Jump to content
Planeta.Ge

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: ერთი ფეისბუკ-სტატუსის გამო მთელს ჩემს არსებობას გადაუსვეს ხაზი და სამი ათასი დაგეშილი ადამიანი რაღაც ბოდვებს მიწერს


image.jpeg

 

სოციალური ქსელი ,,ფეისბუკი“ უკვე ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა, სადაც ნებისმიერ თემაზე გამოთქმული აზრის გამო, პოლიტიკაზე იქნება ეს, სოციალურ პრობლემებზე თუ პირადულ საკითხებზე, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა ისეთი შეურაცხყოფა მოგაყენოს, რომ არც კი დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თუ ადამიანთა გარკვეული წრის მოსაწონ რამეს ვერ იტყვი, შენს წინააღმდეგ ერთმანეთს დაგეშავენ, სხვებსაც წააქეზებენ და მასირებულად გესხმიან თავს. თითქოს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ძლიერ დაგნესტრავს, ვინ უფრო მეტ ,,ცოდვას“ ამოგიყრის წარსულიდან, ვინ უფრო ხმამაღლა წამოგაძახებს, თუ ოდესმე რამე შეგშლია. უფრო უარესი ის არის, რომ თუ წამოსაძახებელი ვერაფერი აღმოგიჩინეს, შეუძლიათ, ცილი დაგწამონ, ტყუილი დაგაბრალონ და საჯარო სივრცეში ასე ,,გაგაშავონ.“

სამწუხაროდ, ეს მასირებული თავდასხმები, უმეტესად, ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და ამ ქმედებაში გარკვეულ პირებს სოლიდურ ხელფასს უხდიან. ეს ფაქტი დღეს არავისთვის არის უცხო და უცნობი. იშვიათად ნახავთ სოციალურ ქსელში ისეთ ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ თემაზე გულწრფელად შეგეკამათება და საკუთარ პოზიციას მხოლოდ საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე დაიცავს. ამ კამათსა და პოლემიკაში ხალხის ჩართვა ზოგს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ზოგს ცალკეული პარტიებიდან მატერიალურად უნაზღაურდება, ამიტომ საკუთარ კედლეზე გამოთქმული ხმამაღალი აზრის გამო, მათგან თავდასხმებს ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი განიცდის. მათ შორის, ბევრს იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული და აგრესიულ გამოხმაურებას თუ ცილისწამებას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ძალიან ბევრ ჩვენგანს ეს ჯანმრთელობის ფასად უჯდება.

ამის მაგალითია მწერალ დათო ტურაშვილზე ბოლო დროს განხორციელებული შტურმი, რის გამოც მას გულის შეტევა დაემართა. არადა, ტურაშვილს არაფერი უჩვეული ან იმისგან განსხვავებული არ უთქვამს და არ გაუკეთებია, რასაც აქამდე, ან თუნდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა. ხმამაღლა თქვა ის, რასაც ,,უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონზე ფიქრობდა...

საკუთარი აზრების საჯაროდ გამოთქმის გამო, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს, ხან ერთი პოლიტიკური ბანაკის და ხან - მეორის მხრიდან, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელსაც ბოლო პერიოდში, უკვე ორივე ბანაკი თანაბარი სიმძაფრით უტევს.

ამ რამდენიმე დღის წინ, პუბლიკის უზომო გულისწყრომა მას იმ საჯარო განცხადების გამო დაატყდა თავს, რომელიც საკუთარ კედლეზე გააკეთა და რომლითაც, ღამ-ღამობით ბავშვების და მოზარდების ქუჩაში უმეთვალყუროდ ყოფნას ეწინააღმდეგებოდა.

რა თქმა უნდა, საქმე უბრალოდ ქუჩაში ან სკვერებში ყოფნას და გართობას არ ეხებოდა, ყურადღება სხვა დეტალებზე იყო გამახვილებული.

,,ძალიან  ხშირად  ვხედავ, ცოტა ,,ემო,“ ცოტაც ფრჩხილის შავლაქიან, თამამ გოგონებს, ასე 6 - დან 12 წლამდე. ჯგუფ-ჯგუფად დადიან... წვენებით და სასუსნავებით.

