დაჯგუფება ,,ვაგნერმა" პატიმრების ნახევარი უკვე დაკარგა, რიგების შესავსებად მისი ხელმძღვანელობა სტუდენტების გადაბირებას ცდილობს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ახალი ანგარიშის მიხედვით, რუსულმა საომარმა დაჯგუფება „ვაგნერმა“ უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი პატიმრების ნახევარი, უკვე, დაკარგა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აკრძალვის გამო, ახალი წევრების მიღება არ შეუძლია. ამ მიზეზით, ჯგუფი იძულებული გახდება ფრონტზე აქტივობები შეამციროს.
„პატიმრების, თითქმის, ნახევარი, რომლებიც ,,ვაგნერმა“ უკრაინაში გაგზავნა, უკვე დაიღუპა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ დაღუპული პატიმრების კომპენსაცია ახალი ნაკადით მოხდეს. თუ (ამ მიმართულებით მოსკოვის) აკრძალვა გაგრძელდა, პრიგოჟინი, იძულებული გახდება, უკრაინაში ,,ვაგნერის" ოპერაციების მასშტაბი ან ინტენსივობა შეამციროს,“ - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში.
მათი ანგარიშის თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დაჯგუფება ,,ვაგნერის“ კურატორმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მუდმივი დავების გამო, რუსულ ციხეებში პატიმრების გადმობირებაზე ხელმისაწვდომობა დაკარგა და დიდი ალბათობით, პრიგოჟინი თავის ძალისხმევას რუსეთის თავისუფალი მოქალაქეების გადმობირებისკენ მიმართავს.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის მარტის დასაწყისიდან, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით, დაახლოებით 40 დასახლებული პუნქტის სპორტულ ცენტრებში, ,,ვაგნერმა“ გასვლითი ჯგუფები შექმნა.
,,ბოლო დღეებში, ნიღბიანი ,,ვაგნერელები“ მოსკოვის უნივერსიტეტებშიც დადიოდნენ და ცდილობდნენ სტუდენტების გადმობირებას, რომელთაც კარიერულ წინსვლაზე ესაუბრებოდნენ. ურიგებდნენ კითხვარებს სახელწოდებით: „ახალგაზრდა მეომრის ანკეტა,“ რაც დაინტერესებული სტუდენტების საკონტაქტო ინფორმაციის შესაგროვებლად სჭირდებოდათ.“ - იუწყება ბრიტანული დაზვერვა.
მოამზადა ირმა ბერიშვილმა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.