მოვა თუ არა ნაციონალური გაზაფხული? „შაჰიდი ლეოპოლდის“ მარტის სეზონი, ანუ არც ისე მარტივი ქართული ლოგიკა
ეს კვირა ორშაბათული ამინდით, ქალების, გიჟების და გადარეულების შესაბამის კონტექსტში მოხსენიებით, ანუ სეზონური ნერვაშლილობით დაიწყო. არადა, ისეთი არაფერი მომხდარა – უბრალოდ მოთოვა.
დღის მეორე ნახევარში კადრში და ყურადღების ცენტრში იყო კანცელარია „საათნახევრიანი, დახურული და საინტერესო ...“ შეხვედრა სახელად „ჩემი შენ გითხარი“ – 2 “მძევლით”, რომელთაგან ერთი დარჩა კმაყოფილი, მეორე – უკმაყოფილო, ხოლო ჩვენ, რა თქმა უნდა -მხიარულები... დაახლოებით ამ სტილში:
– ნარდის სათამაშოდ ვარ ჩამოსული ამხელა გზაზე? ნარდი პერის ეთამაშე!
– პრიჩომ ზდეს პერი!? ბიჯო! კაცი ხარ და შედი კაცის მდგომარეობაში! ...
– მატყუარა ხარ შენ პიპინია!... აგული! მამაშენს უთხარი, 2 კილო საფანტი რომ ისესხა ზოგიერთებისგან და რომ არ დაუბრუნებია მთელი 20 წელია, იმ ზოგიერთებს, მობეზრდათ ცდა და უნდათ დაიბრუნონ ის თავისი 2 კილო საფანტი... ჩექმებზე არაფერს ვამბობ!...
გუშინ მიშა უმაკრატლოდ დარჩენილ მერცხალს გავდა...
ჩვეულზე მეტად ცმუკავდა და ხმაშიც უფრო მეტი და ლოგიკური ბზარი იყო..
რატომღაც, ასეთი უფრო მომეწონა – მარცხსშეგუებული, მაგრამ, მაინც უსინდისოდ „მართალი“. არასოდეს არ ვიტყუებიო, არაო...
ჩემს შემდეგ ქიბროწაშვილიც ყოფილაო! ბაქოს და ემირატების „პაეზდკები“ ხომ მაინც შემრჩაო!? ხომ მიყურეთ ტელევიზორშიო? როგორი ღიმილიანი და ბედნიერი ვიყავიო?!
გიყურეთ მიშა, გიყურეთ... დოხტურებიც დაგახვიეთ, მაგრამ...
მაგრამ უხილავი და ხილული მტრების ჯინაზე მიშა მაინც მაგარია!
თქვენ ოპტიმისტობა იოლი საქმე გგონიათ?!
საკუთარი მოქალაქეების „შვილებივით პატრონობაც“ ადვილი ხომ არ გგონიათ?
აბა სცადეთ და შეძელით ამყოფინოთ „უბრალო ხალხს“ სკოლის მოსწავლის სადილისთვის სამყოფი რაციონი და ამისთვის მადლობებიც მიიღოთ. მიშამ შეძლო „საკუთარი ხალხისთვის“ არჩევანის გამარტივება – არ ვიმკურნალო და ავადმყოფობამ მომკლას თუ ვიმკურნალო და შიმშილმა?! ამაშია საქმე! აბა ადამიანები, ნაციონალობის, აღმსარებლობის, საცხოვრებელი ადგილისა და სქესის მიუხედავად, მიშაზე უფრო მაგალითად ნილოსის ნიანგს უყვარს.
როგორ გგონიათ, ჩრდილო კორეაში ინტერნეტი მასებისთვის ხელმისაწვდომი რატომ არაა? იმიტომ რომ მოსახლეობამ არ გაიგოს ბრინჯის მხოლოდ გარნირობის ამბავი.
ჩვენ რა წინ ვართ, ატყობთ?
