Jump to content
Planeta.Ge

თავის მართლება ლოგიკის გარეშე, ძირგამოთხრილი მთაწმინდა და უკეთესის მოლოდინში მიღებული უარესი შედეგი


 

 

 image.jpeg

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებს,  ყოველ მონაკვეთში ახალი, მაღალსართულიანი კორპუსის ჩადგმის პროცესს და მისგან გამოწვეულ სამშენებლო ხმაურს თუ დანაგვიანებას თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები ადამიანები, იძულების წესით კი მიგვაჩვიეს, მაგრამ არც იმდენად, რომ დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის დამახინჯებაზე ხმა არ ამოვიღოთ.

საქმე ეხება მთაწმინდის ფერდობზე, მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის გვერდით მშენებარე მრავალსართულიან კორპუსს, რომელიც არა მარტო არსებულ ლანდშაფტს უცვლის იერსახეს, არამედ მის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახელობასაც უქმნის საფრთხეს.

აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მალევე მიიქცია, როგორც იქ მობინადრე ადამიანების, ისე სამოქალაქო აქტივისტების ყურადღება, ვინაიდან მთაწმინდის ძირში, ტვერელის ეკლესიის მიჯნაზე, კლდის საკმაოდ დიდი ნაწილის მოჭრამ აშკარა გახადა ის საფრთხეები, რომელზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ.

ამავე დროს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კავკასიის მფარველად აღიარებული წმიდა მოწამე მიქაელ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი გააჩნია.

მოძრაობა ,,თბილისის ამქარის“ ცნობით, მთაწმინდის ის ტერიტორია, სადაც ტაძარი მდებარეობს, თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში შედის, რომელსაც მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ. ამიტომაც ამ თემას, მშენებლობის დაწყებისთანავე, მედიის და სამოქალაქო ატივისტების მხრიდან სერიოზული გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა.

რა თქმა უნდა, დახმარებას და პროექტის შეჩერებას ითხოვდნენ მთაწმინდის უბნის მაცხოვრებლებიც, რომელთა მოთხოვნებსაც პასუხი მაშინ დედალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გასცა. მან სპეციალური განცხადება გააკეთა და სცადა, საზოგადეოება დაერწმუნებინა, რომ აღნიშნული კორპუსი, ყველა წესის დაცვით, სწორედ იმ უბანში მცხოვრები მოქალაქეების პირობების გასაუმჯობესებლად შენდებოდა.

„ტვერელის ეკლესიასთან, კერძოდ, 8 მარტის ქუჩაზე ადრე ბარაკები იყო და მოსახლეობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. დღეს კი, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს.

კოეფიციენტის მატება არ არის და ყველაზე მთავარი ისაა, რომ კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ყველა პროცესი. თავიდან, როდესაც ვნახე მიმდინარე სამუშაოები, მეც გამიჩნდა ეჭვი და დავინტერესდი, რასთან გვქონდა საქმე. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს,“ - განცახადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თვალსაჩინოებისთვის მაშინ ფოტოებიც წარადგინა, თუ რა სახის პროექტი უნდა განხორციელებულიყო და როგორი იქნებოდა მიმდებარე ადგილი კორპუსის აშენების შემდეგ.

 image.jpeg

მიუხედავად მისი განცხადებისა, მშენებლობა გარკვეული დროით მაინც შეჩერდა და იქაურ მობინადრეებს იმედი გაუჩნდათ, რომ მერიამ მშენებელ კომპანიასთან საქმე მოაგვარა და არც მათ და არც მთაწმინდის ფერდობს მეტი ზიანი აღარ მიადგებოდა. თუმცა, იმედი ფუჭი გამოდგა და უკეთესის მოლოდინში უარესი შედეგი მიიღეს.

