Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.230

მწარე პასუხი უპასუხო რეალობიდან, ანუ სტიქიური კვირა, მშიერი შოკი და კადრებში დაკარგული „ოცნება“


katya

1.875 views

blog-0477660001364225694.jpgისევ ორშაბათი... კიდევ ერთი... თუმცა, ისეთი განწყობა მაქვს, თითქოს, გასული კვირის ყოველი დღე ორშაბათი იყო...

არადა, რით ვერ შევეჩვიეთ – გამოსასვლელი დღეების შემდე, კვირის პირველი 5 დღე ყოველთვის "ჭირს"...

წინა ორშაბათს დაწყებული ინფორმაციული შტორმი კვირას ნატურალური შტორმით დასრულდა.

მეტეოროლოგიური გაზაფხული, თავისი პარამეტრებით, აბსოლუტურ თანხვედრაშია პოლიტიკურ გაზაფხულთან – ნერვებ–სურვილებ და საღერღელაშლილი, პრინციპებაჭრილი და დაუკმაყოფილებლად მჩხავანა...

თუმცა, რაც ჩვენ ცვალებადი მოღრუბლულობები და ქარაშოტები გადავიტანეთ უახლოეს 9 წელიწადში, იმ ფონზე არც ქარწაღებული და არც წყალწაღებული აჭარა და გორი მიკვირს. თავს იმით ვინუგეშებ, რომ „რუსწაღებულს“ ყველაფერი სჯობს. რაღაც სხვანაირი წაღება იციან მაგათ – აღარც აბრუნებენ და ვეღარც ვიბრუნებთ...

 

მთელს აჭარის სანაპირო ზოლს რამდენად, არ ვიცი, მაგრამ ბათუმს რომ შტორმის გარეშეც ემუქრებოდა დატბორვა, თანაც ფეკალიებგაჯერებული წყლის რესურსით, მაგას არც სინოპტიკოსობა ჭირდებოდა და არც პოლიტიკოსობა. შეიძლება ითქვას, ბუნებამ ერთი პრობლემით მეორე გადაჭრა. რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, მაგ დროისთვის ზღვა მაინც სუფთა და ჯანმრთელობისთვის შესაბამისი ნორმის ფარგლებში იქნება, თუ მაგ სამსახურშიც არ განხორციელდა წმენდა არა პოლიტიკური, მაგრამ ეგებ კვალიფიციური ნიშნით...

 

წმენდაზე დღეს დავიმოძღვრეთ განათლების მინისტრის მოადგილისგან – არ შეიძლებაო! დაიცადეთ და მოითმინეთ 1–2 წელიო და თქვენც გეშველებათ – თვითდასაქმებულებს და დაუსაქმებლებსო. ანუ, ზურაბიშვილის აზრით და ფორმულირებით, სჯობს ნაკლებკვალიფიციური, ან თუნდაც არაპროფესიონალი იჯდეს ისევ თავის ადგილას, ოღონდ ამან ოპოზიციის აღშფოთება არ გამოიწვიოს და დემოკრატიული ღირებულებების უპატივცემულობა არ დაგვაბრალონ თეას და ჩიორას წივწივით შეშფოთებულმა გადამთიელებმა.

რაც განათლების სამინისტროში და მთლიანად სისტემაში ხდება, კადრების თვალსაზრისით, მაგაზე პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს, ბატონი დავითი იღებს. ვშიშობ, არაერთხელ მოუწევს უხერხულ სიტუაციაში ყოფნა არა მხოლოდ სკანდალური და გახმაურებული თემების გამო. თუნდაც იმის გამოც, რომ სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე, სამინისტროს შესაბამისი კომპეტენციის თანამშრომელი, საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ არ უნდა აცხადებდეს, ამ ვაკანსიის, მოსალოდნელ რესტრუქტურიზაციის ქვემდებარობის შესახებ. რაც პოპულარულ ენაზე იმას ნიშნავს, რომ, თქვენ კი ხართ შესაფერისი კადრი, მაგრამ თავად სამსახურის ფუნქციაა ჯერ ჩამოსაყალიბებელიო.

