ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ საგარეო უწყებას ,,აფხაზეთის საშინაო საქმეებში საქართველოს ჩარევა“ დაუშვებლად მიიჩნია.
31 მაისს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ოფიციალური პირების მხრიდან უკმაყოფილო გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,აფხაზეთის საშინაო საქმეებში საქართველოს ჩარევა“ დაუშვებლად მიიჩნია.
სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მხარს უჭერს მათ, ვინც სოხუმში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა ლოზუნგით: „აფხაზეთი არ იყიდება." სწორედ მისი ეს სიტყვები შეაფასა აფხაზურმა მხარემ, როგორც ,,აფხაზეთის შინაურ საქმეებში ჩარევა.“
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიკტორია მალანიამ უწყების მედიაცენტრის ტელეგრამარხზე, სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა.
„თუ სალომე ზურაბიშვილს ასე აწუხებს აფხაზეთის მოქალაქეების ბედი, ვურჩევთ, გავლენა იქონიოს საქართველოს მთავრობაზე, რათა ხელი მოეწეროს შეთანხმებას აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ.“ - ნათქვამია განცხადებაში, სადაც
მალანია, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,მათი რესპუბლიკისთვის“ უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში 30 მაისს გამართულ საპტოტესტო აქციას, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.
პროტესტის მონაწილეები აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის ქმედებებზე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემულ დაპირებებს არ ასრულებს.
აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ლოზუნგი: ,,აფხაზეთი არ იყიდება!“
მათ მიერ ჩამოთვლილი იყო პრობლემები, რაც აწუხებთ და რისთვისაც აქციის მოწყობა გადაწყვიტეს. ეს არის კანონპროექტი ბინებისა და სასტუმრო-აპარტამენტების შესახებ; ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა; ენერგოობიექტების პრივატიზების საფრთხე, არაეფექტური სახელმწიფო მმართველობის სისტემა და მრავალი სხვა. ისინი შეეხნენ ასევე, სასტუმრო-კომპლექს ,,ბიჭვინთის“ რუსეთზე გადაცემის საკითხსაც.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.