საღამოს საათებში, გვიანაც მინახავს. მათ ახლობლებს რა აჩერებთ ასეთ დროს  სახლში  მშვიდად?“ - წერდა ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ,,ფეისბუკში“ და ვინაიდან, ეს სტატუსი დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამოძახილი იყო (სადაც, ღამე სახლიდან გასული, 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს), მკითხველთაგან უმეტესობამ ისე მიიღო, როგორც კონკრეტული მშობლის მიმართ გამოთქმული საყვედური.
ვითარება იმ ფაქტმაც გაამძაფრა, რომ ანას განცხადება რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მის მიმართ მასირებული შტურმი.

ანა მიქაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დიდი ხანია, ასეთ შემოტევებს მიჩვეულია. თავიდან, ბევრად მტკივნეულად და მძაფრად აღიქვამდა, რაც მის ჯანმრთელობაზეც არაერთხელ უარყოფითად აისახა. ლანძღავდნენ, აგინებდნენ, შვილებს უწყევლიდნენ, ემუქრებოდნენ კიდეც. მერე მიეჩვია, ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს იმ სიძულვილის ნიაღვარს, რაც პერიოდულად თავს ატყდება ხოლმე და ახლა ისე ძლიერ აღარ განიცდის, როცა მის მიმართ სოციალურ ქსელში აგრესიას ვინმე უცნობი პიროვნება გამოხატავს, თუმცა უკვირს, როცა ნაცნობები არ ინდობენ.

-  ზოგადად, ის რაც სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება, არის ჩვეულებრივი ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის მიზანია ადამიანის ავტორიტეტის განადგურება. ჩემს შემთხვევაში, მე არც ცნობილი მწერალი ვარ, არც ცნობილი მხატვარი, პოპულარობით ვერც დათო ტურაშვილს შევედრები და ვერც გიორგი კეკელიძეს, რომლებზეც გაუგონარი შეტევები ხორციელდება. ქართული ყველის შესახებ რაღაცა ერთი პროექტი გამომივიდა და ამან მომიტანა ის, რომ გარკვეული წრეებში მცნობენ, გარკვეულ წრეებს ჩემს მიმართ სიმპათია აქვთ. აქედან გამომდინარე, როცა რამე ისეთს დავწერ, რაც საზოგადოებაში კამათს იწვევს, რაც ცოცხალი თემაა, სააგენტოებს მიაქვთ ეს ჩემი ნაწერი, აქვეყნებენ და მერე იწყება ხმაური.

ამ მიზნით მეძახიან ხოლმე ტელევიზიებშიც, რადგან იქ ჩემი გამოსვლის შემდეგ მათ ფეისბუქ-გვერდებზე იწყება კამათი, დისკუსია. ზოგს შესახედავად არ მოვწონვარ, ზოგს ჩემი გამოსვლა არ მოსწონს. წერენ კომენტარებს, ვინ არის ეს ქალი, რას ჰგავს, ვინ კითხავს ამას და ასე შემდეგ. ჩემი შვილიც სულ მეუბნება, ნუ მიდიხარ ამ ტელევიზიებში, შენ არაფერი გემატება ამით, მათ ემატებათ რეიტინგი, კომენტარები და ნახვები ეზრდებათ, მაგიტომაც გეძახიანო. მე ეს ყველაფერი ვიცი და უარყოფითი გამოხმაურებები არც უცხოებისგან მიკვირს, მაგრამ არ მესმის ნაცნობებმა რატომ უნდა მლანძღონ?

- შვილი ახსენეთ და როგორ აღიქვამენ თქვენი შვილები საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან თქვენზე განხორციელებულ თავდასხმას, აგრესიას. არ უჩნდებათ სურვილი, ვინმეს შეეპასუხონ?

- ამ ბოლო შემოტევისას იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ჩემზე ძალიან ცუდი სიტყვა დაწერა. მერე გაირკვა, რომ ჩემი შვილების ნაცნობი ყოფილა, რომელმაც არ იცოდა, რომ მე მათი დედა ვიყავი. თავისივე ნაწერის გამო, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სულ ბოდიშები იხადა.

სამი ბიჭის დედა ვარ და ხომ ვერ გავაკავებ, რომელიმემ ჩემს მიმართ გამოთქმული სიტყვების გამო თავი შეურაცხყოფილად თუ იგრძნო? სხვების შვილებიც ხომ იგივე მდგომარეობაში ვარდებიან, როცა მათ მშობლებს საჯაროდ ლანძღავენ და აგინებენ? ხომ შეიძლება მსგავსი საქციელის გამო მათაც მოთხოვონ ვიღაცას პასუხი?

