინდია „თხლეი,“ როგორც გურიაში იტყვიან... განწყობა ჭურის ნარეცხადაც ვერ გასაღდება.

წვიმსო! რატომ წვიმსო! ? უნდა და წვიმს... ახლა ბუნებას ეჭიდავეთ კიდევ...

რა გიყვართ ეს ღია კარის მტვრევა და კატების დევნა ბნელ ოთახებში..

ძალიანაც კარგი თუ წვიმს! ბევრი აქვს ამ ქვეყანას ჩამოსარეცხი და ბევრი დაუბანელიც დაიარება. თანაც, ცივი წყალი აფხიზლებს, ხშირად უნდა გვასხან, სანამ თავზე ლაფდასხმულებს მზიანი ამინდი მოგვისწრებს და გამოვეფინებით გასაშრობად...

 

თემიდაც კი თავბედს იწყევლის ამ ქვეყანაში, ხალხი ხართ თქვენო! ვის ხელში მტოვებთო? მაგრამ ვინაა პატრონი? და არ თქვას ახლა ვინმემ, არ ვიცოდით რომ ასე მოხდებოდაო!

თუ არ იცოდით, რატომ არ იცოდით? სხვა გევალებათ რამე, მაგის ცოდნის გარდა?

 

როცა ქვეყნის პრეზიდენტს აღარ შეუძლია (ან არ სურს) რეალობის ადექვატურად აღქმა, დემოკრატიულ საზოგადოებაში, პრეზიდენტს ცვლიან, ავტორიტარულში კი ცვლიან რეალობას... ასეა ეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ცვლილებები არავის აწყობს.

 

ის "საშიში" ვიდეო ვინ დადოო? ვინო?..

გავიდნენ ცხელზე არა, მაგრამ ნელ–თბილ კვალზეო, ამბობენ. ხახვის ფურცლები დარჩენიათ ასაკრეფი გზაზე, მაგ ბედოვლათებს. .. ჯერ ვერსიაა, მაგრამ, რატომღაც, ეჭვი არ მეპარება, რომ მაგ უნიჭობაში არველაძის ტვინის უჯრედები ურევია. ბოლო–ბოლო, მაგას აქვს ჭიპი მოჭრილი ხალხის დაპანიკებაში. მოდელირებული ქრონიკაც ხომ მისი ტვინის და ფანტაზიის ნაჟურია? რა ბედნიერებაა, რომ არველაძე ყველაზე "კრეატიული" ტიპია ნაცმოში საბედნიეროდ.

არადა კოკა რა შარში იყო. რა ყოფილა ეს დარჩიაშვილი? არ გააქანა და პირდაპირ ყანდიაშვილს არ დაადო ხელი? რა იყო, ტიგრანა გულოიანის არ იყოს, იმდენ „ქოცებში“ მარტო ეგ იყო თეთრი და ფაფუკი?... ოხ დარჩო! შენ არ დარჩიო! მეისპე და გადაშენდიო, გეტყოდნენ გურულები. კახელებს არ გავაგებინებ მაგ ამბავს, თორემ მასე იოლად ვერ გადარჩები...

ვერსიები და ვარაუდები კარგია, მაგრამ, ჯერ მოდუნება არ შეიძლება. პრეზიდენტის ფლანგს რამე ხვრელი ექნება დატოვებული რისკების გათვალისწინებით. როცა გეგმა „ა“ არ ამართლებს, იქ კიდევ რჩება 32 ასო, რომ კიდევ სცადო..

 

გადადება და გადავადება რომ მავნე ჩვევაა, ეგეც გავიარეთ უკვე.

გზა სახელწოდებით „მერე“ მხოლოდ იმ ქვეყნამდე მიდის „არსაით“ რომ ქვია..

არის რაღაც–რაღაცეები სასწრაფოდ მოსაგვარებელი, გადაუდებელი და დასასწრები თორემ, ხომ ხედავთ – კო(ჰ)აბიტაციაო და მართლა დაიჯერეს მგონი, რომ კარგი ბიჭები და გოგოები არიან.

თავის გამართლების ხელოვნება ძირითადად ნიჭიერად დაბრალების და გადაბრალების და დადანაშაულების ხელოვნებაა.

