Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    407.926

პარადოქსალური ყავა , ანუ გაგვიმარჯოს „დასჯილებს! „


katya

2.095 views

blog-0977792001364576263.jpgოლბერსის ფოტომეტრული პარადოქსი, გასულ საუკუნეში ჰაბლის კანონით გაბათილდა, როცა სამყაროს უსასრულობის ვერსია სამყაროს სასრული ასაკით გადაიფარა. აი ჩვენს თანამედროვე წვრილ–წვრილ და ასაკობრივი გამონაყარივით მტკივნეულ პარადოქსებს როდის ეშველებათ არ ვიცი...

ჩემთვის, ყავის კამპანიაში, ვფიქრობდი და ფიქრი ცოტა ხმამაღლა მომივიდა, მაგრამ, როგორც ჩემი „ფიზიკა“ იტყოდა, – ძირითადად ეგრეა! ფიზიკოსებს ყველაფრის ახსნა შეუძლიათ, ყველაფერზე აქვთ პასუხი.. ესეც ხმამაღლა გამომივიდა! უნდა მეთქვა– თითქმის ყველაფერზე...

ოხ ეს გაუთავებელი ფორმულები... კანონები... შეხვედრები... ბანკეტები... ორ–ორი სათაური და გამსკდარი ბიაზი...

წეღან ვფიქრობდი, რომელმა სულელმა ექიმმა დაუნიშნა პაციენტს დრო თერაპიად?

თუ რეალურად და ფიზიკის კანონებით მივუდგებით, დრო საუკეთესო გამცილებელია საფლავამდე...

დროის ფასი ჯერ–ჯერობით ჩვენს ეროვნულ ბირჟაზე ვერ ჩამოყალიბდა, არც მოთხოვნაა მაინც და მაინც. სამაგიეროდ იმაზე შევჯერდით, რომ, რაც უფრო ნაკლები ღირს ადამიანი, მით უფრო ძვირად აფასებს თავს და, რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, საქონელი ეყიდება..

პარადოქსების ძიებაში, კაცობრიობამ, მთელი თავისი სრულყოფილება და სიმშვიდე ერთ ვაშლს და ცნობისმოყვარეობას ანაცვალა. იმიტომაც გამოაბრძანეს სამოთხიდან...

გაგვიმარჯოს „დასჯილებს! „

ადამიანი უცნაური და პარადოქსალური არსებაა – სინდისდაკარგულებიც კი გამუდმებით სამართალს დაეძებენ...

რამდენიც არ უნდა აჭამო ჩინოვნიკებს, მათი მზერა მაინც დასავლეთისკენაა მიპყრობილი...

რამდენიც არ უნდა აჭამო კურდღელს, მაინც მგლის ეშინია!

მგელზე და კურდღელზე გამახსენდა!

პუტინს „მთავარი დამნაშავე“ გარდაეცვალა და მოუთხოვია, ოლიგარქების ახალი სია გამიმზადეთო!

კურდღლის უპატივცემულობა რომ არ დაგვწამონ, აქვე იმასაც ვიტყვი, რა თქვა ჩვენმა მიშამ: –„ ჩემი არსებობა დაივიწყეთო! ბათუმს შველა ჭირდებაო!“ როგორია, ასე ერთბაშად მაგის დავიწყება? ნეტავ რამდენმა წყალმა უნდა ჩაიაროს ბათუმის ქუჩებში, რომ სააკაშვილის კვალი წაშალოს?

რა ქნას მეტი? გულნატკენმა და განბერკეტებულმაც კი შეძლო სამდღიანი განტვირთვის მოწყობა. მეტიც! საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის, კონკურსი გამოაცხადა. ეკონკურსება ახლა მაგას?! მაგრამ ასე რომაა საჭირო?..

ყველა ღონე უნდა მოვიკრიბოთ. წლევანდელი ზაფხულისთვის განსაკუთრებული გამძლეობა გვჭირდება... ეგ რომ „მომაკვდავი გედის“ სიმღერას წამოიწყებს, ჩვენ ნერვებს არ უნდა ავყვეთ.... მძიმე იქნება უკანასკნელი ზაფხული მიშასთან ერთად, მაგრამ, სამაგიეროდ, იქნება უკანასკნელი!

და ამაში არაფერი იქნება პარადოქსალური. ეს იქნება ფაქტი!

