Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.463

სააკაშვილის და მერაბიშვილის სახელით ,,ნაციონალებს" მომავალი არ აქვთ


PLANETA_INFO

1.162 views

ინტერვიუ ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ და უმრავლესობის წევრ დავით ბერძენიშვილთან

 

,, მართალია, დათა ახალაიას ადვოკატი გვარწმუნებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული საკმაოდ სკანდალური განცხადება რეალურად ყოფილ მაღალჩინოსანს, ბაჩო ახალაიას ძმას ეკუთვნის, მაგრამ პირადად მე, ეჭვების გასაფანტად მეტი ინფორმაცია მჭირდება. ჯერ კიდევ მაწუხებს საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა _ გამოიყენა თუ არა რომელიმე პოლიტიკურმა პერსონამ ან თუნდაც პოლიტიკურმა დაჯგუფებამ დათა ახალაიას სახელი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად?

ფაქტია, ნაციონალური მოძრაობის დაშლის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. დღითიდღე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გუნდზე გავლენას კარგავს, მეტიც, ის უკვე წარსულის პოლიტიკოსია და ეს აცოფებს. ნებისმიერ შემთხვევაში, წერილი დათა ახალაიამ დაწერა თუ ვინმე სხვამ, ის ნაციონალურ მოძრაობაში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემატიკას ობიექტურად ასახავს.

დიდი ხანია ყველამ კარგად ვიცით, რომ ახალაიების ოჯახი და მერაბიშვილი არ მეგობრობენ, მეტიც, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, ერთმანეთს საკმაოდ მწვავედაც უპირისპირდებოდნენ. პირადად მე, განცხადების ავთენტურობის დადგენას დაველოდები, რადგან ახლა ისეთი პროცესის დასაწყისს ვხედავ, რომელზეც მარჩიელობით საუბარი გამართლებული არ იქნება.

ნაციონალური მოძრაობის მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ნაწილმა კარგად იცის, რომ პარტიის ამ სახელწოდების ქვეშ, მით უმეტეს, სანამ სააკაშვილი და მერაბიშვილი გუნდის ლიდერებად მოიაზრებიან, მათი პოლიტიკური მომავალი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. თუ ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებს კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ სააკაშვილი ახლა რეალურად ოპოზიციაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის, თუმცა თავადვე კარგად იცის, რომ რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, პოლიტიკისგან აბსოლუტურად მარგინალიზებული გახდება. იდენტურ განცდებშია ვანო მერაბიშვილიც, შესაბამისად, 19 აპრილის კარიკატურულ აქციებზე დღეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აპოლიტიკური ნაწილი _ სააკაშვილი და მერაბიშვილი საუბრობენ და ორივე მხოლოდ ხავსს ეჭიდება.

ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ხანია სხვადასხვა ინტერესი ერთმანეთს ეჯახება, ამიტომ ნამდვილად არ გამიკვირდება თუ პარტიის იდეოლოგებს მათივე თანაგუნდელები გარიყავენ. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტობის კანდიდატად მერაბიშვილს დაასახელებს, ვინმე სიკინჭილაშვილს თუ ქიბროწაშვილს, რომელსაც სააკაშვილი ხშირად ახსენებდა, მნიშვნელობა არ აქვს. ნაციონალების ვერც ერთი კანდიდატი პოლიტიკურ ასპარეზზე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. სხვათა შორის, როცა მერაბიშვილი ,,აბჯარასხმული’‘ გვევლინებოდა, ბევრი აქებდა და ნაციონალური მოძრაობის ხერხემლადაც მიიჩნევდა, მაგრამ მას წლებია ვიცნობ და, კარგად ვიცი, რეალურად რასაც წარმოადგენს. გარწმუნებთ, ახლაც ზუსტად ისეთია, როგორიც ათი წლის წინ იყო _ ის აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი ფიგურაა, რომლის პერსონას მხოლოდ კარიკატურული ელემენტები ახლავს, ქართულ პოლიტიკაში მისი სპიკერობაც განსაკუთრებით საინტერესოა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო ხანებში მან პრეტენზიები ხელოვნებათმცოდნეობაზეც გამოთქვა, მაგრამ წარმატებული ვერც რაბათის ციხის ,,დაცვაში’‘ აღმოჩნდა. სხვათა შორის, წლების წინ, მან მიწათმოქმედთა ასოციაცია დააფუძნა და ვურჩევ, ეს საქმე გაიხსენოს. ასე რომ, ახლა აბსოლუტურად განეიტრალებული ვანო საკუთარ გუნდსაც აღარ სჭირდება.

. 19 აპრილის აქცია ჩანასახშივე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური განადგურების მანიშნებელი იყო. მას შემდეგ, რაც 19 აპრილის აქცია ორი თვით ადრე საგარეო კურსის ხაზგასასმელად დაანონსდა, ნაციონალურმა მოძრაობამ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას მხარი კოალიციასთან ერთად დაუჭირა. სხვათა შორის, პარლამენტშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენცია დიდი ხანია იკვეთება: მართალია, ნაციონალები ჯერ კიდევ ფრთხილობენ, თუმცა მაინც შესამჩნევია, რომ ხშირად ერთ აზრზე ჩამოყალიბება უჭირთ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ტექსტსაც ახმოვანებენ და პოლიტიკური განცხადებებისას არც ერთნაირი ტონალობა აქვთ. კერძოდ, როცა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, თუ სააკაშვილი განსხვავებულად მოიქცევა, ჩემი ადგილი მის გუნდში არ იქნებაო, მან ქვეყნის პრეზიდენტს საკმაოდ მოზომილად გაფრთხილების სიგნალი გაუგზავნა. ამასთან, არც კაკო ბობოხიძის განცხადება იყო შემთხვევითი, როცა თქვა _ მართალია, ივანიშვილი არ მომწონს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ვეთანხმებიო. ანუ ოპოზიციური ფლანგის საკმაოდ შემტევი დეპუტატი სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდა. სააკაშვილს დეპუტაციაზე სრული კონტროლის შენარჩუნება უნდა და გაცოფებულია, რომ ამ მიმართულებით მისი გუნდი ერთსულოვანი არ აღმოჩნდა. ფაქტია, საპარლამენტო უმრავლესობის დასაშლელად პირველმა ტალღამ უკვე გადაიარა, ახლა სულ ცოტა დროა იმისთვის საჭირო, რომ ეს პროცესი ნაციონალური მოძრაობის მარცხით დასრულდეს. სააკაშვილის მცდელობა, პოლიტიკაში ოპოზიციის ლიდერად დაბრუნდეს, სრული კრახისთვის განწირულია. საზოგადოებამ პირველ ოქტომბერს სწორედ მიხეილ სააკაშვილს უთხრა უარი, თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქართველ ხალხს ის არც 2008 წლის იანვარში აურჩევია პრეზიდენტად. ერთი სიტყვით, სააკაშვილი დღეს მხოლოდ პოლიტიკური ნარჩენია, რასაც ,,აირაისა’‘ და ,,ენდიაის’‘ მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს. ამ ორგანიზაციების შედეგებს შეგნებულად იმიტომ ვასახელებ, რომ ნაციონალური მოძრაობა მათ მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს ეჭვქვეშ ვერ დააყენებს".

 

(,,ვერსია" N43(799); ავტორი: რუსუდან შელია)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...