Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.307

ხუმრობამიმწვარი ყავა, ანუ მოტყუება ადვილია!..


katya

2.813 views

blog-0156121001364909520.jpgპირველი აპრილიც გავიდა და კარგი სიახლეებიც ამოიწურაო, არადა, კიდევ რამდენი სასიამოვნო რამის მოტყუება შეიძლებოდა!..

ჩემი ერთი მეგობარი, ისე იყო გუშინ მობილიზებული და თავისარმოტყუებაზე ორიენტირებული, რომ ლამის კალენდარიც უარყო...

ჰოდა, ამიტომაც, აღარ ვუთხარი, რომ ძალიან მესიმპათიურება. მაინც არ დაიჯერებდა და რა აზრი ქონდა?.. დაელოდოს, იმ დღეს, როცა სიცრუის დეტექტორზე შემაერთებენ...

და იყო გუშინ პირველი აპრილი, თან ორშაბათი… ასეთი პარამეტრებით, ზოგიერთს, შესაძლოა, სახლიდან გასვლა არც უღირდა, მაგრამ, ჩემთვის პირველი აპრილი ის დღეა, როცა თავის მოტყუებაც კი გვეპატიება.

ორშაბათი მძიმე დღეა. 1 აპრილი ხუმრობის და „ციგნობის დღე“, – როგორც ბებიაჩემი ამბობდა. მე, პირადად, კარგახანია, სულ წინსწრებით მეხუმრება ყოფითი ყოველდღიურობა და სასიამოვნო მომენტებიც ვერ დავიჭირე პროცესში, მაგრამ, ნელ–ნელა დავიხვეწები, იმედია. სულ ვამბობ – წინასწარ არაფერი უნდა დაგეგმო. ყველაზე რეალისტური რამეც კი, თორემ, ფაქტი სახეზე ვარ...

როცა ადამიანებს არაფერი გამოსდით, ცდილობენ, რაღაც შეცვალონ ცხოვრებაში. სახელმწიფოები ასეთ დროს გარდაქმნებს იწყებენ. ბევრი იქნება მკითხველებში „ნაპერესტროიკალი“ და მიხვდება, რასაც ვგულისხმობ.

31 მარტს ყველას ახსოვდა რეფერენდუმი და ზვიადი... მე ის თაობა ვარ, ეპოქალური კუმირების წყალობით, ბევრი ზვიადის, ბევრი მიშას და ბევრი ბიძინას დაბადებას რომ მოვესწარი... მეტს არაფერს ვიტყვი...

31 მარტი „თავისუფალი თეატრის“ დაბადების დღეცაა...რა თქმა უნდა, ტორტი და საუკეთესო განწყობა გამოვტოვე, მაგრამ ეგ დასი სხვებზე ნაკლებად არ მიყვარს და, მაესტრო ვარსიმაშვილმაც იცის ეს.

დაგვიანებულ გაზაფხულში საშიში არაფერია. მეცნიერებიც ამბობენ, რომ მსგავსი რამ რამდენჯერმე უკვე მოხდა გამყინვარების პერიოდის დასაწყისში...

თქვენი არ ვიცი და მე, ზოგჯერ, ისე ძალიან მინდება ხელისუფლების წარმომადგენლების უკან, სკოლის მერხებთან მისკუპება, რომ კარგად ისწავლონ ბავშვობიდან განსხვავება სიტყვას და საქმეს შორის. ვინც ვერ გაიგებს, იმისთვის როზგიც მოინახება სადმე და „ლინეიკაც“...

არც ისეთი ოპტიმისტი ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე, ერთხელ გამყიდველი მეორედაც რომ გაგყიდის და, თუ დაჭირდა, მესამედაც გადაგყიდის...

ოპტიმიზმი ინფორმაციის ნაკლებობამ იცისო, დიდ ფაინას თუ დავუჯერებთ...პანიკას ნუ მიეცემით! სიმართლე ზედმეტი არასოდესაა. თანაც, ჭარბი სიმართლის სარფიანად გაყიდვაც შესაძლებელია.

იმდენი რამ მოხდა და გადაგვხდა, დროა შვთანხმდეთ, რომ ადამიანი ადამიანისთვის ან ბატონია, ან ამხანაგი, ან მოქალაქე!..