მთაწმინდის უბანში, ზალდასტანიშვილის ქუჩის ერთ-ერთი მობინადრე რუსუდან დაუშვილი გვიყვება, რომ თავიდან, როცა მშენებლობა დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ის ასეთი მასშტაბური იქნებოდა, თორემ ყურადღებას არ მოადუნებდნენ და როგორც მთაწმინდის იერსახის, ისე თავიანთი უფლებების დასაცავად უფრო მეტად იბრძოლებდნენ.

image.jpeg

- ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ როცა მშენებლობა წელიწადზე მეტი ხნით შეჩერდა და გვეგონა, აღარ გაგრძელდებოდა, განახლდა და როგორც აღმოჩნდა, განახლდა უარესი პროექტით. თუ თავდაპირველად უფრო დაბალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო გათვალისწინებული, რატომღაც პროექტი შეიცვალა და მშენებელმა კომპანიამ სართულების დამატების ნებართვა მიიღო. შესაბამისად, ტვერელის სახელობის ტაძარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მთლიანად იფარება. მის დაფარვას და აქაური იერსახის დამახინჯებას თავი რომ დავანებოთ, ეს მშენებლობა მთლიანად გადასულია ტაძრის ეზოში, ლამის ზედ კედელს ემიჯნება, რაც კანონით აკრძალულია.  

 image.jpeg

- გარდა იმისა, რომ აღნიშნული კორპუსის მშენებლობა არღვევს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში არსებულ რეგულაციას, ამ მშენებლობის მიმდინარეობამ, რა სახის ზიანი მიაყენა ან რა საფრთხე შეუქმნა თქვენს საცხოვრებელ ადგილს?

- ამ ტერიტორიაზე, ძირითადად, საუკუნის წინ აშენებული სახლები დგას, რომელთა უმეტესობას ამ კორპუსის შენების პროცესში ძირი გამოუთხარეს. შედეგად ჩვენი საცხოვრებელი ბინების და ეზოების კედლები დაიბზარა. ზოგი კედელი ინგრევა, რაც საფუძვლის მორყევამ და წყლის მიწისქვეშა დინებების გაძლიერებამ გამოიწვია.

კლდის დიდი ნაწილი რომ მოჭრეს, იქიდან წყალმა გადმოხეთქა, რომელიც ახლა ზოგან ჩვენი საცხოვრებლის გვერდზე ან მიწის ქვეშ მოედინება, ზოგი ეზოს კედლიდანაც ჟონავს. ეს ქმნის ნგრევის საშიშროებას.

ასევე, კლდიდან მომდინარე წყლის გამო ჩვენს სახლებში გაჩნდა საშინელი ნესტი, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მომრავლდა კოღო, რაც მანამდე ამ უბანში იშვიათობა იყო. ზაფხულობით ახლა ფანჯრებსაც ვერ ვაღებთ.

 image.jpeg

- ვიცით, რომ შექმნილ ვითარებას მოქალაქეები სხვადასხვა საშუალებით, სოცილაური ქსელით თუ მედიის ჩარევით დღესაც აქტიურად აპროტესტებთ. თუ გამოგეხმაურათ დედაქალაქის მერია, საკრებულო ან თუ მიმართეთ ოფიციალური განცხადებებით მათ?

- არაერთი საჩივრით თუ განცხადებით მივმართეთ როგორც თბილისის მერიას, ისე საკრებულოს, საიდანც მუდმივად ვიღებთ პასუხს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს, ყველაფერი გათვლილია და სახიფათო არაფერი ხდება. ამ დროს ფაქტია, რომ ნელ-ნელა ვინგრევით, მათი მტკიცება ერთია და ფაქტი - მეორე.

ამ თემაზე წინა კვირასაც იყო საკრებულოში შეხვედრა, რომელსაც ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე, მერიის და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, მთაწმინიდის რაიონის დეპუტატი და რაიონის გამგებელიც დაესწრნენ.

არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა სცადა, საქმე სხვისთვის გადაებრალებინა და თქვა, რომ მშენებლობის ნებართვა მისმა წინამორბედებმა, 2017 წელს მიიღეს. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, 2017 წელსაც ხომ იგივე მმართველობა გვყავდა ხელისუფლებაში, სხვა პარტია არ ყოფილა. სხვადასხვა პოსტზე დანიშნული პირები თუ შეიცვალნენ, ეს საქმის არსს არ ცვლის, რადგან პოლიტიკა არ შეცვლილა. აქ მთავარი ხომ ის არის, ქალაქის მიმართ რა პოლიტიკას ატარებ, მასზე ზრუნავ თუ ფულის კეთებაზე.

 image.jpeg

დამერწმუნეთ, არავინ არის არც ბიზნესის, არც ქალაქის განვითარების, არც სილამაზის წინააღმდეგი, მაგრამ რაც აქ ხდება, რაც თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ, არის ვანდალიზმი და ვიღაცის კერძო ინტერესების გამო, არა მარტო ამ უბანში მცხოვრები ადამიანების, არამედ მთელი ქალაქის თავზე გადავლა. მიქაე ტვერელის სახელობის ტაძარი მხოლოდ ამ უბანს არ ეკუთვნის, ის არც მარტო მის მრევლს ეკუთვნის, ის დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ამავდროულად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსთაველის გამზირიდან ერთ-ერთი ულამაზესი ხედი, მამა დავითის ტაძრის შემდეგ, სწორედ ტვერელის ეკლესიის ხედი იყო, რომელიც მთლიანად იკარგება.

image.jpeg

მთელი ლანდშაფტი და ტაძრის იერ-სახე ხომ მახინჯდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაც ზიანდება, რადგან ეს კორპუსი ზედ მიუშენეს, მაგრამ ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონკრეტული მობინადრეების ბედიც საფრთხის ქვეშ დგას.

მიუხედავად იმისა, რომ სათანადო სამსახურები გვიმტკიცებენ, თითქოს, მათი დასკვნების მიხედვით, ყველაფერი წესრიგშია და სანერვიულო არაფერი გვაქვს, მას შემდეგ, რაც მთაწმინდის ძირში უზარმაზარი კლდის მასივი მოხსნეს და ჩვენს საცხოვრებლებს ძირი გამოუთხარეს, აქ მობინადრე ოჯახები ფიზიკური განადგურების გამუდმებული საფრთხის წინაშე ვდგვართ.

image.jpeg

საინტერესოა, ის დასვნები, რაც არქიტექტურის სამსახურს და ურბანული დაგეგმარების კომისიას გააჩნია, რამდენად კეთილსინდისიერად მომზადდა და რამდენად რეალურად შეისწავლეს ტერიტორია, რადგან რეალობა მათი დასკვნისგან რადიკალურად განსხვავდება და არსებობს ყოველდღიური საშიშროება, რომელიმე ეზოს კედელი ან სახლი მთლიანად ჩამოინგრეს.

მოგეხსენებათ, ამ ძველი სახლებისთვის ასე ძირის გამოთხრა და მათ სიახლოვეს ასეთი მასშტაბის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება საკმაოდ სახიფათოა.

ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე რომ ემსხვერპლოს ან რომელიმე ოჯახი ჭერის გარეშე დავრჩეთ, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას ან რა აზრი ექნება მერე მათ წუხილს, ვინც ახლა გვიმტკიცებს, რომ არაფერი შავდება?

image.jpeg

- საბოლოოდ, რა შედეგით დასრულდა თბილისის საკრებულოში თქვენი შეხვედრა?

- შეხვედრა იმით დასრულდა, რომ შეგვპირდნენ, ამ პრობლემის შესახებ ყველა განცხადებას და ანგარიშს ჩვენს ხელმძღვანელობამდე მივიტანთ, გადავხედავთ და შესაძლოა, კიდევ დავგეგმოთ შეხვედრაო.

როგორც გითხარით, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თავი იმით ,,იმართლა,“ რომ აღნიშნული პროექტი მისმა წინამორბედმა დაამტკიცა და ნებართვაც წინა მმართველობის დროს გაიცა, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მთავარი ის არის, რომ მერიის სწორედ დღევანდელი წარმომადგენლობის დროს შეიცვალა პროექტი და უარესი ვარიანტი დაამტკიცეს.

image.jpeg

თუ პროცესი იმის გამო გააჩერეს, რომ რაც კეთდებოდა, არ იყო სწორი და მართებული, მაშინ უკეთესობისკენ შეეცვალათ, უარესის ნებართვა რატომ მისცეს?

