Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.416

სარეიტინგო ხანჯალი და ჯიუტი თხების ფილოსოფია თეთრი ხიდის მიდამოებში, ანუ მომიტეხე ჭადი – მოგიტეხავ ყველსა...


katya

2.293 views

blog-0383079001363891836.jpgისევ სულ სხვა ყავა იგეგმებოდა და სულ სხვა გამოვიდა. ესეც თქვენ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რა მავნებლობა მოაქვს დროსთან „შენობითში“ ფამილარობას .

დღეს საზოგადოება ისევ ვიყავით მოლოდნის რეჟიმში. როგორც ვატყობ, ეს უკვე ხასიათში გადაგვივიდა...

განვიხილეთ და ვიხილეთ თხის როლი ქართულ პარლამენტარიზმში. არ დაგავიწყდეთ, რომ თხა, ქართულ ფოლკლორში, განსაკუთრებული ფენომენია, რომელიც , როგორც წესი, ჭამს ვენახს და გადის ხიდზე. ჩვენ ჯერ აზრზე ვერ მოვედით და ხიდზე გასვლის რა მოგახსენოთ?

მაგრამ იქამდე ყოფილი პრემიერის საგანგებო ბრიფინგის მაყურებლები გავხდით. კარგია, როცა ადამიანი, მითუმეტეს მისი მასშტაბების, აღიარებს, რომ რაღაც ვერ გაიგო, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, თუ მერაბიშვილმა რამე ვერ გაიგო, ამას სხვაც ვერ მიხვდება. კარგი სანახავია ვანო განგაშის ზარებით ხელში – არიქა, სოფელი და გლეხი გვეჩაგრებაო! ის 400 ლარი ხალხს ბანკში გაუნაღდეთო. რაღაცას ხლართავს ეს „ენართული“... იმედი მაქვს მარტო, ვანომ განა რა უნდა მოიფიქროს, ბიძინას გაუშიფრავი? ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკაში თუ არა, ბიზნესის კუთხით ხომაა ვანოსთან შედარებით პელე?

ვანოს ის ურჩევნია თქვას, სად მოტეხა "ნაციონალური მოძრაობისა" აქციაზე 20 ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზებისთვის გადადებული ბიუჯეტის დიდი ნაწილი? დღევანდელი კურსით, მაგ დღეს მოსახლეობაში 300-დან 500 ლარამდე დაარიგებენო. რა ხდება ნეტავ? ფინანსური სეკვესტრის მიზეზი მორიგი ფარული გარანტიაა?

მაგას საჯაროდ არ იტყვის. სამაგიეროდ, საგვარეულოს გენეოლოგიური ხე გამოამზეურა ხალისით. ისე, ფუი ეშმაკს და, რამხელა სანათესაო ჰყოლია ვანოს, თანაც ყველა დასაქმებული!

იმაზე შევჯერდით, რომ პრეზიდენტი სულ უფრო ემსგავსება იორამს და ყუმბარებს ჯიბით დაატარებს. მაგრამ მე მაინც იმ „მოქალაქეთა“ ინტერესებს ვიცავ, ვისაც წინა თვეში საცხრამეტაპრილოდ 1500 ლარს დაჰპირდნენ და ახლა ნახევრის ნახევარში უპირებენ მოხმარებას.

ისევ ქუთაისს თუ დავუბრუნდებით, უმრავლესობის ლიდერი საგანელიძე გაუტკივარებული ქირურგიული ჩარევით რომ „დაგემუქრება“, განკურნების მყარი გარანტიით, წესით კი უნდა დაფიქრდე, თუ ჭეშმარიტი უმცირესობა ხარ. ასეა, შეგრძნებები აზრებზე უცებ იღვიძეებენ და რეაგირებენ.ზოგი ნათესავებს უარყოფს, ზოგიც დასაქმებული ნათესავების სიებს აქვეყნებს. ზოგი ხაჩიძესავით ცმუკავს სავარძელში.

გილიოტინა სწრაფად კლავს, მაგრამ დრო უფრო სანდოაო და, მაგ ლოგიკით, გუბაზი ისევ ისტორიით აშინებდა დღევანდელ კვერცხზე მლოცველ ნაცებს.

