ირაკლი პეტრიაშვილი - კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ ასაქმებენ, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს - სურათი იმაზე მძიმეა, ვიდრე ვსაუბრობ
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ, რათა სტუდენტების უფლებები არ დაირღვეს.როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, უცხოეთში დასაქმების მიზნით წასულ სტუდენტებს როგორც საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის, ისე გადასახადებისა და ხელშეკრულებების მიმართულებით უამრავი პრობლემა ექმნებათ.
„ჩვენ გერმანიაში დასაქმებულმა 16-მა პირმა მოგვმართა. სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ. მათ ან არ ესმით თავიანთი ფუნქცია, ან ჩვეულებრივი თაღლითები არიან. მე სტუდენტურ უცხოურ დასაქმებას უარყოფითად, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ, მაგრამ ეს ღირსეულ პირობებში უნდა ხდებოდეს.
იმ 16-მა სტუდენტმა, რომლებმაც მოგვმართეს, დასაქმების კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს, თუმცა მათ ამ ხელშეკრულების ასლი არ აქვთ. ხელშეკრულება გაფორმებულია გერმანულ ენაზე და სტუდენტებმა ეს ენა არ იციან. როგორც საცხოვრებელთან, ისე დასაქმების ადგილთან დაკავშირებით მათ უამრავი პრობლემა შეექმნათ. ნაცვლად იმისა, რომ დასაქმებულიყვნენ შოკოლადის ქარხანაში, საავტომობილო ქარხნებში მათ 15-კილოიანი ტვირთების ზიდვა უწევდათ. ეს მაშინ, როდესაც თავიდანვე გააფრთხილეს კომპანიები, რომ ფიზიკური სამუშაოსთვის მზად არ იყვნენ. ამის გამო ერთ-ერთი სტუდენტის ჯანმრთელობა დღესაც სავალალო მდგომარეობაშია. ასევე, იყო უხეში მოპყრობა და საშინელი საცხოვრებელი პირობები, რასაც უაზრო გადასახადები ერთვოდა თან. მათ უწევდათ კათოლიკური ეკლესიის მოსაკრებლის გადახდა მაშინ, როდესაც ისინი მრწამსით კათოლიკეები არ არიან. სურათი იმაზე მძიმეა, ვიდრე მე ვსაუბრობ. ორგანიზაციებმა ყველაფერი გავაკეთეთ სიტუაციის გამოსასწორებლად, თუმცა მიგრანტების შესახებ კანონი უკეთ მოაგვარებდა ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
წყარო: IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.