ნახეთ, მე უკვე რამდენი შიში დამიგროვდა: ვაიმე, ჩემს შვილებს არ შეეხონ; ვაიმე, ჩემმა შვილებმა გულში წყენა არ ჩაიდონ; ვაიმე, კიდევ რომ რამე ვთქვა და უარესი დამიწერონ; ვაიმე, ვინმემ რამე არ დამაბრალოს!..

ჩემი ტიპაჟის ადამიანისთვის, რომელსაც მაქვს პატარა ცნობადობა და არ მაქვს არავითარი გავლენები, არავითარი ბიზნესი, ვზივარ სახლში, ვხატავ ან პროექტებს ვწერ, იმისთვის, რომ გადავრჩე, ადამიანებს ეს პატარა ცნობადობაც კი არ ემეტებათ ჩემთვის; ადამიანთა ის პატარა ჯგუფიც კი არ ემეტებათ, ვისაც მართლა ვუყვარვარ და გულწრფელად პატივს მცემს. მათაც კი ეუბნებიან: ვინ არის ეს ქალი, რას წარმოადგენს ასეთს?

ძალიან მინდა, ეს ვთქვა და თქვენც დაწერეთ, მაგალითად, თამუნა ყურაშვილმა, რომელიც იმიტომ დავბლოკე, რომ კომენტარებში ბოდვები დამიწერა, ,,ფესიბუკში,“თავის კედელზე უცებ გააშანშალა სტატუსი, მეყველე ანამ დამბლოკაო, რასაც თავადაც სიცილი მოაყოლა და ქვევით, კომენტარებში ჩემზე სხვებიც ახარხარა.ეს არის ჟურნალისტ ვახო სანაიას მეუღლე, არაჩვეულებრივი ექიმი, არაჩვეულებრივი კლინიკის პატრონი, შემდგარი, რეალიზებული, ლამაზი ქალი, ასეთივე ლამაზი შვილების დედა. მაინტერესებს, რატომ უნდა უნდოდეს მას ჩემზე თავდასხმა, რატომ უნდა მოიცალოს თამუნა ყურაშვილმა ჩემთვის, რატომ უნდა ახსენოს ჩემი პროფესია ხაზგასმით, რატომ უნდა გამიმეტოს ქვის სასროლად და მომიქსიოს ვინმე სიტყვებით: მეყველე ანას დავუბლოკივარ... ეს ხომ მინიშნებაა იმაზე, აბა, მიდით, დასცხეთ მაგასო?!

Quote

 

როგორც ,,დათა თუთაშხიაში“ ასინეთა  აქეზებს ხალხს: დასცხეთ, ბიჭებო, მაგათ, ცუდი კაცები არიან, დასცხეთო, ასეთი ასინეთა დავინახე მე თამუნა ყურაშვილში, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა თავის პუბლიკას, დასცხეთ მაგ მეყველესო.

აი, ამ ადამიანებზე მწყდება გული, თორემ სრულიად უცნობები რომ  ჩემზე რაღაც თემას ააგორებენ და მლანძღავენ, არც მაინტერესებს.

 

თუმცა, მისი და მისი წრის თავდასხმა ჩემზე ახლა არ დაწყებულა, ეს ხატია დეკანოიძესთან ჩემი დაპირისპირების დროიდან მოდის. მაშინაც ჩემს ფეისბუკ-სტატუსს მოჰყვა დეკანოიძის არმიის დაგეშვა ჩემს მიმართ და იერიში. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ ანა მიქაძე მათი სამიზნეა და ის არავის მხარდაჭერას არ იმსახურებს.

ერთმა უახლოესმა ადამიანმა, ასევე შემდგარმა, რეალიზებულმა პიროვნებამ, მითხრა, კარგი რა, ანა, სულ რატომ გეჩვენება, რომ ყველა შენ დაგდევს და გდევნისო. მისი ნათქვამის ქვეტექსტი ასეთი იყო, რას წარმოადგენ შენ ასეთს, რომ ამის გამო ვინმემ შენ გდევნოს? თუ არაფერს წარმოვადგენ, ჩემი ნათქვამი რატომაა სულ ,,განიუსებული,“ რატომ მისი ნააზრევი არ ,,განიუსდა“ არასდროს?

რადგან ამა თუ იმ ადამიანის ნათქვამს საჯაროდ განიხილავ, ესე იგი, მის აზრს მნიშვნელობას ანიჭებ... ესე იგი, ის რაღაცას წარმოადგენს. ამიტომ აფრიალეს ის ჩემი სტატუსიც, ღამით ბავშვების გარეთ ყოფნის შესახებ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს სტატუსი, ცოტა ხისტი იყო, ცოტა უტაქტოდაც გამოგივიდათ, მით უმეტეს, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ფონზე?

