Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს პარლამენტის ხუთი ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხს საკანონმდებლო ორგანოში კენჭს დღეს უყრიან


4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს.

ისინი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტიდან წასული, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის ადგილმონაცვლედ შევლენ.

ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს 4 აპრილის სხდომაზე ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

პარტია ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლედ შედის. თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა, ხოლო მერაბ ქვარაია - გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლე. სალომე ქურასბედიანი ნინო იობაშვილს ცვლის, ხოლო ირაკლი კირცხალია - ვლადიმერ ჩაჩიბაიას.

როგორც ცნობილია, გიორგი ამილახვარმა პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

რაც შეეხება სხვებს, არსებული ინფორმაციით, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დანარჩენი ოთხი დეპუტატის პარლამენტიდან წასვლა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის პროექტს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს უკავშირდება, თუმცა პარლამენტიდან წასულმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნინო იობაშვილმა და გიორგი ხელაშვილმა სხვა თანამდებობები დაიკავეს და მათ სადეპუტატო უფლებამოსილება ამ საფუძვლით შეუწყდათ. კერძოდ, ჩაჩიბაია და იობაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდა.

პარლამენტი პირადი განცხადებით დატოვა ირაკლი კოვზანაძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...