მგონი, პირველ ეტაპზე, მაინც სტრუქტურაზე ჩამოყალიბება და ვაკანსიების შემდეგ განთავსება სჯობს, თორემ, ეჭვი ოხერია, ბატონო დავით! როგორც გურულები ამბობენ, „მარცხი ელანძეა“! და მერე პასუხები თქვენი თანამშრომლების ნეპოტიზმის თემაზე, არაა იოლი.

 

კიდევ რისი თქმა მინდოდა იცით, მე, როგორც მშობელს, მაწუხებს სკოლაში ზუსტადაც ნაციონალი აქტივისტი მასწავლებლების არსებობა, რომლებიც, სხვათა შორის, არც დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და არც საჩვენებელი მორალით. სხვა საკითხია მათი ანაზღაურება.

 

როცა მასწავლებლის ხელფასზე ვფიქრობ, თუნდაც მომატებულზე, სულ მგონია, რომ მთავრობაში გამუდმებით არიან შურისმაძიებლები ოროსნები.

მინიმალური ხელფასი ხომ ცხოვრების მინიმალურ ხანგრძლივობას განაპირობებს...

თუ ღატაკები ერთბაშად მოინდომებენ სიღარიბის ზღვარზე გადაბიჯებას, ამისგან არც მეტი–არც ნაკლები – რევოლუცია გამოვა.

არადა, რევოლუციებს მოვრჩითო!

ერთი ცნობილი ხუმრობა მახსენდება ხოლმე, როცა ხელისუფლებაში მოსულნი საზოგადოების დამოძღვრას იწყებენ მოთმინებაზე და მოქალაქეობრივ აზროვნებაზე: მათ ვისაც აქვთ ტვინი და კავშირები, მიდიან ბიზნესში; ვისაც აქვთ ტვინი, მაგრამ არ აქვთ კავშირები – მეცნიერებაში, ხოლო მათ ვისაც აქვთ კავშირები, მაგრამ არ ყოფნით ტვინი – პოლიტიკაში "რჩებიანო"...

ვაღიარებ – ყოველთვის პატივს ვცემდი ბიზნესს და მეცნიერებას...

თუ ბატონ დავითს მიაჩნია, რომ ნაციონალური აგენტურით სავსე სოციალური უზრუნველყოფის სამსახურიც „კადრშეუცვლელი“ უნდა დარჩეს, მაშინ გასული კვირის „მშიერ შოკზეც“ თავისი პასუხი და არგუმენტი ექნება.

ვიდრე გაუგებარი კრიტერიუმით შერჩეული, საშიშად აგრესიული სულიერი მდგომარეობის ადამიანების გადასაწყვეტი იქნება კონკრეტული ოჯახის არსებობის და ყოფნა–არყოფნის საკითხი, არამგონია, ამ საქმეს რამე ეშველოს.

 

და აი თემაც, რომელზე საუბარ გავურბივარ, ისევ შოკის გამო.თემა, რომლის მიმართ, საკუთარ ხალხზე მზრუნველმა პრეზიდენტმა, თავისი დამოკიდება საშინლად ცივილურად – რეზიდენციაზე დროშის დაშვებით გამოხატა. პრეზიდენტი გულდათუთქულია და სულაც არაა ძნელია ამაში ეჭვი შეგეპაროს... თვითმარქვია 9 წლის საპრეზიდენტო ვადაში ცხვირის ხელით მოწმენდას ვერ გადაეჩვია. მისი ჩვეულებები რჯულზე უმტკიცესი რომაა, დღევანდელი ბაგრატის ტაძრის არქიტექტორთა დაჯილდოვების ცერემონიალზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, მაგრამ, სააკაშვილი ჩვენი დამსახურებული სახადია, რომელიც უნდა მოვიხადოთ და ამას შევეგუეთ უკვე...

სამყაროში ყველაფერს აქვს არსებობის უფლებაო, მაგრამ, არის რაღაც–რაღაცეები, რისი არსებობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

მგლის შიშით ცხვარს არ წყვეტენ და ახალი ხელისუფლება, ნაციონალების შიშით, ამომრჩევლის წელში გაწყვეტას ნუ დაიწყებთ და ნურც კადრებში დაიკარგებით! თქვენი დაკარგვა ჯანდაბას, ჩვენი ოცნებები მენანება.