რაზეც ბარამიძე საგუბაზე გოჭივით აჭყვიტინდა...სამგლედ არ მემეტება მაინც, ადამიანის შვილია, თუმცა, სიამოვნებით მივგვრიდი მას და კიდევ რამდენიმეს თემიდას საკაცობრიო მნიშვნელობის ცდების ჩასატარებლად...

არსებობს ადამიანთა ორი ტიპი – პასიურები და აქტიურები. ისინი პრინციპიალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველები მთელი ცხოვრება იმას ნანობენ, რომ ვერაფერი ჩაიდინეს, მეორე ნაწილი მთელი ცხოვრება ჩადენილს ინანიებს...

სინანული კარგი თვისებაა, ოღონდ სხვა განზომილებაში, ბატონებო!

დღევანდელი საპარლამენტო ორგიიდან ერთი რამე ვერ გავიგე – თუ მაინც უნდა „ენანათ“ იმ ხიდს რაღას ერჩოდნენ? თუ „პროცესი“ ყველაზე სასიამოვნოა?

კარგით ბატონო! ერთხელაც იქნება, ჩვენც მოვდუნდებით და...

მიწა პოლიტიკოსებს და იურისტებს ეკუთვნით. მათთვის ზეცა მიუწვდომელია.ალბათ მაგიტომ, მიშა თავხელიძეს სტატუსი შეუცვალეს და "პუბლიცისტი" გახდა. ისე როგორც გიორგი არველაძე რედაქტორი.

როცა თავი ყველაზე ჭკვიანი გგონია და ირგვლივ ყველა სულელი, ეგ სიბრიყვის ნიშანია. ამბობენ, არ იკურნებაო...

თვალებიც მაშინ გაურბით, როცა არჩევანი დიდია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბნელი წარსულის მაძიებლები, ყველაზე ხშირად, მხოლოდ ბნელ მომავალზე ოცნებობენ.

ბრმა რწმენა იმისთვისაა საჭირო, რომ გარესამყაროს ცვლილებები შეუმჩნეველი დაგჩეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, 135 ნულის წინააღმდეგ, მაინც არაა ცუდი შედეგი. ცვლილებები პირველი მოსმენით თუ მრავალჯერადად საგრძნობი და საამოდ სახილველი გახდება, ვინაა საყვედურის მთქმელი?

დღევანდელი პრობლემა გადაჭრილად ითვლება ოფიციალური ვერსიით. მართალია ზოგს და განსაკუთრებით ერთს ეს ამბავი თავის გამარჯვებად მიაჩნია, მაგრამ კვიპროსთან შედარებით, პრობლემის გადაჭრის საკითხში, მაინც წინ ვართ...

გაგრძელებული საპარლამენტო სხდომა გაციებული საპარლამენტო ვახშმით ხომ მაინც აღინიშნებოდა ისე, ქუთაისში რომ იციან?!

 

დღეს პოეზიის საერთაშორისო დღე იყო, ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეც! თუმცა, არავის მოულოცავს პერსონალურად. ალბათ, მაინც გამოფენაში მონაწილეობის მიღებაა საჭირო, რომ მკვდრად არ ჩაგთვალონ...

ჰო, კიდევ დღე-ღამ ტოლობის თარიღია, ნამდვილი გაზაფხულის შემოსვლის თარიღი და

ჩვენს მუსულმან დებსა და ძმებს ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ!

ჩაიზე მაინც ბოდიში! ისევ ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

1 Comment


Recommended Comments

ბრმა რწმენა იმისთვისაა საჭირო, რომ გარესამყაროს ცვლილებები შეუმჩნეველი დაგჩეს.

ასპროცენტიან :) :*

ხო კიდევ, პოეზიის დღისა დაჟურნალისტების დღის მოლოცვა ნამდვილად დაიმსახურეე :) ჰოდა გიილოცავ საყვარელო :* შენს ყავას მოუთმენლად ველით ხოლმე შენი თაყვანისმცემლები :) ასე გააგრძელე :*

ლინკი
×
×
  • შექმენი...