როცა იმით იმართლებ თავს, რომ წინა ხელმძღვანელობამ დაამტკიცა ეს პროექტი, თორემ შენ არ დაამტკიცებდი და მერე უარესს მთავაზობ, რა გამოდის? ამაზე ვერავინ გამცა პასუხი.

სხვათაშორის, იმ შეხვედრაზე მყოფთაგან ყველას ვკითხე, მობინადრეების ბედს რომ თავი დავანებოთ, ისე, ვიზუალურად, როგორ მოგწონთ ეს მშენებლობა, რამდენად მისაღებია თქვენთვის-მეთქი, პასუხი ვერავინ გამცა.

ამიტომაც, მერიის მხრიდან ვინმეზე ხელის შეწმენდა არ გამოვა, აქაურობის დამახინჯებასა და იმ საფრთხეზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, თითოეული მათგანია პასუხიმგებელი.  

ეს მშენებლობა კი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება და იმაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუნდაც მშენებლობის პროცესი, მტვერი და ხმაური რამდენ უსიამოვნებას და დისკომფორტს გვიქმნის. დღისით კიდევ არა უშავს, მაგრამ ხანდახან, შუაღამისასაც არ ჩერდებიან, განსაკუთრებით, როცა ბეტონს ასხამენ. ამის გამო კონფლიქტიც მოგვივიდა მშენებელი კომპანიის მფლობელთან. რამდენიმე მოქალაქე თხოვნით მივედით, რომ იქნებ ღამ-ღამობით მაინც შეეჩერებინათ მუშაობა, რის პასუხადაც შეურაცხყოფა მივიღეთ...

image.jpeg 

მთაწმინდის უბანში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისგან მიყენებულ ზარალზე გვიყვება ზალდასტანიშვილის ქუჩის ერთ-ერთი შესახვევში მცხოვრები, მაია ყიფშიძეც, რომლის ეზოსაც მშენებარე კორპუსი მთლიანად ფარავს, მეორე მხრიდან კი სახლს უკვე აშენებული მაღალსართულიანი კორპუსი დაჰყურებს და მისი საძირკვლიდან მომდინარე წყალი კედლებში ჩასდის.

image.jpeg

- პირადი ზიანის მიუხედავად, უპირველესად, რაც ყველას გვაწუხებს, ეს არის ტვერელის ეკლესიის მიმდებარე ხედის დამახინჯება. თითქოს, საერთოდ წაიშალა მისი ისტორია და მთაწმინდასაც თავისი სახე მთლიანად დაუკარგეს.

ამ არემარეზე ისეთი სიმწვანე და სილამაზე იყო და ტაძრისკენაც ისეთი ხედი იშლებოდა, თავი სამოთხეში გეგონებოდათ. მშენებლობის ადგილზე ჯერ უამრავი ხე მოჭრეს, მერე უზარმაზარი კლდის მასივი გამოთხარეს, რითაც მთელი ფერდობი დაზიანდა.

image.jpeg

მანამდე, ვიდრე ჩვენს გვერდით ამ ახალი კორპუსის მშენებლობას დაიწყებდნენ,  ზალდასტანიშვილის შესახვევის 19 ნომერში, ჩვენს ზემოთ, პირველი მაღალსართულიანი სახლის შენება უკვე მიმდინარეობდა, რომელმაც არანაკლები ზიანი მოგვაყენა.

მერიაში მაშინაც დავწერეთ განცხადება, კულტურის სამინისტროსაც მივმართეთ, ვწერდით, რომ ქალაქის იერ-სახე მახინჯდებოდა, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ყოფილა. მაინც აშენდა და მახესავით გადმოგვყურებს.

