Jump to content
Planeta.Ge

ვანდალიზმი დედაქალაქის ცენტრში


 

მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა და ამოქმედდა თბილისის მერიის ძალიან საჭირო აპლიკაცია Fix Tbilisi.

ახალი აპლიკაციის ფუნქციები ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხ კატეგორიას აერთიანებს, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. არსებობს იმედი, რომ მომავალში სხვა კატეგორიებიც დაემატება.

მოქალაქე შეუძლია ესა თუ ის დარღვევა ადგილზე აღბეჭდოს, გადაიღოს ფოტო, შემდეგ ამ აპლიკაციის მეშვეობით ატვირთოს ტელეფონში, მიუთითოს მისამართი და დაურთოს აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც განცხადებაზე რეაგირება დაიწყება. მოქალაქე კი, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გვარდება მის მიერ მითითებული პრობლემა.

როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ეს აპლიკაცია მართლაც რომ ძალიან საჭირო მექანიზმია. უფრო მეტიც, დედაქალაქის მერიასთან კომუნიკაციის მსგავსი საშუალების აუცილებლობა აქამდეც მწვავედ იდგა, რის დასტურადაც უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია.

ალბათ, არაერთი ჩვენგანი გადაჰყრია ბავშვთა გასართობ მოედნებსა თუ სკვერებში, პარკებსა თუ ეზოებში ფაქტს, როგორ აფუჭებდნენ მოზარდები ან მოზრდილები ინფრასტრუქტურას, აზიანებდნენ ხე-მცენარეებს და ანაგვიანებდნენ გარემოს. დარწმუნებული ვარ, ბევრს, შენიშვნაც მიუცია, თუმცა, როგორც წესი, მათთვის შენიშვნის მიცემას ან საყვედურის თქმას შედეგი ნაკლებად მოაქვს. პირიქით, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შემთხვევის დროს, წესის დამრღვევებისგან თუ იქვე მსხდომი მათი მშობლებისგან არამკითხეს იარლიყს ან უფრო მეტად, შეუარცხყოფასაც კი ვიღებ.

 image.jpeg

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, უკან მაინც არასდროს დამიხევია და ჩვენი საერთო ქონების მიმართ მავნებლური ქმედების ყოველი მორიგი ფაქტისას, ვცდილობ, ჩავერიო. თუ პატარები აფუჭებენ რამეს, შენიშვნას ვაძლევ ან ვურჩევ, როგორ არ უნდა მოიქცნენ, დიდებს კი საყვედურს ვეუბნები და ვუთითებ, რომ დანაშაულს სჩადიან და ამის გამო კანონით შეიძლება დაისაჯონ. მიხვდებით, ალბათ, რომ ხშირად ეს დიალოგები არცთუსასიამოვნო სახეს იღებს, ამიტომაც უმჯობესია, არსებობდეს მექანიზმი, რომელიც რიგით მოქლაქეს საშუალებას მისცემს, ამა თუ იმ ფაქტის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ მერიის სამსახურებს მიაწოდოს.

ნამდვილად ყოფილა შემთხვევები, ზედამხედველობის სამსახურის ან პატრულის გამოძახებაზე მიფიქრია, მაგრამ თავშივე გასაგები იყო, მცდელობა რომ უშედეგო იქნებოდა, რადგან კანონის დამრღვევი თუ ვანდალიზმის ჩამდენი მათ მოსვლამდე ადგილზე არ გაჩერდებოდა. ამიერიდან კი, მსგავს ფაქტებზე აღნიშნული აპლიკაციის დახმარებით, მერიას დაუყოვნებლივ მივაწვდი ინფორმაციას. 

შეიძლება ვინმეს მართლაც ეგონოს, რომ არამკითხე მოამბე ვარ და ცხვირს იქ ვყოფ, სადაც არაფერი მესაქმება, მაგრამ როცა ვხედავ, ვიღაც გამიზნულად როგორ აფუჭებს ჩვენს საერთო საკუთრებას (გინდაც, კერძოს), გვერდს მშვიდად ვერ ავუვლი.

სამწუხაროდ, თავად მრავალჯერ შევხვედრივარ გამვლელთა ამრეზილ სახეებს, როცა ქალაქის პარკებში ან ქუჩაში ვინმეს შენიშვნას ვაძლევდი და მათ დამოკიდებულებას უფრო გავუბრაზებივარ, ვიდრე დანაშაულის ფაქტს. ამიტომაც თითოეულ ასეთ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ სწორედ მათი გულგრილობის შედეგია სკვერებში განადგურებული ინფრასტრუქტურა, დამტვრეული სკამები და მერხები, გატეხილი საქანელები და სასრიალოები, ტრანსპორტის გაჩერებებზე ჩამსხვრეული მინები, ავტობუსების დაჯღაბნილი და დასერილი სავარძლები. დიახ, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უშუალოდ ასეთ ვანდალიზმს ეწევა და ჩვენს საერთო ქონებას უმოწყალოდ მუსრს ავლებს, ის მოქალაქეებიც დამნაშავეები არიან, ვისაც ჰგონია, რომ ამაზე რეაგირება მათი საქმე არ არის...

 image.jpeg

თავი ზედმეტად რომ არ შეგაწყინოთ, უახლოეს მაგალითს მოგახსენებთ, რამაც ამ პრობლემაზე კიდევ ერთხელ დამაფიქრა.

დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში იშვიათად დავდივარ, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ის სატრანსპორტო კოლაფსია, რომელიც ქუჩებში ყოვედღიურად იქმნება და გადაადგილებას ართულებს. თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ვცდილობ, სახლიდან გასვლას თავი ავარიდო და საქმე დისტანციურად გავაკეთო, მაგრამ ხანდახან დგება საჭიროება და იძულებული ვარ, ჩემს უბანს გავცდე.

ასე მოხდა წინა კვირას, როცა აუცილებლობის გამო ვერაზე გასვლა გადავწყვიტე. როგორც კი მეტროსადგურ ,,რუსთაველიდან“ ამოვედი და გარშემო მიმოვიხედე, სახტად დავრჩი. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდგომს, მომეჩვენა, თითქოს, 21- ე საუკუნიდან უკან, არქაულ ეპოქაში დავბრუნდი, დროში, როცა ჩვენი უხსოვარი წინაპრები თავიანთ ნაკვალევს გამოქვაბულის კედლებზე ტოვებდნენ. გაოგნებულმა კარგა ხანს ვათვალიერე არემარე და დავასკვენი, რაც რუსთაველის ძეგლის და მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანდა, მსგავსი ვანდალიზმის ნიმუშები მხოლოდ ერთ ადგილისთვის კი არა, მთლიანი ქალაქისთვისაც კი ზედმეტი იქნებოდა.

 image.jpeg

ვისაც ყოველდღე გიწევთ იქ გავლა, დაკვირვებიხართ, რას ჰგავს იქაურობას? გარშემო ყველა შენობა თუ კედელი დამახინჯებულია და გაურკვეველი სახის ნაჯღაბნებით (ნახატს ვერც ერთს ვერ დავარქმევ) და წარწერებით არის სავსე.

შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს, თბილისს მტრულად განწყობილი რომელიღაც არსებების ჯგუფი შემოესია და მისი ცენტრალური ნაწილი ააოხრა.

არა მგონია, ვინმემ ამ ,,მოხატულობაში“ თვალისთვის საამო ან იდეურად საინტერესო ხელოვნების ნიმუშები აღმოაჩინოს, ვერც იმას მეტყვით, რომ ეს ყოველივე ლამაზია და უხდება გარემოს.

არათუ თბილისის ცენტრალურ ნაწილში, დედაქალაქის ყველაზე მივარდნილი ადგილისთვისაც კი შეუსაბამოდ მიმაჩნია ასეთი ნაჯღაბნები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ხელოვნებასთან და არც ესთეტიკასთან. ეს არის ვანდალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი.

ნამდვილად არ იქნება ურიგო, გარვეულ ადგილებში შენობები მოიხატოს (როგორც ეს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში ხდება), გაკეთდეს  შინაარსიანი ელემენტების მატარებელი გრაფიტები, რომელიც თვალისთვისაც სასეირო იქნება და მნახველის ინტერესსაც გამოიწვევს.

ის რაც რუსთაველის მეტროს ტერიტორიაზე ვნახე, არის ქალაქის დამახინჯება. ეს ამბავი ვანდალიზმის გარდა, ვერც ერთ სტარნადრში ვერ ჯდება.

image.jpeg

აქვე მიჩნდება კითხვები, როდის, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში მოქმედებენ ის ,,ურდოები“ და ახერხებენ, ასე დაამახინჯონ თბილისი? ნუთუ გამვლელ-გამომვლელთაგან ვერავინ ხედავს, რომ პატრული გამოიძახოს ან თავად საპატრულო ეკიპაჟებმა ვანდალები ერთხელ მაინც როგორ ვერ გამოიჭირეს ფაქტზე? ან იქნებ, ვინც ხედავს მათ მოქმედებას და გვერდს უვლის, ჰგონია, რომ არაფერი შავდება?