როცა ადამიანის ყველა აზრი ერთი მიმართულებით მოძრაობს,ის არა მხოლოდ ნახევარგამტარია, ფაქტიურად დიოდიცაა. ამას კი დაუჟინია – „პრეზიდენტი ვარო!“
უფუნქციო, უკმაყოფილო და გულდაწყვეტილიც, მაგრამ მაინცო...მიეცით ბერკეტი! სულ ცოტა და პაწია მაინც! ხომ წამოცდა გუშინდელ შეხვედრაზე, 25 000 ადამიანია დასაჭერიო... არადა, ივანიშვილს მხოლოდ 7 000 საჩივრის ამბავი სცოდნია.
სერიოზული ჩავარდნაა თურმე ტურიზმის, ინვესტიციების და სავაჭრო ბალანსის კუთხით.
რა გახდა ერთი „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ ? პრეზიდენტია ბოლო–ბოლო! სირცხვილია, როცა პრეზიდენტმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „სტაგნაცია“.
პოლიტიკური კრიზისის ნიშნები შეიმჩნევაო! ცხადია, ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდა... ზოგადად უკეთესია გულისწყვეტა გაუკეთებელზე, ვიდრე ცუდად და არასწორად გაკეთებულზე. ჰოდა, იმის გამო, რომ მერე ამას ვერ მოინელებდა, პრეზიდენტმა გუშინ მაინც გახსნა დაუსრულებელი საზაფხულო თეატრი ბათუმში. შეიძლება იმის შიშით, სხვამ არ დაიბრალოსო... იმაშიც გამოტყდა, რომ თავის საამაყო „ანბანის კოშკზე“ ახლა გული წყდება, რომ ასეთი არაეკონომიური გამოდგა.
რატომაა რომ სიმართლე, როგორც წესი, მწარეა?
პრემიერმა რაო? პრემიერმა ეს ყველაფერი პირიქითააო, პრეზიდენტს ტექსტი აერიაო და ჩემი სათქმელი თავად თქვაო...
ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის და მომავალ შეხვედრამდეო!
არადა, ჩვენ როგორი ინტერესით ველოდით... ისეთი ინტერესით, რომ ამასობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში „ხელისუფლება“ შეიცვალა.
ბარათაშვილმა მოხსნა ბერძენიშვილი, ბორდმა მოხსნა ბარათაშვილი... გახელაძე ისე გახელებულა, შესაძლოა, ხელში იარაღიც აიღოს საკუთარი ღირსებისა და კეთილდღეობის დასაცავად. „თოფმა–ჟანგი, ჟანგმა მიწა, მიწამ თაგვი...“ რას მიკეთებს ამ დროს არხის მამა და მარჩენალი საზოგადოება? ვენახი ვინ გაკრიფა, ეგ აღარავის აინტერესებს?
რა დასამალია და პარლამენტარები აშკარად მოწესრიგებულან, განსაკუთრებით უმცირესობა – პარლამენტის სხდომააო და, ისე ეუხერხულებოდათ გუშინ ყველაფერზე „კომენტარის კეთება“...
გაიგებდით ალბათ, – ნანუკა ჟორჟოლიანს ტატუ გაუკეთებია, აწი შემობრუნდება ურემი, თუ არ გადაბრუნდა... თუმცა, როსტოს მიერ ერეკლე კოდუას ფულის წაგების ამბავი ისევ ბურუსითაა მოცული, როგორც მისი დარჩენა ნანუკას შოუში. სამაგიეროდ, ის ნათელზე ნათელია, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც კოკა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებს, იმიტომ რომ ეს თავად კოკამ დაადასტურა სოციალურ ქსელში და „მტრებს, ავყიებს და შურიანებს ნიშნიც მოუგო“...
ამ კვირაში, იმედია, შევიტყობთ, გაიყიდება თუ არა მე–9 არხი და გაზეთი „ალია“, რატომ შეიცვალა ჩემი სეხნიას როლის შემსრულებელი თბილისში ყველაზე პოპულარულ სერიალში, დაუბრუნდება თუ არა სამთვიანი შვებულებიდან “ბოსი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და. ა.შ. აქვე მინდა ვიკითხო – თუ ეს კომისია თავმჯდომარის გარეშეც მუშაობს, მაშინ რატომ ვუხდით ამხელა ხელფასს ვიღაცას? და თუ იმ ვიღაცას აღარ სურს თავის კაბინეტში დაბრუნება, მაშინ რას ველოდებით, ვეღარსარეგულირებელ სიტუაციას?
