Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.456

,,დიდი გარჩევა" ავლაბრის რეზიდენციაში


PLANETA_INFO

1.119 views

,,მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნაციონალები დათა ახალაიას გამოჩენას დიდხანს ელოდნენ. ზუსტად იმ დროიდან, რაც ბაჩო საქართველოში დაბრუნდა, ,,გმირის’‘ მანტია მოისხა და თანაგუნდელებს პირველი ნიშანი მისცა _ რასაც ვანოს დავპირდით, ავუსრულებთო. მაშინ ეს ინტრიგა მხოლოდ იმათ გაშიფრეს, ვინც იცოდა, რომ ახალაიები, ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე დარწმუნდნენ, რომ თანაგუნდელებმა გაწირეს. ,,ვერსია’‘ არჩევნებიდან ორი კვირის თავზე, კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ნაციონალებში დიდი ,,რაზბორკა’‘ ავლაბრის რეზიდენციაში შედგა _ ბევრი ამბავი გაირჩა და მათ შორის, მამა ახალაიას ,,საარჩევნო ომის’‘ დეტალები, ციხის შიგნიდან დამანგრეველი ,,ციხის კადრების’‘ გამტანის საქმე, ახალაიების კლანის ბიზნეს- ინტერესები და დათას პირადი შუღლი უკვე გაპრემიერებულ მერაბიშვილთან. მაშინ ითქვა, რომ ახალაიები პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ,,გადაარჩინა’‘, მისივე ლობირებით დატოვეს საქართველო და უსაფრთხოების გარანტიები, ფულადი კომპენსაცია, ასევე ბიზნესის შენარჩუნების პირობაც მისგან მიიღეს. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ხელისუფლების კულუარებში, ეს ამბავი არც გაკვირვებია, რადგან ყველამ იცოდა, რომ ახალაიებს პირადად პრეზიდენტი მფარველობდა. ასე მოხდა მაშინ, როცა გირგვლიანის საქმე დამოკლეს მახვილით დაეკიდა თავზე კუდის უფროსს, მაშინაც, როცა ბაჩო ახალაიას ციხეში ჩადენილი სისასტიკენი ,,გაუბაზრდა’‘ და მაშინაც, როცა ,,ერთი მანიაკი მინისტრის’‘, როგორც ბაჩოს ეძახდნენ, გამო, ლამის თავზე დაგვექცა წლობით ნაშენები ქართული თავდაცვის სისტემა. მერაბიშვილმა იცოდა, რომ ახალაიებს ასე იოლად ვერ მოერეოდა, თუმცა პატარ- პატარა ომები ყოველთვის ჰქონდა, თითქოს პრობლემებს მხოლოდ იმიტომ უქმნიდა, რომ საკუთარი ძალა გაეხსენებინა და ისიც შეემოწმებინა, შემთხვევით, სააკაშვილი ხომ არ ,,გაუნაწყენდათო’‘. თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა და ამჯერად, მხოლოდ იმას გაგახსენებთ, რომ იმ ,,რაზბორკაზე’‘ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიშას უსაყვედურა _ ,,ახალაიას ნუ გადააყოლებ ქვეყანასაც და კარიერასაცო’‘. სააკაშვილმა ჩათრევას ჩაყოლა არჩია და მერაბიშვილის თამაშში შევიდა. ამბობენ, რომ სწორედ მაშინ დაპირდნენ თურმე მერაბიშვილს ახალაიები _ დრო მოვა და შეგისრულებთო. არჩევნებიდან რამდენიმე ხანში, ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა და ნაციონალების, თითქოს ერთიან გუნდში, პირველი ბზარიც გაჩნდა. მოგვიანებით, თავდაცვისა და შს ექსმინისტრი საბრალდებო სკამზეც აღმოჩნდა და სოლიდარობა გამოუცხადა ყველამ, მერაბიშვილის გარდა. არადა, პირველად საჯარო საყვედური ნაციონალების გენმდივნის მისამართით მხოლოდ დღეს გაისმა და ისიც თეა თუთბერიძის მხრიდან... მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი პოლიტიკური ინტრიგაა, რომლის პირველი შედეგი მაშინ გამოჩნდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დათა ახალაიამ უცხოეთში გაიტანა კომპრომატები, უკანონო თვალთვალისა და მოსმენის ჩანაწერები და საკუთარ თანაგუნდელებს შემოუთვალა _ გონს თუ არ მოხვალთ და ბაჩოზე ხელის შეწმენდას თავს არ დაანებებთ, ,,იუთუბიზე’‘ თითო კომპრომატი საათში ერთხელ დაიდებაო. როგორც ჩანს, მისი გაფრთხილება ყურს იქით გაატარეს. დათა ახალაიამ მოქმედება დაიწყო. სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავაანალიზოთ ,,ფეისბუქზე’‘ გამოქვეყნებული მისი განცხადება, სადაც კუდ-ის უფროსი მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორად შს მინისტრს ასახელებს.