პარადოქსია, რომ ასეთი გულახდილი და პირშიმთქმელი ვანო არც უარყოფს და არც ადასტურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალების ფაქტს და საკუთარი აზრის მკვეთრად და ნათლად გამოსახატავად, მის გაფრთიანებას ცდილობს. რაო? და„ცნობა ჩვენი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულიაო!“ ვანო! მაგ ფრაზის ავტორი რომ მიგეთითებინა, უფრო კარგი ტიპი იქნებოდი ჩემს თვალში. ისე, ახლაც არაგიშავს – მარკ ტვენის პლაგიატორობა შენთვის უკვე მიღწევაა და, თანაც, თუ რომელიმე ფაქტი დადასტურდა, ცხონებულს გადააბრალებ...

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამტეხა ერთმა პარადოქსმა – ვანუატუ უკვე აღიარებულ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებსო!

10 მილიონ დოლარში როგორ გაგვცვალე სატო კილმან! შე კაცო! ... მიზნობრივად მაინც დაგეხარჯა ჩვენს უბედურებაზე ნაშოვნი ფული?! ვანუატუს დაკაცებას რომ მოხმარებოდა, ასე არ გვეტკინებოდა... აი მოუმესიჯებს ჩვენი „პრეზიდენტი“ თქვენს მაონა კალოსილს და ნახავ, თუ არ დააჭერინებს შენს თავს! არ უყვარს მაგას ფულის არამიზნობრივად მხარჯველები და სხვა ქვეყნის პრემიერ–მინისტრებიც ხალისით ემესიჯებიან, საქართველოს პრემიერისგან განსხვავებით...

ყველაზე სასიამოვნო პარადოქსი ისაა, რომ გიგიმ ზუსტად იცის რა სჭირდებათ თბილისელებს!

ისიც, რომ თეა თუთბერიძეს ზოგჯერ წინა ხელისუფლების მხარდამჭერობის სცხვენია და , რომ მხოლოდ თუთბერიძის ტიპის მდედრების კი არა, პოპულარული რუსული საიტების მთავარი თემაც ისაა – როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი?

თუნდაც ის, რომ რუსებს ატანა არ აქვთ ებრაელების, მაგრამ იტანენ...

მაგალითად ის, რომ ახალაიას აპარტამენტებზე არ შემოუხევია ზოგიერთ ისე, როგორც კონსტანტინე სურგულაძის ანტიალერგიულ მტვერსასრუტზე.

პარადოქსია, რომ ლაურა ღაჭავა და დავით კოდუა წინა ხელისუფლების მსხვერპლი ყოფილან... მაგ კრიტერიუმით, ბაჩოც „მსხვერპლი“ გამოდის, თუ უფრო ახლო ნათესავი არა...

პარადოქსია, რომ აგრარული უნივერსიტეტის მეპატრონეს ატანა არ აქვს მიწათმოქმედების...

ის, რომ, ძალიან ხშირად საკუთარ ცხოვრებაში მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს ვთამაშობთ.

რომ მერიაზე და მთავრობაზე განაწყენებული ქართველი პენსიონრები კონდუქტორებს და კონტროლიორებს ცემენ.

რომ ნაციონალების დაარსებულ დასაქმების სამინისტროს მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის 57 640 ლარი უნდა დაიხარჯოს;

პარადოქსია, რომ მონოპოლისტები უფლებაშელახულების ხმით წუწუნებენ;

პარადოქსია, რომ ადამიანები თვეში 125 ლარად არსებობას ახერხებენ;

პარადოქსია, რომ მორალის დამცველებად სხვის საწოლთან „სანთლის დამჭერები“ გვევლინებიან;

ისიც პარადოქსია, რომ კარგი ქმრები უფრო მეტია, ვიდრე ბედნიერი ცოლები.

რაოდენ პარადოქსალურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სენატორ ჯონ მაკკეინი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხოლო გივი თარგამაძეს თავისი ქვეყნის კონსტიტუციის იმედი აქვს რუსული მართლმსაჯულებსგან თავდასაცავად.

ზოგიერთისთვის ისიც პარადოქსია, რომ ჩინეთი მსოფლიო ვაჭრობის ლიდერი გახდა და შტატებს მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან გამოყოლილი პირველობა აახია. და რომ ასეთი მიღწევის ფონზე, ჩინეთის ახალი პრემიერ–მინისტრის სახელი და გვარია ქე ციანი! პინციპში, დიდი ამბავი! ჩვენ უფრო მაგარი გვყავდა – იოანე გაღლეტილი.

პარადოქსია, რომ საარსებო მინიმუმს წინა და ახალი ხელისუფლება ერთნაირად ითვლის.

პარადოქსია, რომ აშშ-ის ჯარში თვითმკვლელობით გაცილებით მეტი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე საომარ ოპერაციებში.

პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია – მოსამართლე დალი მეტრეველს სულაც არ გასჩენია სინანულის გრძნობა, რომ გვანცა ყუფარაძეის განაჩენი „საკუთარი გადაწყვეტილებით“ გამოიტანა.