Quote

- ვაღიარებ, რომ ცუდი სიტყვები მქონდა გამოყენებული. დავწერე, ბავშვები ღამე უპატრონოდ ყრია ქუჩაში-მეთქი, მაგრამ ჩვენ ხომ ასე ვმეტყველებთ? მე ბოდიში მოვიხადე ამ სიტყვისთვის, არ მიმძიმს ბოდიშის მოხდა, როცა ამის საჭიროება არსებობს.

გოგონების ფრჩხილების შავ ლაქზე კი იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ეს ჩვეულებრივ ობივატელში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, თორემ მეც ვისმევ ფრჩხილებზე შავ ლაქს და მეც მაქვს ტატუ ბეჭზე. არავისგან არაფერი მიკვირს.

- ვის, ვის და განსხვავებული სტილის ვიზუალი, მაკიაჟი ან ჩაცმულობა თქვენ არ უნდა გიკვირდეთ, რადგან ვიცით, რომ ახალგაზრდობისას საკმაოდ თამამი და თავისუფალი, არაორდინალური სტილი გქონდათ. ეს თქვენი კრიტიკოსებისთვის, ალბათ, უცნობია.

- დიახ, მე საერთოდ, საბჭოთა წლებში დავდიოდი სხვებისგან განსხვავებული ჩაცმულობით და ვარცხნილობით, თავგადაპარსული და ფეხშიშველი. მაშინ, როცა ასეთი არაორდინალური გარეგნობის გამო ადამიანებს იჭერდნენ და ფსიქიატრიულში ამწყვდევდნენ.

მუდმივად, მთელი ცხოვრება თავისუფლების ზედოზირება მჭირს. ახლაც კი, 60 წლის ასაკში თინეიჯერივით ჩაცმული დავდივარ. ასე, რომ მე ნუ მასწავლიან, რა არის თავისუფლება, ჩაცმაში იქნება ეს, სამკაულების ტარებაში, განსხვავებულ იმიჯსა თუ მაკიაჟში. მე ვლაპარაკობ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ასეთი ტიპის ადამიანების მიმართ და რადგანაც მეყველე ვარ, ჰგონიათ, რომ წიგნი არ წამიკითხავს, დისერტაცია არ დამიცავს, არასდროს სენსიტიურ თემებს არ შევხებივარ და ყველის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი პროექტები არ მიკეთებია.

ერთი ფეისბუკ-სტატუსის გამო ხაზი მთელს ჩემს არსებობას გადაუსვეს და სამი ათასი დაგეშილი ადამიანი რაღაც ბოდვებს მიწერს.

- თქვენი აზრით, ვისი ან რისი ბრალია, ერთ ადამიანს ასე ხელაღებით რომ შეუძლია, მწარე სიტყვებით ან ცილისწამებით გაანადგუროს მეორე, რამ მოიტანა საჯარო სივრცეში ასეთი შეუბრალებლობა, რატომ ვერჩით ასე ერთმანეთს?

- ეს არ არის საზოგადოების ბრალი, ეს სუფთა პოლიტიკური საკითხია და ცნობილი ფაქტია, რომ თუ ადამიანის ავტორიტეტს გაანადგურებ, მერე მისი დამარცხება ან დამორჩილება ძალიან ადვილია. ჩვენი ქვეყნის მტრებიც ხომ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ? დღესაც ამ მიზნით ქმნიან თავდამსხმელთა ჯგუფებს პოლიტიკოსები, ამ მიზნით აფინანსებენ და მერე კონკრეტულ ადამიანებზე გეშავენ; დავალებას აძლევენ, რომ ტურაშვილი განადგურდეს, კეკელიძე განადგურდეს, კალანდია განადგურდეს...

ახლა რომელიღაც ჯგუფებმა დაიწყეს კონკრეტული პირებისთვის ტიტულების ჩამორთმევის მოთხოვნით ,,დანოსების“ წერა. რატომ გამოვდივართ ჩვენ ჟანდარმების როლში, ვინ დაგვნიშნა ზნეობის პოლიციელებად?  

ამ ქვეყანაში სასამართლო უნდა წყვეტდეს, არის თუ არა პიროვნება დამნაშავე და დაისაჯოს თუ არა. ზნეობის პოლიცია ირანში ჰყავთ და ვისაც ამ როლში ყოფნა უნდა, იქ გადასახლდნენ და იქ იზნეობპოლიციონ.

