Jump to content
Planeta.Ge

რამდენად რეალურია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღრიცხული მონაცემები


image.jpeg

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 29 მარტს მიიღო კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომელიც ძალაში 1 ივნისს შევიდა, ხოლო 1 ნოემბრიდან, მისი აღსრულება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა.

ამდენად, საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადებების მიღება და განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყო.

ამ მიზნით უწყებაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს დარეკოს, დააფიქსიროს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემა ან მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო ინფორმაცია.

კანონის მიხედვით, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის განმავლობაში. სააგენტოს მხრიდან საქმის გახილვისთვის საჭირო ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვიდან 3 თვემდე, ამ ვადაში კი ის დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

სააგენტო იწყებს საქმის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებლის თუ მომხმარებელთა ჯგუფის უფლება.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული უწყება მოვაჭრეს ან მწარმოებელს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან აკრძალული ქმედების შეწყვეტას.

სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს 3 სახის გადაწყვეტილება: დარღვევის დადასტურება; დარღვევის უარყოფა; პირობითი ხელშეკრულება.

უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ხოლო   დადგენილ ვადაში მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ან მეწარმეს, ვინც მომხმარებლის უფლებები დაარღვია, ეკისრება ჯარიმა. ამასთან, 12 თვის განმავლობაში მის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

ჩვენ დავინტერესდით, გასული 6 თვის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ რამდენი განცხადება მიიღო კონკურენციის სააგენტომ, ძირითადად რა სახის დარღვევებზეა საუბარი და რა შედეგებით დასრულდა მათი განხილვა?

აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მაისამდე, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი შევიდა, საიდანაც 135-ზე საქმის შესწავლა დაიწყო.

ამ დროის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე 35 შეთანხმება გააფორმა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება.

ამ დროისთვის, 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

ამავე პერიოდში, 22 საქმეზე სააგენტოს მიერ დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 77% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 22% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90 %-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი - 5 %-ით და აჭარა 2 % -ით.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 62 შემთხვევა, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე - 67, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე - 21, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე - 11, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაზე - 52.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 74 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტის და დასაწყობების მიმართულება - 10 %-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა - 14 %-ს.

კონკურენციის სააგენტოს ამ მონაცემებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება მოცემული რიცხვები რეალობას და არის თუ არა შესაძლებელი, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გაცილებით მეტი შემთხვევები არსებობდეს?

მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით მოქალაქეების ცნობიერება ჯერ კიდევ არ არის იმდენად ამაღლებული, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად კონკურენციის სააგენტოს მიმართონ, ზოგმა არც იცის, რომ არსებობს უწყება, რომელსაც შეუძლია თავისი საქმე ანდოს.

ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვნო ერთი შემთხვევა, რომლის მოწმეც, ორიოდე თვის წინ, ლილოს ბაზრობაზე თავად გავხდი.

მომხმარებელი ერთ-ერთი მოვაჭრისგან ითხოვდა, რომ წუნდებული ნივთი უკან დაებრუნებინა ან ახლით შეეცვალა, რაზეც დამცინავ პასუხებს იღებდა.

როგორც აღმოჩნდა, მას აღნიშნულ მოვაჭრესთან ჭაღი შეუძენია, რომელიც ადგილზე არ შეუმოწმებია და არც შინ მიტანის შემდეგ გაუხსნია. ერთი კვირის მერე, როცა ჭაღის დასამონტაჟებლად ხელოსანი მოუყვანიათ, უნახავთ, რომ ნივთს ქარხნული წუნი ჰქონდა, რის გამოც მომხმარებელი დაბრუნებულა მოვაჭრესთან და მოუთხოვია ნივთის დაბრუნება ან შეცვლა, რაზეც უარი მიუღია. შემთხვევით, მეც სწორედ ამ ამბავს შევესწარი. გამწარებული მოქალაქე ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა და ჯიუტად ითხოვდა ჭაღის საფასურს, მაშინ, როცა ლილოს ბაზრობის მოვაჭრე, არხეინად ალაგებდა დახლებზე თავის ნივთებს და მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს ყურადღებას არც აქცევდა.

ვინაიდან, მივხვდი, რომ მისგან დაბრიყვებულ მომხმარებელს ინფორმაცია არ ჰქონდა, როგორ დაეცვა საკუთარი უფლებები, გავჩერდი, გამოვკითხე პრობლემის შესახებ და შემდეგ დავაკვალიანე, სად და ვისთვის უნდა მიემართა. ბუნებრივია, ჩვენს საუბარს მოვაჭრეც ისმენდა, რომელმაც თავის მომხრებელთან ერთად, მეც სასაცილოდ ამიგდო: მიდი, მიდი, სასამართლოში მიჩივლე, აბა, რას მოიგებო და უდარდელად განაგრძო დახლებზე დალაგებული ჭაღების წმენდა.

ვუპასუხე, რომ მართლაც მოუწევდა სასამართლოს წინაშე წარდგომა და კანონის აღსრულება, როცა მოქალაქე სათანადო უწყებას მიმართავდა, თუმცა მას ჩემი სიტყვები აინუშშიც არ ჩაუგდია.

გასაგები იყო, რომ არც მოვაჭრეს ჰქონდა წარმოდგენა ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონზე და არც იმაზე, რომ ჩემს მიერ ნახსენებ კონკურენციის სააგენტოს მისთვის პასუხის მოსათხოვად სერიოზული ბერკეტები გააჩნდა.

ამ მაგალითიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვადსხვა ასპექტში მომხმარებლის უფლებები საქართველოში ყოველდღიურად ირღვევა, თუმცა ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ნაკლებად გვაქვს, რადგან მოქალაქეები დარღვევების შესახებ ოფიციალურ უწყებას არ მიმართავენ.

ასევე, მოვაჭრეებიც ნაკლებად არიან ინფრომირებული იმაზე, რომ მათი მხრიდან მომხმარებლების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასა და მათ მოტყუებაზე პასუხი კანონის ძალით მოეთხოვებათ.

ამ მხრივ, განსაკუთრებით თვალშისაცემია მდგომარეობა რეგიონებში, რაზეც კონკურენციის სააგენტოს მიერ აღნუსხული განცხადებების პროცენტული მაჩვენებელიც მოწმობს.  

ვხედავთ, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შესახებ უწყებაში შესული საჩივრების 90 % დედაქალაქზე მოდის, მხოლოდ დანარჩენი 10 % ნაწილდება სხვა რამდენიმე რეგიონზე. ამასთან, არის რეგიონები, სადაც, მთელი 6 თვის განმავლობაში, მომხმარებლის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დაფიქსირებულა. ეს ფაქტი გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ დასკვნა, რომ დარღვევების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები შორს არის არსებული რეალობისგან.

შესაბამისად, უპრიანი იქნება, სახელმწიფომ მეტად იზრუნოს მოსახლეობაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე, მეტი ინფორმაცია, მეტი რეკლამა გავრცელდეს ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით იმისათვის, რათა მომხმარებელმა უკეთ გაიგოს, მიხვდეს, როგორ და ვისი დახმარებით დაიცვას საკუთარი უფლებები.

აქვე, ჩვენც მოგახსენებთ, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაზე ან ამ მიმართულებით თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურენციის სააგენტოს ცხელ ხაზზე: (032) 2 05 4422; 598 05 4422 და ელ-ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge

 

ირმა ბერიშვილი

 

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...