Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი: კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ


კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის.

მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს.

„კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია. ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა გავაგრძელოთ მცდელობა იმისა, რომ 50 ხმის მობილიზება მოხდეს კვლავ და ვცადოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა. რაც შეეხება აქციებს და პროტესტის სხვადასხვა ფორმას, რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ და რაც კანონით მისაღები და დასაშვებია ყველანაირი ფორმა შეგვიძლია გამოვიყენოთ“, - განაცხადა დაუშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ უმოქმედობა პირდაპირ დასტურია იმისა, რომ სასამართლო სისტემაში უამრავი პრობლემა არსებობს.

„მთავარი მამოძრავებელი რის გამოც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას არის შიში, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში პრობლემა, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს სააშკარაოზე გამოვა. „ოცნებას“ ეშინია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სასამართლო სისტემაზე გავლენა აქვთ და მართავენ, საუბარს დაიწყებენ იმ გარიგებების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, სასამართლოსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შესაძლოა არსებობდეს“, - აღნიშნა დაუშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...