Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.463

იმაზე უკეთესად იქნება ყველაფერი, ვიდრე წარმოგიდგენიათ


PLANETA_INFO

1.195 views

ინტერვიუ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან

 

,,ბატონ ბიძინასგან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და იქნება მაგალითის მომცემი. აბსოლუტურად სხვაგვარად შევხედე სამყაროს, შინაგანად მაქვს მე ჩემი მიდგომები და განსაკუთრებით ერთ რამეს ვერ ვიტან, ესაა უსამართლობა! მე თუ ადამიანს ნდობას ვუცხადებ და ჩემს ნდობას ვინმე ბოროტად იყენებს, ან ვერ მიმართლებს, მერე იმ ადამიანს გვერდიდან ვიშორებ. შემიძლია მაქსიმალურად გავუღო ყველა კარი, მეგობარი იქნება თუ კოლეგა, ბოლომდე ახლოს ვუშვებ, იცით, რატომ? ახლოდან ყველაფერს კარგად ხედავ. შესაბამისად, მე თუ აღმოვაჩინე, რომ ესა თუ ის ადამიანი, ან თანამშრომელი იქცევა ბრიყვულად, უსამართლოდ, უპასუხისმგებლოდ და არაკეთილსინდისიერად, ან უბრალოდ მას თუ არ აღმოაჩნდება სათანადო კვალიფიკაცია, ასეთ ადამიანს ვიშორებ. მართლმადიდებელი ვარ და შესაბამისად, მიმტევებელიც, მაგრამ ერთი რამ მაქვს ძალიან კარგად დამახსოვრებული, – ამ თანამდებობაზე არ ვარ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის, ხალხის და პრემიერ–მინისტრის წინაშე. შესაბამისად, ეს პასუხისმგებლობა არ მაძლევს უფლებას, მოვიქცე სხვანაირად, ვიყო უფრო მიმტევებელი, ან რაღაცაზე თვალი დავხუჭო.

დროებით კოაბიტაციას, ანუ დროებით თანაცხოვრებას, სისუსტეს ვერ დავარქმევდი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურვილი აქვთ, სწრაფად მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, ეს ტერმინი ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 9 წელი ვითმენდით ამ ყველაფერს. ,,ნაციონალების" 9–წლიანი მმართველობის შემდეგ ერთმა ადამიანმა – ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და შეცვალა ხელისუფლება. შესაბამისად ეს არის გარკვეული პროცესი, რასაც მოქალაქეებმა სხვა თვალით უნდა შეხედონ. საარჩევნო პერიოდში მოქალაქეებისგან საყვედურებს ვისმენდით, რომ ,,ოცნება" ასეთი ტემპით არჩევნებს ვერ მოუგებს ,,ნაციონალურ მოძრაობასო", ყველაფერი ცუდად მიდისო იყო ამასთან დაკავშირებით გარკვეული წუხილი, კრიტიკა და ნერვიულობა, თუმცა ყველამ კარგად ვიხილეთ შედეგი. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან კარგად მოფიქრებული გრძელვადიანი გეგმა, რომელიც შეასრულა წარმატებით, კიდევ უფრო წარმატებით ასრულებს მეორე გეგმას. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება ხალხისადმი,– ცოტა ხანს მოვითმინოთ. ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი მოწოდება და რჩევა. ახლა ვართ მოთმინების რეჟიმში, დიდი საქმეების გადაწყვეტას სჭირდება, დიდი მოთმინება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი იქნება იმაზე ბევრად უკეთესად, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია. მე ვიცი ზოგადად, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები".

 

(,,კვირის ქრონიკა"N15(589); ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...