Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.312

„ მარგინალი“ „მარგველა“–ს მოგვერდი და ძველი ავტორიტარული კონფლიქტების ახალი იარები


katya

1.857 views

blog-0404151001363514843.jpgსაქმე საქმეზე რომ მიდგება, არცერთი წვეთი არასოდეს აღიარებს წყალდიდობაში თავის ბრალეულობას, არადა წვეთს დიდი ძალა აქვს!..

ნდობაც დიდი პრეტენზიული „ვინმეა“ – საშლელივით, ყოველ შეცდომაზე სულ უფრო ილევა და ილევა...

გულწრფელობა არც ისე იოლია. მეტიც, გულწრფელობა გამბედავი ადამიანების ჩვევაა.

არ მაქვს პრეტენზია გამბედავობაზე. ქალი ვარ და დიდად არც მომეთხოვება, მაგრამ, მაინც გულწრფელად ვაღიარებ – არის მომენტები, როცა ჩემს ტოლერანტობას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის სიმკაცრე განაპირობებს.

როგორც „რომანტიული აგებულების“ ქალბატონები ამბობენ, წლებისა და გამოცდილების გადმოსახედიდან უკეთ ხედავ, რომ ბედი არაერთხელ გაძლევდა შანსს, რომელსაც ვერ იყენებდი. ხშირ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის ეს „მორიგი სისულელის“ კიდევ ერთი შანსი იყო, მაგრამ პირადულით ხომ არ განისაზღვრება ყველაფერი?

ქვეყანას, ერს, სახელმწიფოს, საზოგადოებას გაცილებით მეტი შანსი აქვს. მთავარია, საკუთარ თავში სწორედ ის აღმოაჩინოს, რასაც ეძებს. სულ ცოტა მეტი გულისხმიერება, არადა, სათქმელად რა ადვილია, ეს დალოცვილი...

მე მაინც დეტერმინიზმის მიმდევარი ვარ და ამ სამყაროში არც უმიზეზო შემთხვევითობის მჯერა. არავითარი შემთხვევითობა არ არსეობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს. არის რაღაცეები, რაც მოსვენების საფუძველს არ იძლევა, არც თვალის დახუჭვის უფლებას და მოდუნებაზე ოცნებასაც კი.

ამ დღეებში გააქტიურებული საუბრებს რეგიონალურ ენაზე, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის მეტი კომფორტის, ხოლო ევროპისთვის მეტი სიმშვიდის საფუძველს იძლევა, უეჭველად ექნება რაიმე სერიოზული მიზეზი. დაინტერესებული მხარე კი რამდენიმე შეიძლება იყოს. ესღა გვაკლდა ამ არშემდგარი თანაარსებობის ფონზე, თითქოს ქართველებს კუთხური სეპარატიზმი არ გვყოფნიდეს.

სიტყვა ბეღურასავით უწყინარი არაა, კანონმდებელო ბატონებო?! გამოფრთხიალდება და ისეთ უადგილო დროს და ადგილას მოისაქმებს, თანაც, ზოგჯერ ძროხაზე უარესსაც... არადა, გამიგია, ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ძეგლის თავზე გადაფრენისას, მტრედებმაც კი მოთმინება მოიკრიბონ პატივისცემის ნიშნადო!

თქვენ არ გვასწავლეთ, სახელმწიფო ინტერესები და კანონი ყველაზე მაღლა დგასო?! მერე? რა წერია იმ თქვენს კონსტიტუციაში – სახელმწიფო ენა საჭიროების და სიტუაციის მიხედვით მოიხმარეთ და აუპატიურეთო?

15–16 მარტიმძიმესახსოვარიადასასტიკადარმომწონს, როცაამდღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებადახალიხელისუფლებისწარმომადგენლებიდაქსაქსულებიმიდიან.

...“ ვზივართ რაციებით, გვარდიელებიც, მხედრიონელებიც, ზვიადისტებიც, სოხუმელებიც და ერთად, სამშობლოს საქმეს ვაკეთებთ...რთი ოცნებაღა დამრჩა ... ის ბრონეჟილეტი, იმ კოდორის წ####ბში და ფსოუზე გამარეცხინა.... ვისურვებდი ომის გარეშე“, – ეს ერთი ქართველი მოქალაქის, ყოფილი მეომრის გუშინდელი კომენტარის ნაწილია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ 20 წლის წინანდელ საომარ კადრებზე. იმ კადრებში ბევრი სახეა – ცნობილიც და ნაკლებადცნობილიც, გადარჩენილიც და დაღუპულიც. იმედიანები არიან ბრძოლის წინ, იმიტომ, რომ იციან რისთვის იბრძვიან და ვის ებრძვიან. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ ღმერთიც უღმერთოდ ტყუის... და კიდევ იმის, რომ ისინი – კაცები 20 წლის წინანდელი კადრებიდან – გაცილებით მართლები, გულწრფელები და თავდაჯერებულები არიან , ვიდრე ...

