Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.458

ადეიშვილი ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს


PLANETA_INFO

1.283 views

,,გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას და გარკვეული გარანტიის მიღებას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირება ზურაბ ადეიშვილმაც სცადა. როგორც ჩანს, მან ამისთვის ნიადაგი იანვარ–თებერვალში მოსინჯა. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს: ,,ცოტა ხნის წინ ადეიშვილის ახლობელი დამიკავშირდა და უცხოეთიდან მისი დანაბარები გადმომცა: – ჩემზე ძვირი გული ნუ ექნება, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო". ეს თუ სიმართლეა (სავარაუდოდ, თამაზაშვილს ამგვარი სიცრუის ტირაჟირება დიდად არ უნდა აძლევდეს ხელს), არ არის გამორიცხული, სწორედ თამაზაშვილის საშუალებით ეცადა ადეიშვილს იმ უწყებებთან დაკავშირება, რომელთაც მისგან ინფორმაციაც აინტერესებთ და გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტიებზეც შეუძლიათ ლაპარაკი. გარდა ამისა, მთავარ პროკურატურაში დღემდე საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ ე.წ. ადეიშვილის კადრები, რომელთა საშუალებითაც ასევე ადვილად შეძლებდა ყოფილი იუსტიციის მინისტრი ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ნაცმოძრაობის ამჟამინდელ ,,ლიდერშიფს" არ ახსოვდეს, რაოდენ დიდ ინფორმაციას ფლობენ ახალაიებიც და ადეიშვილიც წინა ხელისუფლების შავბნელ საქმეებზე. მათი ახალ ხელისუფლებასთან გარიგება და ალაპარაკების საფრთხე, სავარაუდოდ, არაერთ ადამიანს უფრთხობს ძილს, შესაბამისად, ისინიც არ იქნებიან გულხელდაკრეფილი. შეგახსენებთ, სულ ახლახან ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: ,,თუკი დათა ახალაიას მეშვეობით დავადგენთ მნიშვნელოვან დანაშაულებრივ ქმედებებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, მასზე პასუხისმგებლობა შევამციროთ ან საერთოდ გავათავისუფლოთ". ეს განცხადება შეიძლება ღია შეთავაზებად შეფასდეს, ან იმის ნიშნად, რომ ახალაიებთან კულუარული მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და საზოგადოებას ახალაიების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის ამზადებენ.

რაც შეეხება ახალი ხელისუფლებისა და ადეიშვილის ურთიერთობას, სავარაუდოდ, ეს გაცილებით რთული პროცესი იქნება. თუ გაბედა ადეიშვილმა და მართლაც ითანამშრომლა ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეზე ხელისუფლებასთან, ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე.

ისე, უკვე ჩანს ნიშნები, რომ ნაციონალები საბოლოოდ ემიჯნებიან ადეიშვილს და მისთვის აპირებენ ბრალდებების ტვირთის აკიდებას, შესაბამიასად, არ არის გამორიცხული, ,,დიდი ექსპროპრიატორი" შურისძიებისთვის ემზადებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, ადეიშვილი საქართველოში ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს, თუმცა მასალების მიწოდება მთავარი პროკურატურისთვის მას უცხოეთიდანაც შეუძლია".

 

(,,ყველა სიახლე"N17(363); ავტორი: ნათია დოლიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...