Jump to content
Planeta.Ge

გიორგი მელაშვილი: ირაკლი კობახიძემ გადაიკითხოს კონსტიტუცია და დაინახავს, ვის აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება. ოფიციალური მიწვევა მან ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან ერთი თვის წინ მიიღო და ვიზიტთან დაკავშირებული თანხმობისთვისაც მთავრობას დაუყოვნებლივ მიმართა.

საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელში ვიზიტზე ნებრთვა კი გასცა, თუმცა მას წინ ისეთი მოვლენები უძღოდა, რამაც ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამგზავრება ეჭვქვეშ დააყენა. მმართველი გუნდის ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაისმა ბრალდებები, თითქოს, მისი განცხადებები საერთაშორისო არენაზე საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროპულ მომავალს.

როგორც ყოველთვის, პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული გამოსვლით გამორჩეული იყო პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა: ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და სინამდვილეში ნაბიჯები არ იდგმება, ეს დამაზიანებელია.

უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებისთვის.

რადიკალური იყო კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიმართ მაშინაც, როცა ამ უკანასკნელმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან პირდაპირი ფრენების ნებართვის დაშვება დაგმო.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, ,,პრეზიდენტს არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს, მით უმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს.“

რაც შეეხება დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების ქორწილის გამართვას კახეთში და ამ ფაქტის მიმართ პრეზიდენტის პროტესტს, ირაკლი კობახიძეს ის არც ამ შემთხვევაში დაუზოგავს. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილს ქსენოფობიის წაქეზებაში დასდო ბრალი.

როგორც წესი, საკმარისია ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა გამოითქვას, რომ სოციალურ ქსელში  ცალკეული ადამიანების თუ გარკვეული ჯგუფების მიერ იწყება მისი დაუნდობელი შეურაცხყოფა, ლანძღვა, ქილიკი, წამოძახებები, ხშირად, ერთიდაიგივე ტექსტით, რაც იწვევს ეჭვს, რომ ამ ორგანიზებული კამპანიის უკან, შესაძლოა თავად ხელისუფლება იდგეს.

რამდენად მისაღებია თანამედროვე ეპოქაში ასეთი მტრული დამოკიდებულება ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის მიმართ, რამდენად კარგად წარმოგვაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებისგან სალომე ზურაბიშვილის დადანაშაულება, თითქოს, მისი განცხადებები ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს ან გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, ამ საკითხების შეფასება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მელაშვილს ვთხოვეთ.

image.jpeg

- თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ,,რას აშავებს“ საქართველოს პრეზიდენტი, რატომ არის ხელისუფლება მისით მუდამ უკმაყოფილო და ასე ხშირად რატომ ხდება სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის და მისი მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმის ობიექტი?

- საქართველოს პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქვს ძალიან მცირე, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითი ფუნქცია. ეს არის, საქართველოს წარდგენა საერთაშორისო არენაზე.

თუნდაც ბოლო პერიოდში, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, როცა მმართველი პარტიის მხრიდან სრულიად გაუგებარი განცხადებები გვესმის, ერთადერთი ადამიანი, რომელიც, შინ თუ გარეთ, საქართველოს სწორ პოზიციას აჟღერებს, არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სხვათაშორის, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი ევროინტეგრაციის შესახებ, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტი მიჰყვება. ასევე, საერთაშორისო არენაზეც ძალიან კარგად ვხედავთ პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებას, სადაც ის დარჩა საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, რომელთანაც დასავლეთი პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებს.

ამ მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველომ მიიღო უნიკალური შანსი, დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსეთის გავლენას, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და აჟღერებს იმ გზავნილებს, რომელიც არა მარტო პრეზიდენტის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიოფოს მხრიდან უნდა ისმოდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ,,ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები  ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩევიან, ამ ვითარებაში კომუნიკაციის სწორი ხაზის არსებობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სწორედ, პრეზიდენტი რჩება ერთადერთ პიროვნებად, ვისაც შეუძლია ევროპას ელაპარაკოს მისთვის გასაგებ და არა - ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამახასაითებელ სიძულვილის ენაზე.

- ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ის ხმამაღლა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლები სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე ზიანს აყენებს. რამდენად ლოგიკურია მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს მოსაზრება?

- რა თქმა უნდა, კობახიძის ასეთ განცხადებებში ლოგიკის დანახვა ძალიან რთულია. საქართველოს პრეზიდენტი არათუ ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, არამედ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც არსებულ ვითარებაში სწორ გზას ადგას და შეუძლია, დაიცვას ჩვენი ინტერესები.

სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება საერთაშორისო ასპარეზზე ემსახურება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და იმ მავნებლობების განეიტრალებას, რასაც მმართველი პარტია სჩადის. მათ შორის, როდესაც მისი ცალკეული წევრები უხეშად უტევენ პარტნიორი ქვეყნების ელჩებს; როდესაც ცდილობენ, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები გააშავონ; როდესაც ევროპარლამენტის უფლებამოსილებაში იჭრებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა დასავლეთი ნეგატიურ ჭრილში წარმოგვიდგინონ.

ამ ფონზე, პრეზიდენტი საერთაშორისო ტრიბუნის საშუალებით ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, საბოლოოდ კი, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი ისე დასრულდეს, როგორც ჩვენ გვინდა.

აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში პასუხიმგებლობა თავიდან ბოლომდე არა ოპოზიციას, არა პრეზიდენტს, არამედ მთავრობას და მმართველ პარტიას ეკისრება; იმ ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ რეალური ძალა და უფლებამოსილება, შეასრულონ ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია.

ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ პრობლემას, დაწყებულს სამოქლაქო საზოგადოებასთან ურთიერთობით. თანამშრომლობის ნაცვლად ხელისუფლება პირიქით, უფრო დაშორდა მას. იგივე ხდება სხვა პუნქტების შესრულების მხრივაც, ორი თუ სამი პუნქტის გარდა, რომელიც ტექნიკურ მხარეს ეხება და,,ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროკავშირს არ სჭირდება ავტორიტარული სახელმწიფო, ის ვერ დაუჭერს მხარს იმ ქვეყანას, სადაც ყველაფერი ერთი პარტიის მიერ ცენტრალიზებულად იმართება. სწორედ ამას ემსახურება ის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომ საქართველო  ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

როცა ევროკავშირის ამ მოთხოვნებს არ ან ვერ აკმაყოფილებ, ამ შემთხვევაში აქცენტების გადატანა პრეზიდენტზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა თუ მარსიანელებზე არის სრულიად ალოგიკური და გაუგებარი, რადგან ეს მთლიანად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობის საკითხია.

- როგორ შეაფასებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილს არა აქვს უფლება ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს?

- საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის სიმბოლო. რთული წარმოსადგენია, ვის აქვს უფლება, ისაუბროს ხალხის სახელით, თუ არა მას. გარდა ამისა, არსებობს ტექნიკური ნაწილიც, ,,ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მხარი  სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. შესაბამისად, მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით მათი მხრიდან არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.

ამასთან, როცა ლეგიტიმაციაზე საუბრობენ, ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც ,,ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს პირველად მოიგო არჩევნები, ვინც მაშინ  პარტიაში იყო, თითქმის, არც ერთი მათგანი დღეს მმართველ პარტიაში არ არის და ძირითადად, ოპოზიციაშია გადასული. დღევანდელი ,,ქართული ოცნება“ იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც 2012 წლის მოვლენების დროს მისგან ძალიან შორს იდგა. ამიტომ მათგან დღეს იმაზე საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილს ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არა აქვს, უადგილოა.

თუ ბატონ კობახიძეს აქვს ამბიცია იმის გამო, რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის რედაქტორი იყო, გადაიკითხოს ის კონსტიტუცია და ნათლად დაინახავს, ვის შეუძლია და ვის აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით.

- ცნობილია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებას, უმალვე მოჰყვება სოციალურ ქსელში ტროლების ამოქმედება, ერთნაირი ტექსტებით პრეზიდენტზე შეტევა, მისი ლანძღვა და შეურაცხყოფა. ეს ფაქტი რაზე მიუთითებს?

- რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დისკუსში ტროლების გამოყენება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური კლასი და პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ დონეზეა. ფეისბუკის ადმინისტრაციის გამოძიებით დადგინდა, რომ ასეთი ტროლების უკან პირდაპირ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი დგას და მათი მონაცემებით, სამწუხაროდ, ჩვენ სირიას და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანას გავუთანაბრდით. ეს ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოსთვის არის წარმოუდგენელი და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას, ზოგადად, ძალიან უარყოფითად წარმოაჩენს. მსგავსი ფაქტის წინააღმდეგ თავად ხელისუფლება უნდა იბრძოდეს, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ არა რომელიმე პარტიის ან ამა თუ იმ პირის, არამედ უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი იხარჯება ოპონენტების წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიის წარმოებასა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში, ეს იქნება ქვეყნის პრეზიდენტი, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე თუ რომელიმე პოლიტიკოსი.