- რა გზებით და ხერხებით შეგვიძლია ამ პროცესის შეჩერება, როგორ შევწყვიტოთ ერთმანეთზე თავდასხმების ეს მძლავრი კასკადი?

- თქვენ ხომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამაზე დაგეწერათ, ინგა გრიგოლიას მივწერე, რომ გააკეთოს ამაზე გადაცემა. ისიც არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი, ხან ერთი და ხან - მეორე ბანაკიდან. ამაზე უნდა გაკეთდეს გადაცემათა სერიები, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ყველამ და ვილაპარაკოთ ხმამაღლა. ვწეროთ სტატიები, სტატუსები, ვაკეთოთ გადაცემები, ვთქვათ, რა შედეგი მოაქვს ადამიანებზე ასეთ თავდასხმებს, იერიშებს, ბრალდებებს, ორგანიზებულ ბულინგს. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, როგორი ცუდი ქმედებაა ცილისწამება, ლანძღვა, ჩაგვრა; როგორ არ უნდა ავუბათ ამ საქმეში მხარი არავის; რომ ეს არის კომუნისტური, ბოლშევიკური, ფაშისტური საქციელი, როცა ადამიანზე ფსიქოლოგიურ ტერორტს ახდენ და მორალურად ანადგურებ.
თუ ვინმე დამნაშავედ მიგაჩნია, მას უნდა უჩივლო სასამართლოში და მოსამართლემ გადაწყვიტოს, არის თუ არა ის დამნაშავე. შენ არ გაქვს უფლება, ვინმეს განკითხვის დღე მოუწყო ან გაასამართლო. თუ არადა, მაშინ ჩემთვის, დაჩაგრულისთვის, მსხვერპლისთვის უნდა შექმნას სახელმწიფომ ისეთი კანონი, რომელიც ასეთი თავდასხმის შემთხვევაში, მომცემს უფლებას, სასამართლოს მივმართო და ფსიქოლოგიური და მორალური ზარალისთვის ყველას სათითაოდ მოვთხოვო პასუხი.

ხომ ვიცით, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფსიქოლოგიური და მორალური ზარალისთვის სასამართლო მსხვერპლის სასარგებლოდ დამნაშავეს მილიონებს აკისრებს.

Quote

 

სწორედ ბულინგის საწინააღმდეგო, ფსიქოლოგიური ტერორის საწინააღმდეგო, ცილისწამების საწინააღმდეგო კანონი უნდა შეიქმნას ქვეყანაში, მაგრამ მერე როგორ დაიქირაოს ხელისუფლებამ ტროლები, მერე მათი საშუალებით როგორ იძალადოს ოპონენტზებზე?

არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს დემოკრატიის ის მოდელი, სადაც ადამიანის ღირსება არის დაცული.

 

რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა, ბედნიერად გადმოიბარა ,,ქართულმა ოცნებან“ და ზუსტად მიჰყვება მათ კვალს. თუნდაც დათო ტურაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, ის დამონტაჟებული ვიდეოები, რომელიც ტურაშვილს თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ გაუვრცელა და რომელშიც ის ვითომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ავტომატით იბრძვის, ახლა მის წინააღმდეგ ასევე წარმატებით გამოიყენა მოქმედმა ხელისუფლებამ.

ზუსტად, როგორც მაშინ ეტკინა გული ტურაშვილს და ძლივს გადაიტანა ოპერაცია, იგივენაირად ატკინეს ახლაც.

ასევე, ,,ქართული ოცნებაც“ ზუსტად იგივე მეთოდებით ებრძვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობა ებრძოდა მას.

ასე, რომ თავის სასარგებლოდ და ოპონენტების ავტორიტეტის გასაცამტვერებლად ყველა მთავრობა იყენებს ასეთ ფსიქილოგიურ ტერორს. ამიტომ ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ უნდა ვიბრძოლოთ ამ მავნე, მანკიერი, ადამიანის დამანგრეველი ქმედების წინააღმდეგ; ამიტომ მომავალი პარლამენტი იმდენად პლურალისტული და მრავალფეროვანი უნდა იყოს, რომ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, დეპუტატებმა თავადვე მოინდომონ ადამიანის ღირსების შელახვის და ფსიქოლოგიური ტერორის წინააღმდეგ კანონის მიღება. აი, მაშინ გვექნება ნორმალური სახელმწიფო და გვეყოლება ნორამლური ხელისუფლება.

 

 ირმა ბერიშვილი

 

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...