სხვისი სიბრიყვის გამო მუდმივ ტანჯვას ზოგჯერ საკუთარით ტკბობა ნამდვილად სჯობს.

 

ვანოს დაუმძიმდებაო! მეტი რაღა უნდა დაუმძიმდეს, მაგის დაჭერის დღეს ხალხმა „მაღარიჩები“ იკისრა. ერთმანეთს ულოცავდნენ... როცა ხალხს ასე „უყვარხარ“ და ამხელა სიხარული შეგიძლია მიანიჭო შენი 4 კედელში ყოფნით და განმავნებელყოფით, რა გინდა თუ კაცი ხარ გარეთ?! ჰო, ვიცით, გაგვიგია, ვანო კარგი მამა იყოო და ადამიანური კუთხით ცდილობენ ჩრდილოვანი პროფილის შემოთავაზებას, მაგრამ, შენ ზოგიერთებს მამობაც არ აცალე, ამიტომ არ გვინდა ზურაბ ჯაფარიძისფერი ბაზარი...

დამეთანხმები, სასამართლოში ჩვენების მიცემა გაცილებით უკეთესი ვარიანტია საფლავში წოლასთან შედარებით...

 

ნომერ პირველი ტერორისტი საქართველოში რომ „სვაბოდაზეა,“ ხომ არ გეშინიათ ბიჭებო?!

ჩეგივარას კი კარგად დაუბინავებია უკრაინაში თავისი ბიზნესი და ახლა შეუძლია თავისუფლად და ღრმად ამთქნაროს, როგორც ეს მის ერთ პოპულარულ ფოტოზეა.

 

კვირის ყველაზე მოლოდინით სავსე მოვლენა – 7 ახალი მოსამართლის ფარული კენჭის ყრა ინტიმურ გარემოში წარიმართა ...

კარგით, ჩვენ იმ მოსამართლეების სინდისის იმედზე ვართ დარჩენილები და თვითონ ისინი რის იმედზე არიან ნეტავ?

სენეკამ თქო, კანონი მოკლე უნდა იყოს რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროსო.

აი როგორი უნდა იყოს კანონის მოციქული მოსამართლე, ეგ მარტო კუბლაშვილმა იცისო კოტემო.

ჰოდა, ადგა და შვიდი ტყვია ესროლა მაგ ვაჟბატონმა თემიდას და შვიდივე გაარტყა!

პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულებულია - შვიდივე სასურველი კანდიდატურა მანტიაში რჩება. ახლა კუბლაშვილის ამოცანაა პარლამენტის მიერ ასარჩევ ექვს წევრში ერთი მაინც მისთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანოს. ამით მას ექნება 10 ხმა ანუ 2/3-ის უმრავლესობა და ნებისმიერი პრობლემის გასაღები ჯიბეში.

მერე გაუკვირდებათ, რატომ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში არც სიმართლეა და არც სამართალი და რომ მთავარი შეთანხმებაა.

მაგრამ ისიც რომ მართალია, – თუ თავად არ იფიქრე, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც შენს მაგივრად იფიქრებსო?

მეც მაგას არ ვამბობ!? ბავშვობიდან მაინტერესბდა, რა მოხდა ცხენსა და პრჟევალსკის შორის ისეთი, რომ მერე იმ ცხენმა მისი გვარი აიღო. ..

სხვა რა გზა მაქვს, უნდა დავეთანხმო ბრეხტს – ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით. კიდევ ადამიანების სიცოცხლით და მორალით.შეიარაღებული მამაკაცი ან იდეას უნდა ემსახურებოდეს, ან ღირსებას... ასეა ეს და მეომრებმა ეს ჩემზე უკეთ იციან. ჩვენ რომ მათი სულები და სიცოცხლე გვტკივა, მათ ასჯერ მეტად ტკივათ...