- მაშინ რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან, ვინ უფრო უქმნის საფრთხეს საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს პრეზიდენტი თუ ხელისუფლება?

- ამაზე პასუხი ცხადზე ცხადია, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომელი სტრუქტურა გააგდეს ევროპული პოლიტიკური ოჯახიდან. ევროპის სოციალისტურმა გაერთიანებამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ თავისი შემადგენლობიდან ჩვენი მმართველი პარტიის გარიცხვას აპირებდა. მართალია, ,,ქართულმა ოცნებამ“ დაასწრო და თავად დატოვა ეს გაერთიანება, მაგრამ ეს ფაქტი არსებულ რეალობას არ ცვლის.

აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ ვინ იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ვინ პირიქით, ცდილობს, სხვადასხვა გზით, რუსული კანონის მიღებით თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით, საბოტაჟი ჩაუტაროს  ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას.

- ასეთ ვითარებაში ყველაზე მეტად ვინ ზარალდება?

- რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით ვზარალდებით ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალქეები, რომელთაც ნამდვილად გვინდა ევროპის შემადგენელი ნაწილი გავხდეთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო თანამედროვე ევროპულ და დემოკრატიულ სახლემწიფოდ ჩამოყალიბდეს. ამის ნაცვლად კი ვიღებთ ტროლ-ბოტებს, სრულიად გაუგებარ დაპირისპირებას პარტიებს შორის, ქვეყნებს შორის; იმის ნაცვლად, რომ სოლიდარულები ვიყოთ უკრაინისადმი, რომელიც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა და ახლა ზუსტად იმ გზას გადის, რაც ჩვენ 90-ან წლებში რუსეთმა გამოგვატარა, მთავრობის მხრიდან ვხედავთ უკრაინის ხელისუფლებასთან კინკლაობას; იმის ნაცვლად, რომ გვეკავოს სწორი პოზცია და გამოვიყენოთ შესაძლებლობების ის ფანჯარა, რომელსაც გარემოება ხსნის ჩვენს წინაშე და რომელიც შეიძლება საუკუნეში ერთხელ გაიღოს, პირიქით ვიქცევით.

როგორც ჩანს ,,ქართული ოცნება“ ელოდა და სჯეროდა კიდეც, რომ უკრაინა ამ ომში რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, შესაბამისად, ჩვენმა ხელისუფლებამ ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო და ცდილობდნენ, რაღაცნაირად ადაპტირებულიყვნენ ისეთი მსოფლიოსათვის, სადაც რუსეთი შეიძლებოდა მოგებული ყოფილიყო.

მათი ეს გათვლა აბსოლუტურად არასწორი და გაუმართლებელი აღმოჩნდა. ძალიან სამწუხაროა, რომ იმის ნაცვლად, შეცდომა გამოასწორონ და გამოიყენონ უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ მოგვეცა, ისინი ცდილობენ, უფრო მეტად გააღრმავონ კავშირი რუსეთთან, რომელიც ამ ომში ადრე თუ გვიან დამარცხდება. დამარცხებულ რუსეთთან დარჩენილი საქართველო კი გაცილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ვიდრე აქამდე ვიყავით

- რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მარცხისთვის, სახელმწიფოს ოფიციალური პირები თუ ფიქრობენ იმ იშვიათ ისტორიულ შესაძლებლობაზე, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ?

- არსებულ ეტაპზე ამაზე ფიქრი არათუ არ ჩანს, პირიქით, ვხედავთ, რომ საქართველოს ხეისუფლების პირველი პირები, ისევე როგორც მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები, მიზნად ისახავენ ანტიდასავლური ყალბი ინფორმაციების გავრცელებას და საქართველოში ზოგადად ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას, რაც ნამდვილად არ ეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ ოჯახში დასაბრუნებლად.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან კავშირს ინარჩუნებს, არის ისევ და ისევ საქართველოს პრეზიდენტი. მას ჯერ კიდევ გააჩნია საკომუნიკაციო რესურსი იმისათვის, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის სახელით ესაუბროს.

ზუსტად ამიტომ ხორციელდება მის მიმართ ასეთი ორგანიზებული თავდასხმები.  

 

ირმა ბერიშვილი

 

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...