შეიძლება ვცდები, მაგრამ, მე მაინც მგონია, როცა მტერი და ოკუპანტი დარბაზში დგება და ტაშს უკრავს შენს გენს, კულტურას და ჯიშს, „მტრის საამებლად ტინკიცი“ კი არა, მასზე მორალური გამარჯვებაა. რუსეთმა უკეთ იცის რომ თბილისშიც, აფხაზეთშიც და ოსეთშიც ჩვენი ბიჭები სწორედ მათ ეომებოდნენ. მტრის ტაში ჩემთვის ღირსების შელახვა არაა, თუმცა, ვის–როგორ... ბავშვობის არგუმენტი გამახსენდა – არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაზე ჭკვიან ადამიანზე ჭკვიანია.
პ.ს
თუ სიძულვილს გრძნობ, მაგრამ, ახლო–მახლო მტრებს ვერ ამჩნევ, მაშინ სულ ახლო მანძილზე იმალება ყველაზე საშიში მტერი – საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.
ზოგჯერ, მგონია, წარბები ამპარსეს. იმდენად აღარაფერი მიკვირს. უწარბებოდ ვერც გაოცდები, ცხადია...
ცხოვრებისეული წარმატების მთავარი პრინციპი, ჩვენი კატეგორიის საზოგადოებისთვის, რომ ცოცხლად გადარჩენაა, ეგ ამბავი უკვე ნათქვამი მაქვს. სიცოცხლეზე და გადარჩენაზე ერთს ვიტყვი – დღეს თემქის ღვთისშობლის ეკლესიიდან 3 ახალგაზრდა გამოასვენეს. 3 განუყრელი მეგობარი, რომლებიც, ბედის ირონიით, სიმუხთლით თუ რაღაც უფრო მეტი ჯანდაბით, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპნენ. ამ ზამთარს საეჭვოდ იმატა აირით მოწამვლის და გარდაცვალების შემთხვევებმა თბილისში. ვერაგია ეს უსუნო, უფერო ნივთიერება, ამიტომ განსაკუთრებული წესების დაცვით მოსახმარი. ჩვენს მეხსიერებას ახსოვს მძაფრი უსიამოვნო სუნი, რომლითაც ვგრძნობდით მის სიახლოვეს და საშიშროებას. სპეციალური მინარევი, რომელსაც პრევენციის მიზნით იყენებენ, თურმე, საკმაოდ ძვირი ღირს. ბოლო დროს ჩვენს მიერ მოხმარებულ აირს ეს სპეციფიური სუნი არ დაყვება. ვითომ ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებასთან გვაქვს საქმე? „ყაზტრანსგაზს“ ეგებ შეახსენოს ვინმემ, რომ ადამიანის სიკვდილი „ზარალად“ არ ითვლება, საბედნიეროდ, უფრო ძვირი და მტკივნეულია...
სამწუხაროა, რომ ჩვენში, ჭკუის მიხედვით, ჯერ კიდევ, მხოლოდ აცილებენ...ეგ ჯანდაბას, თუ პასუხისმგებლობის მიხედვით მაინც შეხვდებიან. მიდგომები ამინდივითაა – ხან თოვს, ხან ქარია, წვიმას აშრობს მზე და, ზოგჯერ სტიქიას უფრო „მეტი სარგებელი“ მოაქვს. ჯერ–ჯერობით საქართველოში მარტია – კალენდარზეც, კაბინეტებშიც და მენტალობაშიც.
ამინდის პროგნოზის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, კარგა ხანია, ყავის ნალექი ფინჯანში გასაახლებელია.
მაინც როგორი ფემინიმალური მეხსიერება გვაქვს ქალებს!?
ყავამშვიდობისა!
კატო ჩულაშვილი
2 Comments
Recommended Comments