გასულ კვირას ბევრი და განსხვავებული აზრი, პროტესტი და ბრალდება გამოითქვა იმ პატარა ბიჭუნას სიკვდილის ფაქტზე. ჩემთვის, როგორც შვილის შიმშილგამოვლილი დედისთვის, ამ ტრაგედიის მთავარი დამნაშავე მაინც მშობელია, უყურადღებო, უპასუხისმგებლო და სიტუაციასშეგუებული მშობელი და მერე ყველა დანარჩენი – ახლობელი, მეზობელი, ექიმი, გამგებელი, გუბერნატორი, ნაციონალი თუ მეოცნებე, ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ფაქტია – სოციალური ფონი კატასტროფულია. დღეს საქართველოში ხალხი შიმშილობს, თანაც ყველა ასაკში.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დავითვლით და ავანაზღაურებთ. ადამიანის დაკარგვა ზარალი არაა, დანაკლისია. ანდა, როგორც ოფიციალურ წყაროებში მოიხსენიებენ – მსხვერპლი. სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ჩვენი გულგრილობის და უმოქმედობის მსხვეპრლი...

განათლების მინისტრის მოადგილისთვის, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები, რომლის სტატისტიკითაც საქართველოში, თითქმის 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ანუ მოიხმარს დღეში დაახლოებით, ორ ლარს.

აქ ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება კითხვა – როგორ შეიძლება გამოკვებო ბავშვი დღეში 2 ლარად. მხოლოდ გამოკვებო, სხვა არაფერი.

მანდვე ჩნდება მეორე კითხვა – თუ 30 დღეზე გაყოფთ თქვენს მიერ დათვლილ საარსებო მინიმუმს, რომელსაც სექტემბრიდან პენსიონერთა შემოსავალი გაუტოლდება, თქვენი აზრით, რამდენი პენსიონერი შეძლებს ჯანმრთელობის კი არა სიცოცხლის შენარჩუნებას?

აქვე დავაფიქსირებ ჩემს გაოცებას ნაციონალურ და ოცნებისტურ გამოთვლებთან დაკავშირებით. რა საეჭვოდ და საოცრად ემთხვევა ამ ორი დაპირისპირებული მხარის მიერ დათვლილი საარსებო მინიმუმი?!

მესმის არგუმენტი, რომ ბიუჯეტს ამ დროისათვის მეტის საშუალება არ აქვს და მაქსიმუმი კეთდება, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, რომ მშიერი ადამიანი არ დაამცირო და არ აიმხედრო. უბრალოდ ცოტა მეტი ადამიანობა, მეტი პასუხისმგებლობა და იმის ხშირად გამეორება, რომ მაგ სავარძელში უკეთესი ქვეყნის დაპირების გამო ზიხარ. ის უკეთესი ქვეყანა კი შენთვისაც უკეთესი იქნება, ჩემთვისაც და იმ დამშეული მოხუცისთვისაც... არაა ეს ძალიან რთული.

კარგია, რომ ძალოვანი უწყებები განსაკუთრებულად ზრუნავენ საკუთარი კადრების სოციალურ მდგომარეობაზე, კარგია, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დაწესდა სახელფასო დანამატები და ასევე ერთჯერადი დახმარებები დაქორწინების, შვილის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. თანაც ეს დახმარება 1000 ლარიანი იქნება.

აი მანდ ვარ მეც – უბრალო არითმეტიკასთან – ჩემი ყავის ნალექით. თუ ვიცით, რომ საკუთარი თანამშრომლისთვის ერთჯერადი დახმარება 1000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, რომ ხელფასთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს სჭირდებათ დანამატი, რომ ხელშეწყობა ჭირდებათ მარტოხელა დედებს, მაშინ როგორაა საარსებო მინიმუმი ამ ქვეყანაში 150 ლარი? თუ რა ვქნათ? ყველა მარტოხელა დედა პოლიციაში და თავდაცვაში წავიდეთ სამუშაოდ? სადაა ამდენი საჩვენო ვაკანსია, თორემ –სიამოვნებით...

