შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ახლა ყველა უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს - მან დაუშვა შეცდომა და ეს შეცდომა გამოსასწორებელია
დღეს ყველა უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს - ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ივნისში და რომელიც აღიარა იანვარში, ფაქტებით აღმოჩნდა, რომ იმ ორ ქვეყანასაც ვუსწრებთ, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი და ერთ-ორ კანდიდატ ქვეყანასაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია და NGO სექტორიც ახლა უნდა იყოს იმით დაკავებული, რომ ევროკავშირს არწმუნებდნენ - მათ დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი.
მისი თქმით, შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებით, უნდა გამოსწორდეს.
„ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს - მან დაუშვა შეცდომა, რომ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს შეცდომა გამოსასწორებელია. ჩვენ უნდა ვარწმუნებდეთ ყველას, რომ საქართველო იმსახურებს და მაშინაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. უფრო მეტიც, ჩვენ ახლა უნდა ვუმტკიცებდეთ და ვეუბნებოდეთ ევროკავშირს, რომ ის შეცდომა მარტო იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მთავარი შეცდომა რაც დაუშვა ევროკავშირმა არის ის, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით ჩამოგვატოვა უკრაინას და მოლდოვას მაშინ, როდესაც ვართ ლიდერი ამ სამეულში და ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს. ეს ტრიო, რომელიც არსებობდა, კიდევ ერთხელ აღდგეს. ამით უნდა იყოს დღეს ოპოზიცია დაკავებული, NGO სექტორიც და ყველა. ნაცვლად იმისა, დაკავებულია ყველა იმით, რომ ქართული სახელმწიფოს ევროპული ურმის ბორბლებში ჯოხი გაუყარონ. 30 წლის განმავლობაში, დღეს საქართველოს ჰყავს ყველაზე შეუმდგარი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს ოპოზიციაა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.