„მე, რომ ქვეყნის პირველი პირი ვიყო და ხალხს ვერცერთი დანაპირები ვერ შევუსრულო, თავს მოვიკლავდი“,– ასე თქვა ეროვნული მოძრაობის ფესვებიდან ამოსულმა ირაკლი წერეთელმა. ვისზე იტყოდა? ჯერ–ჯერობით მხოლოდ სააკაშვილზე. ეგ გვპირდებოდა ნატოს, მაგრამ „მაპი“–ც კი მხოლოდ „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილში“ მოგვცეს. რუსეთმა სააკაშვილის დროს ცნო აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, სამაგიეროდ მიშა 31 მარტს რეფერენდუმით და მისი ისტორიული ღირებულებით ამაყობდა. გოკამ რა? გოკა მარტო გაბრწყინებულ საქართველოს გვპირდებოდა ეკრანიდან და კი აისრულა ეგ ხედი ოთახიდან ოთახში გამავალ ფანჯარაში.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და საქართველოს მოჯადოებულ წრეზე სიარული უნდა დასრულდეს. ვითომ ჯადო ნაპოვნია?

უწყებათაშორისი კომისიის წევრი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი, ოპოზიციის აქტივისტთა საგამოძებო ორგანოებში დაბარების ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთებულია. ვისაც ხელი მიუწვდება, ეგებ მოახერხოს და მიართვას კიდევ ერთხელ ამ ქალბატონს გაბანტული და სათუთად შეფუთული 2 აგური, თუნდაც 19 აპრილის აღსანიშნავად...

ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მურსის საქართველოში ჩამოსვლა მოსურვილებია. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა "ფეისბუქის" გვერდზე დაპოსტა, – „ ეგვიპტეში დასასვენებლად ყოფნის დროს გადავურეკე და მოვიკითხეო“. ვიცი მე მაგის გადარეკვა და მესიჯები – დაიწყებდა ვიშ–ვიშს – არიქა, „ლაპატნიკი“ სახლში დამრჩა, ან ახალი ხელისუფლების მებაჟეებმა თბლისის აეროპორტში ამომაცალეს და არიქა, მომხედეო! ძალიანაც კარგი, თუ მაინძელი სახლში არ დახვდა... ჩვენი არაადექვატური პლაჟზე მზია ბებოს გაკეთებული ხაჭაპურს მოუტეხდა და ეგვიპტისა კიდევ აქლემის რძეში მოხარშულ სიმინდზე გადაიპატიჟებდა. რას ვართ გადარჩენილი! მე ის მაინტერესებს, ვის ხარჯზე ეპატიჟება საქართველოში ეს იმ „შავ კაცს“?

ფაქტია, რომ მიშა შეჯდა აქლემზე და გააჭენა! ანუ, მიმიფურთხებია თქვენი დიპლომატიური მისიებისთვისო!.. „უპატარძლო“ მისიებით კიდევ რა გინდა გააკეთო ბრიტანეთში, გერმანიაში,, ჩინეთში, ბულგარეთში და გაეროში მითუმეტეს...ჰოდა ორკვირიანი ვადაც მალე გაივლის, თანაც იმ საკრალულ 19 აპრილამდე...

ვანომ, –რას გვიშვება ეს ნანუაშვილიო! პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი რომ მიაწებეს ჩემს ბედ და ნაცკრულ ქვეყანას, კიდევ ჰოო და ახლა უნდათ, ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე ქვეყნის სტატუსიც აჰკიდონო.

არადა, ქვეყანა რა შუაშია ? ლაფანყურში ჯიპებით იმ ღამეს ქვეყანა დარიხინებდა?

ვანოს ხუმრობას რომ ჩასწვდე, იუმორი საერთოდ არ უნდა გქონდეს და, ზოგადად, მაგ სფეროში აშკარად გვიჭირს უმცირესობაშიც და უმრავლესობაშიც, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.

დღეს პარლლამენტს გარემოს დაცვის მინისტრი ესტუმრა. ეგ გარემო ნამდვილად კია მისახედია მინისტრის დონეზე, თორემ დავრჩებით სტერილურები ისეთ უცნაურ კანონებზე მსჯელობენ...