მართალია, დათა ახალაიას წერილის ავთენტურობას მისი ახლობლები არ ადასტურებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ზუსტად იციან, რას გეგმავს ყოფილი მაღალჩინოსანი, რადგან უკვე დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მაჟორიტარმა, ახალაიების ოჯახის უფროსმა, როლანდ ახალაიამ ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამასთან კუდ-ის ყოფილი უფროსის ადვოკატიც ამტკიცებს, რომ წერილი ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის, რომელიც უახლოეს ხანებში აპირებს საქართველოში დაბრუნებას და ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. ფაქტია, კითხვებზე პასუხის გაცემა სხვებსაც მოუწევთ. ეჭვი არავის ეპარება, რომ დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააპატიმრებენ. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იგი ბრალდებულია სისხლის სამართლის დანაშაულში პოლიციელ აზარაშვილის საქმეზე, თუმცა ვანო მერაბიშვილის თავისტკივილი გირგვლიანის სკანდალური საქმე იქნება და მასში მისი მეუღლის, თაკო სალაყაიას მონაწილეობის ფაქტი. ჯერ კიდევ არავინ იცის, რა მტკიცებულებას დადებს გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც მოუწევს კოდუებთან, ადეიშვილთან დაპირისპირების დეტალები, ირაკლი ოქრუაშვილთან თბილისური თუ პარიზული სისხლიანი გარჩევებიც გაიხსენოს და კიდევ ბევრი ისეთი რამ, ნაციონალებს წირვას რომ გამოუყვანს. ჩემი არ იყოს და, გიგი უგულავასაც ამ განცხადების შემდეგ, სწორედ ოქრუაშვილი გახსენებია _ ,,ეს ძალიან ჰგავს ოქრუაშვილის ეპოპეას’‘, თუმცა ის კი აღარ უთქვამს, ვინ შეუგზავნეს საკანში ,,მოსალაპარაკებლად’‘ დაპატიმრებულ ოქრუაშვილს, ვისი დავალებით ემუქრებოდა ოჯახის განადგურებით და მოგვიანებით, ვინ და რა გარანტიებით გააცილა პარიზში ,,სამკურნალოდ’‘ ქვეყნის დამაქცევარი და ნაციონალების ,,მოღალატე’‘ ექსმინისტრი. იმედია, დათა ახალაია ამ ამბებსაც დოკუმენტურად გაიხსენებს! ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას განცხადებას სოციალურ ქსელშივე ეხმაურება და ბოდვას უწოდებს: ,,საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველსმოკლებულ ბოდვას!’‘ ეჰ, ვანო კი ამბობს, ბოდვააო, მაგრამ ფაქტია, მერაბიშვილს, აშკარად, შიშისგან აბოდებს და ცდილობს, ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს. ახალაიების კლანის დიდი შურისძიება გრძელდება. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვანო მერაბიშვილს, როგორც თავად აცხადებს, თურმე დიდი ხანია არ უნახავს, არც ის იცის, როგორ არის და არც თურქეთში ავარიის შემდეგ დაინტერესებულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. საინტერესოა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი არც 19 აპრილის აქციაზე აპირებს მისვლას!"

 

(,,ვერსია" N43(799); ავტორი: მაია ფურცელაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...