ეგებ შევძლოთ და ვაღიაროთ, რამდენად ხშირად გვიწევს საკუთარ ცხოვრებაში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შესრულება?

არიან ისეთები, რომლებსაც სურთ ჭეშმარიტების მხარეს დგომა. არიან ისეთებიც, რომელთაც სურთ, ჭეშმარიტება დადგეს მათ მხარეს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთვისაც უხამსობამდე სულ ერთია, სად „დაეთრევა“ ეს ჭეშმარიტება. ასეთები მრავლად არიან პოლიტიკაში...

ამასობაში, უსუფაშვილმა ნაციონალთა უფროსი მეგობრის, თვით სენატორ მაკკეინის გადმობირება და დარწმუნება შეძლო რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების აუცილებლობაში. თუმცა, ისევ ამასობაში, ეკომიგრანტებმა, პროტესტის ნიშნად, წალკა დატოვეს, ხოლო გალის რაიონში, საქართველო-აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარზე, სოფლებში თაგილონსა და ოტობაიაში რუსები ორი ახალი გადასასვლელი პუნქტის და საგუშაგო პოსტის მშენებლობას იწყებენ. საზღვარზე ხალხის აღრიცხვას აწარმოებენ, გალს დაჩქარებულ ტემპებში არემონტებენ, კულტურის სახლის რეკონსტრუქციაც კი დაუწყიათ. გალის ბაზრობაზე აფხაზებისა და ქართველების ერთობლივ სავაჭრო ობიექტებს, რუსული ობიექტები ცვლის. ხილბოსტნეულიც ქართულის ნაცვლად, ახლა უკვე კრასნოდარულია. რუსები, თურმე, მასიურად ყიდულობენ ციტრუსების ნერგებს, რაც იმის ნიშანია, რომ იმ მიწა–წყალზე უკვე საკუთარი ნაკვეთებიც აქვთ.

რითი შეიძლება გადაიფაროს დადებითად ეს ნეგატიური ინფორმაცია? იმით, რომ საქართველომ ნატოს წევრობის „მკაფიო გზავნილი“ მიიღო ბრიუსელის ფორუმზე? კარგით, ვეცდებით...

რაც მაიმუნს პრინციპულად განასხვავებს ადამიანისგან, ეს მისი თვისებაა – თუ ერთხელ რამემ აწყინა, ხვდება, რომ მისგან, შორს უნდა იყოს... დარვინისეული ფილოსოფიის ხასიათზე რამ დამაყენა? ყველაფერმა იმან, რაც ამ კვირაში ჩვენს თავს გადაგვხვდა და თვალისა და ყურის არეალში მოხვდა.

მოკლედ, როგორც გვჩვევია– ბევრი „ვიმაიმუნეთ“, კონსტიტუციური ცვლილებების, სამართლიანობის აღდგენისა და სოციალური კეთილდღეობის მოლოდინის მორიგ კვირაშიც...იმდენად ბევრი, რომ ვანომაც კი ვერ დაფარა და წამოიყვირა – ამ ხელისუფლებამ ჩვენს შეცდომებზეც ვერაფერი ისწავლაო!

რამდენად იყო ვანო ამ დროს გულწრფელი, ეგ სხვა საკითხია. ისიც ცალკე საკითხია, დაუკრავს თუ არა მის აზრს საზოგადოება ტაშს ან კვერს. პრინციპში, არჩევანში თავისუფლები ვართ...

შეიძლება, ვინმემ უტაქტობად და თავხედობად ჩამითვალოს, მაგრამ, მაინც მგონია – როცა ხალხის მენტალიტეტში ჯერ კიდევ მყარად ზის ჯუნგლების კანონი, მასთან ნებისმიერი კონსტიტუცია უძლურია.

კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი – რაც უფრო მეტს ველით, მით უფრო ნაკლებად გველიან...

საწუწუნო არაფერი გვაქვს. ფაქტიურად, ალიყურის რეჟიმში ვცხოვრობთ. მეტიც! მსურველებს შეუძლიათ, ფეისბუქზე მოიწონონ გვერდი – „ბენდუქიძის ალიყური“... ვოლუნტარისტი სააკაშვილი არ გვეყოფოდა, ბენდუქიძემ „გადაჯოკრა.“ მე–17 საუკუნის ინგლისში კი არა, 21–საუკუნის საქართველოში ხართ ბატონებო!