პარადოქსია, როცა კუბლაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზებზე და სამართლებრივი სტაბილურობის საფრთხეებზე საუბრობს.

პარადოქსია, რომ ქართველი „წარმატებული“ პოლიტიკოსი ქალები, რატომღაც, წარუმატებლები არიან შვილების აღზრდაში....

პარადოქსია, რომ ქალაქის პროკურორი გახდა მაია მწარიაშვილი, როცა ამ ქალაქში უკეთესის მოძიებაც შეიძლებოდა...

პარადოქსია, როცა დარჩიაშვილი ამბობს, –„ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არც შესაბამისი პოლიტიკური განათლება და არც შესაბამისი დიპლომატია, რომ პრეზიდენტობის კანდიტატად დასახელდესო“... როცა ჯერ კიდევ მომქმედი პრეზიდენტის ცოცხალი მაგალითი სახეზეა.

პარადოქსია, რომ თვალთმაქცობა ყველაზე საიმედო მეთოდია გადარჩენისთვის..

პარადოქსია, რომ ლიდერობის უნარ–ჩვევების გამოსამუშავებლად დილით ავტობუსში ასვლა საუკეთესო მეთოდია.

პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია – გრიგოლ ვაშაძე 2008–ის დეკემბერში, რუსეთის კულტურის მინისტრს კულტურული თანამშრომლობის გაღრმვებაზე წერდა ოფიციალურ წერილებს.თან, არც მეტი, არც ნაკლები, „ერისიონს“ სთავაზობდა საგასტროლოდ.

პარადოქსია, როცა Facebook-ის დამფუძნებელი მსოფლიოში ყველაზე ახალგზარდა მილიარდელი პოლიტიკაში მოდის და „ სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი პოლიტიკიდან მიდის.

პარადოქსია, რომ საქართველოს პირველი ლეიბორისტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას და ქვეყანაზე, ხალხზე და საქართველოს ჩიხიდან გამოყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს.

პარადოქსია, როცა ნაციონალური მოძრაობა კონკურენტ პოლიტიკურ ძალას ტყუილებს და ვადებს უთვლის.

პარადოქსი არა, მაგრამ ძალიან ემოციურია, რომ, მარტის ბოლოდან, ლაგოდეხში ძროხებს დააპატიმრებენ და ლაგოდეხის რაიონის გამგებლის მოადგილე, გიორგი ბიჭიაშვილის თქმით, „დაპატიმრებული" საქონლის გამოსყიდვის საფასური 50 ლარი იქნება, 20 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ძროხა გაიყიდება და თანხა ბიუჯეტში შევა.

პარადოქსებს რა გამოგვილევს, მაგრამ აქსიომებზე გადავიდე ის სჯობს...

აქსიომა 1: სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ;

აქსიომა 2: ჭკვიანები სწავლობენ სხვის შეცდომებზე;

დასკვნა – ჭკვიანები სულელებისგან სწავლობენ! .

ბოლო დროს საინფორმაციო გადაცემები სულ უფრო ემსგავსება სერიალებს: ერთი და იგივე მთავარი პერსონაჟები, ყოველი გამოშვების შემდეგ გვამცნობენ, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუმცა სიუჟეტის განვითარება მარტივად გამოსაცნობია და ვიღაცისგან პარალელურ რეჟიმში იწერება კადრს მიღმა...

ყველაზე ამაზრზენი პარადოქსი?

თითქოს ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ მაინც უღმერთობა ზეიმობს!

ხვალიდან ახლებურად ცხოვრების იმედი ადამიანში სიკვდილამდე ცოცხლობს.

ცხოვრება კი, შესაძლოა, მართლაც მშვენიერი იყოს, თუ არ გაიხსენებ წარსულს და არ იფიქრებ მომავალზე...

რა უმსგავსობაა – რომის პაპი არც შავკანიანია და არც ქალი!?

ღმერთო! საით მიექანება სამყარო!..

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

ამდენი პარადოქსები თუ არსებობდნენ ჩვენს გარშემო არც დავფიქრებულვარ. პარადოქსებს კოსმიური აფეთქება მოყვება როგორც წესი, გვშთანთქავს შავი ხვრელი და დავრჩებით გაღიმებულები :D :D :D

ცხოვრება კი, შესაძლოა, მართლაც მშვენიერი იყოს, თუ არ გაიხსენებ წარსულს და არ იფიქრებ მომავალზე...

თუ-ების ქვეყანაში ვცხოვრობთ და რომ არა შენი ყავა, ბევრად მოსაწყენი იქნებოდა აქაურობა :*

ლინკი
×
×
  • შექმენი...