მაპატიეთ, მაგრამ, როცა ცხოვრების წესად ქცეულ სოციალურ ქსელში კამათი მიდის იმაზე, ვისი ცრემლი უფრო მარილიანი, მდუღარე ან გულწრფელი იყო – პრეზიდენტის თუ პრემიერის, აი მანდ უკვე აშკარად იკვეთება დიაგნოზი – ჩვენ სხვისი უკანალით ზღარბზე და კაკტუსზე არხეინადმოკოტრიალე საზოგადოება ვართ.

უკაცრავად კი ვარ, ნაციონალებთან, რუსული ანდაზის ციტირებისთვის, მაგრამ, ჩემს აზრს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეს ყველაზე უკეთ გამოხატავს -ის მიწა კი არ ფასობს ძვირად,სადაც დათვი ცხოვრობს, არამეს ის სადაც ქათამი იქექება.. მეც და თქვენც საქართველო მთლიანიც და დაგლეჯილიც ადამიანებისთვის გვინდა, პირველ რიგში...

ის, რასაც აწესებს უმრავლესობა, არაა აუცილებელი უკეთესი იყოს, ან ლოგიკური. მთავარია, ადამიანთა კოლექტიურ სურვილს ესადაგებოდეს

5 ივნისს მიშამ თავისი პარტიის წევრები ისევ შეკრიბა რეზიდენციაში, ალბათ „ ჯუჯალარი“ მოუწყო.

გლოვის დღეც განსაკუთრებულად აღნიშნეს– მთელი ქალაქის გასაგონად! 9 ივნისის გამთენიისას მიხეილი ქვეყანაში გლოვის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებდა.

„ბოროტი ენები ამბობენ, რადგან პუტინები გაიყარნენ, ეგებ ვალოდიას ქვეყანაც მობეზრდესო და იმედი მიეცათ რუსებს.“ ეს ჩვენი რომ ცოლსაც არ ეყრება?!

კახეთის ხუთ რაიონში - დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ახმეტაში, გურჯაანსა და საგარეჯოში იტალიური და მაროკოული კალია გავრცელდა. მწერებიც კი „იმპორტნი“ გვყავს და ეს დეიდა „ნატო“ მაინც არ გვაღიარებს. ისე, ახლოდან რომ დავაკვირდი, აღარც ისეთი სიმპათიურია, ადრე რომ მეჩვენებოდა.

უცნაური ვინმეა ეს ლოგიკა! როცა არის, არავის ჭირდება და როგორც კი თვალს მიეფარება, ყველა მის ძებნას იწყებს...

დიკ ჩეინის 43 წლის უმცროსმა ქალიშვილმა ცოლი მოიყვანა თუ პირიქით, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ოჯახი წმინდაა და სქესის აღრევა არ მოხდა.

აი ჩვენთან მალე მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდება და ევროპაში უკვე აშკარად და აქტიურად საუბრობენ ინცესტის ლეგალიზაციაზე. თუმცა, არსს ჯერ ვერ ჩავწვდი...

მაგის ლეგალიზებას საქართველოში ისევ ლგბტ–ის აღლუმების დაკანონება მირჩევნია.

გილოცავთ! ქართველებს, როგორც იქნა, ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი გვეღირსა! რაც იმედის უფლებას გვიტოვებს, რომ იმ ვირტუალურ გვერდზე ზოგჯერ ისეთებსაც წაუცდებათ „თაგვი“ ვისაც ეს განსაკუთრებით ჭირდება, საკუთარი არაორთოგრაფიულობიდან გამომდინარე...

 

ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე და არაფრის დამახსოვრება აღარ დაგჭირდებაო – მარკ ტვენმა.

რას მივხვდი იცით, რაც უფრო მეტად ვაკვირდებით სტრიქონებსშორის ჩადებულ აზრს, მით უფრო მძიმედ და რთულად აღვიქვამთ ღია ტექსტებს.

ალბათ, ამის ბრალია, ვისაც ჩვენი დუმილის გაგება არ შეუძლია, ის ვერც ჩვენს სიტყვებს გაიგებს...

ადამიანები აყალბებენ ფულს, ფულიც ხშირად აყალბებს ადამიანებს.

ჩვენში დარჩეს და, – გამარჯვებას ზრუნვა უყვარს!..

 

კატო ჩულაშვილი

გაზეთი "ქრონიკა+" #9

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...