მგონი მაინც აჯობებს, დავასახელოთ საარსებო მინიმუმის რეალური ციფრი და განვმარტოთ, რომ ახლა ამაზე მეტის საშუალება ხაზინას არ აქვს?! ადამიანებს აღარ ექნებათ გაბრიყვების მცდელობის შეგრძნება და ყველაფერს, შედარებით, გაგებითაც მოეკიდებიან.

ერთი კონკრეტული თხოვნა შესაბამის სტრუქტურებთან პენსიონერთა სახელით – ეგებ პენსიონრებს მოუგვაროთ კომუნალური გადასახადების პენსიის ვადებში გადახდის უფლება.

პენსიონერთა დაზღვევის ამბავი – ცოცხალი ანეკდოტი – ძვირფასო პენსიონრებო! გამოიჩინეთ წინდახედულება და ავად გახდომამდე 2 კვირით ადრე ჩაეწერეთ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე, თორემ, ისე, 2 კვირის შემდეგ მოგიწევთ რიგი. მთავარია, რიგმა მოგიწიოთ და არ გიწიოთ ხელისუფლების ცოდვებმა! სხვა ყველაფერი კარგად იქნება...

რას დავაკვირდი იცით, – ყველაზე მძიმე სატარებელი ცარიელი საფულეა.

რა ჯანდაბაა, როცა ყოველ დილით , ოფისში მიმავალს, იმ დედა–შვილის ქუჩში დანახვა გიხარია, ჩხუტებულები რომ სხედან დაბალ, ბრეზენტის გასაშლელ სკამზე.

მათი სინაყრის ხარისხი, ყოველ დღე, გამვლელ–გამომვლელის განწყობის მიხედვით იგეგმება. ჩააგდებს თუ არ ჩააგდებს? ჩაივლის თუ შეჩერდება?..

გასული, ანუ პირველი გამოცხადებული ქარიშხლის მერე აღარ ჩანან. იმ დღეს ძალიან გავბრაზდი დედაზე, როცა ქარისგან და მტვრისგან სუნთქვაშეკრულ და მოხითხითე ბიჭს შევხედე, მაგრამ საყვედურისთვის ენა არ მომიბრუნდა. გუშინ 1 კვირა შესრულდა, ისევ არ ჩანან. დღეს მე ვერ მივაღწიე ოფისამდე. ..

ბავშვები დიდობანას თამაშობენ, დიდები ღმერთობანას, ხოლო ღმერთები, ალბათ, ადამიანობანას...

ყავამშვიდობისა და მშვიდობიანი კვირა ადამიანებო!

კატო ჩულაშვილი

2 Comments


Recommended Comments

„რუსწაღებულს“ ყველაფერი სჯობს. რაღაც სხვანაირი წაღება იციან მაგათ – აღარც აბრუნებენ და ვეღარც ვიბრუნებთ...

მეც დიდი იმედი მაქვს, რომ „რუსწაღებულ“-ობისაგან დაგვიფარავს ღმერთი :*

ამ ტრაგედიის მთავარი დამნაშავე მაინც მშობელია, უყურადღებო, უპასუხისმგებლო და სიტუაციასშეგუებული მშობელი და მერე ყველა დანარჩენი – ახლობელი, მეზობელი, ექიმი, გამგებელი, გუბერნატორი, ნაციონალი თუ მეოცნებე, ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ფაქტია – სოციალური ფონი კატასტროფულია. დღეს საქართველოში ხალხი შიმშილობს, თანაც ყველა ასაკში.

ხალხი რომ შიმშილობს ის უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ და მერე შეძლებენ ადექვატურ რეაგირებას.

ბავშვები დიდობანას თამაშობენ, დიდები ღმერთობანას, ხოლო ღმერთები, ალბათ, ადამიანობანას...

ჰო კატო, ცამდე მართალი ხარ როგორც ყოველთვის.

ამჯერად მართლა ცოტა მწარე გამოგივიდა შენი ყავა, მაგრამ სხვის დაშაქრულ ნაღებიან ყავას ასი წელი მირჩევნია :* :*

ლინკი
×
×
  • შექმენი...