„აგრუნის“ თემაზე ერთკვირიანი ბატალიების შემდეგ, ვიღაცისთვის ბენდუქიძე კვლავ „იუდად“ დარჩა, ვიღაცისთვის ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის რეფორმატორად, პუტინის აგენტად ან ბოლო იმედად. თუმცა, არც მარგველაშვილს ადგას უკეთესი დღე. ბენდუქიძე თუ იუდაა, მაშინ მარგველაშვილი ფილოსოფოსის ტყავში გადაცმული მეოცნებე–მწვალებელიაო! თანაც წვერიანი და ზედმეტადთავდაჯერებული არა მხოლოდ კამერების წინო... მე თუ მკითხავთ, ცოტა მომკაცრო საკადრო პოლიტიკაც არ აწყენდა მინდობილი სამინისტროს ფარგლებში. გგონიათ, ბევრი ვერ მიხვდა, რა საჭირო იყო შუაღამის „საიდუმლო სერობის“ გამართვა 15 წუთში გამოსასწორებელი საკითხების გამო? კი ვხვდებით რაღაც–რაღაცეებს ჩვენც, მაგრამ...რადგანაც ეს, კინაღამ სერიოზული, პრობლემა, ოფიციალური ინფორმაციით, „არასაკმარისი კომუნიკაციით“ აიხსნა, იყოს ასე... ხვალიდან სასწავლო პროცესი სრულფასოვნად აღდგება, თუმცა, ბატონ ბენდუქიძესთან მაინც მრჩება კითხვა – თუ საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების არც სჯერა და არც მომხრეა, რა უნდოდა „წვენებში“? მიწადმოქმედთა ქვეყანა „გეორგიაზე“ ძველი ბერძნებისგან თუ არ გაუგია, იმ 500 სახეობის ვაზის ჯიშს მაინც რა პასუხს აძლევს ქვეყნის ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი „აგრარიკოსი“?

ნაკლები გლეხი და ფერმერი ნიშნავს ნაკლებ პრობლემას ქვეყნისთვის. ეს ბენდუქიძის ფილოსოფიაა. „მარგველამ“, დაე მიძახონ მეორე ნაპირიდან მარგინალი, აღმაშენებლის ხეივნის მე–13 კილომეტრზე თუ არა, ნამდვილ აგრონომებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თანაც უფასოდ, ვახარებო... კონკურენცია კარგი რამაა, ჯანსაღი საკვებივით სასარგებლო. არც გურმანობაა დანაშაული – პირიქით. და არც ის სახელგანთქმული „კულინარული აკადემია“ გაუხსნია მხოლოდ თავისი საამური და გემრიელი სიბერისთვის ბენდუქიძეს. ყველაზე ცუდ სიტუაციაში სწორედ გურმანები არიან – ისინი ყოველ დღე საკუთარ ოცნებებს უნიტაზში უშვებენ... დეფლორაცია ზოგს უხერხული სიტყვა ჰგონია, არადა, უბრალოდ, ფლორის სარეველისგან გათავისუფლებას გულიხმობსო.

ძალიანაც ნუ გამინაწყენდებით, შაქარნაკლული ყავისთვის. როგორც ბებიაჩემი იტყოდა, „პრიკუსკუ“ ყავაზე მოსალოცი ამბავიც მაქვს – გუშინ საქართველოს რაგბის ნაკრებმა ერთა თასი მოიგო!...

მიტევების კვირააო და – თქვენ მპატიობთ, მე გპატიობთ, ისინი გვპატიობენ, ჩვენ ვპატიობთ...

ერთმანეთისთვის საპატიებელი შეგვმცირებოდეს და მისალოცი გაგვიმრავლოს!

თუ მომავლისგან თქვენც, ჩემსავით, წარსულის სასიამოვნო მოგონებებს ელით , მაშინ ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

2 Comments


Recommended Comments

სიტყვა ბეღურასავით უწყინარი არაა, კანონმდებელო ბატონებო?! გამოფრთხიალდება და ისეთ უადგილო დროს და ადგილას მოისაქმებს, თანაც, ზოგჯერ ძროხაზე უარესსაც... არადა, გამიგია, ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ძეგლის თავზე გადაფრენისას, მტრედებმაც კი მოთმინება მოიკრიბონ პატივისცემის ნიშნადო!

კატოოოოოო ცუდად ვაააააარ :D :D :D :D :D

ლინკი
×
×
  • შექმენი...