image.jpeg

მთაწმინიდის ძირში ხუთსართულიანი კორპუსის სიდიდის კლდის მასივი რომ ჩამოჭრეს, კლდის სიღმიდან ჩანჩქერივით ამოჩქეფა წყალმა და მაშინვე გავიფიქრე, ამას რა უნდა მოუხერხონ-მეთქი. დღესაც არ ვიცი, როგორ და რანაირად შეძლეს, იმ პირობებეში საძირკვლის ჩასხმა და და ამხელა კორპუსის აშენება, მაგრამ თქვენც ხედავთ, რომ იმ წყალმა აგერ, ჩვენს ეზოში ნახა გზა, მიწის სიღრმიდან აქ გადმოვიდა და ჩვენთან ჩამოედინება, ნაწილი სახლის საძირკველში ჩაგვდის. შედეგად ყველა კედელი დანესტილია. 32 წელია აქ ვცხოვრობ და აქამდე ნესტის პრობლემა არ გვქონია. ამასწინ აბაზანის კედელიც გამოვანგრიეთ, რადგან გვეგონა, წყალი მილიდან ჟონავდა. არადა, ხელოსანმა ვერანაირი დაზიანება ვერ იპოვა. როგორც ჩანს, ეს წყალი გამოდის აბაზანის კედლებში და ნელ-ნელა, არა მარტო ჩვენ, ყველას დააზარალებს. აქ ხომ ასწლოვანი სახლებია და თუნდაც გუშინდელი აშენებული იყოს, წყალი თანდათან შეუდგება კედლებს და ჩამოგვინგრევს.

ამას ის პრობლემაც ემატება, რომ უკვე რამდენიმე წელია, ზამთარ-ზაფხულ კოღოების ვერ ავუდივართ. აუტანელი გახდა აქ ცხოვრება.

- ქალაქის რომელიმე სამსახურს თუ მიმართეთ აქ ჩამომდინარე წყალთან დაკავშირებით, რა გიპასუხეს ან რა ზომები მიიღეს?

- ზომების მიღება და დახმარება მერიას ვთხოვეთ, მაგრამ იქ გვითხრეს, რომ კომპანია GWP-ის უნდა დავკავშირებოდით. ამ კომპანიას რომ მივმართეთ, მოვიდნენ, ზემოთ, სადაც მილებია ჩაყრილი, გადათხარეს და შეამოწმეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს და რადგან წყალგაყვანილობის სისტემა არ იყო დაზიანებული, თქვეს, რომ საქმე მათ არ ეხებოდა. GWP-ის  წარმომადგენლებს აქაურმა მობინადრეებმა ვკითხეთ, ხომ არ ფიქრობდნენ, რომ წყალი კლდიდან გადმოდიოდა და მათაც ეჭვი გამოთქვეს, რომ ასეც არის, მაგრამ ისინი ვერაფერს იზამენ. მერიამ კი, როგორც გითხარით, მათთან გადაგვამისამართა და დანარჩენი არც აინტერესებთ.

- გამოსავალს რაში ხედავთ, როგორ შეიძლება თქვენი პრობლემები მოგვარდეს?

- ვერანაირ გამოსვალს ვერ ვხედავთ, არ ვიცით, ჩვენ რა უნდა ვქნათ. წყალს რაც შეეხება, ერთადერთი, მერია თუ მოინდომებს და დრენაჟებს ჩადგამენ, თორემ ამას რა გააჩერებს, ისევ უკან ხომ ვერ შებრუნდება, მით უმეტეს, ის კლდე უკვე აღარ არსებობს.
სხვა მხრივ, არ ვიცი, რა ბედი გველის. აქედან აყრას და სადმე გადასვლას არ ვაპირებთ, ეს ჩვენი საკუთრებაა, რატომ უნდა გამხადოს ვინმემ იძულებული, რომ აქედან წავიდე?
არადა, უკვე ყველანაირად გვავიწროებენ. სამოთხის მსგავს ადგილზე ვცხოვრობდით და ახლა ბეტონის კედლებში მოგვაქციეს, თან ნგრევის საშიშროების წინაშეც დაგვაყენეს.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა ისიცაა, რომ ამ ახალ კორპუსებს თავიანთი კანალიზაცია არა აქვს, ამბობენ, რომ ძველს უნდა მიუერთონ. ეს ჩვენი ძველი სისტემა კი ისეთ დღეშია, ისედაც ყოველ მეორე დღეს იჭედება. ამხელა ორი კორპუსის დატვირთვაც რომ დაემატება, როგორ უნდა გაუძლოს, ვინ ფიქრობს ამაზე?

 

ირმა ბერიშვილი

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...