Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ „ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“.

,,დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას, თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ, ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან.

სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.

მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.

ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.

განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა, კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, - წერს ღარიბაშვილი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...