ლეიბორისტები სხვა პარტიებს კანდიდატურებს გიორგი გუგავას სასარგებლოდ მოხსნისკენ მოუწოდებენ. კარგით ახლა! გავიცინეთ და გვეყოფა! იმედია, ეს გუშინდელი ხუმრობა იყო, საპირველაპრილო. აბა ასეთი გულუბრყვილობაც სად შეგვიძლია ხალხო...

ვიცით შალვა! შენ გგონია, ჩვენ არ ვიცით, რა რთულია დინების საპირისპიროდ ცურვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დინების მმართულებით ნიანგები მოცურავენ...

დიდი სიურპრიზი 19 აპრილსო ვანომ! რა იქნება, მოდით და გაიგებთო…

რომ მივიდეთ და არ მოგვეწონოს, მერე ბილეთის ფულს დაგვიბრუნებენ თუ სიამოვნებას სხვა ზომაში გადაგვიცვლიან ნეტა?

ამათ ჩვენ სიურპრიზის ხამები ვგონივართ?

მამუკა ღლონტს მინისტრობას უპირებენო და იყო თუ არა ეს ნიუსი საპირველაპრილო ტესტი, მალე გავიგებთ. 1 აპრილს სპეციალურად დაამთხვიეს – რეაქციები გადაამოწმეს. თუ ტაში მოყვა, მართალი გამოდგება, თუ წყევლა–კრულვა და საკადრო პოლიტიკის დედის მოკითხვები, მაშინ იტყვიან, რა იყოთ ხალხო, ვიხუმრეთო!

ტვინით ყველა დაგვაჯილდოვა განგებამ, უბრალოდ ეგაა, ყველა ვერ გაერკვა სათანადოდ ინსტრუქციაში...

ამასობაში კი ბაჩანა ისევ სასამართლო რეჟიმშია, მერია „გრინსერვისთან“ თანამშრომლობას ჯიუტად განაგრძობს, ხოლო მთავარი პროკურორი „ნაციონალდალეულ“ პროკურორებს იმიტომ არ ანთავისუფლებს, რომ სახელფასო კრედიტები ჰქონიათ ბანკებში.

არადა, ზოგჯერ, ადამიანურობის მწვერვალიდანაც შეიძლება გადაიჩეხო...

ყველაზე დიდი სტიმული, ისაა, როცა გეუბნებიან, რომ რაღაცას ვერ შეძლებ. დამატებითი სტიმული თუ სჭირდება სასწრაფოდ გასაკეთებელ საქმეს, ეგეც არაა პრობლემა – ადრე ნარეცხ წყალს უნიტაზში ასხამდნენ, ახლა ეგ მასა ინტერნეტში მოედინება...

თუ შევურევთ და, თანაბარი პროპორციებით, კარგად ავთქვეფთ სასიამოვნოს და სასარგებლოს, პროცედურის ბოლოს, არაა გამორიცხული, ზომიერი საძაგლობა გამოგვივიდეს...

ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი ნათქვამის დავიწყება, დროთა განმავლობაში ივიწყებენ ჩვენს საქციელსაც, მაგრამ არასოდეს ივიწყებენ ჩვენგან დატოვებულ შეგრძნებებს...

თუ რაღაც მომენტში ადამიანების გაცურება მოახერხეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ბრიყვია. ეს უფრო იმის მიმანიშნებელია, რომ ადამიანები იმაზე მეტად გენდობოდნენ, ვიდრე ამას თქვენ იმსახურებდით.

და რა საოცარია, როცა სიმართლეს სიცრუის დეტექტორისგან ელიან.

ყავამშვიდობისა, ხუმრობის გარეშე!

კატო ჩულაშვილი

1 Comment


Recommended Comments

არადა, ზოგჯერ, ადამიანურობის მწვერვალიდანაც შეიძლება გადაიჩეხო...

რა გენიალური ფრაზაააააააა :*

სიცილ-ტირილით და ცეკვა-ცეკვით იკითხები კატოოო :* <3

ლინკი
×
×
  • შექმენი...