image.jpeg

არადა, რასაც ფოტოებზე ხედავთ, ყველა მათგანი ვანდალიზმის ნიმუშია, რომელსაც მართლა უცხო პლანეტიდან ჩამოსული ,,მისიონერები“ კი არა, ჩვენს გვერდით მცხოვრები, რიგითი მოქალაქეები აკეთებენ. მათი ქმედება და მიზანი კი არც ხელოვნების მსახურებაა და არც ჩვენს ესთეტიკაზე ზრუნვა, ეს არის დედაქალაქის იერსახის დამახინჯება, რაზეც თვალი არ უნდა დავხუჭოთ. თუ აქამდე მხოლოდ პოლიციის და პატრულის მოვალეობაში შედიოდა ფაქტების და იმ ადამიანების გამოვლენა, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურას, ჩვენს საერთო ქონებას ან სხვის საკუთრებას მიზანმიმართულად აფუჭებენ, ახლა უკვე ჩვენც შეგვიძლია ქმედითი ზომები მივიღოთ.

image.jpeg

მართალია, მერიის აპლიკაციაში ეს კატეგორია ჯერ ცალკე არ არის გამოტანილი (იმედია, მალე დაემატება), მაგრამ უკვე არსებული რომელიმე კატეგორიით მაინც შეგვიძლია ვისარგებლოთ და თუ გავხდებით მომსწრე, რომ ვინმე შენობა-ნაგებობების კედლებზე მსგავს ნაჯღაბნებს ტოვებს, აუცილებლად გადავუღოთ ფოტო, ავტვირთოთ და გადავუგზავნოთ მერიას. როგორც თბილისის მერია იუწყება, დანარჩენს თავად მიხედავს, ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ ვანდალური აქტის არც ერთი ჩამდენი დასუჯელი არ დარჩება.

აქამდე ისინი რეაგირებას მას შემდეგ იწყებდნენ, რაც საპატრულო სამსახური მსგავს ქმედებებზე იდენტიფიცირებული პირების მონაცემებს მიაწვდიდა.

დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ვანდალიზმის ჩამდენიც დააჯარიმეს და ის ადგილებიც მოაწესრიგეს, სადაც მსგავსი ფაქტები იყო დაფიქსირებული, მაგრამ რამდენიმე დღეში იგივე განმეორდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ქალაქის იერსახის დამახინჯების შესახებ არსებული მუხლის თანახმად, დამრღვევი პირი, რომელიც შენობა-ნაგებობებზე ან ინფრასტრუქტურაზე თვითნებურ ნახატებს და წარწერებს ტოვებს, ჯარიმდება 200 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 1000 ლარით; კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ჩადენილი იგივე ქმედებისთვის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 2000 ლარით.

თუ ისინი ამ თანხების გადახდის შემდეგ იგივეს მოიმოქმედებენ, კიდევ უფრო ცხადი გახდება, რამდენად ძლიერი მიზანი ამოძრავებთ, ავნონ ჩვენს დედაქალაქს. ამიტომ არც ჩვენ დავიხიოთ უკან და რამდენჯერაც ვნახავთ ფაქტს, იმდენჯერ დავაფიქსიროთ.

აქვე უნდა ითქვას, თბილისის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური აპლიკაციის ამოქმედებიდან ორ დღეში, ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, უკვე, 180-ზემეტი შეტყობინება მიიღეს.

აქედან შეგვიძლია დავსაკვნათ, თუ რამდენი ვანდალური აქტი ხდება ჩვენს გვერდით, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად, რომელსაც მარტო დედაქალაქის მთავრობამ ან სამართალდამცავებმა კი არა, ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმაც უნდა ვებრძოლოთ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ცალკეული მოქალაქეების პასუხისმგებლობის იმედად ევრ ვიქნებით, ხელისუფლებაც მეტად უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და კანონის დამრღვევების მიმართ ამოქმედდეს აღსრულების უფრო მარტივი მექანიზმები, რაც სათანადო უწყებებს რეაგირების მეტ საშუალებას მისცემს.

ასევე, დედაქალაქის მერიამ, ჩემი თუ სხვისი განცხადებების გარეშეც უნდა დაინახოს პრობლემა, რომელიც ასე თვალსაჩინოა და მოქალაქეების ჩაურევლადაც სცადოს მისი აღმოფხვრა.

სხვანაირად ღირსეულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

image.jpeg

 

P. S. კარგი იქნება, თუ თბილისის მერია გაითვალისწინებს გარემოებებს და აპლიკაციაში ცალკე კატეგორიად დაამატებს ვანდალიზმის იმ სახეობას, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. ასევე, ცალკე პუნქტი სჭირდება ისეთ სამართალდარღვევას, როგორიცაა ქუჩებში, პარკებში, სკვერებსა თუ სკოლის ეზოებში პატრონების მიერ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების ექსკრემენტების დატოვება.
მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამგვარი ქმედების წინააღმდეგაც მოგვეპოვება სათანადო მუხლი, თუმცა მისი აღსრულების მექანიზი, თითქმის, არ არსებობს.  

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...